Facebook Twitter

ბს-1310 (კ-20) 08 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2019წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...მა“ 30.01.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის 05.09.2016წ. N04/67584 გადაწყვეტილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 27.12.2016წ. N04/93569 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის სადავო სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.06.2017წ. გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის 05.09.2016წ. N04/67584 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 27.12.2016წ. N04/93569 გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა სადავო სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.09.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმით აპელანტის და მოპასუხის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის და მოსარჩელის შპს „...ის“ უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა შპს „ვ...“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2019წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.06.2017წ. გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „ვ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის 05.09.2016წ. N04/67584 გადაწყვეტილება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდ დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 27.12.2016წ. N04/93569 გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა სადავო სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. სააპელაციო პალატამ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შპს „...მა“ სამედიცინო მომსახურება გაუწია ორ პაციენტს. აღნიშნული შემთხვევები ინსპექტირების ეტაპზე არ ანაზღაურდა. თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებული იქნა ის გარემოება, რომ შეტყობინების სისტემაში გადმოცემული დიაგნოზი და ჩარევა არ ემთხვეოდა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს. სააპელაციო პალატის მითითებით საქმის განხილვის შედეგად არ დადასტურდა, რომ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და ჩარევა არ ემთხვეოდა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს. სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებში დაცულ სამედიცინო მომსახურების გაწევის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე და აღნიშნა, რომ შეტყობინებებში გადაცემული დიაგნოზი სამედიცინო დოკუმენტაციაში სიტყვასიტყვით არ არის გადატანილი, თუმცა დიაგნოზი იდენტურია და დაუსაბუთებელია მოპასუხე მხარის მითითება დიაგნოზისა და ჩარევის სხვადასხვაობასთან დაკავშირებით. კერძოდ, პაციენტ მ. გ-ის შემთხვევაში გარანტია გაიცა კოდზე Q 66.5: თანდაყოლილი ბრტყელტერფიანობა, ჩარევა: კოჭ-წვივის ან ტერფის სახსრების დამაგრება შიდა ფიქსაციით, ტერფის თაღის სახსარი, სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, დიაგნოზია ქუსლის ძვლის არასწორად შეხორცებული მოტეხილობა. პაციენტ ი. მ-ის შემთხვევაში დიაგნოზია მოტეხილი ძვლების შეუხორცებლობა M84.1, ორთოპედიული მკურნალობის შემდგომი მოვლა, დაუზუსტებელი - Z47.9 ჩარევები: მუხლიდან ან წვივიდან სხვა იმპლანტის ამოღება(NGSU 99), წვივის მოტეხილობის რეფიქსია (NGSJ 91) და მუხლში ან წვივში ძვლოვანი ქსოვილის აუტოპლასტიკა/ავტოგადანერგვა (NGSN 09). სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულია: NGSN 09, NGSJ 91, NGSUN 09. სააპელაციო სასამართლოს მითითებით ზემოაღნიშნული გარემოების გამაქარწყლებელი მტკიცებულებები მოპასუხემ ვერ წარმოადგინა, ასევე არ მიუთითებია განსხვავებულ გარემოებებზე. შესაბამისად არ არსებობდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით შპს ,,...ისათვის“ გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტების მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის და დასაბუთების არარსებობის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზეა სზაკ-ის 601.1 მუხლით განსაზღვრული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი და მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო პროგრამული შემთხვევების ანაზღაურების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2019წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორმა აღნიშნა, რომ პაციენტ მ. გ-ის ჯანმრთელობის ცნობაში (N IV-100/ა) მითითებულია მარჯვენამხრივი ტერფმრუდობა, ქუსლის ძვლის არასწორად შეხორცებული მოტეხილობა Q66.5, ხოლო ელექტრონულ შეტყობინებაში მითითებულია თანდაყოლილი ბრტყელტერფიანობა Q66.5. კასატორის განმარტებით, სამედიცინო კლასიფიკატორების მიხედვით Q66.5 ნამდვილად არის თანდაყოლილი ბრტყელტერფიანობა და არა მარჯვენამხრივი ტერფმრუდობა, რაც სრულიად სხვა კოდია (M21.5 შეძენილი ბრჭყალისებრი მტევანი, ხელმრუდობა, ღრუიანი (მაღალი თაღით) ტერფი და ტერფმრუდობა), ასევე განსხვავებულია ქუსლის ძვლის არასწორად შეხორცებული მოტეხილობის კოდი (მიახლოებული კოდი 392.0 ქუსლის მოტეხილობა). ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება, როგორც მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით, ანუ მიმწოდებელი თავისი შეხედულებისამებრ ვერ დაარქმევს რაიმე დიაგნოზს თავის კოდს ან პირიქით. კასატორის განმარტებით გადაწყვეტილება პაციენტის - მ. გ-ის ნაწილში მოკლებულია იურიდიულ საფუძველს და ექვემდებარება გაუქმებას.

კასატორის მითითებით ანალოგიურია მეორე პაციენტის ი. მ-ის შემთხვევაც, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (N IV-100/ა) მითითებულია, რომ პაციენტის დიაგნოზია მარცხენა დიდი წვივის ოსტეოსინთეზის შემდგომი ხანა, შეუხორცებელი მოტეხილობა M84.1, ხოლო შემთხვევათა ელექტრონულ მოდულში გადმოცემულია: მოტეხილი ძვლების შეუხორცებლობა ფსევდოართროზი. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას შესაძლოა შეესაბამებოდეს M96.0 ფსევდოართროზი ოსტეოსინთეზის ან ართროდეზის შემდეგ ანდაც S82 წვივის ძვლების მოტეხილობა, კოჭ წვივის სახსრის ჩათვლით (თავისი ფართო შინაარსით). კასატორის განმარტებით, შეუსაბამობაა ასევე გაცემულ ვაუჩერსა და ჩატარებულ პროცედურებს შორის. შესაბამისად, გადაწყვეტილება პაციენტის - ი. მ-ის ნაწილშიც მოკლებულია იურიდიულ საფუძველს და ექვემდებარება გაუქმებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელე დაწესებულებამ მომსახურება გაუწია ორ პაციენტს: მ. გ-ის და ი. მ-ის. აღნიშნულ შემთხვევებს ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურდებას“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას, თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიგანოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს. სადავო აქტში მითითებულია, რომ მ. გ-ის შემთხვევაში გაცემულ მატერიალიზებულ ვაუჩერში (მიმართვა) დაფიქსირებულია დიაგნოზი Q66.5 (თანდაყოლილი ბრტყელტერფიანობა (pes planus), ჩარევა კოჭ-წვივის ან ტერფის სახსრის დამაგრება შიდა ფიქსაციით, ტერფის თაღის სახსარი (NHSG40), ხოლო სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით მითითებულია დიაგნოზი ქუსლის ძვლის არასწორად შეხორცებული მოტეხილობა, რაც არ შეესაბამება შეტყობინების სისტემაში გადმოცემულ ინფორმაციას, რის გამოც შემთხვევა არ დაექვემდებარა ანაზღაურებას. რაც შეეხება ი. მ-იის შემთხვევას, სადავო აქტის მიხედვით, გაცემულ მატერიალიზებულ ვაუჩერში დაფიქსირებულია დიაგნოზები: მოტეხილი ძვლების შეუხორცებლობა (ფსევდოპართროზი) (M84.1), ორთოპედიული მკურნალობის შემდგომი მოვლა, დაუზუსტებელი (Z47.9) და ჩარევები: მუხლიდან ან წვივიდან სხვა იმპალტის ამოღება (NGSU99), წვივის მოტეხილობის რეფიქსაცია (NGSJ91) და მუხლში ან წვივში ძვლოვანი ქსოვილის აუტოპლასტიკა/აუტოგადანერგვა (NGSN09). საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარებოდა NGSN09 და NGSJ91.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მ. გ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (ფორმა NIV-100/ა) დიაგნოზად მითითებულია ICD10 კოდი - Q66.5, იგივე ICD10 კოდი გადაცემულია კლინიკის მიერ შეტყობინების სისტემის მეშვეობით, იმ განსხვავებით, რომ შეტყობინების სისტემაში კოდის დასახელებაში მითითებულია თანდაყოლილი ბრტყელტერფიანობა, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში კოდის დასახელებად ფიქსირდება ქუსლის ძვლის არასწორად შეხორცებული მოტეხილობა. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი, ICD10 კოდი - Q66.5, იდენტურია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მითითებული დიაგნოზის, განსხვავდება მხოლოდ მათი სიტყვითი დასახელება, რაც არაარსებითია და არ წარმოადგენს ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მ. გ-ის დანარჩენ სამედიცინო დოკუმენტაციაში, კერძოდ სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათში, წინასაოპერაციო ეპიკრიზში, ოპერაციის პროტოკოლში და პაციენტის გასინჯვის ფურცელში დიაგნოზად ბრტყელტერფიანობაა მითითებული.

რაც შეეხება ი. მ-იის შემთხვევას, მოცემულ შემთხვევაშიც სადავო აქტში ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუქტი, რომლის თანახმად შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას, თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ სამედიცინო დოკუმენტაციაზე, რომლის თანახმად, ი. მ-იის დიაგნოზად მითითებულია M84.1 შეუხორცებელი მოტეხილობა, ხოლო კლინიკის მიერ განხორციელდა შემდეგი სახის ოპერაციული მკურნალობა: მეტალოკონსტრუქციის ამოღება, მოტეხილობის რეფიქსაცია და აუტოპლასტიკა, რაც სრულად შეესაბამება შეტყობინების სისტემაში გადაცემულ ინფორმაციას. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სააგენტოს მხირდან ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუქტის მითითება. უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია ასევე საკასაციო საჩივარში კასატორის მითითება ელექტრონულად დაფიქსირებულ და სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულ დიაგნოზების სხვადასხვაობაზე, ვინაიდან სადავო აქტის მიხედვით სააგენტო ი. მ-იის შემთხვევაში გადაცემულ დიაგნოზსა და ICD10 კოდებს სადავოდ არ ხდის, იგი არ ანაზღაურებს კლინიკის მიერ განხორციელებული ჩარევებიდან ერთ-ერთს, კერძოდ მუხლიდან ან წვივიდან შიდა ფიქსაციის საშუალების ამოღებას, თუმცა სადავო აქტი არ შეიცავს ანაზღაურებაზე უარის თქმის რაიმე სახის დასაბუთებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება კლინიკის მიერ აღნიშნული ჩარევის განხორციელება.

საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეამოწმა საკასაციო საჩივრის ფარგლებში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზია უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2019წ. გადაწყვეტილება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.12.2020წ. N10198 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი