გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 55-კოლ 13 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),
თ. ლალიაშვილი,
ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ნ. დ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 4 ივნისის განაჩენზე, რომლითაც ნ. დ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით და შეეფარდა ჯარიმა 100 დღიური ანაზღაურება, დღიური 3 ლარის და 50 თეთრის ოდენობით, სულ 350 ლარი ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღწერილობითი ნაწილი:
წინასწარი გამოძიებით ნ. დ-შვილს ბრალად შეერაცხა შემდეგი: 2000 წლის 18 სექტემბერს მან მცხეთის რაიონის სოფ. მუხათგვერდის მიმდებარე ტერიტორიაზე სცემა თ. ა-ული, რომელთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში ჰყავს ორი შვილი და მიაყენა ფიზიკური ტკივილი, რომელსაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული ჯანმრთელობის მოშლა.
მანვე, იმავე დროს და იმავე ადგილზე, ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩაიდინა თ. ა-ულის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლო გამოძიებისას დაზარალებულმა თ. ა-ულმა გამოთქვა სურვილი, შერიგებოდა განსასჯელს, საქართველოს სსკ-ის 123-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში, რასაც დაეთანხმნენ სახელმწიფო ბრალმდებელი და განსასჯელი. ბრალდების ამ ეპიზოდში საქმე წარმოებით შეწყდა.
ნ. დ-შვილი განაჩენით მსჯავრდებული იქნა შემდეგისათვის: 2000 წლის 18 სექტემბერს თ. ა-ულმა სასაუბროდ და ურთიერთობის გარკვევის მიზნით, შვილებთან ერთად, ქ. მცხეთაში სამსახურში მიაკითხა ნ. დ-შვილს. ისინი ჩასხდნენ ნ. დ-შვილის კუთვნილ “ვაზ-2106” მარკის ავტომანქანაში და წავიდნენ ქ. თბილისის მიმართულებით. გზაში ნ. დ-შვილი და თ. ა-ული შელაპარაკდნენ მათი მომავალი ურთიერთობის თაობაზე, მათ შორის საუბარი გამწვავდა. ნ. დ-შვილმა ავტომანქანა გადაიყვანა ცენტრალური გზიდან და გააჩერა. იგი გადმოვიდა ავტომანქანიდან, ამოიღო მასზე რიცხული ტაბელური “მაკაროვის” სისტემის იარაღი, მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში, დაუმიზნა თ. ა-ულს და მოკვლის მუქარით მოსთხოვა, რომ ის არ ჩარეულიყო მის პირად ცხოვრებაში, აღარ მიეკითხებინა მისთვის სამსახურში. თ. ა-ულმა მუქარა რეალურად აღიქვა, ამის დანახვაზე ბავშვებმა დაიწყეს ტირილი. ბავშვების დასამშვიდებლად ნ. დ-შვილმა მათ დასანახად იარაღიდან ამოიღო ტყვიები და გადაყარა მინდორში. შემდეგ კი ერთად დაბრუნდნენ ქ. თბილისში. დაცილებისას ნ. დ-შვილი კვალავ დაემუქრა თ. ა-ულს მოკვლით, თუ ის შეეცდებოდა მის პირად ცხოვრებაში ჩარევას.
საკასაციო საჩივარით კასატორი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის თბილისის საოლქო სასამართლოსათვის დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ განაჩენი უკანონოა; კასატორის განმარტებით, იგი თ. ა-ულს ცეცხლსასროლი იარაღით არ დამუქრებია, რისი დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ მოიპოვება საქმეში; სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ თ. ა-ულის მცირეწლოვანი შვილების გამოკითხვას, რაც არ შეიძლება გაზიარებული იქნეს როგორც უტყუარი მტკიცება.
პროკურორმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას იმ მოტივით, რომ განაჩენი ეფუძნება სასამართლო გამოძიებისას გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და კანონიერია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა კასატორს, მსჯავრდებულ ნ. დ-შვილს, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ვ.ჯ-ს, პროკურორ გ.მ-ძეს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2000 წლის 18 სექტემბერს, თ. ა-ულსა და ნ. დ-შვილს მოუვიდათ ჩხუბი ნ. დ-შვილის დაოჯახებასთან დაკავშირებით. ჩხუბის დროს ნ. დ-შვილმა თ. ა-ულს სცემა, რომელსაც ცემის შედეგად სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება არ მიუღია. ბრალდების ამ ეპიზოდში მხარეთა შერიგების გამო ნ. დ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა.
სააპელაციო პალატამ ნ. დ-შვილი დამნაშავედ ცნო სსკ-ის 151-ე მუხლით. ნ. დ-შვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მხოლოდ დაზარალებულ თ. ა-ულის ჩვენებას, მისი ორი მცირეწლოვანი შვილის გამოკითხვის ოქმებს; ეს არის ის პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც სხვა არაპირდაპირ მტკიცებულებებთან ერთად სააპელაციო პალატამ საფუძვლად დაუდო ნ. დ-შვილის მსჯავრდებას. სააპელაციო პალატას განაჩენში შეფასება არ მიუცია, თუ რატომ მიიჩნია სარწმუნოდ თ. ა-ულის ჩვენებები და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის გამოკითხვის ოქმები, მაშინ, როდესაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. ა-ულსა და ნ. დ-შვილს შორის არსებობს კონფლიქტური ურთიერთობა, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა მიატოვა თ. ა-ული და შეირთო მეორე ცოლი.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ბავშვები გ. და ც. დ-შვილები დაბადებიდან იზრდებიან დედამისთან თ. ა-ულთან. ისინი მამას ხშირად არ ხედავენ. ფაქტობრივად მთლიანად დამოკიდებულები არიან დედაზე.
იმის მხედველობაში მიღებით, რომ თ. ა-ული განაწყენებულია ნ. დ-შვილზე, აქვს მასთან კონფლიქტი სხვა ცოლის შერთვასთან დაკავშირებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მცირეწლოვანი ბავშვები ც. და გ. დედაზე არიან დამოკიდებული, ამ პირთა ჩვენებების სარწმუნოობა საეჭვო ხდება. იმ შემთვევაში კი, როდესაც არსებობს მხოლოდ ეჭვი პირის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე, ყველა ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ნ. დ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე უნდა შეწყდეს საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 4 ივნისის განაჩენი ნ. დ-შვილის მიმართ.
ნ. დ-შვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე შეწყდეს საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.