Facebook Twitter

ბს-620(კ-21) 01 ივნისი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ე. ჯ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2019წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ჯ-ემ 29.06.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 30.04.2018წ. №597 განკარგულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.12.2018წ. გადაწყვეტილებით, ე. ჯ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ე. ჯ-ეის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2019წ. განჩინებით, ე. ჯ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი და აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ განეკუთვნება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთების კატეგორიას. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 13.12.2017წ. ͏წერილით ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე 486 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეულია სარეკრიაციო (რზ-2) ზონაში, მასზე გათვალისწინებულია სპეციალური შეზღუდვა და კვეთს ... საკადასტრო ერთეულს. აღნიშნული გარემოება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ კანონის 3.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამორიცხავს მოცემულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად ვერ იქნება მიჩნეული მეზობელთა ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილები, რომლითაც ისინი ადასტურებენ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ე. ჯ-ეის მიერ ფლობის ფაქტს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ე. ჯ-ეის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე სარეკრეაციო ზონის გავრცელებამდე, 2001 წლიდან ე. ჯ-ე ფაქტობრივად ფლობდა და სარგებლობდა ასაღიარებელი ნაკვეთით და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით. ამდენად, მოსარჩელემ კანონის თანახმად მოიპოვა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების უფლება. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ნაკვეთზე არასწორად გავრცელდა სარეკრეაციო ზონა და სპეციალური შეზღუდვა, ამასთან, სადავო 486 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 2021 წელს გაიყიდა აუქციონზე სრულიად უკანონოდ. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითეს სარეკრეაციო ზონის არსებობაზე, თუმცა მიუხედავად აღნიშნული ზონის არსებობისა, გაუგებარია აუქციონზე გასხვისებისა და ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების სამართლებრივი საფუძვლები. აღსანიშნავია, რომ სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად მითითებული არ არის სარეკრეაციო ზონისა და სპეციალური შეზღუდვის ფაქტზე. ამდენად, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა გადაწყვეტილება დააფუძნეს ისეთ გარემოებას, რაც სადავო აქტის მიღების საფუძველი არ გამხდარა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 13.12.2017წ. წერილში არ არის მითითებული სადავო მიწის ნაკვეთზე სარეკრეაციო ზონის და სპეციალური შეზღუდვის გავრცელების საფუძველი, ასევე სასამართლოს არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ჯერ კიდევ სარეკრეაციო ზონის გავრცელებამდე ე. ჯ-ე მიწის ნაკვეთს და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობას ფლობდა. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დასტურდება, შესაბამისად, დგინდება საკუთრების უფლების ასაღიარებლად კანონით დადგენილი პირობების არსებობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ჯ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს ორი ტიპის - მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთებს. საქმეში დაცული მასალებით ე. ჯ-ემ 17.11.2017წ. განცხადებით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. თბილისში, ა. ...ის ქ. №...-ში მდებარე მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ 486 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. ზემოხსენებული კანონის 3.2 მუხლით განსაზღვრულია საკუთრების უფლების აღიარების საგამონაკლისო შემთხვევები, კერძოდ, მითითებული მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება. საქმის მასალებში დაცულ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 13.12.2017წ. წერილის თანახმად ქ. თბილისში, ა. ...ის ქ. ͏№...-ში მდებარე 486 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც მოსარჩელემ მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეულია სარეკრეაციო (რზ-2) ზონაში, მასზე გათვალისწინებულია მტკვრის სპეციალური შეზღუდვა და კვეთს ... საკადასტრო ერთეულს. სარეკრეაციო ზონა (რზ) მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ან/და გასართობ-დასასვენებელ ტერიტორიებს, სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2) არის სარეკრეაციო ქვეზონა, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ტერიტორიებს: პარკს, ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24.05.2016წ. №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ 15.2 მუხ. „გ“ ქვ.პ., 15.5 მუხ. „დ“ ქვ.პ.). საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 51.2 მუხლზე, რომლის მიხედვით თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის მეზობელთა ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილები ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ე. ჯ-ეის მიერ ფლობის ფაქტის დადგენის თაობაზე, ვინაიდან მიწის ნაკვეთის სტატუსი გამორიცხავს ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. რაც შეეხება კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ არქიტექტურის სამსახურის 13.12.2017წ. წერილში არ არის მითითებული სარეკრეაციო ზონისა და შეზღუდვის გავრცელების საფუძვლები, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანს არ შეადგენს სადავო მიწის ნაკვეთზე სარეკრეაციო ზონის ან/და შეზღუდვის გავრცელების მართლზომიერების შეფასება, ასევე მოცემული დავის ფარგლებს სცდება სადავო მიწის ნაკვეთზე სარეკრეაციო ზონის გავრცელების მიუხედავად ჩატარებული აუქციონისა და გასხვისების კანონშესაბამისობა, ამდენად, კასატორის აღნიშნული არგუმენტები განსახილველ საკითხთან არარელევანტურია. ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალწარმოება აგებულია ინკვიზიციურ საწყისებზე, შესაბამისად, ის გარემოება, რომ უარის თქმის საფუძვლად გასაჩივრებულ აქტში სარეკრეაციო ზონის არსებობა არ არის მითითებული, არ გამორიცხავდა სასამართლოს მიერ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენასა და შეფასებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ე. ჯ-ეის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ჯ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2019წ. განჩინება;

3. ე. ჯ-ეს (პირადი №...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.10.2021წ. N11768464218 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი