Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-186(კ-22) 6 აპრილი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. დ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია; მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 26 თებერვალს, გ. დ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის შესახებ კომისიის 2018 წლის 15 თებერვლის N79 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, გ. დ-ეის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით გ. დ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით გ. დ-ეის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავე სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით გ. დ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, ასევე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებაზე. სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მართალია, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მაგრამ ფლობს და სარგებლობს მიწის ნაკვეთით, უკანონოდ არის დაუფლებული მიწას და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ ბატონობას კანონით, განსაზღვრული პერიოდიდან. საქმეზე წარმოდგენილი არ არის შესაბამისი მტკიცებულებები.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „თვითნებურად დაკავებული მიწის“ განმარტებაზე, კანონში განხორციელებული 2019 წლის 11 დეკემბრის N5501 ცვლილების შემდეგ (ამოქმედდა 2020 წლის პირველი იანვრიდან). სააპელაციო პალატის განმარტებით, ნორმის როგორც ძველი, ისე ახალი რედაქცია, უპირობოდ ადგენს, რომ მის კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაზე გასავრცელებლად, სავალდებულოა, საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს სახელმწიფოს საკუთრებას (არ იყოს განკარგული) და საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდეს მისი თვითნებურად ფლობის ფაქტი 2007 წლის 11 ივლისის N5274–რს კანონის ამოქმედებამდე. ამავე ნორმით არის დადგენილი სხვა მოთხოვნები (ალტერნატიულად), რომლებსაც ნორმითვე განსაზღვრული სუბიექტები, როგორც დაინტერებული პირები უნდა აკმაყოფილებდნენ, იმისათვის, რომ მოხდეს ამ კანონის საფუძველზე მათი საკუთრების უფლების აღიარება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს გ. დ-ეის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, შესაბამისად, ამ პრინციპით მისი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება. გარდა აღნიშნულისა, სასამართლოს განმარტებით, ცალსახად დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ვერ აკმაყოფილებს კანონის მეორე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. საქმეში არსებული 2018 წლის 8 თებერვლის მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ გ. დ-ეის მიერ წარდგენილი აზომვითი/აგეგმვითი ნახაზის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებმა ადგილზე გასვლით დაათვალიერეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში, ...ის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. შედეგად, დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთი გამოიყენება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, წარმოადგენს ქვა-ღორღის გადამუშავების საწარმოს, მასზე განთავსებულია არამყარი, დროებითი, დამხმარე ნაგებობები. იგივე ფაქტობრივი მდგომარეობა დაფიქსირდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 4 ოქტომბრის ადგილის დათვალიერების შესახებ აქტშიც (მიწის ნაკვეთზე განთავსებულია სამეწარმეო ობიექტი). აქტში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია საქმეში არსებული ფოტომასალითაც. კომისიის წარმომადგენლის განმარტებით, მიწის ნაკვეთზე სულ სამი ნაგებობაა განთავსებული, რომელთაგან ორი წარმოადგენს ვაგონის ტიპის კონტეინერს, ხოლო მესამე ნაგებობა არის მიწაზე განლაგებული, ასაწყობი კოსტრუქციით ანაკრები ნაგებობა. სამივე ნაგებობა კარგად ჩანს საქმეზე წარმოდგენილ ფოტოსურათებზე. სააპელაციო სასამართლოს დავალების მიუხედავად, გ. დ-ემ ვერ წარმოადგინა სადავო მისამართზე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის, ელექტროენერგიის, გაზის, წყლის აბონენტად აყვანის დოკუმენტები.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გ. დ-ეის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი 2020 წლის 27 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის N...-ში (ს/კ ...) განთავსებული შენობების ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. N... და N... შენობების მიწისქვეშა ნაწილებზე ადრე განთავსებული იყო ერთსართულიანი საოფისე და დამხმარე შენობები, რომლებიც დაინგრა და დღეის მდგომარეობით, ბეტონის ლენტურ საძირკველზე მოწყობილია ახალი შენობები, ლითონ-პლასტმასისა და ლითონის ელემენტებისაგან შესრულებული კონსტრუქციული სქემით. N... შენობა დღესაც შენარჩუნებულია პირვანდელი ფორმით.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სადავო მიწის ნაკვეთზე ნაგებობების მყარად განლაგების დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლოს მოსაზრებით, საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის, მხარეთა ახსნა-განმარტებებით და ფოტომასალით ნათლად დასტურდება, რომ ე.წ. ,,ნაგებობა“ წარმოადგენს ვაგონის ტიპის კონტეინერს, ხოლო მესამე ნაგებობა არის მიწაზე განლაგებული ასაწყობი კოსტრუქცია. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ასევე მესამე პირის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტება, რომ 2019 წლის 23 აგვისტოს გ. დ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ხელვაჩაურში მდებარე N... არასასოფლი-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით საკუთრების უფლების მოპოვება, იმ დასაბუთებით, რომ მას გააჩნია ღორღის მოპოვების ლიცენზია, აღნიშნული ტერიტორიის შეძენის შემთხვევაში, სურვილი აქვს ამუშაოს ქვის სამტვრევი დანადგარი და ბეტონის ქარხანა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-ემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, იგი 2002 წლიდან ფლობს და სარგებლობს ბათუმში, ...ის დასახლებაში მდებარე უძრავ ქონებას, სადაც აშენებული აქვს რამდენიმე შენობა-ნაგებობა. გარდა აღნიშნულისა, ტერიტორიაზე გაშენებული აქვს მრავალწლიანი ნარგავები, მიწის ნაკვეთი შემოღობილი აქვს რკინის კონსტრუქციით. საქმის განხილვის დროს მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ გ. დ-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების, მისი ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. სადავო გარემოებას წარმოადგენდა მიწის ნაკეთზე აშენებული შენობა-ნაგებობების შესაბამისობა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „გ“ პუნქტის დანაწესთან. სასამართლოს უნდა გამოეკვლია, გ. დ-ეის მიერ აშენებულ ნაგებობათაგან, წარმოადგენდა თუ არა რომელიმე „შენობას". სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102 მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნა, იხელმძღვანელა მოპასუხის ზეპირი განმარტებით და დაასკვნა, რომ გ. დ-ეის მიერ აშენებული შენობა წარმოადგენს დროებით ნაგებობას. სასამართლომ ასევე დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, უპირატესობა მიანიჭა მოპასუხის ზეპირ განმარტებას და დაასკვნა, რომ შენობა-ნაგებობის ძირის ,,ბეტონის დასხმა" გაკეთებულია 2016 წლის შემდგომ. მოპასუხე მხარის ზეპირი განმარტების გარდა, საქმეში აღნიშნულის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება არ მოიპოვება.

სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა - ნაგებობ(ებ)ი, ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად, წარმოადგენდა „დროებით ნაგებობას" თუ „შენობას". საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო და გადაწყვეტილებაში აისახა აპელანტის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის 27 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნა, მასში აღწერილია მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, მათ შორის, მითითებულია, რომ სამივე შენობა-ნაგებობას გააჩნია მონოლითური ბეტონის ლენტური საძირკველი. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული დასკვნა, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი შენობა-ნაგებობების მდგომარეობა და დასტურდებოდა, რომ ნაგებობები წარმოადგენდა „შენობას“. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხე მხარის ზეპირი განმარტება მიიჩნია უფრო სარწმუნო მტკიცებულებად, ვიდრე ექსპერტიზის დასკვნა. ნაგებობების ვიზუალური მსგავსება ვაგონებთან არ წარმოადგენს მათი დროებით ნაგებობებად მიჩნევის საფუძველს. ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ შენობას გააჩნია საძირკველი და მიწასთან მყარად არის დაკავშირებული, შესაბამისად მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე საფუძვლიანია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის პირველი მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. დ-ეის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონზე, რომლის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

მითითებული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მეორე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწად მიიჩნეოდა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებაში იგულისხმება ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.

ამავე კანონის მე-51 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“, რომელიც ადგენს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს. აღნიშნული „წესის“ მეორე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნეოდა ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 13 ოქტომბრის N7163 განკარგულებით გ. დ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „წესით“ განსაზღვრულ პირობებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 13 ოქტომბრის N163 განკარგულება და კომისიას დაევალა, სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი აქტის გამოცემა, გ. დ-ეის განცხადებაზე, საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული კომისიის 2018 წლის 15 თებერვლის N79 განკარგულებით გ. დ-ეს კვლავ უარი ეთქვა ბათუმში, ...ში მდებარე 6033,0 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ლითონის დროებითი კონსტრუქციები ვერ იქნება მიჩნეული შენობა-ნაგებობებად, რომლებიც დააკმაყოფილებდნენ კანონით განსაზღვრულ საკუთრების უფლების აღიარების პირობებს. ამასთანავე, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს გ. დ-ეის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეს და გ. დ-ე ვერ ჩაითვლება უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებლად.

დადგენილია, რომ 2018 წლის 15 თებერვლის N79 განკარგულების გამოცემამდე, 2018 წლის 8 თებერვალს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებმა ადგილზე გასვლით დაათვალიერეს ბათუმის მუნიციპალიტეტში, ...ის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. შედეგად, დადგინდა, რომ ნაკვეთი გამოიყენება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, წარმოადგენს ქვა-ღორღის გადამუშავების საწარმოს, მასზე განთავსებულია არამყარი, დროებითი დამხმარე ნაგებობები (იგივე ფაქტობრივი მდგომარეობაა დაფიქსირებული საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 4 ოქტომბრის ადგილის დათვალიერების შესახებ აქტშიც).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით, დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა წარადგინოს უტყუარი მტკიცებულებები, თავის მხრივ, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა წარმოშობს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო მიწის ნაკვეთის ფლობა და სარგებლობა. მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს გ. დ-ეის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. ამასთანავე, საკასაციო სასამართლის მოსაზრებით, არ დასტურდება, რომ მოსარჩელის ინტერესში შემავალ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ისეთი სახის შენობა-ნაგებობები, რომელთა არსებობაც საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობას ქმნის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მეორე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის „ვ“ პუნქტის თანახმად, „შენობა“ განმარტებული იყო, როგორც სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით (მათ შორის - 2018 წლის 8 თებერვალს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრების მიერ შედგენილი მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების აქტით და ფოტოსურათებით) დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები არ აკმაყოფილებს კანონის მეორე მუხლის „ვ“ პუნქტის მოთხოვნებს. სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული სამი ნაგებობიდან, ორი წარმოადგენს ვაგონის ტიპის კონტეინერს, ხოლო მესამე ნაგებობა არის მიწაზე განლაგებული, ასაწყობი კოსტრუქციით ანაკრები ნაგებობა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ თავის შინაარსით, გ. დ-ეის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი 2020 წლის 27 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნა ვერ აბათილებს საქმეზე წარმოდგენილი სხვა უტყუარი მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებას, რომელიც სადავო მიწის ნაკვეთზე ნაგებობების მყარად განლაგების გამორიცხვას შეეხება. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს დავალების მიუხედავად, გ. დ-ემ ვერ წარადგინა სადავო მისამართზე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის, ელექტროენერგიის, გაზის, წყლის აბონენტად აყვანის დოკუმენტები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, გ. დ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. დ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლო

დამატებითი განჩინება

საქართველოს სახელით

Nბს-186(კ-22) 13 აპრილი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინებაზე დამატებითი განჩინების გამოტანის საკითხი.

აღწერილობითი ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით გ. დ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით გ. დ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-ეემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინებით გ. დ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინება.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ამავე კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. 31 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინებით გ. დ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, თუმცა სასამართლოს არ უმსჯელია სასამართლო ხარჯის (სახელმწიფო ბაჟის) შესახებ. გ. დ-ეის საკასაციო საჩივარზე თანდართული 2022 წლის 18 თებერვლის N15394/10874 ანგარიშზე შემოსავლის დოკუმენტით დგინდება, რომ კასატორს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 18 თებერვალს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, რაც შეადგენს 210 ლარს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კასატორს - გ. დ-ეეს (პირადი N...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2022 წლის 18 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150 (ანგარიშზე შემოსავლის დოკუმენტი N15394/10874);

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე