საქმე #ბს-62(კ-22) 19 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ლ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 27 მაისს ა. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 8 სექტემბრიდან იგი დასაქმებული იყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის #8 დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო სამსახურის ადმინისტრაციული ასისტენტის თანამდებობაზე, მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 750 ლარს. მუშაობის პერიოდში, დამსაქმებელს არასდროს გამოუთქვამს მის მიმართ რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2019 წლის 7 ნოემბერს მისთვის ცნობილი გახდა, რომ სამსახურში იგეგმებოდა რეორგანიზაცია, რასაც ხელი მოაწერა. ხოლო 2020 წლის 30 აპრილს მოულოდნელად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის #6471 ბრძანების საფუძველზე, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, იგი გაათავისუფლეს სამსახურიდან.
მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ მან 2019 წლის 21 ნოემბერს წარმატებით გაიარა ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში, ტესტირების მეორე ტური კი არ შეეხო სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე. 2020 წლის 13 მარტს მან გაიარა გასაუბრება, რომელიც ჩატარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში კომისიის წინაზე. გარდა ამისა, 2020 წლის 14 მარტიდან მოსარჩელეს ძირითად საქმიანობასთან ერთად შეთავსებით მოუწია ეკეთებინა თერმოსკრინინგი #8 დაწესებულებაში ყველა შემსვლელისთვის.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება არის დაუსაბუთებელი.
ამდენად, მოსარჩელემ „ა. ლ-ეის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 30 აპრილის #6471 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის მოსარჩელე ა. ლ-ეის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის #8 პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო სამსახურის ადმინისტრაციული ასისტენტის თანამდებობაზე ან ადმინისტრაციული ასისტენტის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მოსარჩელე ა. ლ-ეის სასარგებლოდ მისი გათავისუფლების დღიდან აღდგენამდე ყოველთვიურად 750 ლარის ოდენობით იძულებითი განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ლ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ლ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ა. ლ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის #457 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის #8 დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში განისაზღვრა სულ 76 საშტატო ერთეული, მთავარი ექიმი - 1 საშტატო ერთეული, ექიმი - 26 საშტატო ერთეული, ექიმი სტომატოლოგი - 2 საშტატო ერთეული, ადმინისტრაციული ასისტენტი - 1 საშტატო ერთეული, წამლების სამარაგოს პასუხისმგებელი პირი - 1 საშტატო ერთეული, ექთანი - 43 საშტატო ერთეული, ექთნის ასისტენტი - 2 საშტატო ერთეული. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 29 აპრილის #6425 ბრძანებით კი ცვლილება შევიდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის #457 ბრძანებაში, რომლითაც საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, 2020 წლის 1 მაისიდან. ამ საშტატო ნუსხის მიხედვით, #8 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტში განისაზღვრა 62 საშტატო ერთეული, აქედან, სამედიცინო პუნქტის უფროსი - 1 საშტატო ერთეული, ექიმი - 19 საშტატო ერთეული, წამლების სამარაგოს პასუხისმგებელი პირი - 2 საშტატო ერთეული, ექთანი - 40 საშტატო ერთეული. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ არსებული 76 საშტატო ერთეული შემცირდა 14 საშტატო ერთეულით და საბოლოოდ განისაზღვრა 62 საშტატო ერთეულით, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რეორგანიზაციას შედეგად მოჰყვა შტატების შემცირება. რაც შეეხება კონკრეტულად მოსარჩელის საშტატო ერთეულს, აღნიშნული თანამდებობა საერთოდ გაუქმებულ იქნა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში შეიცვალა საჯარო დაწესებულების სტრუქტურა და გაუქმებული სტრუქტურული ერთეულის მსგავსი ფუნქციებით აღჭურვილი სხვა ახალი საშტატო ერთეული არ ჩამოყალიბებულა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოსარჩელის საშტატო ერთეული არა ფორმალურად, არამედ რეალურად იქნა გაუქმებული. ამდენად, ამ პირობებში სააპელაციო პალატამ შეუძლებლად ჩათვალა მოსარჩელის იმავე თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება არც იმავე და არც მსგავსი ფუნქციური დატვირთვის მატარებელი შტატის არარსებობის გამო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ა. ლ-ეის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის ფუნქციებით ხსენებულ საექიმო-სამედიცინო პუნქტში არცერთი საშტატო ერთეული არ განსაზღვრულა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ იმდენად, რამდენადაც სასამართლოს მიერ არ იქნა უკანონოდ ცნობილი მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, არ არსებობდა როგორც გაუქმებულ საშტატო თანამდებობაზე, ასევე ამ გაუქმებული საშტატო ერთეულის ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის სამართლებრივი საფუძვლები და, შესაბამისად, არც იძულებითი განაცდურის მიღების წინაპირობები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ლ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავოა ის გარემოება, თუ რამდენად იყო სახეზე შტატების შემცირება. შესაბამისად, სასამართლოს სწორედ შტატის ფაქტობრივი გაუქმების დადგენაზე უნდა ემსჯელა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და შესაბამისი სასამართლო პრაქტიკის მოხმობის საფუძველზე.
კასატორის მითითებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ერთ-ერთი საფუძველია „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის, პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის და შტატების შემცირების გამო სამსახურის სპეციალური და სამოალაქო დანაყოფების მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობას. კასატორის მოსაზრებით, საგულისხმოა ის გარემოება, რომ სადავო ბრძანება გამოიცა მას შემდეგ, რაც ა. ლ-ემ, რეორგანიზაციის გამოცხადების შემდეგ, წარმატებით გაიარა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტში ტესტირებისა და გასაუბრების ჩატარების მიზნით შესაბამის მოსამსახურეთა განსაზღვრის შესახებ“ 2019 წლის 12 ნოემბრის #19612 ბრძანებით გათვალისწინებული ტესტირება და გასაუბრება. ამდენად, კასატორისათვის გაუგებარია, თუ რატომ დაექვემდებარა იგი ტესტირებასა და გასაუბრებას, თუკი მის მიერ დაკავებული თანამდებობა - #8 დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ადმინისტრაციული ასისტენტის შტატი უნდა გაუქმებულიყო. ტესტირების სირთულიდან გამომდინარე, დამსაქმებელს ჰქონდა იმის მცდარი მოლოდინი, რომ ა. ლ-ე ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპებს ვერ გადალახავდა, რაც არასაკმარისი პროფესიული ჩვებების გამო სამსახურიდან მისი გათავისუფლების საფუძველი გახდებოდა. მას შემდეგ კი, რაც ა. ლ-ემ წარმატებით გაიარა ორივე ეტაპი, ადმინისტრაციულმა ორგანომ მისი გათავისუფლების მიზნით დასაქმებულის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაუდო შტატის გაუქმება, რაც, კასატორის შეფასებით, ადასტურებს დამსაქმებლის განზრახვას, რომ შტატი სწორედ ა. ლ-ეის გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობის გამო იქნა გაუქმებული მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიეცა შესაძლებლობა, დასაქმებული ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების საფუძველზე გაეთავისუფლებინა.
ამასთან, კასატორისთვის გაუგებარია, თუ რატომ მიიჩნია სააპელაციო პალატამ მისი შტატი გაუქმებულად, თუკი მოხდა მისი შტატით გათვალისწინებული ფუნქციების არა გაუქმება, არამედ ტრანსფორმირება, მაშინ, როდესაც რეორგანიზაციად ითვლება შტატების იმგვარი შემცირება, როდესაც სახეზეა კონკრეტული ფუნქციური დატვირთვით აღჭურვილი საშტატო ერთეულის საერთოდ გაუქმება ისე, რომ აღნიშნული ფუნქციები, თუნდაც სხვა დასახელების მქონე საშტატო ერთეულის ფუნქციებში არ ტრანსფორმირდება. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია შტატის გაუქმება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე და 110-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევად, ვინაიდან ფორმალური ხასიათის მქონე რეორგანიზაციით დაიფარა დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების რეალური მიზანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ლ-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ლ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „ა. ლ-ეის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 30 აპრილის #6471 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის მოსარჩელე ა. ლ-ეის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის #8 პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო სამსახურის ადმინისტრაციული ასისტენტის თანამდებობაზე ან ადმინისტრაციული ასისტენტის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მოსარჩელე ა. ლ-ეის სასარგებლოდ მისი გათავისუფლების დღიდან აღდგენამდე ყოველთვიურად 750 ლარის ოდენობით იძულებითი განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ შეიძლება გახდეს მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 103-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოხსენებული კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ქვპუნქტზე, რომლის თანახმად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირება. ამავე კანონის 110-ე მუხლის თანახმად კი მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს სამსახურის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის, პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 26 ნოემბრის #MCLA8 14 00002673 ბრძანების შესაბამისად, ა. ლ-ე დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის #8 დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო სამსახურის ადმინისტრაციული ასისტენტის თანამდებობაზე 2014 წლის 26 ნოემბრიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით ასევე დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის #457 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის #8 დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში განისაზღვრა სულ 76 საშტატო ერთეული, მთავარი ექიმი - 1 საშტატო ერთეული, ექიმი - 26 საშტატო ერთეული, ექიმი სტომატოლოგი - 2 საშტატო ერთეული, ადმინისტრაციული ასისტენტი - 1 საშტატო ერთეული, წამლების სამარაგოს პასუხისმგებელი პირი - 1 საშტატო ერთეული, ექთანი - 43 საშტატო ერთეული, ექთნის ასისტენტი - 2 საშტატო ერთეული. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 29 აპრილის #6425 ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის #457 ბრძანებაში, რომლითაც საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, 2020 წლის 1 მაისიდან. ამ საშტატო ნუსხის მიხედვით #8 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტში განისაზღვრა 62 საშტატო ერთეული, აქედან, სამედიცინო პუნქტის უფროსი - 1 საშტატო ერთეული, ექიმი - 19 საშტატო ერთეული, წამლების სამარაგოს პასუხისმგებელი პირი - 2 საშტატო ერთეული, ექთანი - 40 საშტატო ერთეული. ამდენად, დადგენილია, რომ არსებული 76 საშტატო ერთეული შემცირდა 14 საშტატო ერთეულით და საბოლოოდ განისაზღვრა 62 საშტატო ერთეულით.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 30 აპრილის #6471 ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის #8 დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ადმინისტრაციული ასისტენტი - ა. ლ-ე გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან, 2020 წლის პირველი მაისიდან.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას იმის თაობაზე, რომ განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში შეიცვალა საჯარო დაწესებულების სტრუქტურა და გაუქმებული სტრუქტურული ერთეულის მსგავსი ფუნქციებით აღჭურვილი სხვა ახალი საშტატო ერთეული არ ჩამოყალიბებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელის საშტატო ერთეული რეალურად იქნა გაუქმებული. ამდენად, ამ პირობებში, ა. ლ-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია როგორც მისი საშტატო ერთეულის გაუქმების, აგრეთვე მსგავსი ფუნქციური დატვირთვის მატარებელი შტატის არარსებობის გამო.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მითითებას, რომ ვინაიდან მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ იქნა ბათილად ცნობილი, არ არსებობს არც გაუქმებულ საშტატო თანამდებობაზე ან ამ გაუქმებული საშტატო ერთეულის ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის სამართლებრივი საფუძვლები და, შესაბამისად, არც იძულებითი განაცდურის მიღების წინაპირობები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ლ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა