Facebook Twitter

ბს-414(კ-21) 01 ივნისი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.03.2021წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. გ-ამ 17.10.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 1988 წლის 26 აგვისტოდან 1992 წლის 7 აპრილის ჩათვლით აფხაზეთის ასსრ შინაგან საქმეთა სამინისტროში ...ად (...ად) მის მიერ მუშაობის ფაქტის დადგენა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.02.2020წ. გადაწყვეტილებით, ვ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა, რომ მოსარჩელე - ვ. გ-ა, 1988 წლის 26 აგვისტოდან 1992 წლის 7 აპრილის ჩათვლით მუშაობდა აფხაზეთის ასსრ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში ...ის (...ად) თანამდებობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.03.2021წ. განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის ინტერესი მისი შრომითი სტაჟის კონკრეტული გარემოებების დადგენის თაობაზე, ვინაიდან სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში გაიზრდება მოსარჩელისათვის გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ყოველთვიური ოდენობა. აღნიშნული ოდენობა კი პირდაპირ დამოკიდებულია მის წელთა ნამსახურობის პერიოდზე. საქმეში დაცული ვ. გ-ას შრომის წიგნაკით დასტურდება, რომ 26.08.1988წ. №18 ბრძანების საფუძველზე, 1988 წლის 26 აგვისტოდან ვ. გ-ა მუშაობდა აფხაზეთის ასსრ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში და 07.04.1992წ. №16 ბრძანებით დათხოვნილი იქნა მითითებული თანამდებობიდან. აღნიშნული გარემოება ასევე დადასტურდა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეთა ახსნა-განმარტებებით, კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების - ვ. ჩ-ასა და გ. გ-ას ჩვენებებით დგინდება ვ. გ-ას მიერ 1988 წლის 26 აგვისტოდან 1992 წლის 7 აპრილის ჩათვლით, აფხაზეთის ასსრ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში ...ად (...ად) მუშაობის ფაქტი. საქმეში წარმოდგენილი ცნობებით დადასტურებულია მოწმეთა აფხაზეთის ასსრ შინაგან საქმეთა სამინისტროში იმავე პერიოდში მუშაობის ფაქტი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მტკიცების ტვირთს საქმის განხილვის პროცესში ენიჭება არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ- სამართლებრივი მნიშვნელობა. ფაქტის დაუმტკიცებლობის ან წარმოდგენილი ფაქტების უარმყოფელი გარემოებების წარმოუდგენლობის პირობებში გადაწყვეტილებით მიღებული უარყოფითი შედეგი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ვერ უზრუნველყო და ვერ გაართვა თავი მტკიცების ტვირთს. მოცემულ შემთხვევაში საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი არ იქნა ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა ან ეჭვქვეშ დააყენებდა საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და არგუმენტებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.03.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ „სამხედრო. შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, წელთა ნამსახურების გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვილი ან გადადგა სამსახურიდან. შესაბამისად, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება კადრში ჩარიცხვის დღიდან თადარიგში დათხოვნამდე. საქმეში დაცული მტკიცებულებებით არ დასტურდება ფაქტი იმის შესახებ, რომ ვ. გ-ა მუშაობდა 1988 წლის აგვისტოდან 1992 წლის აპრილამდე აფხაზეთის ასსრ შინაგან საქმეთა სამინისტროში ...ის თანამდებობაზე. სასამართლო დაეყრდნო მოწმეთა ჩვენებებს. ნამსახურების წლები უნდა დასტურდებოდეს ბრძანებით სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ჩარიცხვის და დათხოვნის თაობაზე და არა მოწმეთა ჩვენებებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) ვერ წარმოადგინა.

საქმეში დაცული მასალებით ვ. გ-ამ 31.12.2018წ. განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს და მოითხოვა 1988 წლის 26 აგვისტოდან 1992 წლის 7 აპრილამდე, აფხაზეთის ასსრ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის შესახებ ცნობის გაცემა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის 22.01.2019წ. წერილით განმცხადებელს უარი ეთქვა ნამსახურობის შესახებ ცნობის გაცემაზე, ვინაიდან მისი საარქივო პირადი საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტსა და სხვა საარქივო დანაყოფებში დაცული არ იყო. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში დაცულ ვ. გ-ას შრომის წიგნაკზე, რომლის მიხედვით, 26.08.1988წ. №18 ბრძანების საფუძველზე, 1988 წლის 26 აგვისტოდან ვ. გ-ა მუშაობდა აფხაზეთის ასსრ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში და 07.04.1992წ. №16 ბრძანებით დათხოვნილი იქნა მითითებული თანამდებობიდან. იმჟამად მოქმედი სსრკ მინისტრთა საბჭოს და პროფკავშირების გაერთიანების ცენტრალური საბჭოს „მუშათა და მოსამსახურეთა შრომის წიგნაკის შესახებ“ 06.09.1973წ. №656 დადგენილების მიხედვით, შრომის წიგნაკი იყო მუშა-მოსამსახურეთა შრომის საქმიანობის დამადასტურებელი ძირითად დოკუმენტი, რომელიც ყველა სახელმწიფო ორგანოში მომუშავე პირისათვის იწარმოებოდა, შრომის წიგნაკი შეიცავდა ინფორმაციას დამსაქმებლის სახელის, დაბადების თარიღის, განათლების, პროფესიის, სამუშაოზე მიღების, თანამდებობის, სხვა სამუშაოზე გადაყვანის, გათავისუფლების და სხვ. შესახებ. ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ წელთა ნამსახურობა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით დაადგინა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული მოსარჩელის შრომის წიგნაკი და მოწმეთა განმარტებები სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნიდა. მხოლოდ ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული არ იყო 1993 წლამდე ბრძანებები, არ შეიძლება გამხდარიყო ვ. გ-ას შრომითი სტაჟის დადგენის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.03.2021წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი