Facebook Twitter

№ბს-191(კ-22) 1 ივნისი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ო. ლ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ო. ლ-ემ 2019 წლის 19 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 19 ნოემბრის №04-1966/ო ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ო. ლ-ეის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

სარჩელის თანახმად, ო. ლ-ეე არის აფხაზეთიდან, კერძოდ, სოხუმის რაიონის, სოფელი ...დან იძულებით გადაადგილებული პირი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, პენსიონერი, მარტოხელა, რომელსაც პენსიის გარდა არ გააჩნია სხვა შემოსავალი. გარდა იმისა, რომ დევნილობის პირველივე დღეებიდან ცხოვრობს ქალაქ თბილისში, ასევე როგორც დევნილი ჩაწერილია ნათესავის საცხოვრებელ ბინაში მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №40, ბინა №36. აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა ვიდრე მესაკუთრემ არ გაყიდა უძრავი ქონება, რის შემდეგაც მოსარჩელე იძულებული გახდა დაეტოვებინა ნათესავის ბინა, თუმცა დღემდე რეგისტრირებულია ამავე მისამართზე.

მოსარჩელის განმარტებით, წლების განმავლობაში ცხოვრობდა ქირით, გამოიცვალა რამდენიმე მისამართი და ზოგჯერ უწევს ნათესავებთან დროებით გაჩერება, რადგან არ აქვს ქირის გადახდის შესაძლებლობა. სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება, ქირა ან საცხოვრებელი არ მიუღია, გარდა პენსიისა და დევნილის შემწეობისა. მიუხედავად აღნიშნულისა, 2019 წლის 19 ნოემბრის №04-1966/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით ო. ლ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 19 ნოემბრის №04-1966/ო ბრძანება; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ო. ლ-ეის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 დეკემბრის განჩინებით აპელანტ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 ოქმში აღნიშნულია შემდეგი: ,,№192 ო. ლ-ეე, სულადობა 1, ქულა 6, ოთახების რაოდენობა 1, უარი, არსებითად მცდარი ინფორმაცია საცხოვრებელზე, ფაქტობრივად ცხოვრობს ...ში“. ამავე ოქმში მითითებულია, რომ ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 6 და მეტი ქულა.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 19 ნოემბრის №04–1966/ო ბრძანების (დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე), თანახმად დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №39) ო. ლ-ეს (პ/ნ ...) საცხოვრებელთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის გამო, უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ო. ლ-ე დაბადებულია ... წელს, არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო - აფხაზეთი, სოხუმი, ..., ხოლო დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი) არის თბილისი, ...ის ქ. №40, ბ. №36, არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, ომის II ჯგუფის ინვალიდი, მარტოხელა პენსიონერი, არ გააჩნია მუდმივი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, კითხვარის შევსების პერიოდში ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში, ხოლო მონიტორინგის განხორციელებისას ცხოვრობდა დასთან, დ. ლ-ესთან ...ში, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების მიხედვით შეფასებულია 6,0 ქულით.

პალატის განმარტებით განსახილველ შემთხვევაში სადავო არ იყო, რომ ო. ლ-ე, როგორც იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი ექვემდებარებოდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (უფლებამონაცვლე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო) 2019 წლის 19 ნოემბრის №04–1966/ო ბრძანებით (დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე), დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 10.10.2019 წლის №39 გადაწყვეტილების საფუძველზე (უარი არსებითად მცდარი ინფორმაცია საცხოვრებელზე, ფაქტობრივად ცხოვრობს ...ში) საცხოვრებელთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის გამო, უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

პალატამ განმარტა, რომ იმ დევნილი ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საცხოვრებელზე, რომელსაც არ გააჩნია სათანადო საცხოვრისი, მუდმივი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, შესაძლოა იყოს ცვალებადი და დამოკიდებული სხვადასხვა გარემოებებზე (დროის პერიოდი, ასაკი, ჯანმრთელობა, ფინანსები და ა. შ). დევნილი ოჯახის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა (მოსარჩელე კითხვარის შევსების მომენტისათვის ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში, ხოლო მონიტორინგის დროს ცხოვრობდა დასთან) არ წარმოადგენს არსებითი ხასიათის დარღვევას და არ არის, შესაბამისი კრიტერიუმების მქონე დევნილი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს უტყუარად დადგინდეს ფაქტი - მოსარჩელე ფაქტობრივად ცხოვრობს თუ არა ნაქირავებ ბინაში და მიაწოდა თუ არა საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაცია სააგენტოს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ო. ლ-ეე ფაქტობრივად არ ცხოვრობს ქირით მის მიერ აპლიკაციაში მითითებულ მისამართზე ქ. თბილისი, ...ის მე-3 მ/რ. შესაბამისად თავდაპირველად ვერ მოხერხდა მისი საცხოვრებელი პირობების გადამოწმება. გარდა იმისა, რომ სააგენტოს მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია მოსარჩელის სხვა მისამართზე ცხოვრების ფაქტი, ამასთან მხარის წარმომადგენლმა ახსნა-განმარტების მიცემის დროს დაადასტურა, რომ ო. ლ-ეე არ ცხოვრობდა მის მიერ მითითებულ მისამართზე. საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 24 ივნისის მონიტორინგის ფორმა, სადაც მითითებულია, რომ მოსარჩელემ სხვა მისამართზე დაიბარა განმეორებით მისული მონიტორინგის სამსახური. აღნიშნული ბინა კი არის მოსარჩელის ნათესავის საკუთრება. ო. ლ-ეის განმარტებით იგი ცხოვრობს ...ში დასთან ერთად, სწორედ მითითებულ მისამართზე ფიქსირდებოდა სოციალურად დაუცველთა ბაზაში 2014-2017 წლებში. საქმის წარმოების მასალებს ერთვის 2019 წლის 6 აგვისტოს ...ში მოსარჩელის დის საკუთრებაში განხორციელებული მონიტორინგის ოქმი, საიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელე მითითებულ მისამართზე იმყოფებოდა.

კასატორის განმარტებით, მართალია სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ მონიტორინგის მასალებით მოპოვებული ინფორმაცია არის იმ ტიპის მტკიცებულება, რაც საკმარისი საფუძველია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნას მიჩნეული ო. ლ-ეის მიერ არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდება საცხოვრებელთან დაკავშირებით, სასამართლომ არ გაიზიარა სააგენტოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებას. კანონმდებლობის თანახმად, თუკი დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი. აღნიშნული დათქმა ემსახურება მიზანს, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია იყოს რეალური და არ ისახავდეს მიზნად ადმინისტრაციული ორგანოს შეცდომაში შეყვანას. დევნილებზე საცხოვრებლების გადაცემის მარეგულირებელი ნორმა, გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას და აღნიშნულით სურს, პირველ რიგში მოახდინოს იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომლებსაც არანაირი თავშესაფარი არ გააჩნიათ - რათა უწინარესად მოხდეს ყველაზე უფრო შეჭირვებული დევნილების თავშესაფრით დაკმაყოფილება - არსებითად სწორი ინფორამციის წარმოდგენას აქვს დანიშნულება, რომ რეალური ვითარების გარკვევით, პირველ რიგში მოხდეს ყველაზე შეჭირვებული ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილება. კანონმდებლობა სამოქმედო გეგმის ბოლო ეტაპზე ითვალისწინებს იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რომელთაც (უშუალოდ თვითონ დევნილმა ან მისმა ოჯახის წევრმა) საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ბინა, რაც ბუნებრივი და ლოგიკურია, რადგან ასეთი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებები და მდგომარეობა განსხვავებულია იმ დევნილი ოჯახებისაგან, რომელთაც არა აქვთ და არ ჰქონიათ საკუთრებაში საცხოვრებელი ბინა. შესაბამისად მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, განხილულ უნდა იქნეს სამოქმედო გეგმის ბოლო ეტაპზე.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების საფუძვლით ო. ლ-ეისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 04/08/2021 N 01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ო. ლ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი.

ო. ლ-ეის განცხადების საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 6 ქულა (საცხოვრებლის ფინანსური პირობები, ნაქირავები - 1.50 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მნიშვნელოვნად გამოხატული - 2 ქულა; ომში მონაწილეობა, ომის ვეტერანი - 1.50 ქულა).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 სხდომის ოქმის თანახმად, ო. ლ-ეეს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე საცხოვრებლის შესახებ არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო - ფაქტობრივად ცხოვრობს ...ში. მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 19 ნოემბრის ბრძანებით ო. ლ-ეს საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო უარი ეთქვა ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ საცხოვრებელი ადგილის ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება სააგენტოსათვის, მოცემულ შემთხვევაში არ იწვევს დევნილი ოჯახისათვის მინიჭებული ქულის შემცირებას (აღნიშნული არც კასატორს გაუხდია სადავოდ), არ წარმოადგენს არსებითი ხასიათის დარღვევას და არ ქმნის შესაბამისი კრიტერიუმების მქონე დევნილი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.

საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ - ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოსარჩელის მიერ საცხოვრებლის შესახებ არსებითად არასწორი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე. შესაბამისად, იკვეთება ო. ლ-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობა.

რაც შეეხება კასატორის მითითებას მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების რიგითობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დროებით საცხოვრებელში ცხოვრება, ავტომატურად არ მოიაზრებს იმას, რომ არ არსებობს დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საჭიროება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც პირისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობა საკმარისია საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე