Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე № ბს-167(3კ-20) 3 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოწინააღმდეგე მხარეები) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (კასატორი) - შპს „...“

სარჩელზე მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2018 წლის 22 თებერვალს შპს ,,...მა“ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდგომ შპს ,,...მა“ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 მარტის N... და 2017 წლის 21 მარტის N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6273 კვ.მ. (ს/კ ...) და ქ. ხობში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 11921 კვ.მ. (ს/კ ...) მიწის ნაკვეთების აღრიცხვა შპს ,,...ს" სახელზე. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 2017 წლის 16 მარტის N1/4-160 და 2017 წლის 17 მარტის N1/4-161 ბრძანებების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 18 ივნისის N1-1/306 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 2017 წლის 16 მარტის N1/4-160 ბრძანება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 მარტის N ... გადაწყვეტილება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 2017 წლის 17 მარტის N1/4-161 ბრძანება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 მარტის N... გადაწყვეტილება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 18 ივნისის N1-1/306 ბრძანება სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 2017 წლის 16 და 17 მარტის ბრძანებების ბათილად ცნობაზე საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ჩართულობით ახალი აქტის გამოცემა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა და შპს „...მა“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისისა და შპს „...ს“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 მარტის N1/4-160 ბრძანება ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 6 273 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობის სახელმწიფო საკუთრებად სარეგისტრაციოდ წარდგენის შესახებ; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 მარტის N1/4-161 ბრძანება ქ. ხობში მდებარე 11 921 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების სახელმწიფო საკუთრებად სარეგისტრაციოდ წარდგენის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 18 ივნისის N1-1/306 ბრძანება შპს „...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2017 წლის 17 მარტის N... და 2017 წლის 21 მარტის N... გადაწყვეტილებები. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ხსენებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და შპს ,,...მა“.

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 მარტის N1/4-160 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია: ა) ქ. ხობში, ...ის ქუჩის მიმდებარედ 7227 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე; ბ) ქ. ხობში, ...ის ქუჩაზე მდებარე 6643 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე; გ) ქ. ხობში მდებარე 3984 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე; დ) ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 6273 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და 441.61 შენობა-ნაგებობაზე; ე) ქ. ხობში ...ის ქუჩაზე მდებარე 47438 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ხოლო 2017 წლის 17 მარტის N1/4-161 ბრძანების საფუძველზე ქ. ხობში 11921 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობებზე. კასატორის განმარტებით, სადავო ბრძანებებით საკუთრება დარეგისტრირდა უფლებრივად თავისუფალ მიწის ნაკვეთებზე. შესაბამისად, სასამართლოს მითითება, რომ იმ პირობებში, როცა სახელმწიფო მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართავდა შენობა-ნაგებობებით განაშენიანებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, მნიშვნელოვანი იყო გაერკვია, ხომ არ გააჩნდა აღნიშნულ შენობა-ნაგებობაზე რაიმე უფლება სხვა პირებს და რეგისტრაციის შედეგად ხომ არ შეილახებოდა მათი კანონით დაცული უფლება და ინტერესი არამართებულია, ვინაიდან, სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპიდან გამომდინარე, ის მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც არ ვლინდება კერძო პირების საკუთრების უფლება, ითვლება სახელმწიფოს საკუთრებად და ექვემდებარება სსიპ საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრების უფლებით რეგისტრაციას. კონკრეტულ შემთხვევაში კი, სადავო უძრავ ქონებაზე არ ფიქსირდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დადგენილი კერძო პირთა საკუთრების უფლება და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოება.

კასატორის განმარტებით, შპს ,,...ს" მიერ ვერ იქნა უტყუარად დასაბუთებული, რომ ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 6273.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1 (ს/კ N...), ასევე ხობის მუნიციპალიტეტში მდებარე 11921.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: N1,N2, N3, N4, N5, N6, N7, N8, N9, N10, N11 (საკადასტრო კოდი: N...) შპს „...ს“ საკუთრება იყო. საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარის საფუძველს იძლეოდა გასაჩივრებული აქტების კანონიერება-უკანონობის საკითხის გასარკვევად. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ იყო სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

მეორე კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 16 ივნისის N1 1/306 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი იმ მოტივით, რომ სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 16 მარტის N1-4/160 და 2017 წლის 17 მარტის N1-4/161 ბრძანებების მომზადებისას მხედველობაში არ მიუღია შემოსავლების სამსახურის ბრძანება და ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის N12 ცნობა, რომლითაც შპს „...ს“ შესაძლო მოთხოვნის უფლება გააჩნდა სადავო უძრავ ქონებაზე. სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული ტექინვენტარიზაციის ბიუროს N12 ცნობა-დახასიათება, რომელიც სასამართლოს მოტივაციის განმსაზღვრელს წარმოადგენს, მოსარჩელის შესაძლო უფლებას არ ადასტურებს. აღნიშნული ცნობა-დახასიათების შესაბამისად, არ იკვეთება შპს „...ს“ ინტერესებისათვის ზიანის მიყენების ფაქტი და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, შპს „...ს“ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტად, უპირობოდ ვერ იქნება მიჩნეული ასევე ყადაღის დადების შესახებ აქტი.

კასატორის განმარტებით, აქვე გასათვალისწინებელია, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომელიც მართლზომიერ მფლობელობას აწესრიგებს და ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური პირების მიმართ და არა იურიდიული პირის მიმართ. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 7.4 მუხლით დაწესებულია შეზღუდვა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების ვადასთან მიმართებით. კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელის შესაძლო უფლების მომწესრიგებელი ნორმების გათვალისწინებით, წინამდებარე დავაში ვერ იქნება გამოყენებული მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლი (შესაბამისად, ტექინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტრაციის განხილვა საკუთრების დადასტურებად), რადგან კანონმდებელმა ტექინვენტარიზაციის ბიუროში ქონების რეგისტრაცია სხვა, შემდგომ მიღებული საკანონმდებლო ნორმის შესაბამისად მართლზომიერ მფლობელობას დაუკავშირა. იმის გათვალისწინებით, რომ თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს, წინამდებარე დავაში შესაძლოა, მხოლოდ არსებობდეს მართლზომიერ მფლობელობასთან დაკავშირებული მოთხოვნა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

მესამე კასატორი - შპს ,,...“ საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სახელმწიფო სახელზე დარეგისტრირებული უძრავი ნივთები მოსარჩელის საკუთრებაა. სახელმწიფო ქონებისა და პრივატიზების სამმართველოს ცნობებში ნათლად არის აღნიშნული, რომ უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთარი სახსრებით არის აგებული. სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე ამ სამსახურის ფუნქციებს ასრულებდა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურო. ამავე კოდექსის 1514-ე მუხლის მიხედვით, სსიპ საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთის გასხვისება ხდებოდა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში არსებული მიწის ნაკვეთების მიმაგრების აქტების საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში მიწის ნაკვეთი გამოყოფილი ჰქონდა შპს ,,...ს" და იგი აღრიცხული იყო ტექინვენტარიზაციის ბიუროში. ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით პირი უფლებამოსილია მოითხოვოს საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. ხსენებული კანონის მიხედვით, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირია - პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა (მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი), ხოლო მართლზომიერი მფლობელია ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა (მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი), ამავე კანონის 3.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი კი, განმარტავს, რომ „საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის“ ცნებას და ასეთად განიხილავს _ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას (მიღება-ჩაბარების აქტს ან სხვა დოკუმენტს), ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესულ აქტს, გარიგებას ან სხვა სამართლებრივ აქტს, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო 3.1 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი „მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის“ ცნებას განმარტავს და ასეთად განიხილავს _ 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელ ცნობა-დახასიათებას, საკომლო წიგნიდან ამონაწერს, მებაღის წიგნაკს, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილ და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებულ მიწების განაწილების სიას თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებულ მიწის გადასახადის გადამხდელთა სიას (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემულ მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტს ან მიწის ნაკვეთის გეგმას, სასამართლოს აქტს ან სხვა დოკუმენტს. საქმეში არსებული ტექინვენტარიზაციის ბიუროს საარქივო მასალებით, შემოსავლების სამსახურში დაცული გადასახადის გადამხდელის ქონების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები და მათ საფუძველზე დაყადაღებული ქონების აღწერის აქტი, ასევე სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების ცნობები წარმოადგენენ იმ სამართლებრივ დოკუმენტებს, რომლებითაც მოსარჩელე ითვლება სადავო უძრავი ქონებების მესაკუთრედ. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებაც, რომ შენობა-ნაგებობის არარსებობის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 14.3 მუხლით, საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს შენობა-ნაგებობაზე/ერთეულზე უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მონაცემებით, მიწის ნაკვეთის პროპორციულ წილზე და რეგისტრირებულ მონაცემებში შენობა-ნაგებობას/ერთეულს უკეთდება აღნიშვნა დანგრეული“. ამდენად, შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს უფლება უნარჩუნდება იმ მიწის ფართობზე, რომელზეც შენობა იყო დამაგრებული. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა სარჩელი, რადგან არ არსებობდა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძველი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „...ს“ საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „...ს“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს ხობის სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6273 კვ.მ (ს/კ ...) და ქ. ხობში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 11921 კვ.მ (ს/ კ ...) მიწის ნაკვეთების, მათზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით, შპს „...ს“ საკუთრებად რეგისტრაცია. აღნიშნული ინტერესის დაკმაყოფილება შეუძლებლად იქნა მიჩნეული სადავო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 მარტის N1/4-160 და 2017 წლის 17 მარტის N1/4-161 ბრძანებებით, რომელთა საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 მარტის N ... და 2017 წლის 21 მარტის N ... გადაწყვეტილებებით სადავო უძრავი ქონება აღირიცხა საელმწიფოს საკუთრებად. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 18 ივნისის N1-1/306 ბრძანებით ასევე არ დაკმაყოფილდა შპს „...ს“ ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 მარტის N1/4-160 და 17 მარტის N1/4-161 ბრძანებების ბათილად ცნობის თაობაზე. მოსარჩელე მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მას სადავო მიწაზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე ტექინვენტარიზაციის ბიუროში ჰქონდა საკუთრების უფლება რეგისტრირებული.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 27 დეკემბრის 1/1-4103 და 2017 წლის 4 იანვრის N1/1-10 ბრძანებებისა და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის N233 დადგენილების შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მოითხოვა უძრავ ნივთზე, კერძოდ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 6 273 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებზე (განაშენიანების ფართი 441.61 კვ.მ.) სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 17 მარტის N1/4-161 ბრძანებით ასევე მოითხოვა ქ. ხობში მდებარე 11 921 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 17 მარტის N... და 2017 წლის 21 მარტის N... გადაწყვეტილებებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე.

2018 წლის 22 თებერვალს შპს ,,...ს’’ (ს/კ. ...) წარმომადგენელმა N3147/21 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 მარტის N1/4-160 და 17 მარტის N1/4-161 ბრძანებების ბათილად ცნობა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 18 ივნისის N1-1/306 ბრძანებით შპს ,,...ს’’ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, უსაფუძვლოა კასატორების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ უძრავ ნივთებზე სხვა პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის არარსებობა წარმოშობდა რეგისტრაციის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლის მიხედვით საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებდნენ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროები. ამავე კოდექსის 1514-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთების გასხვისება უნდა მოხდეს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებში ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში არსებული მიწის ნაკვეთების მიმაგრების აქტების საფუძველზე. ამასთან, მიწის ნაკვეთების ყოველი ახალი შეძენის რეგისტრაცია 1997 წლის 25 ნოემბრიდან უნდა მოხდეს მიწის რეგისტრაციის სამსახურის სისტემაში არსებული საადგილმამულო წიგნის (საჯარო რეესტრის) სამსახურში. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს სათანადო სამსახურის ჩამოყალიბება, საჯარო რეესტრის ფორმულარების მომზადება და ყველა იმ ორგანიზაციული საკითხის მოგვარება, რომლებიც დაკავშირებულია სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან წარმოშობილი უძრავი ნივთების მესაკუთრეების რეგისტრაციასთან. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის #416 ბრძანებულებით ლიკვიდირებულ იქნა ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები და ამ სამსახურებში არსებული მონაცემები არქივის სახით გადაეცა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღების დროისათვის მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-10 მუხლი ითვალისწინებდა ინფორმაციის გაცემის წესს ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხობის რაიკოოპერატივის საზოგადოებრივი კვების ობიექტისთვის - ,,...“, დამხმარე მეურნეობის მოსაწყობად მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ ხობის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1987 წლის 26 ნოემბრის N288 გადაწყვეტილებით, დამტკიცდა რაიონული კომისიის მიერ წარმოდგენილი მიწის შერჩევის აქტი, შესაბამისად ხობის რაიკოოპერატივის საზოგადოებრივი კვების ობიექტ ,,...ს“ დამხმარე მეურნეობას მოსაწყობად გამოეყო 50 ჰა. მიწის ფართობი ...ის ლენინის სახელობის კოლმეურნეობაზე ...ის ზონაში მიმაგრებული ... მიწებიდან. აქედან - დაბალპროდუქტიული ჭაობიანი საძოვარი 5 ჰექტარი, დაბალი კატეგორიის თხმელის ტყის დაკავებული მიწები 40 ჰექტარის რაოდენობით (ტ. 1, გვ. 18).

საქართველოს კპ ხობის რაიკომის ბიუროს და რაისაბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 27 მარის N77 დადგენილებიდან ამონაწერით - „ხობის რაიონში ექსპერიმენტალური საზკვების საწარმოოს შექმნის შესახებ“ ირკვევა, რომ საქართველოს კპ ხობის რაიკომის ბიურომ და რაისაბჭოს აღმასკომმა დაადგინა: „მოწონებულ იქნას ცეკავშირის გამგეობის ღონისძიება საზოგადოებრივი კვების ობიექტების ექსპერიმენტალური წესით მუშაობის დამოუკიდებელი გაფართოებულ სამეურნეო უფლებებზე გადაყვანასთან დაკავშირებით და მიღებულ იქნა ხობის რაიკოოპერატივის გამგეობის წინადადება აღნიშნული ექსპერიმენტის განხორციელების შესახებ ხობის რაიკოოპერატივის რესტორნების ,,...ს’’ და ,,...ის’’ ბაზაზე“. რაისაბჭოს აღმასკომმა უზრუნველყო ექსპერიმენტის ობიექტებისათვის დროებით სარგებლობაში მიწის ნაკვეთის გამოყოფა 10 ჰექტარის რაოდენობით“.

საქართველოს მთავრობის 1991 წლის 27 მარტის N163გ. განკარგულებით დადგენილია, რომ მიღებულ იქნა ცეკავშირის გამგეობის წინადადება და ნება დაერთო ცეკავშირის საექსპორტო-საიმპორტო სამმართველოს და კოოპერატივ ,,...ს“ შექმნან იტალიურ ფირმა ,,...სთან“ ერთად ერთობლივი საწარმო ,,...“.

საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს 1991 წლის 02 ივლისის N15-14/521 მოწმობიდან ირკვევა, რომ 1991 წლის 2 ივლისს საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველო-იტალიის ერთობლივი საწარმო ,,...“ შეტანილია იმ ერთობლივი საწარმოების და ორგანიზაციების რეესტრში, რომლებიც იქმნებიან საქართველოს რესპუბლიკაში საქართველოსა და უცხოეთის ორგანიზაციების, ფირმებისა და მმართველობის ორგანოების მონაწილეობით.

ხობის საზკვების გაერთიანების 1991 წლის 25 დეკემბრის N73 ბრძანებით დადგენილია, რომ მ/წლის 25 დეკემბერს N426/03 ხობის რაიონის კოოპერატივის გამგეობის განკარგულებით აგროფირმა ,,...ს“ ფაქტობრივი ღირებულების გადახდით გადაეცა რესტორანი ,,...ი“.

1997 წლის 21 თებერვალს ხობის რაიონულ სასამართლოში დარეგისტრირდა შპს ,,...”, რომელსაც მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი 66/452-4 და სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა დადგენილება საზოგადოების რეგისტრაციის შესახებ. საზოგადოების 100%-იანი წილის მფლობელად და მის სრულუფლებიან წარმომადგენლად დაფიქსირდა მოგელი ვარლამის ძე სოსელია.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხობის რაიონული განყოფილების 2000 წლის 13 მარტის N28 ცნობით, დასტურდება, რომ კომპანიას (შპს-ს) ხობის რაიონში გააჩნია საკუთარი სახსრებით შექმნილი ობიექტები: რესტორანი ,,...ი“ - ქ.ხობი, ...ის ქუჩა; პურსაცხობი - ქ.ხობი, ...ის ქუჩა; კაფე-... - ქ.ხობი, ...ის ქუჩა; კაფე-ბარი ,,...“ - ქ.ხობი, ...ის ქუჩა N193; მაღაზია ,,...“- ქ.ხობში, ...ის ქუჩა N5; ...ის ტერიტორია. ამავე ცნობით დასტურდებოდა, რომ ზემოაღნიშნული ობიექტები არ წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და მათი პრივატიზება ქონების მართვის განყოფილების მიერ არ განხორციელებულა.

სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ხობის განყოფილების 2006 წლის 29 ივლისის N211 ცნობით დასტურდება, ქ.ხობში, ...ის ქუჩაზე მდებარე რესტორანი ,,...ი“, კაფე-... და პურსაცხობის შენობა-ნაგებობა არ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და მათი პრივატიზება ქონების მართვის განყოფილების მიერ არ განხორციელებულა.

N12 სარეგისტრაციო მოწმობით ირკვევა, რომ საქართველოს რესპუბლიკის 1999 წლის 28 მაისის კანონის საფუძველზე ხობში მდებარე 5291.2 კვ.მ. ფართობის შენობა-ნაგებობებზე და 22.800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია მ. ს-ას პირადი საკუთრების უფლება, ამავე ცნობაზე მიწერილია შემდეგი შენობა-ნაგებობები: ,,...ი“, კაფე-..., პურსაცხობი, მაღაზია ,,...“, კაფე ,,...“, საღორე N1, საღორე N2 და საძროხე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და საქმის მასალებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოსაზრებებს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა რეგისტრაციის განსახორციელებლად ყველა საჭირო დოკუმენტი და უძრავ ნივთზე სხვა პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის არარსებობა წარმოშობდა რეგისტრაციის საფუძველს. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მართალია, 2002 წელს მოქმედი ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გამიჯნული იყო ტექნიკური აღრიცხვის ინვენტარიზაციის ბიუროებისა და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ფუნქციები, თუმცა უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, ის რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულია N12 ცნობა-დახასიათება, რომლის შესაბამისად, მ. ს-ას (უფროსი) 100% წილობრივი მონაწილეობით გადაეცა 1990 წლის ტექ-ბიუროს მონაცემების მიხედვით ხობში მდებარე უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით - 22.800 კვ.მ., რესტორანი ,,...ის“ სასარგებლო ფართით - 409 კვ.მ., კაფე-ბარი, სასარგებლო ფართით - 479 კვ.მ., პურსაცხობი, სასარგებლო ფართით - 109 კვ.მ., მაღაზია „...“, სასარგებლო ფართით - 48.1 კვ.მ., კაფე-..., სასარგებლო ფართით - 48.1 კვ.მ., საღორე N1, სასარგებლო ფართით - 1 755 კვ.მ., საღორე N2, სასარგებლო ფართით - 1755 კვ.მ., საძროხე, სასარგებლო ფართით - 688 კვ.მ., ჯამში 5 291.2 კვ.მ. შენობა-ნაგებობა (ტ.1, გვ.111). N12 სარეგისტრაციო მოწმობით ირკვევა, რომ საქართველოს რესპუბლიკის 1999 წლის 28 მაისის კანონის საფუძველზე ხობში მდებარე 5291.2 კვ.მ. ფართობზე და 22.800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია მ. ს-ას პირადი საკუთრების უფლება (ტ.1, გვ. 112). ასევე დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონული ცენტის 2010 წლის 6 დეკემბრის N2-4867 ბრძანებით ბიუჯეტის ვადაგადაცილებული დავალიანების გამო 2010 წლის 2 დეკემბრის მდგომარეობით 52 987.45 ლარის ფარგლებში ყადაღა დაედო შპს ,,...ს“ ქონებას (მატერიალური ან/და არამატერიალურ აქტივებს, კერძოდ: 1 ერთეული სასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ხობი, ...ის ქუჩა N1 და მასზე დამაგრებული რესტორნის შენობა; 1 ერთეული კაფე-ბარის შენობა; 2 ერთეული ფაცხა; 1 ერთეული ჯარგვალი (ხის); 2 ერთეული სასიმინდე; 1 ერთეული პურსაცხობი შენობა; - 1 ერთეული თევზის აუზი; ... (არ იკითხება) პლანტაცია 2 ჰა მიწის ნაკვეთით, ხობი ...ის ქუჩა N1; მიწის ნაკვეთი 10.6 ჰა. ხობი, სოფელი ...; მიწის ნაკვეთი 23 ჰა. ხობი, სოფელი ...; მიწის ნაკვეთი 12 ჰა ხობი, სოფელი ...; თევზის აუზი, ხობის რაიონის, სოფელი .... შესაბამისად, სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის სარეგისტრაციო სამსახურში მიმართვის წარდგენამდე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო გამოეკვლია, მათ მიერ გამოცემული აქტები ხომ არ არღვევდა სხვა პირთა კანონიერ უფლებასა და ინტერესს. იმ პირობებში, როცა სახელმწიფო მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართავდა შენობა-ნაგებობებით განაშენიანებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, მნიშვნელოვანი იყო გაერკვია ხომ არ გააჩნდა აღნიშნულ შენობა-ნაგებობაზე რაიმე უფლება სხვა პირებს და რეგისტაციის შედეგად ხომ არ შეილახებოდა მათი კანონით დაცული უფლება და ინტერესი. კონკრეტულ შემთხვევაში კი, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უნდა შეამოწმოს, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით ხომ არ იზღუდება შპს „...ს“ კანონიერი უფლება და ინტერესი, რა ფართობის მქონე შენობა-ნაგებობასა და მიწის ნაკვეთებზე გააჩნია მას კანონიერი უფლება. ამ მხრივ გამოკვლეული უნდა იქნეს ტექინვენტარიზაციის ბიუროს საარქივო მასალები და შემოსავლების სამსახურში დაცული გადასახადის გადამხდელის ქონების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები და მათ საფუძველზე დაყადაღებული ქონების აღწერის აქტი, ასევე სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების ცნობები, რომლებიც დაცულია წინამდებარე საქმეში და მოხსენიებულია ამ გადაწყვეტილებაში.

კასატორის, შპს ,,...“-ს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, გარდა ზემოთაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლითაც დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას კერძო და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დადგენილია, რომ თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება, ამავე კანონის 7.2 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნულის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, ადმინისტრაციული ორგანოსთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების დაცვა. სასამართლო ვერ შეითავსებს ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციას და თავად ვერ განახორციელებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ვერ შეცვლის ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულებას სასამართლოს მიხედულებით. ამდენად პალატას მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სადავო ინდივიდუალური- ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობით სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გადაწყვეტით (იხ. სუსგ 20.10.21წ № ბს-1000(კ-19).

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „...ს“ საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინადიან - შპს ,,...ს“ საკასაციო საჩივარზე 03.01.2020წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „...ს“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება;

3. შპს „...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 03.01.2020წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. მაკარიძე