Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-357(კ-22) 31 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 01 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - თ. გ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 11 მარტს თ. გ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, თ. გ-იმა მოითხოვა „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის პირველი აგვისტოს N04-1441/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 იანვრის საოქმო განჩინებით, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. ამავე სასამართლოს 2020 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის პირველი აგვისტოს N04-1441/ო ბრძანება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის პირველი ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-6, მე-13, მე-14, მე-19, მე-20 მუხლებზე, ასევე სადავო პერიოდში მოქმედ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ (დანართი N1), რომლითაც განმარტებულია „დევნილი ოჯახისა“ და „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის“ ცნებები. ამასთანავე, ,,წესის“ მე-3 მუხლი ადგენს საცხოვრებელი ფართის მიღების პროცედურას: საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, რომელიც ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადაცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს, არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. „წესის“ მე-6 მუხლი ადგენს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს: გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა დღეს მოქმედ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო არ არის, რომ თ. გ-ი, როგორც დევნილი, ექვემდებარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, თუმცა სადავო აქტით მას უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვაზე „ამ ეტაპზე გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო“. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ თ. გ-ის გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, უსაფუძვლოა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელისათვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვაზე უარის თქმის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის პირველი ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 ელის 13 თებერვლის N240 განკარგულების შესაბამისად, იმ დევნილ ოჯახთა დახმარების შესაძლებლობა, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილების, რომელთაც საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი, განიხილება ბოლო ეტაპზე. ამასთან, „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობა, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას.

კასატორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, ასევე 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ ნორმებზე, რომლებიც დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურას უკავშირდება. კასატორის განმარტებით, სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ იმ მისამართებზე, სადაც მოსარჩელე მიუთითებდა საცხოვრებელი ადგილის არსებობის თაობაზე. შედეგად, დადგინდა, რომ მოსარჩელე მონიტორინგის მიმდინარეობის დროს იმყოფებოდა საზღვარგარეთ. ამდენად, საქართველოში მისი რეალური ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ვერ დადგინდა, ასეთის არარსებობის გამო. წარმოებისას დადგინდა, რომ 1992 წლიდან მოსარჩელე და მისი შვილები რეგისტრირებულნი არიან თბილისში, ...ის ... კვარტალში, მე-... „...“ კორპუსში მდებარე N... ბინაში, მეუღლესთან ერთად. აღნიშნული არის მოსარჩელისა და მისი შვილების რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი. ეს მისამართია დაფიქსირებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო მონაცემთა ბაზაშიც. მონაცემები არ შეცვლილა განქორწინების აქტში მითითებული თარიღის შემდეგაც. მონიტორინგის მიმდინარეობის დროს გამოიკვეთა, რომ მოსარჩელის მეუღლე ფაქტობრივად ცხოვრობს ზემოაღნიშნულ ბინაში, რაც დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს შეუზღუდავად მიუწვდება ხელი საცხოვრებელზე. რაც შეეხება განაცხადში დაფიქსირებულ მისამართს (თბილისი, ვარკეთილი ..., ...ი მ/რ, კორპუსი ..., ბინა ...), აღნიშნული წარმოადგენს ფიქციას და არანაირი შემხებლობა არა აქვს მოსარჩელის რეალურ საცხოვრებელთან. მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელე ამ ეტაპზე არ საჭიროებს გადაუდებელი განსახლების საჭიროებას, მეუღლის ბინაში ცხოვრების გამო და მიზანშეწონილია, მისი საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხი განხილულ იქნას მომდევნო ეტაპზე.

კასატორის განმარტებით, სახელმწიფო ეჭვქვეშ არ აყენებს იმ ფაქტს, რომ მას ყველა დევნილი ოჯახის მიმართ გააჩნია საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება, თუმცა, საჭიროებების პრიორიტეტულობისა და სახელმწიფო რესურსის გათვალისწინებით, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, უპირატესად იმ დევნილი პირების საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოახდინოს, რომელთაც არანაირი სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი საფუძველი გახდა მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ შედგენილი ოქმი, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია ისარგებლოს ალტერნატიული საცხოვრებლებით. კასატორის მოსაზრებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლით და გამოკვლევით. შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას (ამავე დანაწესს შეიცავდა სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი N1) მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი N1) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრებოდა დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი შეესაბამებოდა გარკვეული რაოდენობის ქულას, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდებოდა. ქულები მითითებული იყო კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებდა, ენიჭებოდა პრიორიტეტი.

ზემოაღნიშნული 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით ასევე დამტკიცებული იყო „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი N7). დანართებში მოცემული იყო ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასებულიყო კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. გ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია შესაბამისი მოწმობა. 2017 წლის 29 მაისს თ. გ-იმა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. განმცხადებელმა მიუთითა, რომ შევსებული აქვს განაცხადი ქ. თბილისში ბინის მისაღებად და მოითხოვა აღნიშნული განაცხადის გადატანა საჩხერის რაიონის სოფელ ...ში სახლის შესაძენად. განმცხადებელმა დამატებით ინფორმაციაში მიუთითა, რომ დიდი ხანია ცხოვრობს ქირით. თ. გ-იმა შეავსო შესაბამისი კითხვარი. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 4 ქულა.

2018 წლის 13 სექტემბრის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, თბილისში, ...ის ... კვარტალში, ... კორპუსში მდებარე N... ბინაზე განხორციელდა მონიტორინგი. დოკუმენტში მითითებულია, რომ მისამართზე ცხოვრობენ ქირით. გასაუბრება შედგა ე. ქ-ითან. გასაუბრების თანახმად, განმცხადებელი - თ. გ-ი რამდენიმე თვეა იმყოფება იტალიაში, სამუშაოდ. ე. ქ-იმა განმარტა, რომ მისი მშობლები თ. გ-ი და ზ. ქ-ი არიან განქორწინებულები. ზ. ქ-ი ცხოვრობს მარტო.

2018 წლის 19 სექტემბრის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების ოქმის თანახმად, მონიტორინგის სამსახური გამოცხადდა თბილისში, ...ში, ... მიკრო რაიონში, N... კორპუსში მდებარე N... ბინაზე (თ. გ-ის ყოფილი მეუღლის ბინა). მონიტორინგის ჯგუფს აღნიშნული ბინა დაკეტილი დახვდა. ე. ქ-იმა სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ ზ. ქ-ი მუშაობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში და იმყოფება სამსახურში. აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს მამამისი, რომელთანაც მიდის პერიოდულად. მისი ძმა - დ. ქ-ი ცხოვრობს მწვრთნელთან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 4 ოქტომბრის N39 ოქმის მიხედვით, კომისიამ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად იმსჯელა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხზე. კომისიის საოქმო გადაწყვეტილებით თ. გ-ის უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, იმ მოტივით, რომ მისი განსახლება არ წარმოადგენდა გადაუდებელ საჭიროებას, მეუღლის ბინაში ცხოვრების გამო.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის პირველი აგვისტოს N04–1441/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 4 ოქტომბრის N39 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, თ. გ-ის უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვაზე, საკითხის განხილვის ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.

2015 წლის 10 აგვისტოს გაცემული განქორწინების მოწმობის მიხედვით, თ. გ-ი და ზ. ქ-ი განქორწინდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ივნისის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ. ქ-იმა განმარტა, რომ განქორწინების შემდეგ, თ. გ-ითან ერთად აღარ ცხოვრობს. შვილები პერიოდულად სტუმრობენ და მასთან მუდმივად არ ცხოვრობენ.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოპასუხე, როგორც დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელი უწყება, ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის გზით.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელესთან მიმართებაში არ დასტურდება ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობა, რამაც უნდა გამორიცხოს მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტის ფარგლებში, 2018 წლის 13 სექტემბერს განხორციელებული მონიტორინგის შედეგები, ასევე 2018 წლის 19 სექტემბრის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების ოქმი და საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ. გ-ის ყოფილი მეუღლის განმარტება, რომელმაც დაადასტურა განქორწინების შემდეგ, მის საცხოვრებელ ბინაში მოსარჩელის ცხოვრების ფაქტის არარსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთი მოიაზრებს დავის მონაწილე მხარის იურიდიულ მოვალეობას, შეასრულოს გარკვეული პროცესუალური მოქმედება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს გააჩნია არამხოლოდ საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა მოსარჩელესთან მიამრთებაში ალტერნატიული ფართის არსებობის ფაქტის არსებობა, რაც გამორიცხავდა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამდენად, არ არსებობდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2019 წლის პირველი აგვისტოს N04-1441/ო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მოთხოვნები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 01 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე