საქმე №ბს-924(კ-20) 2 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. ს-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 15 იანვარს რ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 18 დეკემბრის №MES 3 18 01622563 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის შპს ...ის მიერ რ. ს-ეის სახელზე გაცემული ... №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს ....
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით რ. ს-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ს-ემ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მაისის განჩინებით რ. ს-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შპს ...ს მიერ რ. ს-ეის სახელზე 2010 წლის 20 სექტემბერს გაიცა ... №... ბაკალავრის დიპლომი, რომლის თანახმად, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და ...ის ფაკულტეტის 2010 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ს-ეს მიენიჭა ...ის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ...ის სპეციალობით.
სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის პირველი თებერვლის MES 6 19 00106956 წერილის თანახმად, რ. ს-ე იღებდა მონაწილეობას 2005 და 2006 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თუმცა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 2005 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მან მიიღო შემდეგი შეფასებები: ქართული ენა და ლიტერატურა - 14 ქულა (მინ. კომპეტენციის ზღვარი - 15), მათემატიკა - 10 (მინ. კომპეტენციის ზღვარი 15), ზოგადი უნარები - 41 ქულა (სკალირებული ქულა - 142,2) გერმანული ენა - 13 (მინ. კომპეტენციის ზღვარი - 15). ხოლო, 2006 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მიიღო შემდეგი შეფასებები: ქართული ენა და ლიტერატურა - 31 ქულა (სკალირებული ქულა - 126,0), ზოგადი უნარები - 29 ქულა (სკალირებული ქულა - 132,9) ინგლისური ენა - 15 (სკალირებული ქულა - 15).
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 18 დეკემბრის MES 3 18 01622563 ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებით რ. ს-ეს უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეამოწმა მოსარჩელესთან დაკავშირებული მონაცემების შესაბამისობა „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესით“ გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და სათანადო გარემოებებზე მითითებით დაადგინა, რომ არ არსებობდა შპს ...ს მიერ რ. ს-ეის სახელზე 2010 წლის 20 სექტემბერს გაცემული ... №... ბაკალავრის დიპლომის მიმართ კანონიერი ნდობის საფუძველი, ვინაიდან რ. ს-ე შპს ...ში ჩაირიცხა სტუდენტის სტატუსის მოპოვების, კანონმდებლობით დადგენილი წესის (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) გვერდის ავლით, რაც გამორიცხავდა მის მიმართ კანონიერი ნდობის ამოქმედების სამართლებრივ საფუძველს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2005 წლიდან პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით პირველ საფეხურზე სწავლის უფლებას აბიტურიენტები მოიპოვებდნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესაბამისად. ამასთანავე, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მხოლოდ მონაწილეობა არ არის საკმარისი სწავლის უფლების მოსაპოვებლად, არამედ მიღებული ქულების შესაბამისად გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი განათლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ითიტებით, აბიტურიენტს, ერთი მხრივ, მონაწილეობა უნდა მიეღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში და გადაელახა მინიმალური ზღვარი, მეორე მხრივ კი, მის მიერ მიღებული შედეგი საკმარისი უნდა ყოფილიყო გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ სიაში მოხვედრისთვის, რასაც უკავშირდებოდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა.
იმ პირობებში, როდესაც შპს ...ში სწავლის დაწყების მომენტიდანვე მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ ის ვერ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს, რამეთუ სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობის გვერდის ავლით(ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე) და ცხადია, რომ მას კანონიერი ნდობაც ვერ წარმოეშვებოდა. დასახელებული გარემოება კი სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გამორიცხვდა სააპელაციო საჩივრის მოტივაციის მართლებულობას, რომ რ. ს-ესთან მიმართებით სადაცო აქტით დაირღვა კანონიერი ნდობის პრინციპი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ს-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ მან ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში, სრულად გაიარა სწავლების ოთხწლიანი კურსი, მოიპოვა შესაბამისი კრედიტები და აიღო ბაკალავრის დიპლომი. მან მუშაობა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროში და მხოლოდ ახლა გახდა მისთვის ცნობილი, რომ მისი დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
კასატორის მითითებით, მისთვის გაუგებარია თუ რატომ არ აღიარებს მის მიმართ გაცემულ დიპლომს სახელმწიფო, როდესაც უმაღლესი სასწავლებლებისათვის სასწავლო პროგრამების შემუშავება ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უშუალო ჩართულობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. ს-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ს-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 18 დეკემბრის №MES 3 18 01622563 გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შპს ...ს მიერ რ. ს-ეის სახელზე 2010 წლის 20 სექტემბერს გაიცა ... №... ბაკალავრის დიპლომი, რომლის თანახმად, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და ...ის ფაკულტეტის 2010 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ს-ეს მიენიჭა ...ის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ...ის სპეციალობით.
სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის პირველი თებერვლის MES 6 19 00106956 წერილის თანახმად, რ. ს-ე იღებდა მონაწილეობას 2005 და 2006 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თუმცა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 2005 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მან მიიღო შემდეგი შეფასებები: ქართული ენა და ლიტერატურა - 14 ქულა (მინ. კომპეტენციის ზღვარი - 15), მათემატიკა - 10 (მინ. კომპეტენციის ზღვარი 15), ზოგადი უნარები - 41 ქულა (სკალირებული ქულა - 142,2) გერმანული ენა - 13 (მინ. კომპეტენციის ზღვარი - 15). ხოლო, 2006 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მიიღო შემდეგი შეფასებები: ქართული ენა და ლიტერატურა - 31 ქულა (სკალირებული ქულა - 126,0), ზოგადი უნარები - 29 ქულა (სკალირებული ქულა - 132,9) ინგლისური ენა - 15 (სკალირებული ქულა - 15).
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 18 დეკემბრის MES 3 18 01622563 ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებით, რ. ს-ეს უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულია „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“, რომლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. მე-3 პუნქტის თანახმად კი, საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
აღნიშნული „წესის“ მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველ პუნქტზე (2005 წელს მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფო აკრედიტირებული პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ ერთიან ეროვნულ გამოცდებგავლილ აბიტურიენტს, მიღებული ქულების კოეფიციენტებით რანჟირების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, ეროვნული გამოცდების ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების რანჟირებას იმ კოეფიციენტების მიხედვით, რომელიც ფაკულტეტებმა წლის დასაწყისში გამოაქვეყნეს. სიები ეგზავნება შესაბამის ფაკულტეტებს. თავის მხრივ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებულია აბიტურიენტები მიიღოს მხოლოდ განსაზღვრული სიის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ 2005 წლიდან პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით პირველ საფეხურზე სწავლის უფლებას აბიტურიენტები მოიპოვებდნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესაბამისად. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მხოლოდ მონაწილეობა არ არის საკმარისი სწავლის უფლების მოსაპოვებლად, არამედ მიღებული ქულების შესაბამისად გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი განათლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით. შესაბამისად, აბიტურიენტს, ერთი მხრივ, მონაწილეობა უნდა მიეღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში და გადაელახა მინიმალური ზღვარი, მეორე მხრივ კი, მის მიერ მიღებული შედეგი საკმარისი უნდა ყოფილიყო გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ სიაში მოხვედრისთვის, რასაც უკავშირდებოდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის პირველი თებერვლის MES 6 19 00106956 წერილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე რ. ს-ე იღებდა მონაწილეობას 2005 და 2006 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თუმცა კანონმდებლობით დადგენილი წესით ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც შპს ...ში სწავლის დაწყების მომენტიდანვე მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ ის ვერ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს, რამეთუ სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობის გვერდის ავლით(ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე), შესაბამისად, კანონიერი ნდობა გამოირიცხება, რამდენადაც სადავო აქტი გამოცემულია დაინტერესებული პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე. რ. ს-ე შპს ...ში ჩაირიცხა სტუდენტის სტატუსის მოპოვებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით, რაც გამორიცხავს მის მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპის ამოქმედების სამართლებრივ საფუძველს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (20.05.21წ. №ბს-996(კ-20); 13.05.22წ. №ბს-1014(კ-20)).
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ. ბ-ეს (პ/ნ ...) რ. ს-ეის საკასაციო საჩივარზე 01.07.2020წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ. ბ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ს-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მაისის განჩინება;
3. ნ. ბ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს რ. ს-ეის საკასაციო საჩივარზე 01.07.2020წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი