№ბს-728(2კ-20) 2 ივნისი 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა. კ-ი (მოსარჩელე)).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 18 მაისს ა. კ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 17 მაისის №002396 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 აპრილის №113 ბრძანების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მოპასუხედ მითითებული - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 აპრილის №113 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 17 მაისის №002396 დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. საქმეში არსებული 17.05.2017წ. №182 მოხსენებითი ბარათით დგინდებოდა, რომ 2017 წლის 17 მაისს ხელმეორედ გადამოწმდა სადავო ობიექტი და გამოვლინდა, რომ მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა სრულად არ იყო გამოსწორებული (დემონტირებული არ იყო მავთულღობე და ერთი დამხმარე სათავსო). მოსარჩელე არ უარყოფდა შესაბამისი დარღვევების არსებობას და მათი მხოლოდ ნაწილობრივ გამოსწორების ფაქტს, თუმცა მოსარჩელე მიუთითებდა იმ გარემოებაზეც, რომ დადგენილ ვადაში, საპატიო მიზეზით (მეუღლის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა) ვერ შეძლო დარღვევის სრულად გამოსწორება და მოითხოვა დადგენილი ვადის გაგრძელება. შემდგომში კი მისი მხრიდან სრულად იყო დემონტირებული უკანონოდ განხორციელებული მშენებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებები ხელახლა უნდა გამოეკვლია კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაედგინა, მოსარჩელის მიერ შენობის დემონტაჟის განხორციელების შემდეგ, ისევ სახეზე იყო თუ არა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ საფუძველზე მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს, რომ უნებართვო მშენებლობის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაკვალიფიცირებისათვის, სახეზე უნდა იყოს მშენებლობა, რომელიც შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებულია სახელმწიფოს/თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. ასევე, აუცილებელი პირობაა სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელი სათანადო სუბიექტის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას. ასევე დადგენილია, რომ სადავო დადგენილებით უნებართვოდ მიჩნეული სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია ა. კ-ის მიერ, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, თვითნებურად და საქმეში არ მოიპოვება მათი კანონიერების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. შენობა- ნაგებობისა და ღობის უნებართვოდ მშენებლობის ფაქტს ადასტურებს თავად საჩივრის ავტორიც. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტებით დგინდება, რომ იგი თავად წარმოადგენს უნებართვოდ მიჩნეული შენობა-ნაგებობისა და ღობის მწარმოებელ პირს, რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა. შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, საქმის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო დადგენილად მიიჩნევს, რომ სახეზეა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის 44.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ფაქტობრივი შემადგენლობა.
კასატორი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებაში მიუთითებს გარემოებაზე, რომლის თანახმად, მუნიციპალური ინსპექციის აქტი არ არის საკმარისად დასაბუთებული. დასაბუთება მოიცავს ფაქტობრივ გარემოებას, რომელსაც შესაძლებელია ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის კვლევისას არ მიაქცია ყურადღება, ან საკითხის გამოკვლევისას არ მისცა კანონშესაბამისი განმარტება. მუნიციპალური ინსპექციის გასაჩივრებულ აქტში კი სრულად და სწორად არის შეფასებული ის უმთავრესი ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც გადაწყვეტილების მიღებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. სასამართლო ასევე არ უთითებს, მატერიალური კანონიერების კუთხით, თუ რატომ არ არის აქტი დასაბუთებული, ანუ სამართალდარღვევის ფაქტის შეფასებისას შესაბამისი ნორმა რამდენად სწორად იქნა გამოყენებული. ერთადერთი, რის შესახებაც სასამართლო მიუთითებს, არის ფოტომასალა, რომლითაც, თითქოს ზუსტად ვერ დადგინდა სამართალდარღვევის არგამოსწორების საკითხი. ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სასამართლო სხდომაზე წარადგინეს ფოტომასალა, რომლითაც სრულად დადასტურდა დარღვევის გამოუსწორებლობა, შესაბამისად, თუ სასამართლომ კონკრეტული მტკიცებულება მიიჩნია არასაკმარისად, მას შეეძლო ადმინისტრაციული ორგანოებისთვის დაევალებინა დამატებით ფოტომასალის წარდგენა. მუნიციპალური ინსპექცია მიიჩნევს, რომ მხოლოდ ზემოაღნიშნული არ უნდა გამხდარიყო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 სექტემბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი (მდ. ქ. თბილისი, ..., ...ის მონუმენტის ირგვლივ, ნაკვეთი ..., ს/კ ...) საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე.
2017 წლის 6 მარტს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის №002396 მითითების თანახმად, ქ. თბილისში, ...ის მონუმენტის ირგვლივ, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ....) ა. კ-იმა მოაწყო მავთულბადის ღობე, რომლის შიგნით განთავსებული იყო ორი დამხმარე სათავსო. ამავე მითითებით ა. კ-ის დაევალა მოეხდინა ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი. დარღვევის გამოსწორების ვადად განისაზღვრა 10 ( ათი) კალენდარული დღე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 21 მარტს შედგენილ იქნა №002396 შემოწმების აქტი, რომლის თანახმად დაფიქსირდა, რომ ა. კ-იმა სრულყოფილად არ შეასრულა 2017 წლის 6 მარტის №002396 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, დემონტირებული იყო ერთი დამხმარე სათავსო, ხოლო მეორე დამხმარე სათავსო და მავთულღობე არ იყო დემონტირებული.
2017 წლის 18 აპრილს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, რომლის დროსაც ა. კ-იმა დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება. მანვე განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოები მის მიერ განხორციელებული იყო 2000 წლამდე, მანვე განაცხადა, რომ ორი დამხმარე სათავსო დემონტირებული ჰქონდა, ხოლო ღობესთან დაკავშირებით მიმართული ჰქონდა მიწის ნაკვეთის დაკანონების მოთხოვნით საკრებულოსთვის. ამასთან, ითხოვა ვადა სამართალდარღვევის გამოსასწორებლად.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 17 მაისის №002396 დადგენილებით ა. კ-ი დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით, თბილისში, ...ის მონუმენტის ირგვლივ, ს/კ ...-ით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე უნებართვოდ მოწყობილი მავთულღობისა და მის შიგნით დამხმარე სათავსოს განთავსებისათვის. მასვე დაევალა უნებართვოდ ობიექტის დემონტაჟი და ჯარიმის გადახდა დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
2017 წლის 3 ნოემბერს ა. კ-იმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 17მაისის №002396 დადგენილების ბათილად ცნობა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2017 წლის 8 დეკემბერს გაიმართა ზეპირი მოსმენა ა. კ-ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 აპრილის №113 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ა. კ-ის ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 17 მაისის №002396 დადგენილება.
განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც სააპელაციო პალატის მიერ იქნა დადგენილი, ა. კ-ის მიერ სადავო მშენებლობების დემონტაჟი სრულად განხორციელებულია. რაც შეეხება, ა. კ-ისათვის ჯარიმის დაკისრების საკითხს, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონზე (18 სექტემბერი 2019 წ. №4964-Iს), რომლის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება: ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე ა. კ-ი (დაბ. - ... წ.) „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის (18 სექტემბერი 2019 წ. №4964-Iს) ამოქმედების დროისთვის (01.10.2019 წ.) იყო 72 წლის. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინიტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს ა. კ-ის ადმინისტრაციული სახდელისგან (ჯარიმისაგან) გათავისუფლების საკითხზე. ა. კ-ის საკასაციო (სააპელაციო) საჩივრის არ არსებობის პირობებში საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავად იმსჯელოს ზემოაღნიშნულ საკითხზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ისნპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი