Facebook Twitter
ბს-1039 (კ-20) 08 ივნისი, 2022 წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.03.2020წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...მ“ 09.08.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 29.11.2017წ. N04/73741 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა პაციენტების: ნ. კ-ის, დ. ღ-ისა და დ. მ-ეის შემთხვევებში აუნაზღაურებელი თანხის ნაწილში, ხოლო პაციენტების: ე. ნ-ისა და თ. ხ-ის შემთხვევებში - სრულად, ასევე მოითხოვა ნ. კ-ის, დ. ღ-ისა და დ. მ-ეის შემთხვევებში აუნაზღაურებელი თანხის ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ხოლო პაციენტების: ე. ნ-ისა და თ. ხ-ის შემთხვევებში - საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 24.07.2018წ. №04/42120 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.11.2018წ. განჩინებით მოსარჩელე შპს „...ს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.02.2019წ. გადაწყვეტილებით სს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ, თ. ხ-ის, დ. ღ-ის, ე. ნ-ის, დ. მ-ეისა და ნ. კ-ის სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 29.11.2017წ. №04/73741 გადაწყვეტილება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 24.07.2018წ. №04/42120 გადაწყვეტილება შპს ,,...ს’’ №2025/02 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. აღნიშნული გაადწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.2019წ. განჩინებით სს „...ს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „...“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.03.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.02.2019წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პაციენტები - ნ. კ-ი, დ. ღ-ი, დ. მ-ეე, ე. ნ-ი და თ. ხ-ი წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების მოსარგებლე პირებს. ე. ნ-ისა და თ. ხ-ის შემთხვევების ანაზღაურებაზე აპელანტმა უარი განაცხადა სრულად იმ საფუძვლით, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს, ხოლო პაციენტების - ნ. კ-ის, დ. ღ-ისა და დ. მ-ეის შემთხვევების ანაზღაურებაზე აპელანტმა უარი განაცხადა ნაწილობრივ, ვინაიდან მათი განმარტებით, ადგილი ჰქონდა დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებს. პალატამ აღნიშნა, რომ პაციენტს - ე. ნ-ის, ანამნეზის მიხედვით, მარნეულის საავადმყოფოში მოთავსებისას ჰქონდა ტემპერატურის მატება 390, მრავალჯერადი ღებინება, პნევმონია. აღნიშნულის შემდგომ ბოლო 3 დღის განმავლობაში გამოეხატა ძილიანობა, რის გამოც გადაყვანილი იქნა შპს ,,...ში“. საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ...ის სახელობის ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის 26.09.2018წ. N1413/11 დასკვნით, პაციენტი ე. ნ-ი, ანამნეზის (ცხელება, პნევმონია), ნევროლოგიური სტატუსის (ძილიანობა) და ასაკის გათვალისწინებით (<2წ.), ითვლებოდა მაღალი რისკის პაციენტად, რის გამოც მას ესაჭიროებოდა მკაცრი სტაციონარული მეთვალყურეობის გაგრძელება და დამატებითი სადიაგნოსტიკო ტესტები ან/და უკვე ჩატარებული კვლევების დინამიკაში გამეორება. შესაბამისად სააპელაიო პალატამ მიიჩნია, რომ ე. ნ-ი წარმოადგენდა მაღალი რისკის პაციენტს, რომელსაც ესაჭიროებოდა მკაცრი სტაციონარული მეთვალყურეობა და მის მიმართ გაწეული მომსახურება ვერ იქნებოდა განხილული გეგმიურ თერაპიად.
პალატამ პაციენტ თ. ხ-ის მიმართ განხორციელებული სამედიცინო მომსახურება ასევე მიიჩნია გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებად, ვინაიდან იგი მკურნალობდა დიაგნოზით - თავის ტვინის შერყევა. მოცემულ შემთხვევაში პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ გადაცემული კლინიკური დიაგნოზი არ შეესაბამებოდა დასკვნით კლინიკურ დიაგნოზს. პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ...ის სახელობის ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის 26.09.2018წ. №1412/11 დასკვნაზე, სადაც №10643 სამედიცინო ბარათთან (პაციენტი - თ. ხ-ი) დაკავშირებით მითითებულია, რომ ასოციაცია დეტალურად გაეცნო პაციენტის ავადმყოფობის ისტორიას - ანამნეზს, ავადმყოფობის მიმდინარეობას, ჩატარებულ სამედიცინო მომსახურეობის დეტალებს და დაადგინა, რომ პაციენტს თავის ტვინის ტრამვის შემდგომ განუვითარდა ადინამია, ძილიანობა, სისუსტე, განმეორებითი ღებინება, თავის ტკივილი. ამდენად, კლინიკური გასინჯვის და კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემის მიხედვით, პაციენტის მდგომარეობა შეესაბამებოდა თავის ტვინის შერყევის დიაგნოზს ICD კოდით S06.6. აღნიშნულიდან გამომდინარე, პაციენტის სამედიცინო ბარათისა და მითითებული დასკვნის საფუძველზე, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია გადაცემული ICD კოდის შესაბამისობა დასკვნით კლინიკურ დიაგნოზთან.
პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, პაციენტი დ. ღ-ი მკურნალობდა დიაგნოზით - პნევმონია, დაუზუსტებული; მწვავე ბრონქიტი, დაუზუსტებელი; I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა. მოცემულ შემთხვევაში პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული პაციენტის მკურნალობა ხორციელდებოდა მედიცინის სხვადასხვა დეპარტამენტებში ეტაპობრივად პაციენტის სირთულის გათვალისწინებით. პაციენტ დ. ღ-ისთვის დასმული ერთ-ერთი დიაგნოზის - მწვავე ბრონქიტის არსებობას ადასტურებს ასევე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის, პულმონოლოგიაში აკრედიტაციის ევროპული საბჭოს ექსპერტის - ი. ჩ-ეის 04.10.2018წ. №1450/11 დასკვნა, რომლის თანახმად, პაციენტის ჩივილები, ანამნეზური და ობიექტური მონაცემები სრულად შეესაბამებოდა დიაგნოზს ,,მწვავე ბრონქიტი, დაუზუსტებელი, ბრონქოსპაზმით“.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პაციენტი დ. მ-ეე 26.06.2017წ. მოათავსეს შპს ,,...ს’’ ჩვილ ბავშვთა და ახალშობილთა დეპარტამენტში, სადაც დაესვა ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი დიაგნოზი - ზედა სასუნთქი გზების სხვა მწვავე ინფექციები მრავლობითი ლოკალიზაციის და საშარდე გზების ინფექციები დაუზუსტებელი ლოკალიზაციის. პალატა ყურადღებას ამახვილებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის, პულმონოლოგიაში აკრედიტაციის ევროპული საბჭოს ექსპერტის - ი. ჩ-ეის 04.10.2018წ. N1450/11 დასკვნაზე, რომლის თანახმად, პაციენტი კლინიკაში შევიდა ორდღიანი ანამნეზით, მაღალი ტემპერატურით, შემცივნებით, ცხვირიდან სუნთქვის გაძნელებით, ერთჯერადი ღებინებით, ჭირვეულობით, უმადობით. ყველა ეს ნიშანი დამახასიათებელია მწვავე რესპირაციული ინფექციისთვის. ობიექტური კვლევით აღნიშნულია ხახის რკალების ჰიპერემია და მარცვლოვანება, ყველაფერი ეს მიუთითებდა დიაგნოზზე ,,ზემო სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები, მრავლობითი ლოკალიზაციის’’ (რინიტი, ფარინგიტი). ამასთან, პედიატრიულ პაციენტებთან შესაძლებელია, რომ 2 (ან მეტი) ნოზოლოგია წარმოადგენდეს პარალელურად განვითარებულ დაავადებებს, რომელთაც დამოუკიდებელი მკურნალობა სჭირდებათ.
რაც შეეხება პაციენტის ნ. კ-ის მიმართ ჩატარებულ მკურნალობას, პალატამ საქმის მასალების თანახმად, დადგენილად მიიჩნია, რომ მას დაესვა დიაგნოზი - არაინფექციური გასტროენტერიტი და კოლიტი, დაუზუსტებელი; გულისრევა და პირღებინება, რისთვისაც დასჭირდა I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან პაციენტს აღენიშნებოდა შეუპოვარი ღებინება ყოველი კვების შემდეგ ელექტრონულ მოდულში საწყის ეტაპზე მართებულად იქნა მითითებული დიაგნოზი - გულისრევა და პირღებინება, ხოლო შემდგომ სიმძიმის გამო პაციენტმა მკურნალობა განაგრძო კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, სადაც პაციენტს უკვე აღენიშნებოდა მარმარილოსებრი სიჭრელე, ცივი კიდურები, ცხელება, ლეიკოციტოზი, პულსი - ტაქიკარდიული, ნაწლავთა მოქმედება - წყლიანი, განავლოვანი მასებით, გახშირებული, ღვიძლის ფუნქციური სინჯები - მომატებული. ასევე, გამოხატული იყო ელექტროლიტური დისბალანსი, ანემია. საბოლოოდ, ვინაიდან ბაქტერიული ინფექციის არსებობა არ დადასტურდა, პაციენტს დაესვა კლინიკური დიაგნოზი - არაინფექციური გასტროენტერიტი და კოლიტი, დაუზუსტებელი, რაც სამინისტროს ელექტრონულ მოდულში ასახული იქნა ჩატარებული გამოკვლევების ეტაპების შესაბამისად. ამასთან, აღნიშნულ სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით, საქმეში წარმოდგენილია პედიატრთა და ნეონატოლოგთა კავშირ ,,...ს’’ 19.09.2018წ. N09/04 დასკვნა, რომლის თანახმად, დაავადების საწყის ეტაპზე, ჰოსპიტალიზაციის პირველ დღეს გულისრევა და პირღებინება წარმოადგენდა წინასწარ სამუშაო კლინიკურ დიაგნოზს. ამასთან, აღნიშნული პაციენტის შემთხვევაში სახეზე იყო დამოუკიდებელი ნოზოლოგიები (1 - გულისრევა და ღებინების ფონზე განვითარებული ჰიპოვოლემიური შოკი, 2 - სისტემური ანთებითი პასუხის სინდრომი და 3 - ფერმენტების დეფიციტთან დაკავშირებული თანდაყოლილი ადრენოგენიტალური დარღვევები), რის გამოც საჭირო იყო ყველა ნოზოლოგიის მკურნალობა ერთობლივად, ვინაიდან პათოგენეზურად მათი მკურნალობა განსხვავებულია და მხოლოდ ერთი ნოზოლოგიის დამოუკიდებლად მკურნალობა არ იქნებოდა საკმარისი დანარჩენი ნოზოლოგიისგან განსაკურნებლად. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ პაციენტთან გულისრევა და ღებინება დაკავშირებული იყო გასტროენტერიტთან და კოლიტთან და ადეკვატური მკურნალობის მიუხედავად განვითარდა ჰიპოვოლემიური შოკი, რომელიც საჭიროებდა
აქტიურ რეჰიდრატაციას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გადაცემული და სამედიცინო ბარათში არსებული ინფორმაცია სრულად შეესაბამებოდა ერთმანეთს და ადგილი არ ჰქონდა კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირების ფაქტს. ამასთან, პაციენტები საჭიროებდნენ მკურნალობას სამინისტროს ელექტრონულ მოდულში მითითებული ყველა ზემოჩამოთვლილი ნოზოლოგიებით ერთდროულად. შესაბამისად არ არსებობდა პაციენტების: ნ. კ-ის, დ. ღ-ისა და დ. მ-ეის მიმართ განხორციელებული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე ნაწილობრივ, ხოლო ე. ნ-ისა და თ. ხ-ის მიმართ განხორციელებული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე სრულად უარის თქმის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.03.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
კასატორმა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-11, მე-14 და მე-15 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ როდესაც მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა ელექტრონულ მოდულში არსებულ ინფორმაციას, ანდა არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს, სამედიცინო შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას. კასატორმა აღნიშნა, რომ პაციენტი ნ. კ-ი მკურნალობდა მოსარჩელე დაწესებულებაში გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტით დიაგნოზით: არაინფექციური გასტროენტერიტი და კოლიტი, დაუზუსტებელი, ზედა სასუნთქი გზების სხვა მწვავე ინფექციები მრავლობითი ლოკალიზაციის და გულისრევა და პირღებინება. კასატორის მითითებით, სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამედიცინო მომსახურება გაწეული არ არის ზედა სასუნთქი გზების სხვა მწვავე ინფექციები მრავლობითი ლოკალიზაციის კოდირების შესაბამისად. კასატორმა მიუთითა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ ანალოგიურია პაციენტების დ. ღ-ის და დ. მ-ეის შემთხვევებიც.
კასატორმა ე. ნ-ის შემთხვევასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ N36 დადგენილება აფინანსებს გადაუდებელ ამბულატორიულ და სტაციონალურ მომსახურებას და არა გეგმიურ თერაპიას, ხოლო პაციენტის მიმართ ჩატარებული მომსახურება მოიცავდა მხოლოდ მონიტორინგს, რაც N36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად არ ექვემდებარება ანაზღაურებას. რაც შეეხება პაცინეტ თ. ხ-ის, კასატორმა აღნიშნა, რომ იგი მკურნალობდა მოსარჩელე დაწესებულებაში გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტით დიაგნოზით თავის ტვინის შერყევა, თუმცა სამედიცინო ელექტრონულ მოდულში გადმოცემული კოდი არ შეესაბამება დასკვნით კლინიკურ დიაგნოზს, რაც N36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად ასევე არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.10.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, პაციენტი ე. ნ-ი მკურნალობდა დიაგნოზით: Z03.3 დაკვირვება, როცა ეჭვია ნერვული სისტემის დაზიანებაზე. ინსპექტირების ეტაპზე აღნიშნული შემთხვევა ჩაითვალა გეგმიურ თერაპიად და შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ ...ის სახელობის ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის 26.09.2018წ. №1413/11 დასკვნაზე, რომლის თანახმად, ე. ნ-ის ანამნეზში ფიგურირებს რამდენიმე დღიანი ცხელება და მრავალჯერადი ღებინება. ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ექიმის მიერ პაციენტის ცნობიერების დონე აღწერილია როგორც ძილიანი, ფოკალური ნევროლოგიური დეფიციტის და დადებითი მენინგეალური ნიშნების გარეშე. პაციენტის ასაკის გათვალისწინებით აღნიშნული ნევროლოგიური სიმპტომი სიცოცხლისთვის სახიფათოა და საჭიროებს გადაუდებელ კვლევებს, სტაციონარულ მეთვალყურეობას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის მართვას. ჩატარდა თავის ტვინის კტ კვლევა, რაც პირველი რიგის სადიაგნოსტიკო გადაუდებელი კვლევაა აღნიშნული ჩივილის შემთხვევაში, ექიმს კტ კვლევა მიზანმიმართულად და გადაუდებელ რეჟიმში აქვს ჩატარებული. ამდენად, საკასაციო პალატა ეთახმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ პაციენტი, ანამნეზის (ცხელება, პნევმონია), ნევროლოგიური სტატუსის (ძილიანობა) და ასაკის გათვალისწინებით ( <2წ.), ითვლებოდა როგორც მაღალი რისკის პაციენტი, რის გამოც მას ესაჭიროებოდა მკაცრი სტაციონარული მეთვალყურეობა, რაც ვერ იქნება განხილული გეგმიურ თერაპიად.
პაციენტი თ. ხ-ი მკურნალობდა დიაგნოზით S06.0 თავის ტვინის შერყევა, ინსპექტირების ეტაპზე აღნიშნულ შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი "არ ექვემდებარება ანაზღაურებას" - საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად. სადავო აქტის თანახმად, გადაცემული ICD10 კოდი არ შეესაბამებოდა დასკვნით კლინიკურ დიაგნოზს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ ...ის სახელობის ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის 26.09.2018წ. №1412/11 დასკვნაზე, სადაც მითითებულია, რომ პაციენტს თავის ტვინის ტრამვის შემდგომ განუვითარდა ადინამია, ძილიანობა, სისუსტე, განმეორებითი ღებინება, თავის ტკივილი. აღნიშნული კლინიკური გასინჯვის და კტ მონაცემის მიხედვით მდგომარეობა შეესაბამება თავის ტვინის შერყევის დიაგნოზს ICD კოდით S06.6. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული დასკვნითა და საქმეში დაცული დოკუმენტაციით (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა NIV-100/ა, გადაუდებელი დახმარების განყოფილების პაცინტზე დაკვირვების ფურცელი, პაციენტის გასინჯვის ფურცელი) დასტურდება გადაცემული ICD კოდის დასკვნით კლინიკურ დიაგნოზთან შესაბამისობა.
რაც შეეხება პაციენტების დ. ღ-ის, დ. მ-ეისა და ნ. კ-ის სამედიცინო შემთხვევებს, მოცემულ შემთხვევებში ინსპეტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარებოდა ძირითადი ნოზოლოგიური კოდი და შემთხვევები უნდა ანაზღაურებულიყო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის პირობების საფუძველზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დასახელებულ პაციენტებთან დაკავაშირებითაც საქმეში დაცულია შესაბამისი პროფილის ექიმთა (ექსპერტთა) დასკვნები, რომლითაც დასტურდება ზემოაღნიშნული პაციენტების დიაგნოზების სისწორე, ამასთანავე მითითებულია, რომ პედიატრიულ პაციენტებთან შესაძლებელია, რომ 2 (ან მეტი) ნოზოლოგია წარმოადგენდეს პარალელურად განვითარებულ დაავადებებს, რომელთაც დამოუკიდებელი მკურნალობა სჭირდებათ, ერთი ნოზოლოგიის დამოუკიდებლად მკურნალობა არ იქნება საკმარისი დანარჩენი ნოზოლოგიისგან განსაკურნებლად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ პაციენტები დ. ღ-ი, დ. მ-ეე და ნ. კ-ი საჭიროებდნენ მკურნალობას სამინისტროს ელექტრონულ მოდულში მითითებული ყველა ნოზოლოგიით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასკ-ის 17.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ევალება დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველეყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე და საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების კონკრეტული ნორმების დარღვევაზე. საკასაციო საჩივარში არ არის წარმოდგენილი არგუმენტირებული დასაბუთება, კასატორმა ვერ უზრუნველყო იმ მტკიცებულებების წარმოდგენა რომლებიც დაადასტურებდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გამოცემას.
საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეამოწმა საკასაციო საჩივრის ფარგლებში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზია უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.03.2020წ. განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.10.2020წ. N04541 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


გ. გოგიაშვილი