Facebook Twitter

№ბს-701(2კ-20) 2 ივნისი 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. კ-ისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 მარტის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ. კ-ი (თავდაპირველი მოსარჩელე); თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი; მესამე პირები (სასკ 16.2) - ლ. ს-ი, მ. კ-ი, ნ. კ-ი, ს. კ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 24 აგვისტოს გ. კ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 აგვისტოს განჩინებით გ. კ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

მოთხოვნათა და მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 13 ივლისის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ნაწილობრივ (მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში) ბათილად ცნობა, 2017 წლის 8 ივნისის გარდაბნის მერიის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00162 ოქმისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 31 იანვრის №04/755 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ა. კ-ისათვის, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტსა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ) გამოცემის დავალება მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაებნენ ა. კ-ი, ლ. ს-ი, მ. კ-ი, ნ. კ-ი და ს. კ-ი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ივლისის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, 2017 წლის 08 ივნისის გარდაბნის მერის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00162 ოქმი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2019 წლის 31 იანვრის №04/755 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაევალა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. კ-იმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 მარტის განჩინებით ა. კ-ისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და აღნიშნა, რომ ქონების ადგილზე დათვალიერების დროს გ. კ-ი იმყოფებოდა დათვალიერების ადგილას, თუმცა დათვალიერების ოქმი არ შეიცავდა საკმარის ინფორმაციას მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადასტურებლად, უცნობია თუ რით იხელმძღვანელა ადმინისტრაციულმა ორგანომ უძრავი ნივთის ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების დასადგენად. ამდენად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის 2017 წლის 8 ივნისის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00162 ოქმისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2019 წლის 31 იანვრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №04/755 გადაწყვეტილების გამოცემის დროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საქმის გარემოებები არ ყოფილა გამოკვლეული სრულყოფილად, რაც აღნიშნული აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველს ქმნიდა.

სააპელაციო პალატამ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 13 ივლისის №... რეგისტრაციის შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე აღნიშნა, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ ისე მოახდინა გარდაბნის მერიის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00162 ოქმის საფუძველზე სადავოდ ქცეული 2017 წლის 13 ივლისის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რომ მხედველობაში არ მიუღია სადავო უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერების ოქმში ასახული ინფორმაციის სიმცირე, ასევე არ მოუხდენია საჯარო რეესტრში დაცული გერმანია-საქართველოს ერთობლივი პროექტის საფუძველზე (KFW) შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის ე.წ. ყვითელი ფენის შესწავლა, რაც მარეგისტრირებელ ორგანოს საშუალებას მისცემდა დაედგინა ან ეჭვქვეშ დაეყენებინა ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონება შესაძლოა წარმოადგენდა არა განმცხადებლის, არამედ სხვა პირის, კერძოდ გ. კ-ის საკუთრებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. კ-იმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი ა. კ-ის შეფასებით, ადმინისტრაციული ორგანოს სადავოდ ქცეული აქტები მიღებული იქნა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად. გარდაბნის მერიის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00142 ოქმის შედგენისას რწმუნებულის მიერ გამოკითხული იქნენ მეზობლები, მოწმეები, მათ შორის დაინტერესებული პირი და ამჟამად მოსარჩელე გ. კ-ი, რომელსაც განემარტა ოქმის შინაარსი და მან სრულიად შეგნებულად და გააზრებულად მოაწერა ადგილზე დათვალიერების ოქმს ხელი, რითაც დაადასტურა, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარდგენილი 1313 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარე გარდაბნის რაიონის, სოფ. ...ში (მათ შორის სადავო 17 კვ.მ მიწის ნაკვეთი) ეკუთვნის ა. კ-ის ოჯახს და იდენტურია მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის დოკუმენტში აღნიშნული მიწის ნაკვეთისა.

კასატორი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის მიხედვით, გ. კ-იმა დაადასტურა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი სწორედ იმ საზღვრებში და იმ კოორდინატებში მდებარეობს, რაც წარდგენილი იქნა საკადასტრო აზომვითი ნახაზით და რაც დარეგისტრირდა შემდგომ ა. კ-ის, ლ. ს-ის, მ. კ-ის, ნ. კ-ისა და ს. კ-ის საკუთრებად. აღნიშნული გარემოება ასევე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხულმა პირებმა.როგორც ა. კ-ის, ისე გ. კ-ის ნაკვეთი მყარი საზღვრით არის შემოსაზღვრული, რაც ზუსტად აისახა ა. კ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზში და დარეგისტრირდა. კასატორის მითითებით, მოწმეთა მიერ დადასტურებულია, რომ მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული კონფიგურაცია ემთხვევა მყარ საზღვარში მოქცეული მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას და ნაკვეთი, მათ შორის სადავო მიწის ნაკვეთიც ყოველთვის იყო ა. კ-ის ოჯახის საკუთრება.

კასატორი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას ადმინისტრაციულ ორგანოს გამოკვლეული ჰქონდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებული იყო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო პროექტების ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი №00162 და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2019 წლის 31 იანვრის წერილი №04/755 შედგენილ იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებები გამოკვლეულია სრულყოფილად, შესაბამისად არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრისა და 5 ოქტომბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. კ-ისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. კ-ისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2017 წლის 29 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ა. კ-იმა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გარდაბანში, სოფელ ...ში მდებარე 1313 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის №15/96283 (07.07.2017) საარქივო ცნობის თანახმად, გარდაბნის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 2001-2006 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია მ. ქ.-ის კ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: შვილი - ნ. კ-ი, შვილი/რძალი - ლ. კ-ი/კ-ი, შვილი - ა. კ-ი, შვილიშვილი - ს. კ-ი, შვილიშვილი - მ. კ-ი.

კომლს 1996-2000 წლებში პირად საკუთრებაში ერიცხება 1972 წელს აგებული 30 კვ.მ საცხოვრებელი სახლი (2001-2006 წლების მონაცემები არ ფიქსირდება) და 1996-2000 წლებში 0,50 ჰა მიწის ნაკვეთი (2001-2006 წლების მონაცემები არ ფიქსირდება).

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 27 ივნისის №04/4964 წერილით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა დადასტურებულ იქნა გამგეობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00162 ოქმით.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ივლისის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით უძრავი ქონება, მდებარე: გარდაბანი, სოფელი ...ი ს.კ. ... საკუთრების უფლებით აღრიცხულ იქნა ა. კ-ის, ლ. ს-ის, მ. კ-ის, ნ. კ-ისა და ს. კ-ის სახელზე.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2017 წლის 8 ივნისის №00162 ოქმი მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 05 დეკემბრის №04/11608 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტები მოსარჩელის მიერ სადავოდ არის გამხდარი ზედდების ნაწილში, შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა შეეხება სადავო აქტების კანონიერებას სწორედ ზედდების ნაწილში. საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო შეფასების გარეშე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს (მუხლი 1.1).

ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

განსახილველ შემთხვევაში, იმ საფუძვლით, რომ უტყუარად არ დგინდებოდა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა და საზღვრები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას გადაუგზავნა ა. კ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, საკ. კოდი - ... მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთის (შესაბამისი კონფიგურაციის) იდენტურობის დადასტურების მიზნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებულ იქნა იდენტურობა, თუმცა ადგილზე დათვალიერების ოქმში, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს („სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, 16.1) ან/და მასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების მასალებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულების საწინააღმდეგოდ, არ არის მითითებული, თუ კონკრეტულად რა გარემოებების საფუძველზე მოხდა საკ. კოდი - ... მიწის ნაკვეთისა და აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვთების სრული იდენტურობის დადგენა. კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის შედარება საჯარო რეესტრში დაცული მიწის ნაკვეთის ,,ყვითელ ფენასთან", ამასთან, არ განსაზღვრულა და შეფასებულა, რამდენად იყო მოქცეული მიწის ნაკვეთი მყარი საზღვრის (მიჯნის) ფარგლებში, როგორც ამას კასატორი მიუთითებს. ასეთ პირობებში კი, დაუშვებელია, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია დაეფუძნოს აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებების სათანადო შესწავლისა და დასაბუთების გარეშე გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სხვა პირთა საკუთრების უფლებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას და აღნიშნავს, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ადმინისტრაციული ორგანოს ნაცვლად, თავად შეაფასოს უძრავი ქონების ფაქტობრივი მდებარეობისა და აზომვით ნახაზზე არსებული საკადასტრო მონაცემების იდენტურობის საკითხი და საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლები, რაც ქმნის საქმეზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძვლებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, დ. მ-ეს საკასაციო საჩივარზე 18.09.2020 წ. საგადასახდო დავალება №0-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. კ-ისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 მარტის განჩინება;

3. დ. მ-ეს (...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.09.2020 წ. საგადასახდო დავალება №0-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი