Facebook Twitter

#ბს-524 (კს-21) 08 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „...ი“ (სს „ს...ის“ უფლებამონაცვლე)

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

დავის საგანი - უფლებამონაცვლის დადგენა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.2021წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს „ს...მა“ 03.07.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სს „ს...ის“ წარმომადგენლის 19.04.2017წ. N39494 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 30.05.2017წ. N04/34329 გადაწყვეტილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 23.03.2017წ. N05/2017 თემატური შემოწმების აქტის ბათილად ცნობა მისი 7.1 პუნქტის ნაწილში სრულად და სს „ს...ის“ 19.04.2017წ. N39494 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.2018წ. განჩინებით სს „ს...ის“ სარჩელი გადაეგზავნა განსჯად სენაკის რაიონულ სასამართლოს.

სენაკის რაიონული სასამართლოს 19.07.2019წ. გადაწყვეტილებით სს „ს...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს „ს...ს“ უარი ეთქვა სს „ს...ის“ წარმომადგენლის 19.04.2017წ. N39494 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 30.05.2017წ. N04/34329 გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „ს...ის“ 19.04.2017წ. N39494 ადმინისტრაციული საჩივრი და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 23.03.2017წ. N05/2017 თემატური შემოწმების აქტის ის ნაწილი, რომლის თანახმად მიმწოდებელს - სს „ს...ის“ ...ის ...ს ჯარიმის სახით დაეკისრა 51205.27 ლარი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2020წ. განჩინებით სს „ს...ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „...ი“, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.03.2021წ. განჩინებით საქმეში, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 10.03.2021წ. გამართულ სხომაზე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა იშუამდგომლა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცნობის შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.2021წ. განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს მთავრობის 10.10.2019წ. N487 დადგენილების 1.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ერთიანი მაკონტროლებელი ორგანოს ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები, შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. ამავე მუხლში მიეთითა, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი წლ(ებ)ის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუსწავლელი შემთხვევების შესწავლა (კონტროლი/რევიზია), კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა უზრუნველყოს მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით). სააპელაციო პალატის მოსაზრებით საქართველოს მთავრობის 10.10.2019წ. N487 დადგენილებით განისაზღვრა არა უფლებამონაცვლეობის საკითხი, არამედ დადგინდა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ (რომლის უფლებანაცვლესაც მთავრობის 17.08.2020წ. N509 დადგენილების საფუძველზე წინამდებარე დავაში წარმოადგენს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო) უნდა უზრუნველყოს მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება, მათ შორის ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავოა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით გათვალისწინებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურების“ კომპონენტის ფარგლებში 2013 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 01 აგვისტომდე გაწეული მუშაობის თემატური შემოწმების შედეგად შედგენილი აქტის და დარიცხული თანხების კანონიერება. ამდენად, სახეზეა არა მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულების ეტაპი, რაც მთავრობის N487 დადგენილების თანახმად ითვალისწინებს, საჭიროების შემთხვევაში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე მოცემულ დავაში) მხრიდან სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართვის შესაძლებლობას, არამედ საქმე ეხება უკვე დასრულებული თემატური შემოწმების შედეგად შედგენილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერებას. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ მთავრობის N487 დადგენილების დანაწესი - მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულების პროცესში სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საჭიროებისამებრ ჩართულობა მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულების პროცესში - იმპერატიულად არ გულისხმობს, სამართალწარმოებაში სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მხარედ დაშვების აუცილებლობას და მის აღჭურვას საპროცესო უფლება - მოვალეობებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მითითებით, მთავრობის 10.10.2019წ. N487 და 17.08.2020წ N509 დადგენილებებით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სადავო პერიოდში განხორციელებული (დასრულებული) შემოწმების ფარგლებში რაიმე სახის უფლებამოსილება არ მინიჭებია, შესაბამისად, საქმეზე სადავო სამართლებრივ ურთიერთობაში სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მოპასუხე მხარის უფლებამოცვლედ ჩაბმის საფუძველი არ არსებობს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.2021წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.

კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, მოცემულ დავაში, სადავოდ ქცეულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის შემოწმების აქტი (დაკისრებული საჯარიმო სანქციები). კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 10.10.2019წ. #487 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები, შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ევალებოდა მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით). ანალოგიური პირობა იქნა გათვალისწინებული „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. #36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 05.11.2019წ. #517 დადგენილების მე-2 მუხლით. აღნიშნული ცვლილებები და კონტროლის ღონისძიებების დასრულების პირობა მიზნად ისახავდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დაწყებული კონტროლის ღონისძიებების დასრულებას, თუმცა დათქმით, რომ გამოყენებულიყო სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსათვის 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაცემული შესაბამისი, მათ შორის, საკადრო რესურსი. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან მიმდინარე ეტაპამდე, სამედიცინო დაწესებულებების კონტროლისა და რევიზიის ფუნქცია გააჩნია მხოლოდ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს.

კერძო საჩივრის ავტორი, ასევე, აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებებით ანალოგიურ დავებში სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მოპასუხედ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო იყო ჩართული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდაა გამხდარი სააპელაციო პალატის მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ მხოლოდ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დადგენის კანონიერება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვ.) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 10.10.2019წ. N487 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ერთიანი მაკონტროლებელი ორგანოს ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები, შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაევალა შესაბამისი წლ(ებ)ის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუსწავლელი შემთხვევების შესწავლა (კონტროლი/რევიზია), კანონმდებლობის შესაბამისად. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა უზრუნველყოს მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს აგრეთვე „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. #36 დადგენილებით დამტკიცებული "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს: 2020 წლის 1 სექტემბრამდე სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო; 2020 წლის 1 სექტემბრიდან: სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, გარდა 1.8 დანართის მე-2 პუნქტისა; ბ.ბ) N1.8 დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველყოფა სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს ევალება.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 17.08.2020წ. #509 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ გამოცხადდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

მოხმობილი ნორმების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით მინიჭებული უფლებამოსილებები სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს გადაეცათ, რაც საქმეში სათანადო უფლებამონაცვლეების დადგენის წინაპირობებს ქმნის. ნორმატიული აქტებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომლის უფლებამონაცვლედაც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო განისაზღვრა, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მიმართულებით მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით დაევალა.

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელით მოთხოვნილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თემატური შემოწმების აქტისა და მასთან დაკავშირებით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. შესაბამისად, მოცემული დავა შეეხება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კონტროლის / რევიზიის შედეგების კანონიერებას. ამ მიმართულებით სსიპ

სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებს წარმოადგენენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებს წარმოადგენენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (იხ. 04.02.2021წ. Nბს-1122(კ-20); 26.01.21წ. Nბს-648(კ-19); 13.05.2021წ. Nბს-247(კს-21); 17.06.2021წ. Nბს-271(კს-21); 06.07.2021წ. Nბს-478(კს-21); 25.11.2021წ. Nბს-593(კს-21); 14.04.2022წ. Nბს-1059(კს-21) სუსგ).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არ ეფუძნება სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ წინამძღვრებს, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.2021წ. განჩინება და მოცემულ საქმეში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებად ჩაბმულ იქნენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი