ბს-245(კ-21) 01 ივნისი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა თ. ხ-იის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.2020წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ხ-იმა 17.09.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის 04.07.2018წ. და 15.08.2018წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე გარდაბნის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) თ. ხ-იის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოპასუხისთვის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.09.2018წ. განჩინებით თ. ხ-იის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას, ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაება ნ. ბ-ი, ც. ო-ი და ნ. ო-ი და ასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე - გ. ხ-იი, დ. ხ-იი და ნ. ხ-იი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.06.2019წ. გადაწყვეტილებით, თ. ხ-იის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ. ხ-იის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.2019წ. განჩინებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 04.06.2019წ. გადაწყვეტილებაზე დ. ხ-იის გარდაცვალების გამო საქმის წარმოება შეჩერდა გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. ამავე პალატის 25.06.2020წ. განჩინებით ადმინისტრაციული საქმის წარმოება განახლდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.07.2020წ. განჩინებით, მესამე პირის დ. ხ-იის უფლებამონაცვლედ მიჩნეული იქნა ნ. ნ-ე და ჩაება საქმის წარმოებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.2020წ. განჩინებით, თ. ხ-იის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 10.08.2005წ. ლ. ო-ისა და თ. ხ-ის შორის გაფორმდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით სარჩენმა ლ. ო-იმა გადასცა მარჩენალ თ. ხ-ის ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონება, ხოლო მარჩენალმა თ. ხ-იმა აიღო ვალდებულება სარჩენისათვის სარჩოს გადახდის თაობაზე მთელი სიცოცხლის მანძილზე ნატურალური სახით: ბინით, კვებით, მოვლით და სხვ., ამასთანავე, ლ. ო-ისა და თ. ხ-ის შორის გაფორმებული სამისდღემშიო ხელშეკრულება ან შესაბამისი ვალდებულება არ ყოფილა რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას. იმ პერიოდში, როდესაც სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა თ. ხ-იმა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სამისდღემშიო ხელშეკრულების საგნის, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეს აღარ წარმოადგენდა ლ. ო-ი, შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მართებულად გამოიყენა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის „ბ“ პუნქტი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მითითება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სასამართლოს ...ის პოლიციის განყოფილების წერილზე, რომლის მიხედვით ...ის პოლიციის განყოფილებაში ...წ. დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე თ. ხ-იის მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ვერ გახდება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის (მოსარჩელის) მიერ ვერც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს ვერ იქნა წარდგენილი იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ. ხ-იის, გ. ხ-იის, ნ. ნ-ეის და ნ. ხ-იის მიერ.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დარღვეულია სზაკ-ის მოთხოვნები. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეული იყო მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად არ იქნა დადგენილი, რაც იძლეოდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს. პირველ ინსტანციის სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ მესამე პირი დ. ხ-იი იყო გარდაცვლილი და საქმის წარმოება უნდა შეჩერებულიყო, ასევე, უსაფუძვლოა ნ. ხ-იის, გ. ხ-იის და დ. ხ-იის ასკ-ის 16.1 მუხლის და არა ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე ჩაბმა. ნ. ხ-ის, გ. ხ-ის და დ. ხ-იის უფლებამონაცვლეს არ მიეცათ სასამართლო პროცესზე პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა, ასევე არ ჩაბარებიათ სარჩელი.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეებად ნ. ბ-ის, ნ. ო-ის და ც. ო-ის რეგისტრაცია არის სადავო, რაზეც თ. ხ-იმა გამოძიების დაწყების შესახებ განცხადებით მიმართა პროკურატურას. სააპელაციო სასამართლოსათვის ცნობილი იყო იმ გარემოების შესახებ, რომ შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს ...ის განყოფილებაში უძრავ ქონებასთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, რასაც სწორი სამართლებრივი შეფასება არ მიეცა. მესამე პირების ნ. ბ-ის, ნ. ო-ის და ც. ო-ის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია 28.06.1968წ. სასამართლოს გადაწყვეტილება და 28.11.1966წ. სააღსრულებო ფურცელი, რომლებიც მარეგისტრირებელი ორგანოსათვის წარდგენის დროისათვის ხანდაზმული იყო, შესაბამისად, საჯარო რეესტრს არ უნდა მოეხდინა მათი საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
კასატორებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.12.2020წ. განჩინების გაუქმებით მოითხოვეს ახალი გადაწყვეტილების მიღება თ. ხ-იის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, კერძოდ, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 04.07.2018წ. გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 15.08.2018წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე თ. ხ-იის საკუთრების უფლების რეგისტრაციის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის დავალდებულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.04.2021წ. განჩინებით თ. ხ-იის, გ. ხ-იის, ნ. ხ-იის და ნ. ნ-ეის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.12.2020წ. განჩინებაზე დატოვებული იქნა განუხილველად გ. ხ-იის, ნ. ხ-იის და ნ. ნ-ეის ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ხ-იის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეში დაცული მასალებით 10.08.2005წ. ლ. ო-ისა და თ. ხ-ის შორის დაიდო სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლითაც ლ. ო-იმა (სარჩენმა) თ. ხ-ის (მარჩენალს) გადასცა თავისი კუთვნილი გარდაბნის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე 0,10 ჰა მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლი (საკადასტრო კოდი ...), ხოლო მარჩენალმა მიიღო ეს ქონება საკუთრებაში. ამავე ხელშეკრულებით მარჩენლმა აიღო ვალდებულება სარჩენს გადაუხადოს სარჩო მთელი სიცოცხლის მანძილზე ნატურალური სახით: ბინით, კვებით, მოვლით და სხვ.. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამ პერიოდში მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 183.1 მუხლის რედაქცია ითვალისწინებდა, რომ უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელი იყო სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. აღნიშნული ნორმის დღეს მოქმედი რედაქცია უძრავი ნივთის შესაძენად მოითხოვს გარიგების წერილობითი ფორმით დადებას და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, ამასთან, ამავე კოდექსის 942-ე მუხლის მიხედვით, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით, უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. განსახილველ შემთხვევაში მართალია, ლ. ო-ისა და თ. ხ-ის შორის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება დაიდო წერილობით და დამოწმდა სანოტარო წესით, თუმცა არ დგინდება აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტი. 10.08.2005წ. სანოტარო აქტში მითითებულია, რომ მარჩენალი საკუთრების უფლებას იძენს საჯარო რეესტრში ხელშეკრულების რეგისტრაციით, რისთვისაც აუცილებელია საჯარო რეესტრს წარედგინოს წინამდებარე ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი და საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. თ. ხ-იმა საჯარო რეესტრს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა 29.06.2018წ. და რეგისტრაციის მიზნით წარადგინა 10.08.2005წ. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. 04.07.2018წ. საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლების საგანზე რეგისტრირებულია სხვა უფლება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნულ უძრავ ნივთზე წარდგენილი უფლების რეგისტრაციას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულია სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძვლები. აღნიშნულის მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების რეგისტრაციას. დადგენილია, რომ თ. ხ-იის მიერ საჯარო რეესტრში განცხადების წარდგენის დროისათვის ლ. ო-ი სამისდღემშიო ხელშეკრულების საგნის (გარდაბნის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის) მესაკუთრეს არ წარმოადგენდა. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სახეზე იყო „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძველი.
კასატორი კასაციის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს სადავო უძრავ ნივთთან მიმართებით სისხლის სამართლზე საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოება გამოძიების დაწყების თაობაზე არ ადასტურებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონობას (გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე). დადგენილია, რომ გარდაბნის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით ..., თ. ხ-იის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის, არ წარმოადგენდა ამ უძრავი ნივთის განმკარგავი პირის (ლ. ო-ის) საკუთრებას, შესაბამისად, აღნიშნული გარემოება კანონით გათვალისწინებულ სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს წარმოშობდა. რაც შეეხება მესამე პირების სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მართლზომიერებას, აღნიშნული არ შეადგენს საკასაციო მოთხოვნას, ასევე აღნიშნული არც სააპელაციო მოთხოვნას წარმოადგენდა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება 25.09.2007წ. ც. ო-ის, ნ. ო-ის და ნ. ბ-ის სახელზე თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული 28.06.1968წ. სასამართლოს გადაწყვეტილებისა და 28.11.1966წ. სააღსრულებო ფურცლის ხანდაზმულობის საკითხის შეფასება. გარდა ამისა, საქმეში დაცული რუსთავის საქალაქო სასამართლოს 14.12.2012წ. გადაწყვეტილებაზე ამავე სასამართლოს მიერ 19.08.2014წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, ც. ო-ის და ნ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ, კერძოდ, სამკვიდრო ქონების 5/6-ის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს დ. ბ-ის მიერ 10.08.2011წ. ნ. მ-ეის (მოსარჩელის დედა) სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა 17.12.2010წ. გარდაცვლილი ლ. ო-ის დანაშთ ქონებასთან დაკავშირებით, ც. ო-ი და ნ. ო-ი ცნობილი იქნენ 17.12.2010წ. გარდაცვლილი ლ. ო-ის სამკვიდრო ქონების 5/6 ნაწილის მესაკუთრეებად, გარდაბნის რაიონის, სოფ. ...ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი ...) ლ. ო-ის წილის (რომელიც ამჟამად აღრიცხულია ნ. მ-ეის სახელზე) 5/6 ნაწილის მესაკუთრეებად ცნობილი იქნენ ც. ო-ი და ნ. ო-ი, ხოლო 1/6 ნაწილი დარჩა ნ. მ-ეის საკუთრებაში. ამდენად, ც. ო-ის, ნ. ო-ის და ნ. ბ-ის საკუთრების უფლების აღრიცხვის საფუძვლად მითითებულია არა მხოლოდ 28.06.1968წ. სასამართლოს გადაწყვეტილება და 28.11.1966წ. სააღსრულებო ფურცელი, არამედ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 19.08.2014წ. ამავე სასამართლოს 14.12.2012წ. გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი. საქმეში წარმოდგენილი არ არის აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ან საქმის წარმოების განახლების დამადასტურებელი მტკიცებულებები. სასკ-ის 1.2 მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი. სსკ-ის 404.1 მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. მითითებული ნორმიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმა, რის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
საფუძველსაა მოკლებული საკასაციო საჩივარში მითითება იმაზე, რომ ასკ-ის 16.1 მუხლით ჩაბმულ მესამე პირებს არ მიეცათ საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების შესაძლებლობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცულია 26.12.2014წ. ნ. ხ-იის, დ. ხ-იის, თ. ხ-იის და გ. ხ-იის მიერ მ. ა-ეზე გაცემული რწმუნებულება (ტ. 1, ს.ფ. 87-88), აღნიშნული რწმუნებულებით აღნიშნულმა პირებმა მ. ა-ეს მიანიჭეს სასამართლოში განცხადების/სარჩელის შეტანის, მტკიცებულებების წარდგენის, საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე თავისი დასკვნებისა და მოსაზრებების გამოთქმის უფლებამოსილება და სსკ-ის 83-ე მუხლით გათვალისწინებული სხვ. უფლებები, ამასთანავე, მ. ა-ე, როგორც მესამე პირების წარმომადგენელი, მონაწილეობას იღებდა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ეგზავნებოდა და იბარებდა სასამართლო გზავნილებს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 197-201, 211-212, 231, 241-245, 259-260, 285-287, 292, 295-296, 310-311). საქმის მასალებით პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ჩაბარდა ნ. ხ-ის (ტ. 2. ს.ფ. 104), გ. ხ-იის მეუღლეს ლ. ხ-ის (ტ. 2, ს.ფ. 123) და დ. ხ-იის მეუღლეს ნ. ნ-ეს (ტ. 2, ს.ფ. 125). დადგენილია, რომ აღნიშნულ მესამე პირებს სააპელაციო წესით პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ, ასევე საქმეში არ არის დაცული წერილობითი მტკიცებულება/განცხადება იმის შესახებ, რომ გ. ხ-იმა, დ. ხ-იმა (მისმა უფლებამონაცვლემ) და ნ. ხ-იმა, ასკ-ის 16.1 მუხლით მესამე პირებად ჩაბმის თაობაზე საქალაქო სასამართლოს განჩინების მიღების შემდგომ, ასკ-ის 16.2 მუხლით ჩაბმა მოითხოვეს, ამასთან, ვერც კასაციის ეტაპზე მიუთითეს სარწმუნო დასაბუთებაზე იმის შესახებ, განსახილველ საქმეზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ზეგავლენა მოახდინა მათ უფლებებსა და ინტერესებზე.
რაც შეეხება საქმის წარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით მითითებულ პრეტენზიას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თ. ხ-იის გარდაცვალების თაობაზე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი ერთვის დ. ხ-იის სააპელაციო საჩივარს, შესაბამისად, აპელაციის ეტაპზე საქმის წარმოება შეჩერდა, ხოლო წარმოება განახლდა დ. ხ-იის სამკვიდრო ქონებაზე მისი მეუღლის ნ. ნ-ეის მემკვიდრედ ცნობის თაობაზე სასამართლოში სამკვიდრო მოწმობის წარდგენის შემდგომ. ამდენად, საქმეში მონაწილე პირის გარდაცვალების შემთხვევაში საქმის წარმოების შეჩერების პროცესუალური წესების დარღვევის თაობაზე პრეტენზია უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. ხ-იის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ხ-იის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.2020წ. განჩინება;
3. მ. ა-ეს (პირადი №...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.07.2021წ. N11305341195 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი