საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-255(კს-22) 7 ივნისი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
კერძო საჩივრის ავტორი - ამხანაგობა „...“
მოწინააღმდეგე მხარეები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ამხანაგობა „...ს“ სარჩელი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 14 მაისის N4-1/დ 796-19 #000305 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 29 ივლისის N1111 ბრძანების ბათილობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ამხანაგობა „...მა“ რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით ამხანაგობა „...ს“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის წარდგენისთვის კანონმდებლობით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ამხანაგობა „...მა“.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია სააპელაციო საჩივრის, სასამართლოში განთავსებულ ყუთში ჩაგდების დრო. მისი თქმით, სააპელაციო საჩივარი ყუთში მოთავსდა 2022 წლის 11 იანვარს, ხოლო იმის გამო, რომ სააპელაციო საჩივარს არ ახლდა ბაჟის ქვითარი, ბაჟი გადახდილ იქნა 2022 წლის 12 იანვარს და საგადასახადო დავალება, ერთ ფურცლად, იმავე დღეს იქნა ჩაგდებული სასამართლოში განთავსებულ ყუთში. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორმა კერძო საჩივრის დაკმაყოფილება და საქმის თბილისის სააპელაციო სასამართლოში არსებითად განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინებით ამხანაგობა „...ს“ კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ამხანაგობა „...ს“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ხსენებული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ამხანაგობა „...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მხარეს კი განემარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაეგზავნა მოსარჩელის წარმომადგენელს (თავმჯდომარეს) - დ. ს-ეს. გზავნილი 2021 წლის 28 დეკემბერს ჩაბარდა პირადად დ. ს-ეს, რაც დასტურდება უკუგზავნილზე მისი ხელმოწერით (ტ.1, გვ.320).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლზე, რომლის თანხმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს.სასამართლო მხარის ყურადღებას გაამახვილებს ამავე კოდექსის 74-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 29 დეკემბრიდან და 2022 წლის 11 იანვარს (სამშაბათს) ამოიწურა. ამხანაგობა „...ს“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილ იქნა 2022 წლის 12 იანვარს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სააპელაციო საჩივარი ყუთში ჩაგდებულ იქნა 2022 წლის 11 იანვარს, ხოლო ბაჟის ქვითარი - 12 იანვარს არ დასტურდება, ვინაიდან საქმის მასალებიდან ჩანს, რომ საჩივრის რეგისტრაციის დამადასტურებელი შტამპი (ტ.1, გვ.321) ͏№5387878-ის მიხედვით სააპელაციო საჩივარი, რომელსაც ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, შეტანილია 16 ფურცლად (1 ეგზ.), საიდანაც 15 ფურცელს წარმოადგენს სააპელაციო საჩივარი, ხოლო მე-16 ფურცელს - ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორს ამ გარემოების გამომრიცხველი სათანადო მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას.
საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონით განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას. საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობებიც. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება - სააპელაციო წესით გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას - უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და მიიღო დასაბუთებული განჩინება. შესაბამისად, ამხანაგობა „...ს“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 31 იანვრის განჩინება ამხანაგობა „...ს“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ამხანაგობა „...ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე