საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-34(კ-22) 28 ივნისი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ. ა-ე
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
დ. ა-ემ 2020 წლის 28 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ და მოითხოვა მის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით დ. ა-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს გენერალურ პროკურატურას დ. ა-ეის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ.
კასატორი საქართველოს გენერალური პროკურატურა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 992-ე და 1005-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ არ არსებობს პროკურატურისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი, რადგან არ დასტურდება პროკურატურის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რომელმაც გამოიწვია აღნიშნული სახის ზიანი.
საქართველოს გენერალური პროკურატურის მითითებით, ზიანის ანაზღაურებისათვის სახეზე უნდა იყოს მოხელის უკანონო ქმედება, რომელიც პირისთვის ზიანის მიყენების საფუძველი გახდა. მოცემულ შემთხვევაში კი, პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს.
კასატორის განმარტებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და საკითხის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, მსგავს საქმეებზე საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მიკუთვნებული 12 000 ლარის დაკისრება არაგონივრულად მაღალ ოდენობას წარმოადგენს და არ შეესაბამება მსგავს საკითხებზე ეროვნული და ევროპული სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი, ხოლო ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კერძოდ, მითითებული კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. ამრიგად, ზიანის ანაზღაურებისთვის, პირის ქმედება უნდა ატარებდეს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და იწვევდეს პირისთვის ზიანის მიყენებას. დამდგარ შედეგსა და უკანონო ქმედებას შორის კი უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი პირის ბრალეულობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. კერძოდ, პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია დაზარალებულის დაცვა და გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების კომპენსირება.
საქმეზე დადგენილია, რომ დ. ა-ე დაკავებულ იქნა 2015 წლის 5 სექტემბერს. პროკურორის დადგენილების საფუძველზე, 2015 წლის 7 სექტემბერს დ. ა-ე გათავისუფლდა დაკავებიდან. სასამართლოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით მას შეეფარდა გირაო 10 000 ლარის ოდენობით, რომლის გადაუხდელობის გამო, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შეიცვალა უფრო მკაცრი აღკვეთი ღონისძიებით - პატიმრობით. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორის 2016 წლის 11 აპრილის დადგენილებით დ. ა-ეის მიმართ გამოცხადდა ძებნა. გამოცხადებული ძებნის საფუძველზე, იგი 2016 წლის 19 აპრილს დააკავეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 ივნისის №1/5-16 განაჩენით დ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით. აღნიშნული განაჩენი ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მაისის №1/ბ-452-2016 განაჩენით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 3 იანვრის განაჩენით დ. ა-ე გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში და გათავისუფლდა დარბაზიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 3 იანვრის ზემოაღნიშნული განაჩენი წარმოადგენს მოსარჩელის რეაბილიტაციის იურიდიულ საფუძველს, ვინაიდან უტყუარად დასტურდება წარდგენილი ბრალდების უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული შეზღუდვის არამართლზომიერება. ამდენად, სახეზეა დ. ა-ეის მარეაბილიტირებელი გარემოება და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეულია უკანონო ბრალდებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებების დარღვევასთან, ხოლო ქონებრივი უფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორი სახელმწიფო ორგანოს მოსაზრებას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არარსებობის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტირებული პირის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არსებობს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად, როგორც ეს პირდაპირაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
რაც შეეხება მიყენებული ზიანის ოდენობას, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. კერძოდ, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის ხანგრძლივობა და სხვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ. ა-ეის მიერ პატიმრობაში გატარებული დროისა და იმ განცდების გათვალისწინებით, რაც თან ახლავს უკანონო მსჯავრდებას, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 12 000 ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე