საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-348(კ-22) 31 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები - ტ. ბ-ი, მ. გ-ი, დ. ბ-ი, მ. ნ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 29 დეკემბერს ტ. ბ-იმა, მ. გ-იმა, დ. ბ-იმა და მ. ნ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 7 დეკემბრის N03-3062/ო, 2020 წლის 11 დეკემბრის N03-3079/ო, 2020 წლის 11 დეკემბრის N03-3080/ო, 2020 წლის 14 დეკემბრის N03-3087/ო ბრძანებების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, მოსარჩელეთათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ტ. ბ-ის, მ. გ-ის, დ. ბ-ის დამ. ნ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელეთათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ 2020 წლის 7 დეკემბრის N03-3062/ო, 2020 წლის 11 დეკემბრის N03-3079/ო, 2020 წლის 11 დეკემბრის N03-3080/ო, 2020 წლის 14 დეკემბრის N03-3087/ო ბრძანებები და დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელეების: ტ. ბ-ის, მ. გ-ის, დ. ბ-ისა და მ. ნ-ეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-6 მუხლზე, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტზე, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287 ბრძანებით დამტკიცებული „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის“ მეორე მუხლზე, რომლის თანახმად, დევნილის სტატუსის მაძიებელი პირი/განმცხადებელი მიმართავს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ორგანოს, დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. პირს, რომელიც განცხადებით მიმართავს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ორგანოს დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში დეპარტამენტში ან სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში უნდა ჩაუტარდეს გასაუბრება, დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებთან დაკავშირებით. საკითხის შესწავლის შემდგომ, დეპარტამენტი ამზადებს დასკვნას პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. დასკვნის საფუძველზე გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ დეფინიციასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ გაკეთებულ მნიშვნელოვან განმარტებაზე (საქმე ბს-1896-1849(კ-10)). სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მ. გ-ის, დ. ბ-ის და მ. ნ-ეს ჩამოერთვათ მინიჭებული დევნილის სტატუსი, ხოლო ტ. ბ-ის, რომელსაც დევნილთა საყოველთაო რეგისტრაციაში მონაწილეობის მიუღებლობის გამო, შეწყვეტილი ჰქონდა დევნილის სტატუსი, უარი ეთქვა დევნილის სტატუსის აღდგენაზე. ამრიგად, მოსარჩელე ტ. ბ-ის, დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარი ეთქვა იმ პირობებში, როდესაც მისი ოჯახის წევრები სტატუსის მფლობელები იყვნენ, ამასთანავე, მ. გ-ის, დ. ბ-ისა და მ. ნ-ეს ჩამოერთვათ ათეული წლების წინ მინიჭებული დევნილის სტატუსი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 მუხლებზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული პროცესის თავისებურებას წარმოადგენს, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის დაკისრება იმ ადმინისტრაციული ორგანოსათვის, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუმცა, აღნიშნული არ უნდა განიმარტოს, როგორც მოსარჩელის გათავისუფლება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2020 წლის პირველი ოქტომბრის N306 ცნობაზე, ასევე 2021 წლის 6 აპრილის N106 ცნობაზე, 2021 წლის 13 მარტის ბინაზე გამოცხადების ოქმის შინაარსზე და 2021 წლის 16 თებერვლის ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემულ N391/08 ცნობაზე. აღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა სრულად გაართვეს დაკისრებულ მტკიცების ტვირთს თავი. მოცემულ შემთხვევაში, დასტურდება დევნილობამდე, ...-1992 წლებში მათი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი. შესაბამისად, არსებობს სადავო ბრძანებების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, ტ. ბ-ისთვის, მ. გ-ისთვის, დ. ბ-ისთვის, მ. ნ-ეისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა, არასწორად განმარტა იგი. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც გახდა მოსარჩელეებისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის საფუძველი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა გარემოება, რომ ტ. ბ-ის და მ. გ-ის არ უფიქსირდებოდათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი. დევნილის სტატუსი მინიჭებისათვის კი, არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მუდმივად ცხოვრების ფაქტს. სასამართლომ მხედველობაში მიიღო აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობები, რომელთა შინაარსიდან გამომდინარე, ტ. ბ-ი 1980 წლიდან 1993 წლამდე, ხოლო მ. გ-ი - 1988 წლიდან 1992 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ...ში. აღნიშნული გამორიცხავს ცნობის სისწორეს და ლეგიტიმურობას, მაშინ, როცა თავად მოსარჩელე გასაუბრების დროს სულ სხვა ინფორამციას აწვდის სააგენტოს და აღნიშნავს, რომ 1980 წელს მისმა მშობლებმა შეიძინეს სახლი ოჩამჩირის რაიონში, მაგრამ იქ არ უცხოვრიათ, ჩადიოდნენ სეზონურად. როგორც ტ. ბ-ი განმარატავს, 1978-1981 წლებში სწავლობდა ცაგერის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში. 1983-1985 წლებში მსახურობდა რუსეთის ფედერაციის ქ. ...ის სამხედრო სამსახურში. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, დარჩა რუსეთში და ქ. ...ში მუშაობდა მშენებლობებზე. ეს ფაქტობრივი გარემოებები უკვე ცალსახად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ცნობა არ არის გაცემული რეალურ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით. როგორც გასაუბრების მასალებით დგინდება, ტ. ბ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 1993 წლამდე არ ყოფილა ოკუპირებული ტერიტორია. 2020 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული გასაუბრების შედეგებიდან გამომდინარე, არც მ. გ-ის უდგინდება ოჩამჩრის რაიონში მუდმივად ცხოვრების ფაქტი. რაც შეეხება დ. ბ-ის (რომელსაც მშობლების სტატუსიდან გამომდინარე მიენიჭა დევნილის სტატუსი 2002 წელს, როგორც არასრულწლოვანს), რადგანაც საქმის გარემოებებით დადგინდა, რომ მისი მშობლები არ იყვნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირები და მათ ჩამოერთვათ დევნილის სტატუსი, მშობლებიდან გამომდინარე, მასაც ჩამოერთვა დევნილის სტატუსი. ამასთან, დ. ბ-ის არასრულწლოვანი შვილი - მ. ნ-ე დედასთან ერთად, ერთ სარეგისტრაციო ნომერზეა რეგისტრირებული.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილია ორი სხვადასხვა შინაარსის ცნობა. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ლენტეხის რაიონული სამმართველოდან გადმოგზავნილი 2020 წლის 28 ნოემბრის წერილით დგინდება, რომ ტ. ბ-ი და მისი მეუღლე მ. გ-ი 1993 წლამდე ცხოვრობდნენ ლენტეხის რაიონის სოფელ ...ში. იმავე ორგანოს მიერ ასევე გაცემულია ცნობა, რომლის შინაარსიც შეცვლილია. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა 2021 წლის 23 თებერვალს გაცემული ცნობა, სადაც ზემოაღნიშნული ორგანო, უკვე სხვა შინაარსის ცნობას გასცემს. სასამართლომ გაიზიარა მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ზეპირი ახსნა-განმარტებები და მხოლოდ ისინი მიიჩნია პრიორიტეტულად.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო მოსარჩელეთა რეგისტრაციის მისამართები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის დასადგენად, რაც არასწორია. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა უზენაესი სასამართლოს უკვე დადგენილი პრაქტიკა მუდმივად ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. შესაბამისად, დევნილის სტატუსის მინიჭებისას, მნიშვნელოვანია მოსარჩელის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება. სადავო შემთხვევაში, მოსარჩელეებს მინიჭებული დევნილის სტატუსი ჩამოერთვათ იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მათი ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ...ში 1993 წლამდე ცხოვრების ფაქტი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ეფუძნება მხოლოდ აფხაზეთის ავტონომირი რესპუბლიკის დევნილთა სამინისტროს მიერ გაცემულ ცნობებს, რომლითაც შესაბამისი სამსახურები მოსარჩელეებს უდასტურებდნენ 1993 წლის 27 სექტემბრამდე ოჩამჩირის რაიონში ცხოვრების ფაქტს, თუმცა, აღნიშნული ცნობების საწინააღმდეგო მტკიცებულებები, მათ შორის, თავად მოსარჩელეების მიერ გაკეთებული განმარტებები, სააპელაციო სასამართლომ რეაგირების გარეშე დატოვა. ამდენად, არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს, ხოლო მეორე პუნქტის შესაბამისად, დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო. ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს პირისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევას, ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე სტატუსის მოპოვების შემთხვევაში.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ მე-4 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ტ. ბ-ის რეგისტრაციის მისამართია ოჩამჩირე, სოფელი ძველი .... იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობებით დგინდება, რომ დ. ბ-ის, მ. გ-ის და მ. ნ-ეის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, იძულებით გადაადგილებამდე, იყო აფხაზეთი, ოჩამჩირე, სოფელი .... დროებით საცხოვრებელი ადგილია - თბილისი, ..., ... მასივი, ... კვ., კორპუსი ..., ბინა ....
2020 წლის 2 ოქტომბერს ბენდელიანმა განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით. 2020 წლის 7 ოქტომბერს ტ. ბ-ის ჩაუტარდა გასაუბრება. შევსებულ კითხვარში ტ. ბ-იმა მიუთითა, რომ ... წლის ...ს დაიბადა ლენტეხში, სოფელ ...ში. 1989 წელს იქორწინა მ. გ-იზე. მისი ოჯახი შედგება 4 წევრისაგან: მეუღლე - მ. გ-ი, დაბადებული ... წელს; შვილი - დ. ბ-ი, დაბადებული ... წელს; შვილიშვილი - მ. ნ-ე, დაბადებული ... წელს; სიძე -გ. ნ-ე, არადევნილი. ტ. ბ-ი 1970-1978 წლებში სწავლობდა ლენტეხის რაიონის სოფელ ...ის საშუალო სკოლაში. 1978 წელს დაამთავრა ცაგერის პროფესიული ტექნიკუმი. ...-1992 წლებში დასაქმებული იყო ოჩამჩირეში, ...ს კოლმეურნეობაში. იძულებით გადაადგილებამდე, ტ. ბ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი (კერძო სახლი საკუთრებაში) ჰქონდა ოჩამჩირეში, სოფელ ...ში. 1992 წლის შემოდგომიდან წავიდა ლენტეხში. 1993-2004 წლებში მისი მუდმივი საცხოვრებელი სახლი იყო ლენტეხში, მშობლების სახლში. 2004-2020 წლებში ცხოვრობს ესპანეთში. შვილებმა დაამთავრეს ლენტეხის საშუალო სკოლა.
2020 წლის 28 ოქტომბერს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მ. გ-ის ჩაუტარა გასაუბრება. შევსებულ კითხვარში მ. გ-იმა მიუთითა, რომ ... წლის ...ს დაიბადა ლენტეხში. 1988 წელს იქორწინა ტ. ბ-იზე. მისი ოჯახის წევრები იძულებით გადაადგილებამდე იყვნენ: მეუღლე - ტ. ბ-ი, შვილი - დ. ბ-ი, შვილი - დ. ბ-ი. ოჯახი შედგება 4 წევრისაგან (მეუღლე - ტ. ბ-ი, დაბადებული ... წელს; შვილი - დ. ბ-ი, დაბადებული ... წელს; შვილიშვილი - მ. ნ-ე, დაბადებული ... წელს; სიძე - გ. ნ-ე, არადევნილი. 1973-1983 წლებში სწავლობდა ლენტეხში, ...ის სკოლაში. 1986-1987 წლებში სწავლობდა თბილისში, საფინანსო ტექნიკუმში. 1987-1989 წლებში მუშაობდა ლენტეხის რაიონის საავადმყოფოში მთავარ ეკონომისტად. 1989-1992 წლებში იყო ჩაის მკრეფავი, ძველი ...ის მეურნეობაში. იძულებით გადაადგილებამდე, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ჰქონდა ოჩამჩირეში, სოფელ ...ში, მეუღლის საკუთრებაში არსებულ კერძო სახლში. 1992 წლის სექტემბერში, მეუღლემ ოჯახი ...ის ხიდით ჯერ წყალტუბოში ჩაიყვანა, ხოლო შემდგომ - ლენტეხში და ისევ დაბრუნდა აფხაზეთში. მისი მეუღლე - ტ. ბ-ი 1989-1993 წლებში მუშაობდა დარაჯად, ძველი ...ს მეურნეობაში.
იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე მომზადებული დასკვნის მიხედვით, გასაუბრების მასალებზე დაყრდნობით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ტ. ბ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ ყოფილა ოჩამჩირის რაიონი, სოფელი ძველი .... ცნობილი არ არის რაიმე ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ ტ. ბ-ი დაკავშირებული იყო აფხაზეთთან ყოველდღიურ ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით. ... წელს დაიბადა ლენტეხში. 1970-1978 წლებში სწავლობდა ლენტეხის რაიონი სოფელ ...ში. 1978-1981 წლებში სწავლობდა ქ. ცაგერში, 1983 წლიდან უმეტესად ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში. 1989 წელს დაოჯახდა ქ. ლენტეხში. 1990 და ... წლებში შვილები შეეძინა ლენტეხში. ომის შემდეგაც, 1993 წლიდან 2004 წლამდე, ცხოვრობდა ლენტეხის რაიონის სოფელ ...ში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული ტ. ბ-ისთვის დევნილის სტატუსის აღდგენა.
მ. ბ-ითან დაკავშირებით შედგენილი დასკვნის მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებული მასალებზე დაყრდნობით, დადგინდა, რომ მ. გ-ის მუდმივი საცხოვრებელი არ ყოფილა აფხაზეთი. მ. გ-ის სარეგისტრაციო ნომერზე რეგისტრირებულები არიან მისი შვილები: დ. ბ-ი (რომელსაც შეწყვეტილი აქვს დევნილის სტატუსი), დ. ბ-ი და შვილიშვილი მ. ნ-ე, რომლებსაც დევნილის სტატუსი მინიჭებული აქვთ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად. ამდენად, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, დასკვნით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მ. გ-ისთვის, დ. ბ-ისთვის და მ. ნ-ეისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა.
2020 წლის პირველი ოქტომბრის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული N306 ცნობის მიხედვით, 1980 წლიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე, ტ. ბ-ის საცხოვრებელს წარმოადგენდა ოჩამჩირის რაიონის სოფელი ძველი ....
2021 წლის 6 აპრილის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული N106 ცნობის მიხედვით, მ. გ-ი 1988 წლიდან 1992 წლის ნოემბრამდე ცხოვრობდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ...ში.
ლენტეხის რაიონის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ 2021 წლის 13 მარტს შედგენილი ბინაზე გამოცხადების ოქმის მიხედვით, გამოკითხნენ ლენტეხის რაიონის სოფელი ...ის მცხოვრები ტ. ბ-ის მეზობლები. მათი განმარტებით, ტ. ბ-ი და მისი მეუღლე მ. გ-ი 1993 წლამდე ლენტეხის რაიონის სოფელ ...ში არ ცხოვრობდნენ. როგორც მათთვის ცნობილია, ტ. ბ-ი დაოჯახების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ოჩამჩირეში, თუმცა კონკრეტულად რომელ წელს - არ ახსოვთ. სოფელ ...ში, ტ. ბ-ის მამა-პაპისეულ სახლში ცხოვრობს მისი დედა.
2021 წლის 16 თებერვლის ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული N391/08 ცნობის მიხედვით, ტ. ბ-ი და მისი მეუღლე მ. გ-ი 1993 წლამდე არ ცხოვრობდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 7 დეკემბრის N03-3062/ო ბრძანებით ტ. ბ-ის უარი ეთქვა დევნილის სტატუსის აღდგენაზე.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 11 დეკემბრის N03-3079/ო ბრძანებით მ. გ-ის ჩამოერთვა დევნილის სტატუსი.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მიერ 2020 წლის 11 დეკემბრის N03-3080/ო ბრძანებით დ. ბ-ის ჩამოერთვა დევნილის სტატუსი.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 14 დეკემბრის N03-3087/ო ბრძანებით მ. ნ-ეს ჩამოერთვა დევნილის სტატუსი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ამტკიცოს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები გასაჩივრებული აქტების კანონიერებას არ ადასტურებს. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით დგინდება, რომ სადავო ბრძანებები ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელეთა კანონიერ უფლებას, ასევე, უკანონოდ ზღუდავს მათ. მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოსარჩელეებმა სრულად გაართვეს დაკისრებულ მტკიცების ტვირთს თავი. მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს დევნილობამდე, ...-1992 წლებში მოსარჩელეთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სამართალურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინებით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენისას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამხვილდეს იმ მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს ინფორმაციაზე, რომელიც უშუალოდ წარმოადგენს სადავო საკითხზე მონიტორინგის განმახორციელებელ სუბიექტს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა და განსახილველი საქმისათვის მნიშვნელობა მიანიჭა შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემულ ცნობებს, რომლებიც ადასტურებენ საომარი მდგომარეობის დაწყებამდე, მოსარჩელეთა აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე