Facebook Twitter

საქმე №ბს-767(კ-20) 2 ივნისი 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს „...ს“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; მესამე პირი (სასკ 16.2 - ი/მ გ. დ-ა)).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 26 იანვარს სს „...მ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 დეკემბრის №88/17 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება ი/მ გ. დ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით სს „...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...მ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით სს „...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...მ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი სს „...“ მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არის დაუსაბუთებელი და არ პასუხობს სააპელაციო საჩივარში დასმულ საკითხებს. კასატორის შეფასებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოები ისეთ გარემოებებზე მსჯელობენ, რაც მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

ი/მ გ. დ-ას ობიექტისათვის დამონტაჟებული ინდივიდუალური მრიცხველი მუშაობდა გამართულად, სრულად აღრიცხავდა მიწოდებულ ელექტროენერგიას და არ იყო აჩქარებული. საქმეზე დადგინდა, რომ აღიცხვის კვანძში (და არა უშუალოდ მრიცხველში) არსებული დენის ტრანსფორმატორი ვერ უძლებდა დატვირთვას და მისი ცდომილება აღემატებოდა დასაშვებ ნორმას მომხმარებლის სასარგებლოდ (ცდომილება დაბალ ტვირთზე შეადგენს -1,3%, ხოლო მაღალ - 50 ამპერზე ზევით - ტვირთზე -10%-ზე მეტს). ამდენად, კასატორის პოზიციის თანახმად, მაღალ დატვირთვაზე (50 ამპერზე ზევით) მრიცხველში შედიოდა 10%-ზე მეტით ნაკლები დენი, რაც იმას ნიშნავს, რომ მრიცხველი მინიმუმ 10%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას აღრიცხავდა ანუ აბონენტი იმდენად დიდი ოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარდა, რომ დენის ტრანსფორმატორი ვერ უზრუნველყოფდა მრიცხველისათვის ინფორმაციის სრულად მიწოდებას აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის შესახებ და შესაბამისად, მრიცხველი აღრიცხავდა უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას, ვიდრე აბონენტი რეალურად მოიხმარდა.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია ი/მ გ. დ-ას 06.09.2016 წლის განცხადება-საჩივარი სემეკის მიმართ, რომელშიც ის აფიქსირებს, რომ მის ობიექტზე გააჩნია 2 მაცივარი, 1 კონდიციონერი და განათება. ამასთან ი.მ. გ. დ-ასა და მ. ჭ-ეის ობიექტების დადგმული სიმძლავრის აღწერის 25.10.2016 წლის აქტში დ-ას მხოლოდ 1 კარადა-მაცივარი და 2 ნათურა უფიქსირდება. კასატორი აღნიშნავს, რომ აღწერა განხორციელდა ოქტომბრის თვეში, როდესაც აღარ იყო საზღვაო სეზონი და არა ივლის-აგვისტოში, როდესაც გაცილებით მეტი ელექტროენერგიის მოხმარება ხდებოდა ი/მ გ. დ-ას ობიექტის მიერ. გარდა ამისა, საკითხის განხილვის არც ერთ სტადიაზე ი.მ. გ. დ-ას სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ ის ელექტროენერგიას აწვდიდა ასევე მისი ობიექტის გვერდით არსებულ მ. ჭ-ეის კუთვნილ ობიექტს და მისი მრიცხველი აღრიცხავდა ორივე ობიექტის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „...ს“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია, შექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი და სრულყოფილი ინსტიტუციური გარემო საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების სტაბილური ფუნქციონირებისათვის, რათა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში უზრუნველყოფილ იქნეს ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსება, მომსახურებისა და საქონლის ეფექტიანი ფასწარმოქმნა და მიწოდება. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ი/მ გ. დ-ა წარმოადგენდა რეგისტრირებულ პირს, რომელიც უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა დახლზე ვაჭრობა ან/და ჰქონოდა მარკეტი. ამასთან, მისი ობიექტი მდებარეობდა ურეკში და ელექტროენერგიის მომხმარებელთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იყო სააბონენტო ნომრით: ....

განაწილების ლიცენზიატმა კომპანიამ, ი/მ გ. დ-ას 2016 წლის 02 ივლისიდან 02 აგვისტომდე დაარიცხა 9280 კვტსთ ელექტროენერგია და შესაბამისი საფასური 1837,04 ლარი, ხოლო 2016 წლის 02 აგვისტოდან 26 აგვისტომდე პერიოდებში - 7528 კვტსთ ელექტროენერგია და შესაბამისი საფასური - 1490,00 ლარი, სულ 16808 კვტსთ ელექტროენერგია და შესაბამისი საფასური - 3327,26 ლარი.

ი/მ გ. დ-ამ 2016 წლის 26 აგვისტოს მიმართა სს „...ს“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ოზურგეთის მ/ცენტრს და მოითხოვა შემოწმების მიზნით მრიცხველის ექსპერტიზაზე გადაგზავნა, ვინაიდან იგი სარგებლობდა ერთი კონდიციონერითა და ორი კარადა-მაცივრით. გ. დ-ამ 2016 წლის 08 სექტემბრის №9037/01 განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიას და განმარტა, რომ არ ეთანხმებოდა სს „...ს“ მიერ დარიცხულ თანხას. მისივე განმარტებით, აღნიშნული გამოიწვია კოჭის არასწორმა მუშაობამ, ვინაიდან არარეალური იყო მის მიერ ვითომ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა.

შპს „...ის“ 2016 წლის 27 სექტემბერს დამოწმებული №074 ოქმის მიხედვით, აბონენტის ი/მ გ. დ-ას ელ. ენერგიის მრიცხველის (ტიპი: ..., ნომერი №..., გამოშვების წელი: 2012) შეფუთვა და მრიცხველის კორპუსი დაზიანებული არ არის, მრიცხველს ედო მწარმოებელი ქვეყნის დამღა, ქარხნის და „გეოლიტ ინსტრუმენტის“ დამღები, შეუიარაღებელი თვალით დათვალიერების შედეგად გაზომვის საშუალებით თაღლითობა ან მისი განზრახ თაღლითურად გამოყენება არ იყო შესაძლებელი.

შპს „...ის“ მიერ 2016 წლის 27 სექტემბერს დამოწმებული №075 ოქმის მიხედვით, აბონენტის - ი/მ გ. დ-ას დენის ტრანსფორმატორი №ნ/გ (შეფუთვაზე არსებული დამღის ნომერი - ...) არ იყო დამოწმებული, გარეგანი დათვალიერების თანახმად, არ იყო დაზიანებული. ტრანსფორმატორის კოეფიციენტი წარმოადგენდა 100/5 (20)-ს, ნომინალური პირველი დენი - 100ა-ს, ხოლო ნომინალური მეორადი დენი - 5ა-ს. გაზომვის შედეგების მიხედვით, ტრანსფორმატორის ცდომილება დასაშვებზე მეტი იყო, იგი ვერ უძლებდა დატვირთვას. შპს „...ის“ №075 დასკვნის თანახმად, სს „...ს“ მიერ წარდგენილი დენის ტრანსფორმატორის ტიპი, ნომერი და გამოშვების წელი არ იკითხებოდა, რის გამოც მისი იდენტიფიცირება მოხდა სს „...ს“ დამღის მიხედვით. იგი უვარგისი იყო მოხმარებისათვის.

სს „...ს“ 2016 წლის 17 ოქტომბრის №5016794 წერილით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას 2016 წლის 09 სექტემბერის №6/09-7/468-7961 წერილის პასუხად ეცნობა, რომ ი/მ გ. დ-ას ელექტროენერგიის საფასური დაერიცხა მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისად, კერძოდ, 2016 წლის 02 ივლისიდან 02 აგვისტომდე აბონენტის მრიცხველმა აღრიცხა 9280 კვტ/სთ, ხოლო 02 აგვისტოდან 26 აგვისტომდე 7528 კვტ/სთ-ის რაოდენობის ელექტროენერგია. აღნიშნული რაოდენობის ელექტროენერგიის მოხმარების შესაძლებლობას ადასტურებდა ასევე ის ფაქტიც, რომ განმცხადებელს მრიცხველთან დამონტაჟებული ჰქონდა 100/5 (20) მონაცემების დენის ტრანსფორმატორი, რომლის მეშვეობით 60 ამპერის ნაცვლად მრიცხველი ატარებდა 100 ამპერ დენს. იმავე წერილის თანახმად, შპს „...ში“ 2016 წლის 29 სექტემბერს შემოწმდა აბონენტის მრიცხველი და დენის ტრანსფორმატორი. ცენტრის №074 დასკვნის შესაბამისად, მრიცხველი ვარგისია მოხმარებისათვის, ხოლო №074 დასკვნის მიხედვით დენის ტრანსფორმატორი ვერ უძლებდა დატვირთვას და მისი ცდომილება აღემატებოდა დასაშვებს მომხმარებლის სასარგებლოდ (ცდომილება დაბალ ტვირთზე აქვს -1,3%, ხოლო მაღალ ტვირთზე (50 ამპერზე ზევით) -10%-ზე მეტი ანუ მაღალ დატვირთვაზე (50 ამპერზე ზევით) მრიცხველში შედიოდა 10%-ზე მეტით ნაკლები დენი, რაც იმას ნიშნავს, რომ მრიცხველი აჩქარებული კი არ იყო, არამედ მინიმუმ 10%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას აღრიცხავდა).

სს „...ს'' 2016 წლის 04 ნოემბრის №5017255 (რეგ.№11275/01, 017.11.2016წ.) წერილით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას გადაეგზავნა მომხმარებლის (ი/მ გ. დ-ას) დენმიმღების აღწერისა და აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტების ასლები. 2016 წლის 25 ოქტომბრის აქტის თანახმად, რომლის შედგენასაც ესწრებოდნენ: უბ მენ. ბ. წ-ა, ტექ. ელექტრიკოსი პ. თ-ე და გ. დ-ას მამა - თ. დ-ა, გ. დ-ას საცხობში დადგმული სიმძლავრეები იყო: 1. კარადა მაცივარი 1ცალი– 600 ვტ; 2. ელ. ნათურა 2 ცალი –200 ვტ. იმავე აქტის მიხედვით, შემოწმდა მ. ჭ-ეის კუთვნილი ობიექტი, რომელსაც ელ. ენერგია მიეწოდება თავისივე კუთვნილი მრიცხველით, ასევე, ელ. ენერგიის მიწოდება ხდებოდა გ. დ-ას კუთვნილი მრიცხველიდან. მ. ჭ-ეის სავაჭრო ობიექტში დადგმული სიმძლავრეები იყო: 1. დახლ.მაცივარი 1 ცალი - 2,5 კვტ; 2. სანაყინე-მაცივარი 5 ცალი - 5 კვტ; 3. კარადა-მაცივარი - 6 ცალი - 3,6 კვტ; 4. კონდიციონერი 2 ცალი - 3,8 კვტ; 5. განათება - 1,5 კვტ. აქტის ნამდვილობა დაადასტურეს დამსწრე პირებმა მასზე ხელმოწერებით. სს „...ს“ 2016 წლის 26 აგვისტოს №1322622 აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტის თანახმად, №8146168 განცხადების საფუძველზე, შემოწმების მიზნით მოიხსნა მრიცხველი და დენის ტრანსფორმატორი. ვინაიდან მათი ადგილზე შემოწმება ვერ ხდებოდა, ორივე მათგანი ცალ-ცალკე ჩაიდო პოლიეთილენის პარკში და დაილუქა. აბონენტი ჩაიხსნა ქსელიდან. „...ს“ 2016 წლის 10 ოქტომბრის №1346873 აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტის თანახმად, კომპანიის მიერ დაილუქა აღრიცხვის კვანძი. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მრიცხველი მუშაობდა ნორმის ფარგლებში.

სს „...ს“ 2016 წლის 16 ნოემბრის №1374013 აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტის თანახმად, აბონენტი ი/მ გ. დ-ას (№...) არასაყოფაცხოვრებო მიზნით დადგმული მრიცხველის შემოწმებით დადგინდა, რომ მრიცხველი მუშაობდა ნორმის ფარგლებში; აღრიცხვის კვანძი მოწყობილი იყო 0,22 კვ-ზე და ამ კვანძიდან ძაბვა მიეწოდებოდა როგორც გ. დ-ას ობიექტს, ასევე მ. ჭ-ეის ობიექტს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 დეკემბრის №88/17 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი/მ გ. დ-ას (აბონენტი №...) განცხადება და სს „...ს“ მიერ 2016 წლის 02 ივლისიდან 2016 წლის 26 აგვისტომდე 16808 კვტ/სთ ელექტროენერგიის საფასურის - 3327,26 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ. იმავე გადაწყვეტილებით სს „...ს“ დაევალა გაეუქმებინა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვა, 2016 წლის 02 ივლისიდან 2016 წლის 26 აგვისტომდე პერიოდში ი/მ გ. დ-ას (აბონენტი №...) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა განეხორციელებინა წესების 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად და შეეტანა შესაბამისი ცვლილება მომხმარებლის პირადი აღრიცხვის ბარათში.

სს „...ს“ 2017 წლის 17 იანვრის №5018675 წერილით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ეცნობა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 22 დეკემბრის №88/17 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში მითითებული მოთხოვნის გამო, აბონენტ ი/მ გ. დ-ას 2017 წლის 12 იანვარს სრულად ჩამოეწერა 2016 წლის 02 ივლისიდან 2016 წლის 26 აგვისტომდე პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა, ხოლო აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა განხორციელდა „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო, საქმეზე წარმოდგენილი მტკციებულებების საფუძველზე ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას სააპელაციო სასამართლოს განჩინების დაუსაბუთებლობისა და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით (ძალადაკარგულია - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №47 2020 წლის 13 აგვისტო) დამტკიცებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები (შემდგომში – წესები) არეგულირებს ურთიერთობებს, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და, მეორე მხრივ, მომხმარებელს შორის ელექტრო­ენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნებისმიერ პირს, თუკი ირღვევა მისი უფლებები, უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი კომისიასთან არსე­ბულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებ­რივ დამცველთან, კომისიაში ან მიმართოს სასამარ­თლოს. მას ასევე უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით მოსთხოვოს დამრღვევს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულ იქნა ამ წესებით გარანტირებული უფლებების დარღვევით ან/და დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობით.

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია: ა) გაუწიოს მომსახურება ყველა სახის მომხმარებელს ამ წესების შესაბამისად; ე) მოახდინოს საცალო მომხმარებელზე ელექტრო­ენერგიის რეალიზაცია (ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად); ზ) უზრუნველყოს ამ წესებით და ლიცენზიის პირობებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების სათანადოდ შესრულება.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების მე-6 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება აღრიცხოს ინდივიდუალურად (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა), ამ მიზნით მოაწყოს აღრიცხვის კვანძი, შესაბამისად, შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის მოწყობილობები, ელექტროდანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავენ მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების სფეროში დადგენილი ნორმების საფუძველზე, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, ი/მ გ. დ-ას ობიექტისთვის აშკარად, ჩვეულებრივზე გაცილებით დიდი ოდენობით მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვა და ტრანსფორმატორის უვარგის მდგომარეობაში ყოფნა, დადასტურებულია და ქმნის ელექტროენერგიის დანახარჯის მცდარად აღრიცხულად მიჩნევის საფუძვლებს. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მართლებულად მიიჩნევს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის გამოყენებას, რომლის თანახმად, თუ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა (ელექტროენერგიის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა შეუძლებელია (ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს ელექტროენერგიის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში (დაკვირვების პერიოდი) მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო მოხმარებიდან, დაკვირვების პერიოდის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე ნაკლები (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონური ცვლილებების გათვალისწინებით). ამასთან, დაკვირვების პერიოდი შემოსაზღვრული უნდა იყოს მრიცხველის რეალური ჩვენებებით. ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე.

მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. თუმცა ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ი/მ გ. დ-ას ობიექტისთვის არასტანდარტულად დიდი ოდენობით აღრიცხული ელექტროენერგიის მაჩვენებლი გამოწვეული იყო საკურორტო სეზონზე ობიქტის გაზრდილი დატვირთვით მუშაობით. მართალია თავად მესამე პირიც არ უარყოფს, რომ ზაფხულში გაზრდილი დატვირთით მუშაობდა, მაგრამ მოსარჩელეს, ელექტროენერგიის დანახარჯის აღრიცხვაზე პასუხისმგებელ პირს, არ წარმოუდგენია გაზრდილი დატვირთვის პირობებში (ტურისტულ სეზონზე ი/მ გ. დ-ასა და ჭ-ეის ობიექტებზე განთავსებული აპარატურის, სიმძლავრის, გათვალისწინებით) მიახლობითი დათვლა ან/და სხვა კვალიფიციური ახსნა, არასტანდარტულად დიდი ოდენობით აღრიცხული ელექტროენერგიის დასასაბუთებლად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სს „...ს“ საკასაციო საჩივარზე 22.05.2020წ. საგადასახდო დავალება №78160001-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინება;

3. სს „...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.05.2020 წ. საგადასახდო დავალება №78160001-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი