გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 72აპ 3 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),
ი. ბიბილაშვილი,
გ. ბორჩხაძე
განიხილა მსჯავრდებულ თ. ლ-ძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-შვილის საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001 წლის 1 მაისის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 2 მარტის განაჩენი თ. ლ-ძის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 2 მარტის განაჩენით, თ. ლ-ძეს საქართველოს სსკ-ის 107-ე მუხლით (1960 წლის) მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 თვე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 1 მაისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 2 მარტის განაჩენი თ. ლ-ძის მიმართ დატოვებულია უცვლელად.
განაჩენით თ. ლ-ძეს მსჯავრი დაედო შემდეგში:
თ. ლ-ძე 1999 წელს გასამართლებული იყო ქ. ბათუმის სასამართლოს მიერ სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 2 წელი.
1999 წლის 5 ოქტომბერს, ქ. ბათუმში, ... მდებარე სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების დროს, ამჟამად გარდაცვლილმა თ. ჯ-ელმა სცემა თ. ლ-ძეს, წააქცია იგი და ახრჩობდა. თ. ლ-ძემ თავდაცვისათვის ჯიბიდან ამოიღო დანა და გადააცილა რა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს, მოკვლის მიზნით, ჩაარტყა მარჯვენა ფეხის მუხლის ფოსოს არეში, რის შედეგად თ. ჯ-ელმა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება და მეორე დღეს გარდაიცვალა.
წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. დ-შვილი მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ თ. ლ-ძეს თ. ჯ-ელის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, მან თ. ჯ-ელს სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიაყენა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებისას, რასაც მოჰყვა მისი სიკვდილი. ითხოვს მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 114-ე მუხლით (1960 წლის) დაკვალიფიცირებას და სასჯელად ისეთი ღონისძიების გამოყენებას, რომელიც პატიმრობასთან არ იქნება დაკავშირებული.
შესაგებელ საჩივარში დაზარალებული თ. ჯ-ელი ითხოვს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 1 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
პალატის სხდომაზე მონაწილე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ა. სიკიაშვილმა განაჩენი თ. ლ-ძის მიმართ დასაბუთებულად და კანონიერად მიიჩნია, ითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია, თვლის, რომ აჭარის ა/რ სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 1 მაისის განაჩენი თ. ლ-ძის მიმართ უნდა შეიცვალოს შემდეგი გარემოებების გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ დაადგინა რა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ თ. ლ-ძის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას.
საქმის მასალებით დადგენილია და განაჩენიც არ უარყოფს, რომ 1999 წლის 5 ოქტომბერს მსჯავრდებული თ. ლ-ძე ურთიერთშელაპარაკების დროს სცემა ამჟამად გარდაცვლილმა თ. ჯ-ელმა, წააქცია და ყელში ხელების წაჭერით ახრჩობდა მას. თ. ლ-ძემ მოგერიების მიზნით ჯიბიდან ამოიღო დანა და ჩაარტყა მარჯვენა ფეხის მუხლის ფოსოს არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სიცოცხლისათის სახიფათო მძიმე დაზიანება და იგი მეორე დღეს გარდაიცვალა.
მსჯავრდებული თ. ლ-ძე წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებებში მიუთითებს, რომ თ. ჯ-ელის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და არც ამ მიზნით დაურტყამს მისთვის დანა; მან მხოლოდ თავდაცვის მიზნით მიაყენა ერთი ჭრილობა ფეხის არეში და არა სხეულის სასიცოცხლო მიდამოებში.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ თ. ჯ-ელს დანით მიყენებული აქვს ერთი ჭრილობა მარჯვენა მუხლქვეშა ფოსოს არეში, რამაც გამოიწვია მწვავე სისხლდენა და მისი სიკვდილი. ექსპერტის დასკვნით დაზიანება არის მძიმე და სიცოცხლისათვის სახიფათო.
საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო პალატის განაჩენს იმ ნაწილში, თითქოს თ. ლ-ძემ აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებისას ევენტუალური განზრახვით ჩაიდინა თ. ჯ-ელის მკვლელობა, რადგან ასეთის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. ლ-ძემ თ. ჯ-ელის მიერ მის მიმართ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა აღსაკვეთად გადააცილა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს და თავდაცვისათვის გამოიყენა ისეთი საშუალება, რაც აშკარად შეუსაბამო იყო თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან. მან თ. ჯ-ელს დანით მარჯვენა მუხლის ქვეშ ფოსოს არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია მისი სიკვდილი, რითაც თ. ლ-ძემ ჩაიდინა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით რასაც გაუფრთხილებლობით სიკვდილი მოჰყვა, რაც შეესაბამება მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დრის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 114-ე და 108-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულის შემადგენლობებს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მითითებულ გარემოებათა გამო, თ. ლ-ძის ქმედება დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სსკ-ის 107-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 108-ე და 114-ე მუხლებზე. შესაბამისად: სსკ-ის 108-ე მუხლით მას უნდა შეეფარდოს 1 წლითა და 6 თვით, ხოლო სსკ-ის 114-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის მე-40 მუხლის შესაბამისად, სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვე და საბოლოოდ თ. ლ-ძეს მოსახდელად უნდა შეეფარდოს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
დანარჩენ ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 561-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ადვოკატ მ. დემეტრაშვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 1 მაისის განაჩენი თ. ლ-ძის მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მისი ქმედება დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სსკ-ის 107-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 108-ე და 114-ე მუხლებზე. შესაბამისად: სსკ-ის 108-ე მუხლით მას შეეფარდოს 1 წლითა და 6 თვით, ხოლო სსკ-ის 114-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 თვე და საბოლოოდ თ. ლ-ძეს მოსახდელად შეეფარდოს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.