საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-180(კს-22) 11 მაისი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - შპს „...“
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერსებული დავების განხილვის საბჭო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...მ“ 2018 წლის 18 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ს“ მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით შპს „...ს“ სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და მოსარჩელეს განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 (ათი) დღის ვადა განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან და დაევალა სასამართლოსათვის სახელმწიფო ბაჟის, დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდის (დედნის სახით) დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა.
2021 წლის 1 ნოემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინებით შპს „...ს’’ წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 10 (ათი) დღით განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან.
2021 წლის 15 ნოემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა ხელახლა მიმართა განცხადებით სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განჩინებით შპს „...ს“ წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 10 (ათი) დღით განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან.
2021 წლის 13 დეკემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა მესამედ მიმართა განცხადებით სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შპს „...ს“ წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 10 (ათი) დღით განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განჩინებით შპს „...ს“ სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა შპს „...ს“ მიერ.
კერძო საჩივრის ავტორის, შპს „...ს“, მითითებით, გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, რამეთუ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენდა შპს „...სთვის“ დამატებითი ვადის განსაზღვრა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სახეზეა მისთვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინებით შპს „...ს“ კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ს“კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით შპს „...ს“ სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და მოსარჩელეს განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 (ათი) დღის ვადა განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან და დაევალა სასამართლოსათვის სახელმწიფო ბაჟის, დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდის (დედნის სახით) დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა.
სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2021 წლის 1 ნოემბერს, მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინებით შპს „...ს’’ წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 10 (ათი) დღით განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან.
2021 წლის 15 ნოემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა ხელახლა მიმართა განცხადებით სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების მოთხოვნით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განჩინებით შპს „...ს“ წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 10 (ათი) დღით განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან.
2021 წლის 13 დეკემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა მესამედ მიმართა განცხადებით სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების მოთხოვნით. განმცხადებელმა მიუთითა, რომ აღნიშნული მოთხოვნა ატარებდა საბოლოო ხასიათს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შპს „...ს“ წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 10 (ათი) დღით განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. ამასთან, მხარეს განემარტა, რომ ხარვეზების შესავსებად განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში თუ იგი კვლავ მიმართავდა სასამართლოს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე, სასამართლო მის შუამდგომლობას აღარ დააკმაყოფილებდა და მეოთხეჯერ დამატებით აღარ განუსაზღვრავდა ვადას ხარვეზის შესავსებად.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინება შპს „...ს“ გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ...ის ქ. №..., ოფისი №...) და 2021 წლის 23 დეკემბერს, ფოსტის საშუალებით, ჩაბარდა იურისტს ს. ს-ის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინების ასლი შპს „...ს“ იურისტს ს. ს-ის ჩაბარდა 2021 წლის 23 დემებერს. შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის ათვლა 2021 წლის 24 დეკემბრიდან დაიწყო და ამოიწურა 2022 წლის 10 იანვარს 24:00 საათზე (საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 დეკემბრის №608-ე დადგენილების თანახმად, 2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები და 8–9 იანვარი განისაზღვრა უქმე დღეებად). აღსანიშნავია, რომ დადგენილ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსთვის არც ხარვეზის შევსების და არც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების მოთხოვნით არ მიუმართავს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდესის 64-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ საქმეში, კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებით დანიშნულ ვადაში არც ხარვეზის გამოსწორების და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას შპს „...სთვის“ დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე სასამართლოს ვალდებულების არსებობის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, და არა ვალდებული, თავისი ინიციატივით გააგრძელოს საპროცესო ვადა. აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა სამჯერ გაგრძელდა (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებით). ამასთანავე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მხრიდან მეოთხედ აღარ გაგრძელდებოდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი ინფორმირებული იყო სასამართლოს ინიციატივით ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელების მიზანშეუწონლობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საპელაციო სასამართლოს მიერ შპს „...ს“ სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა განუხილველად დატოვებული, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარემ ვერ აღმოფხვრა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...ს“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე