საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-310(კ-22) 31 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. ლ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 14 მაისს მ. ლ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 21 აპრილის N03-1190/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მ. ლ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 21 აპრილის N03-1190/ო ბრძანება; მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე მ. ლ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-6 მუხლებზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მეორე მუხლის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებზე, მე-6 მუხლზე, ამავე ბრძანებით დამტკიცებულ „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმსა“ და „სოციალურ კრიტერიუმზე“ (N7, N8 დანართები).
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე არის ომის ვეტერანის მეუღლე. ამასთანავე, მისი მეუღლის მამა გარდაიცვალა საქართველოში არსებული კონფლიქტების შედეგად, ხოლო თავად მოსარჩელე არის ომში მონაწილე ომის ვეტერანი პირი. სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის სხვის საკუთრებაში ცხოვრების ფაქტი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული „წესი“, დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ბინაში ან/და სხვის ნაგირავებ (ქირით ან ქირის გარეშე) საკუთრებაში და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში (ორივე შემთხვევაში გათვალისწინებულია 1,5 ქულა). სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მხოლოდ ეს გარემოება არ შეიძლებოდა გამხდარიყო დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული წარმოადგენს დევნილი ოჯახის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს და სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ქულათა საერთო რაოდენობას განსაზღვრავს.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ვინაიდან მ. ლ-ას საკუთრებაში არ აქვს რაიმე სახის უძრავი ქონება, გაზიარებული ვერ იქნება გასაჩივრებული აქტის მიღების საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოება, მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის თაობაზე. მ. ლ-ას მუდმივი საცხოვრებელი არ აქვს და საჭიროებიდან გამომდინარე, სარგებლობს სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას, პრიორიტეტულობის საკითხის შეფასება ხდება დევნილი ოჯახის მიერ მიწოდებული
ინფორმაციის ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე, შესაბამისი ქულების განსაზღვრის გზით. მოცემულ შემთხვევაში, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის სხდომის N19 ოქმის მიხედვით, ოროთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4,5 და მეტი ქულა. ამდენად, ვინაიდან მოსარჩელის მდგომარეობა შეფასდა 7,5 ქულით, საკმარისი საფუძველი არსებობდა განსახლების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად.
სააპელაციო პალატის განმარტებით, დროებით, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, კონკრეტულ ეტაპზე განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, კრიტერიუმების საფუძველზე. სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების გარეშე, გაზიარებული ვერ იქნება მოსაზრება, რომ მოსარჩელე, როგორც დევნილი პირი, ფაქტობრივად უზრუნველყოფილია ადეკვატური საცხოვრებლით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 21 აპრილის N03-1190/ო სადავო ბრძანება უკანონოა, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა, არასწორად განმარტა იგი. მოცემულ შემთხვევაში, სააგენტომ საქმის გარემოებები სრულყოფილად გამოიკვლია და დაადგინა, რომ მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების საჭიროება არ არსებობს.
კასატორი თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის გარემოებები გამოკვლეულია სრულყოფილად. მოსარჩელემ განაცხადი შეავსო საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე და წინასწარი შეფასებით 7,5 ქულა მოიპოვა. დამატებით კომენტარი გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ მის შვილს - გ. ბ-ეს საკუთრება გააჩნია ...ის მე-... მ/რ-ში, მე-... კორპუსში მდებარე N... ბინაზე. მოსარჩელეს იგივე მისამართი აქვს მითითებული ფორმა N100-ში, ექიმთან 2018 წელს განხორციელებული ვიზიტის დროს. 2020 წლის მონიტორინგის ოქმის მიხედვით, მონიტორინგი განხორციელდა მოსარჩელის შვილის საკუთრებაში არსებულ ზემოაღნიშნულ ბინაზე. მისამართზე მყოფმა მოსარჩელემ განმარტა, რომ შვილის ბინაში 3 წელია ცხოვრობს. 2019 წლის მონიტორინგის მასალებიდან ირკვევა, რომ მონიტორინგი განხორციელდა ...ის მე-3 მიკრო რაიონში მდებარე მე-... კორპუსში. მისამართზე მყოფმა მოსარჩელემ შესაბამის სამსახურს განუმარტა, რომ 2017 წლიდან დღემდე, ოჯახი ცხოვრობს სიძის მფლობელობაში არსებულ ბინაში, თუმცა 2020 წლის მონიტორინგისას განმარტავდა, რომ შვილის ბინაში ცხოვრობს 3 წელია.
კასატორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-4, მე-13 მუხლებზე, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“. კასატორის განმარტებით, პირველ რიგში, უნდა დაკმაყოფილდეს იმ ოჯახთა მოთხოვნა, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვებული აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს კომისია და აფორმებს სხდომის ოქმის სახით. სააგენტო საკითხის გადაწყვეტისას ეყრდნობა მის მიერ მოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელე არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას, რის გამოც, მას მიმდინარე ეტაპზე უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სააგენტომ საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის საფუძველზე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.
პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“. აღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი (2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანების ამოქმედებამდე, ამავე შინააარსის დანაწესს შეიცავდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“).
ზემოაღნიშნული 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით ასევე დამტკიცებულია „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N7) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი N8). დანართებში მოცემულია ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასდეს კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ლ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. იგი ცხოვრობს შვილიშვილთან, სიძესთან და შვილთაშვილთან ერთად, სხვის საკუთრებაში არსებულ, იპოთეკით დატვირთულ საცხოვრებელ ბინაში.
მ. ლ-ას განცხადების საფუძველზე, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეაფასა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიანიჭა 7,5 ქულა (საცხოვრებელი ფინანსური პირობები (ნაგირავები) – 1,5 ქულა; ომში მონაწილეობა - 1,5 ქულა; ომში დაღუპული ოჯახის წევრი - 3 ქულა; ომში დაღუპული/უგზოუკვლოდ დაკარგული ოჯახის წევრი - 1,5 ქულა).
მ. ლ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა საცხოვრებელი ფართის გადაცემა. მოსარჩელემ შეავსო შესაბამისი კითხვარი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის N19 საოქმო გადაწყვეტილებით მ. ლ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა, საკითხის განხილვის ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო. ამავე სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2021 წლის 30 ივნისის სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, კომისიის 2021 წლის 2 აპრილის N19 ოქმში დაშვებულია ტექნიკური ხარვეზი - მ. ლ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძვლად მითითებულია თავისივე გასხვისებულ სახლში ცხოვრება. რეალურად უარის თქმის მიზეზს წარმოადგენს შვილის - გ. ბ-ეის საკუთრებაში (თბილისი, ...ის მე-... მ/რ, კორპუსი ..., ბინა N...) ცხოვრება.
ზემოაღნიშნული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა 2021 წლის 21 აპრილს გამოსცა N03-1190/ო ბრძანება, მ. ლ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.
სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ბინაში ან/და ნაგირავებ (ქირით ან ქირის გარეშე) სხვის საკუთრებაში და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში (ორივე შემთხვევაში გათვალისწინებულია 1,5 ქულა). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო სხვის საკუთრებაში ცხოვრების ფაქტი. დროებით, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობა, არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის განსახლების შესაძლებლობას, საკითხის განხილვის ეტაპზე, შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით. საყურადღებოა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განჩინებით გაკეთებული განმარტების შესაბამისად, „..დროებით საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას, ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვთ მოსარჩელეებს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა. ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღრის კუთხით..საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმას იმ მოტივით, რომ არ არსებობდა გადაუდებელი განსახლების საჭიროება მოსარჩელის შვილების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის შესაძლებლობის არსებობის გამო..“ (სუს 23.12.2021წ. Nბს-900(კ-21), 22.07.2021წ. Nბს-83(კ-21), 25.03.2021წ. Nბს-1129(კ-20) განჩინებები და სხვ.).
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადო მტკიცებულებათა ერთობლიობით ვერ დაადასტურა, რომ სადავო საკითხის განხილვის ეტაპზე, მოსარჩელე, როგორც დევნილი პირი, ფაქტობრივად უზრუნველყოფილია ადეკვატური საცხოვრებლით. სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის სადავო 2021 წლის 21 აპრილის N03-1190/ო ბრძანება „დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“, უკანონოა, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, მ. ლ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს -წარმატების პერსპექტივა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე