Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-498(კ-22) 8 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 30 დეკემბერს ნ. ც-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის N04-2368/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ც-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის N04-2368/ო ბრძანება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-6, მე-13, მე-14, მე-19 მუხლებზე, ასევე სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლზე, რომელიც ადგენს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს და საგამონაკლისო შემთხვევებს პროცედურების განხორციელებისას - პრიორიტეტი მიენიჭოს და შესაბამისი კრიტერიუმების გარეშე განხორციელდეს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ბავშვის უფლებათა კოდექსზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ბრძანების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი. სწავლის პერიოდში დევნილი ოჯახის წევრის - არასრულწლოვანი ბავშვის პერიოდულად საცხოვრებელი ადგილის შეცვლა განპირობებული იყო სწორედ მისი საუკეთესო ინტერესით, მიეღო განათლება, ეცხოვრა მშვიდ, უსაფრთხო გარემოში. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა ნ. ც-ას ნგრევად ობიექტში ცხოვრების გამომრიცხავი გარემოებების არსებობა. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის N04-2368/ო ბრძანება ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, შესაბამისად, სახეზეა მისი ბათილად ცნობისა და მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არასწორად განმარტა. სადავო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადასტურდა, რომ ნ. ც-ა მეუღლესთან და შვილთან ერთად არ ცხოვრობს სარჩელში მითითებულ მისამართზე. ა. ც-ას მიერ მიწოდებული ინფორმაციით, აშკარად დასტურდება, რომ მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს ბებია-ბაბუასთან, თბილისში, ...ის ქუჩაზე, რაც ქმნის ვარაუდს, რომ მოსარჩელე მეუღლესთან ერთად ასევე ცხოვრობს მეუღლის მშობლების საკუთრებაში არსებულ ბინაში. ამდენად, ნგრევად ობიექტში არცხოვრების გამო, საფრთხე არ ექმნება ოჯახის წევრთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

კასატორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონზე, ასევე სადავო პერიოდში, მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“, რომელიც ადგენს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს და კომისიის უფლებამოსილებას, პრიორიტეტი მიანიჭოს და „წესში“ მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით).

კასატორის განმარტებით, პირველ რიგში, საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვებული აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის საკითხი გამოკვლეულია სრულყოფილად. ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინა, რომ სახეზე არ იყო მოსარჩელის ოჯახის საჭიროების პრიორიტეტულობა, დაიცვა ყველა მოთხოვნა, რაც გათვალისწინებულია საკითხის მომწესრიგებელი აქტებით და მიმდინარე ეტაპზე არ დააკმაყოფილა პირი საცხოვრებლით, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ მოსარჩელის განსახლების საკითხი განხილულ იქნეს კრიტერიუმების საფუძველზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო სამართალურთიერთობა დაკავშირებულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონთან და მის საფუძველზე მიღებულ ნორმატიულ აქტებთან. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.

სადავო პერიოდში მოქმედებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). აღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრებოდა დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი შეესაბამებოდა გარკვეული რაოდენობის ქულას, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას ჯამდებოდა. ქულები მითითებული იყო კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებდა, ენიჭებოდა პრიორიტეტი.

ზემოაღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა შემთხვევას, როდესაც დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია უფლებამოსილი იყო, ამ „წესის“ მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, პრიორიტეტი მიენიჭებინა და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განეხორციელებინა იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობდნენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დადასტურებულიყო სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ობიექტებში დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტი დგინდებოდა სააგენტოს მიერ განხორციელებული აღწერის შედეგების საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ. ც-ამ 2018 წლის 10 აპრილს შეავსო განაცხადი, საცხოვრებელი ფართით დაკამყოფილების თაობაზე. განმცხადებლის ოჯახის შემადგენლობა განისაზღვრა შემდეგნაირად: ოჯახის უფროსი - ნ. ც-ა, მეუღლე - თ. მ-ი, შვილი - ი. მ-ი. ნ. ც-ამ განაცხადში და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარში საცხოვრებელ ადგილად მიუთითა თბილისი, ..., ... მასივი, .... განაცხადის დამუშავების შედეგად, ნ. ც-ამ წინასწარი შეფასებით მოიპოვა 2.0 ქულა (საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს).

2019 წლის 7 ივნისს მონიტორინგი განხორციელდა მისამართზე: თბილისი, „...ის“ შენობა. აღნიშნულ მისამართზე მონიტორინგის თანამშრომლებს დახვდა თ. თ-ი, რომლის განმარტებით, ფართი დაკავებული აქვს 1993 წლიდან. ნ. ც-ა და ა. ც-ა მუშაობენ „...ში“ და იმყოფებიან სამსახურში.

2019 წლის 26 აგვისტოს დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად, ვიზიტი განხორციელდა მისამართზე: თბილისი, ...ი, ..., „...ის“ შენობა, ... სადარბაზო, ... სართული, ოთახი N9. მონიტორინგის თანამშრომლებს დახვდათ ა. ც-ა, დასთან და მეუღლესთან ერთად. ა. ც-ამ განმარტა, რომ მასთან ცხოვრობენ: შვილი - ნ. ც-ა, სიძე- თ. მ-ი და შვილიშვილი - ი. მ-ი. ნ. ც-ა, თ. მ-ი და ი. მ-ი ადგილზე არ იმყოფებოდნენ (ა. ც-ას განმარტებით, დასასვენებლად იყვნენ წასულები). ა. ც-ამ განმარტა, რომ მისი სიძე არის დედისერთა. თ. მ-ის მშობლები ცხოვრობენ თბილისში, ...ის ქუჩაზე. ი. მ-ი დადის იმავე უბანში მდებარე სკოლაში. სკოლის პერიოდში, ი. მ-ი ცხოვრობს თ.

მ-ის მშობლებთან (ბებია-ბაბუასთან).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის N39 ოქმის მიხედვით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, კომისიამ იმსჯელა თბილისში ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში არსებული 20 ნგრევადი ობიექტის და სახელმწიფო მნიშვნელობის 5 ობიექტის დახურვის მიზნით, მათში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილ ოჯახთა ალტერნატიული ფართებით უზრუნველყოფის საკითხზე. მათ შორის, ქ. თბილისში, ...ის ...ზე, მე-... მიკრო რაიონში მდებარე სპორტსკოლა „...ი“ შეფასდა როგორც ნგრევადი ობიექტი და იქ მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხი განხილულ იქნა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ გათვალისწინებული კრიტერიუმების შეფასების გარეშე.

ზემოაღნიშნული საოქმო გადაწყვეტილებით ნ. ც-ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო (მითითებულ იქნა, რომ ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს მეუღლის საკუთრებაში - თბილისში, ...ის ქუჩაზე).

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის N04-2368/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის N39 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, ნ. ც-ას ოჯახს უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო.

2016 წლის 2 თებერვლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში, ... სართულზე მდებარე N3 ბინის მესაკუთრეები არიან ი. მ-ი და გ. მ-ი. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 6 აგვისტოს N275415 წერილის შესაბამისად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, თ. მ-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.

2019 წლის 15 ნოემბრის ხელწერილით ე. ფ-ამ, ქ. ფ-ამ, ე. ხ-ამ, ა. ფ-ამ, ბ. ხ-ამ, ა. ც-ამ, ნ. დ-ამ, რ. ძ-იმა, ზ. პ-ამ, მ. პ-ამ და ზ. მ-ამ დაადასტურეს ნ. ც-ას თბილისში, სამგორში, მე-3 მასივში, ...ზე, „...ში“ მუდმივად და ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი.

2020 წლის 8 სექტემბერს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირმა - ე. ხ-ამ განმარტა, რომ 2001 წლიდან დღემდე ცხოვრობს ნგრევად ობიექტში - თბილისში, ...ის ..., მე-3 მ/რ, სპორტსკოლა „...ში“. ნ. ც-ა არის მისი მეზობელი, იგი მუდმივად ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე. ამავე სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი. ხ-ამ განმარტა, რომ ცხოვრობდა ნგრევად ობიექტში, თბილისში, ...ის ...ზე, მე-... მიკრო რაიონში მდებარე სპორტსკოლა „...ში“. ამჟამად დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით. ნ. ც-ას იცნობს 18 წელია. იგი მუდმივად ცხოვრობს ზემოაღნიშნულ მისამართზე, დედასთან და ოჯახთან ერთად.

საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად გამორიცხა მოსარჩელის ოჯახის თბილისში, ნგრევად ობიექტში ცხოვრების ფაქტი. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები დროებით, ობიექტური მიზეზით იმყოფებოდნენ სხვა მისამართზე, არ წარმოადგენს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებული წარმოების ფარგლებში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ შეამოწმა ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირთა განსახლების საჭიროება, აღნიშნული კი, ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევდა შესაძლებლობას, „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, შენობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ექსპერტიზის დასკვნის არსებობის პირობებში, ამავე მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების შეფასების გარეშე გადაეწყვიტა სპორტსკოლა „...ში“ მცხოვრები ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი, თუ სათანადო გამოკვლევის შედეგად დადასტურდებოდა მოსარჩელის ოჯახის ნგრევად ობიექტში მუდმივად ცხოვრების ფაქტი და გამოირიცხებოდა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის ... ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა ადასტურებს მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ. ც-ა ოჯახთან ერთად რეგისტრირებულია მისამართზე: თბილისი, ..., ... მასივი, ..., „...ის“ შენობა. მის სახელზე თბილისში მდებარე უძრავ ქონებაზე არ არის რეგისტრირებული საკუთრების უფლება. ამასთანავე, მოსარჩელის რეგისტრაციის ადგილზე მცხოვრები პირები ადასტურებენ ნ. ც-ას მუდმივად ცხოვრებას „...ში“. მნიშვნელოვანია, რომ სადავო საკითხის განხილვის პროცესში, შესაბამის ექსპერტიზის დასკვნაზე მითითებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია თავადვე ადასტურებს მოსარჩელის რეგისტრაციის ადგილის შეფასებას ნგრევად ობიექტად, რაც არ გამორიცხავს შესაძლებლობას, დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსარჩელის ოჯახმა ისარგებლოს სხვის საკუთრებაში არსებული ფართით. ამ პირობებში, კონკრეტულ მომენტში შემოწმებისას მოსარჩელის დროებით სხვა მისამართზე დაფიქსირება არ უნდა წარმოადგენდეს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ფლობის თაობაზე დასკვნის გაკეთების საფუძველს.

ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის N04-2368/ო ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნით, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე