№ბს-1120(კ-20) 2 ივნისი, 2022 წელი ქ.2თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ზ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის ლ. ზ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ სარჩელის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 14 სექტემბრის №01-191/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის მოსამზადებელ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ზ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 14 სექტემბრის №01-191/ო ბრძანება და დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით უტყუარად არ არის დადასტურებული, ის გარემოება, რომ 2018 წლის 27 მარტს სამინისტროს ჯგუფის წევრებს ნამდვილად ესაუბრათ მოსარჩელე ლ. ზ-ა, ვინაიდან, მისამართზე გამოცხადებულ ჯგუფის წევრებს ბინის კარი არ გაუღეს და მოქალაქე მათ ესაუბრა კარს მიღმა, ამასთან საქმის მასალების მიხედვით ლ. ზ-ა ცხოვრობს ზემოაღნიშნულ მისამართზე ბინა №53-ში, ხოლო მონიტორინგის ჯგუფის წევრები გამოცხადდნენ ბინა №70-ში. ამასთან, აღნიშნული ფაქტის დადასტურების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოს არც მოსარჩელის პოზიცია გამოუკვლევია გადაწყვეტილების მიღებამდე და არც მეზობლად მცხოვრები მ. ბ-ა და ნ. კ-ა დაუკითხავს მოწმის სტატუსით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია ე. ზ-ას ოჯახური მდგომარეობა და ის ფაქტი, მას დამოუკიდებლად აქვს თუ არა გაკეთებული განაცხადი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. აღნიშნული გარემოებები ადასტურებდა, რომ მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ შეესაბამებოდა დადასტურებულად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროება, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან საკითხზე წარედგინა მოსაზრებები, სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც ხელს შეუწყობდა ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად საკითხის გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან მიმართებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში ლ. ზ-ასთვის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არის მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ შედგენილი ოქმი, რომლის თანახმად, მოსარჩელე ცხოვრობს ქალიშვილთან ერთად და ხელოვნურად ცდილობს ოჯახის გაყოფას, რადგან მომავალში მისმა ქალიშვილმა ცალკე ოჯახად მიიღოს საცხოვრებელი.
კასატორი აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში; იგივე განმარტება მეორდება 2013 წლის 9 აგვისტოს №320-ე ბრძანების შინაარსშიც. კასატორის მითითებით, კანონშიც და განკარგულებაში ნახსენებია დევნილთა ოჯახები და არა მისი რომელიმე წევრი ცალ-ცალკე. ის ფაქტი, რომ განაცხადში მოსარჩელე არ უთითებს მის ქალიშვილს, ნათელ სურათს ქმნის იმისას, რომ მის ქალიშვილს ე. ზ-ას, როგორც ცალკე ოჯახს ხელოვნურად ეძლევა საშუალება სახელმწიფოსაგან მოითხოვოს დამოუკიდებელი ფართი, რაც ეწინააღმდეგება კანონს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკაშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, კასატორმა საკასაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას (საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე), კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სამინისტროს სადავო აქტი არ პასუხობს დასაბუთებულობის სტანდარტს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე - ლ. ზ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (სარეგისტრაციო №...).
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით ლ. ზ-ა დარეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მისი მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 50220.
2016 წლის 22 აგვისტოს შედგენილი „სოციალური კრიტერიუმის“ ცხრილის თანახმად, ლ. ზ-ა (...) დამისამართებულია: ქ. თბილისი, ...ი ...ის ქ. №3, „...ი“ (ორგანიზებული ...), ფაქტობრივი მისამართს წარმოადგენს, ზუგდიდი, ...ის ქ. №3. ამავე ცხრილის მიხედვით, მოსარჩელეს სოციალური კრიტერიუმის სიღარიბის მაჩვენებელში მიენიჭა - 3 ქულა, ქირის კრიტერიუმში - 1,5 ქულა, მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან კრიტერიუმში - 1 ქულა, დამისამართება/თბილისის კრიტერიუმში - 2 ქულა, რის შედეგადაც საბოლოო ქულამ შეადგინა - 7.5 ქულა.
ლ. ზ-ას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის შესაბამისად, ლ. ზ-ას ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია: ზუგდიდი, ...ის ქ. №3. ლ. ზ-ას ჰყავს სამი შვილი - ე. ზ-ა, მ. ზ-ა და ნ. ზ-ა. ოჯახს უძრავი, მოძრავი ქონება და მიწის ნაკვეთი საკუთრებაში არ გააჩნია.
1974 წლის 14 თებერვლის ქორწინების მოწმობის თანახმად, რ. ზ-ა და ლ. ჟ-ა დაქორწინდნენ 1974 წლის 01 თებერვალს. ქორწინების შემდეგ მიეკუთვნათ გვარები: ქმარი - ზ-ა, ცოლი -ზ-ა.
2012 წლის 19 აპრილის გარდაცვალების მოწმობის თანახმად, რ. ზ-ა გარდაიცვალა 2012 წლის 18 აპრილს.
გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, განმცხადებელი ლ. ზ-ა 2015 წლიდან დღემდე ცხოვრობს, ზუგდიდში ...ის ქ. №3, სართული მე-6, ბინა №53-ში, 2007 წლიდან-2014 წლამდე ცხოვრობდა ამავე კორპუსში მე-10 სართულზე, ბინა №70-ში. განმცახდებლის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს დევნილის შემწეობა - 45 ლარი, ასაკის - 180 ლარი, არასტაბილური - 100, სულ ჯამი 325 ლარი. განმცხადებელის შვილი მ. ზ-ა ცხოვრობს თბილისში, ...ის ... მიკრო რაიონში, ჰყავს მეუღლე - ე. გ-ი და ორი არასრულწლოვანი შვილი, არ არიან დაკმაყოფილებული. განმცხადებლის შვილი ნ. ზ-ა ცხოვრობს ზუგდიდში, ...ას №14-ში (სახელმწიფოს საკუთრება), ჰყავს მეუღლე ლ. ც-ა. განმცხადებლის შვილი ე. ზ-ა, ცხოვრობს ზუგდიდში, სხვადასხვა მისამართზე, არ არის დაოჯახებული. განმცხადებლის მეუღლე რ. - ზ-ა გარდაიცვალა, მშობლებიც გარდაცვლილი ჰყავს. გარდაცვლილის ძმა - ო. ზ-ა ოჯახთან ერთად ცხოვრობს ზუგდიდში. და - ლ. ზ-ა ცხოვრობს თბილისში.
მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის თანახმად, მონიტორინგის დროს ადგილზე არ დახვდათ განმცხადებელი და დაბრუნდა სატელეფონო საუბრის შემდეგ. განმცხადებლის განმარტებით, 2015 წლიდან ცხოვრობს ქირით ზემოაღნიშნულ მისამართზე, სადაც განმცხადებელი ფიქსირდება 50220 სოციალური ქულით. განმცხადებელის განმარტებით იგი არის პენსიონერი, ცხოვრობს მარტო, თუმცა ჰყავს დასაოჯახებელი შვილი ე. ზ-ა, რომელიც საცხოვრებელის არ ქონის გამო ცხოვრობს სხვადასხვა მისამართზე მეგობრებთან და აპირებს მიიყვანოს ბინაში საცხოვრებლად თავისი შვილი.
2018 წლის 02 მარტის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამურნეო მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. №3, (შენობა-ნაგებობები №01/10, ს.კ. ...) 2008 წლის 18 იანვრიდან რეგისტრირებულია ნ. პ-ას საკუთრების უფლება.
2018 წლის 27 მარტის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების გასაუბრების ოქმის თანახმად, 2018 წლის 27 მარტს 22:00 საათზე ჯგუფის წევრები ო. ა-ი და გ. მ-ი გამოცხადდნენ ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. №3, ბინა №70-ში დევნილ ლ. ზ-ას დამატებითი მონიტორინგის მიზნით, რათა გაერკვიათ მის ქალიშვილთან ე. ზ-ასთან ერთად ცხოვრების ფაქტი. ბინის კარებზე კაკუნის შემდეგ კარს მიღმა გამოეხმაურათ ქალბატონი ლ. . როდესაც შეიტყო მათი მისვლის მიზეზი, განუცხადა, რომ მათ ვინაობაში დარწმუნებული არ იყო და კარს არ გააღებდა. ჯგუფის წევრებმა მათი ვინაობის დადასტურების მიზნით 22:09 საათზე ტელეფონზეც დაურეკეს, რა დროსაც მან არ უპასუხა და გათიშა ტელეფონი. აღნიშნულის შემდეგ ისინი მეზობლების დახმარებით შეეცადნენ დაედასტურებინათ ქალბატონი ლ. მათი ვინაობა. მეზობლად მცხოვრები მ. ბ-ა და ნ. კ-ა დარწმუნდნენ მათ ვინაობაში და კარს იქეთ ქალბატონ ლ. უთხრეს, რომ ბიჭები იყვნენ დევნილთა სამინისტროდან. ქალბატონმა ლ. განუცხადა მათ, რომ კარს არ გააღებდა და სინათლეც ჩააქრო. მეზობლებმა მ. ბ-ამ და ნ. კ-ამ განმარტეს, რომ აღნიშნულ ბინაში ნამდვილად ცხოვრობს ლ. ზ-ა ქალიშვილთან ე. ზ-ასთან ერთად. ოქმზე ხელის მოწერაზე მეზობლებმა უარი განაცხადეს, რათა ქალბატონ ლ. კონფლიქტი არ მოსვლოდათ.
იძულებით გადაადგილებულ პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, ე. ზ-ას (სარეგისტრაციო №...) დაბადების ადგილია გალი. მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებმადე წარმოადგენდა აფხაზეთი, გალი, ...ა. დროებით საცხოვრებელს ადგილს წარმოადგენს, ქ. თბილისი, ვაკე, დ. ...ი, ...ის ქ. №3. ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი, ...ის ქ. №3, ბინა №73.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის №9 ოქმის მიხედვით, კომისიამ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად განიხილა, ზუგდიდში, ...ას ქუჩაზე მდებარე, 4 ახლადაშენებულ კორპუსში 240 ბინის განაწილების მიზნით, დევნილ ოჯახთა მიერ შევსებული განაცხადების მონიტორინგის განხორციელების ვადის განსაზღვრის საკითხი.
ამავე ოქმის თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე უნდა განხორციელდეს 48 ერთოთახიანი ბინის განაწილების მიზნით 113 განაცხადის მონიტორინგი, რომელთაც წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 7,5 და მეტი ქულა. ამასთან, ზუგდიდში, ...ას ქუჩაზე, 4 ახლადაშენებულ კორპუსში არსებული 240 ბინის განაწილების მიზნით, 656 განაცხადის მონიტორინგის განხორციელების ვადად განისაზღვრა 22.02.2017წ -15.04.2017 წლის პერიოდი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის №22 ოქმის მიხედვით, კომისიამ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად განიხილა, ზუგდიდში, ...ას ქ. №7-ში, ახლადაშენებულ კორპუსებში მდებარე 240 ბინაში დევნილთა ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი.
ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, ზუგდიდში, ...ას ქ. №7-ში, მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, საცხოვრებელი ფართებით, ერთოთახიანი ბინებით დაკმაყოფილდნენ: 13.5, 13, 9.5, 8.5, 7.5, 10, 9, 8 ქულის მქონე დევნილი ოჯახები.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 14 სექტემბრის №01-191/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №22) ლ. ზ-ას ოჯახს, უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში, ...ას ქ. №7-ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელის ფართით უზრუნველყოფაზე, ოჯახის ხელოვნური გაყოფის და არასაკმარისი ქულის გამო.
2019 წლის 07 თებერვლის №04-2150 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ეცნობა, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილ ლ. ზ-ას (პ/ნ ...) ოჯახს, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, შევსებული ჰქონდა განაცხადი ქალაქ ზუგდიდში, ...ას ქ. №7 მისამართზე მდებარე ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის №22 ოქმის საფუძველზე, ლ. ზ-ას ოჯახს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი - ოჯახის ხელოვნური გაყოფისა და არასაკმარისი ქულის გამო (დააკლდა მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა), დარჩა 6.5 ქულა კრიტერიუმებით: ქირა 1.5 ქულა; სიღარიბის მაჩვენებელი - 2.5 ქულა; დამისამართება/თბილისი - 2.5 ქულა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის ოქმი №22-ის საფუძველზე, 6.5 ქულიანი დევნილი ოჯახები, არასაკმარისი ქულის გამო 1 (ერთი) ოთახიანი საცხოვრებელი ფართებით ვერ დაკმაყოფილდნენ. იმ ეპატისათვის, 1 (ერთი) ოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ მინიმუმ 7.5 და მეტი ქულა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით უტყუარად არ არის დადასტურებული ლ. ზ-ას და მისი შვილის ე. ზ-ას ერთად ცხოვრების ფაქტი. ამასთან, საქმის მასალების მიხედვით ლ. ზ-ა ცხოვრობს ზემოაღნიშნულ მისამართზე ბინა №53-ში, ხოლო მონიტორინგის ჯგუფის წევრები გამოცხადდნენ ბინა №70-ში. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია ე. ზ-ას ოჯახური მდგომარეობა და ის ფაქტი, მას დამოუკიდებლად აქვს თუ არა გაკეთებული განაცხადი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. ასევე საყურადღებოა ის გარემოება, რომ ლ. ზ-ა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია მარტო.
ამდენად, აღნიშნული გარემოების პირობებში, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსსაკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი