Facebook Twitter

საქმე #ბს-244(კ-22) 19 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 25 დეკემბერს მ. მ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი არის ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებული პირი, წარმოადგენს პენსიონერს და ვეტერანს, რომელიც 1991 წლიდან ცხოვრობს ნათესავის ბინაში, ქარელის რაიონის სოფელი ...ში. აღნიშნული სოფელი 2008 წლის ომის შემდეგ წარმოადგენს საზღვრისპირა სოფელს, შესაბამისად, ცხოვრება არ არის უსაფრთხო.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მონიტორინგის სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად, მას მიენიჭა 3 ქულა. მიუხედავად ამისა, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 9 ნოემბრის ბრძანებით მას უარი ეთქვა საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.

ამდენად, მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 9 ნოემბრის #03-2332/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით მ. მ-იის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 9 ნოემბრის #03-2332/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ. მ-იი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მ. მ-იის მუდმივ საცხოვრებეს ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა ცხინვალი, ხოლო მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი ამჟამად არის შიდა-ქართლი, ქარელი, სოფელი ...ი, სადაც ცხოვრობს შვილთან ერთად. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 28 სექტემბრის სხდომის #52 ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით მ. მ-ის უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო, კერძოდ, გარდაცვლილი მეუღლის სახლში ცხოვრებიდან გამომდინარე. შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 9 ნოემბრის #03-2332/ო ბრძანებით, გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა მ. მ-ის (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.

სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 28 სექტემბრის სხდომის #52 ოქმის მიხედვით, ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 2.5 და მეტი ქულა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დროს ზემოაღნიშნული წესი ითვალისწინებს სწორედ იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ან ახლობლის ბინაში და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში, რის გამოც მხოლოდ ეს გარემოება არ შეიძლება გამხდარიყო დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი, რადგან იგი დევნილი ოჯახის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს და სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ქულათა საერთო რაოდენობას განსაზღვრავს. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ დროებით, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებული იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვის დროს, შესაძლებელი იყო 9 ერთოთახიანი ბინის განაწილება, თუმცა წარდგენილი იყო 102 განაცხადი, რომელთაც წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 2.5 და მეტი ქულა. 2020 წლის 28 სექტემბრის კომისიის ოქმით დასტურდება, რომ 102 განმცხადებელს მიენიჭა 2.5 ქულა, რაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ კომისიას განეხილა მათი განსახლების საკითხი. სააგენტო საკმარისი ბინების არარსებობის გამო ვერ დააკმაყოფილებდა ყველა განაცხადს, მიუხედავად საჭირო ქულისა. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო, მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იღებდა გადაწყვეტილებას, თუ ვისი დაკმაყოფილების საკითხი იყო პრიორიტეტული, ქულების სრული დამთხვევის შემთხვევაში, კომისია დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ატარებდა კენჭისყრას და გადაწყვეტილებას იღებდა ხმათა უმრავლესობით. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ დააგროვა საჭირო რაოდენობის ქულა, ის 1990 წლიდან ქირის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს მისი ბიძაშვილის - ა. მ-ის საკუთრებაში, რის გამოც ცხადია მისი განსახლების საკითხი პრიორიტეტულად ვერ ჩაითვლებოდა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მონიტორინგის მიერ მოკვლეული ინფორმაციით არ დადგინდა, რომ მოსარჩელის განსახლება იმ ეტაპზე გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენდა, სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა განმცხადებლის ფაქტობრივ მისამართზე (ქარელის რაიონი, სოფ. ...ი) განახორციელეს ვიზიტი, რის თაობაზეც შედგა მონიტორინგის ოქმი. 2020 წლის 13 აგვისტოს შეივსო მონიტორინგის ფორმა, სადაც მხარემ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 1990 წლიდან. მონიტორინგის დროს მ. მ-ითან ერთად იმყოფებოდა შვილი - ნ. მ-ი, რომელიც მას შეყვანილი ჰყავს განაცხადში. ბინა, სადაც მ. მ-იი ოჯახთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობს, მისი ბიძაშვილის - ა. მ-ის საკუთრებაა (უძრავი ქონების ს.კ. ...). ეზოში დგას ორი შენობა-ნაგებობა. მეორე სახლში ცხოვრობს გარდაცვლილი მეუღლის და, დისშვილი და რძალი. მ. მ-იის შვილი - მა. მ-ი ოჯახით ცხოვრობს ქარელის რაიონის სოფელ ...ში მეუღლესთან - თ. კ-ესთან ერთად. მეორე შვილი - ნ. მ-ი ოჯახით ცხოვრობს ასევე ქალაქ თბილისში, ...ის #...-ში. ამდენად, მართალია, მხარემ დააგროვა 3.00 ქულა, რაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ კომისიას მისი მოთხოვნა განეხილა, თუმცა წარდგენილი ინფორმაციისა და საქმეში არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე, საკითხის განმხილველმა კომისიამ სრულიად დასაბუთებულად მიიჩნია, რომ მის ოჯახს სასწრაფო და აუცილებელი განსახლება იმ ეტაპზე არ სჭირდებოდა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტოს სადავოდ არ გაუხდია, რომ ის საცხოვრებელი სახლი, სადაც მოსარჩელე ფაქტობრივად ცხოვრობს, მის სახელზე საკუთრების უფლებით არ ირიცხება, თუმცა, ის ფაქტი, რომ სახლი მ. მ-იზე რეგისტრირებული არ არის საკუთრების უფლებით, ცალსახად და უპირობოდ არ ადასტურებს მხარის განსახლების გადაუდებელ საჭიროებას. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სააგენტომ სათანადოდ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 2020 წლის 9 ნოემბრის #03-2332/ო ბრძანების კანონიერება და სააგენტოსთვის მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ. მ-იი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის ფაქტობრივ მისამართად მითითებულია საქართველო, შიდა ქართლი, ქარელი, სოფელი ...ი. მ. მ-იის განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 3 ქულა, მათ შორის, 1.5 ქულა - საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ნათხოვარი, 1.5 ქულა - მარჩენალ დაკარგული - გარდაცვლილი ომის ვეტერანი. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 9 ნოემბრის #03-2332/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი #52), მ. მ-ის უარი ეთქვა იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის საფუძვლით, გარდაცვლილი მეუღლის სახლში ცხოვრების გამო. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 11 თებერვლის სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ კომისიის ოქმში დაშვებულია ტექნიკური ხარვეზი და უარის თქმის საფუძვლად მითითებულია გარდაცვლილი მეუღლის სახლში ცხოვრება, ნაცვლად ბიძაშვილის - ა. მ-ის საკუთრებაში ქირის გარეშე ცხოვრებისა. ამდენად, დადასტურებულია, რომ მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა ბიძაშვილის - ა. მ-ის საკუთრებაში ქირის გარეშე ცხოვრების ფაქტი.

ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 28 სექტემბრის სხდომის #52 ოქმის მიხედვით, ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 2.5 და მეტი ქულა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირი ნათესავთან ცხოვრობს, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი. აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის უფლებას, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. ამასთან, დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 28 სექტემბრის სხდომის #52 ოქმის მიხედვით, ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 2.5 და მეტი ქულა, ხოლო მ. მ-ის მინიჭებული ჰქონდა 3 ქულა, რაც საკმარისი იყო განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით, რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებებს მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონშესაბამისობასთან მიმართებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა