საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-51(კ-21) 9 ივნისი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - სს „...“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, შპს „...“, ე. ჩ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:სს „...მა“ 2017 წლის 17 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად უძრავი ნივთების რეგისტრაციის შესახებ ამავე სააგენტოს 2017 წლის 9 აგვისტოს №... (ს/კ ...), №... (ს/კ ...), №... (ს/კ ...) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ე. ჩ-ი და შპს „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აპრილის განჩინებით სს „...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ის გამზირის №...-ში მდებარე შენობის (ს/კ ...) ფართი შეადგენს 2430 კვ.მ-ს (აღნიშნული შენობა არის ცნობა-დახასიათებაში დატანილი „ლიტერი ა“ და „ლიტერი ა1“ შენობა), ხოლო სს „...ს“, შპს „...ისა“ და ე. ჩ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული ფართი ჯამში შეადგენს 2400.68 კვ.მ-ს (სს „...“ - 2187.68 კვ.მ; შპს „...ი“ - 108 კვ.მ; ე. ჩ-ი - 105 კვ.მ.). ამდენად, სხვაობა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, საერთო ფართსა და რეგისტრირებულ ფართებს შორის, შეადგენს 29.32 კვ.მ-ს; შესაბამისად, სახელმწიფოს პრეტენზია ფართის საკუთრების უფლებაზე არ შეიძლება აღემატებოდეს 29.32 კვ.მ-ს. ამდენად, დაუსაბუთებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მითითება, რომ დასახელებულ ცნობა-დახასიათებაში სარდაფის ფართის ოდენობა სრულად არ იქნა ასახული და ფაქტობრივად, არსებობდა სარდაფის აღურიცხავი ფართი. კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილია სართულებრივი გეგმა, რომლის მიხედვით, სარდაფის ფართი შეადგენდა მხოლოდ 28 კვ.მ-ს, ხოლო სხვა ფართის არსებობა აღნიშნული დოკუმენტით დადგენილი არ არის. შემდგომში, სარდაფის ფართის გაზრდა მოხდა სს „...ს“ მიერ 2009 წელს გაცემული ნებართვის საფუძველზე, რაც არ წარმოადგენს სახელმწიფოს ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის წინაპირობას, პირიქით, ეკონომიკის სამინისტროს გაცემული ჰქონდა თანხმობა სს „...ს“ მიერ შენობის რეკონსტრუქციასა და ფართების გაზრდაზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №..., №... და №... გადაწყვეტილებები, სახელმწიფოს საკუთრებად ...ის გამზირის №...-ში, ჯამში 192.96 კვ.მ. სარდაფის (76.88+89.36+26.72) რეგისტრაციის თაობაზე უკანონოა. აღნიშნულს ის გარემოებაც ადასტურებს, რომ სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაცია განხორციელდა სს „...ს“ და სხვა თანამესაკუთრეების ყოველგვარი თანხმობისა და შეტყობინების გარეშე. კასატორის მითითებით, სასამართლომ ასევე არ დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ვინაიდან ქალაქ თბილისში, ...ის გამზირის №...-ში ფიქსირდებოდა ორზე მეტი ინდივიდუალური საკუთრება, კერძოდ, სს „...ს“, ე. ჩ-ის, შპს „...სა“ და აგრეთვე თანასაკუთრებაზე პრეტენზიას აცხადებს სახელმწიფო, აღნიშნულ მისამართზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, კანონის შესაბამისად, ითვლებოდა შექმნილად. კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება სადავო რეგისტრაციის საფუძვლად წარდგენილი ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 4 აგვისტოს №1/1-1906 ბრძანების ძალაში ყოფნაზე, ვინაიდან აღნიშნული ბრძანება სს „...მა“, კანონით დადგენილი წესით, გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო შემდგომ სასამართლოში და საქმე მოსამზადებელ ეტაპზეა. ამრიგად, დასახელებულ გარემოებებზე მითითებით, კასატორი ითხოვს სადავო რეგისტრაციების ბათილად ცნობას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „...ის“ საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერების შეფასება. მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო გადაწყვეტილებებით უკანონოდ განხორციელდა სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაცია, ვინაიდან არ არსებობდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან, სადავო სარდაფები წარმოადგენდა თანამესაკუთრეთა საერთო ქონებას. საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო იმავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციისა თუ უკვე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების განხორციელებისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს საკუთრების უფლების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია. ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, საკუთრების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელდეს.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-18 მუხლზე, რომლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
დასახელებულ ნორმათა ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს, მართალია, არ გააჩნია წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობის შემოწმების უფლებამოსილება, თუმცა, მისი შეფასების საგანს უდავოდ წარმოადგენს საკითხი - არის თუ არა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე, მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტი ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების უშუალოდ წარმოშობის საფუძველი. ამასთან, სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა, ასევე, რეგისტრაციამდე სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეადაროს მასთან დაცულ მონაცემებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 7 აგვისტოს განცხადებებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქალაქ თბილისში, ...ის გამზირის №...-ში მდებარე 76.88 კვ.მ., 89.36 კვ.მ. და 26.72 კვ.მ. სარდაფებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სააგენტომ განცხადებასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 4 აგვისტოს №1/1-1906 ბრძანება და შიდა აზომვითი ნახაზი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 9 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა და ქალაქ თბილისში, ...ის გამზირის №...-ში მდებარე 76.88 კვ.მ. ფართის სარდაფი (ს/კ ...) დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად; სააგენტოს №... გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისში, ...ის გამზირის №...-ში მდებარე 89.36 კვ.მ. ფართის სარდაფი (ს/კ ...) დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად; სააგენტოს №... გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისში, ...ის გამზირის №...-ში მდებარე 26.72 კვ.მ. ფართის სარდაფი (ს/კ ...) ასევე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის სწორად გადაწყვეტისთვის ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიუთითეს საქმის მასალებში წარმოდგენილ 2012 წლის 27 თებერვლის ცნობა-დახასიათებაზე, რომლითაც დგინდება, რომ ქალაქ თბილისში, ...ის გამზირის №...-ში მდებარე ფართის ნაწილი გასხვისებულია, ხოლო ფართის დარჩენილ ნაწილზე რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება. ამდენად, დასახელებული ცნობა-დახასიათებით ცალსახად დგინდება, რომ გარდა გასხვისებული ფართისა, ფართის დარჩენილი ნაწილი სრულად წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი უძრავი ქონების სართულებრივი გეგმით დასტურდება, რომ „ლიტერ ა-ში“ არსებული სარდაფის ფართი სრულად არ იქნა ასახული ცნობა-დახასიათებაში და ფაქტობრივად, დამატებით არსებობდა სარდაფის აღურიცხავი ფართი. მნიშვნელოვანია, რომ საქმეში არსებული საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაციიდან გამომდინარე, არ დასტურდება სს „...სთვის“, შპს „...სა“ და ე. ჩ-ისთვის ლიტერ „ა-ში“ მდებარე სარდაფის სრულ ფართზე (გარდა სახელმწიფო საკუთრების ფართისა) საკუთრების უფლების გადაცემა, რასაც მოსარჩელე მხარეც არ ხდის სადავოდ. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრება, რომ იმ პირობებში, როდესაც ქალაქ თბილისში, ...ის გამზირის №...-ში მდებარე ფართის გაუსხვისებელი ნაწილი სრულად წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას და ფაქტობრივად, არსებობდა სარდაფის დამატებითი ფართი, რომელიც არ გასხვისებულა, წარმოიშვა სადავო ფართზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება და მოსარჩელე მხარის მითითება საერთო ქონებაზე, არ უნდა იქნეს გაზიარებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში 2017 წლის 7 აგვისტოს სარეგისტრაციო განცხადებებით წარდგენილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 4 აგვისტოს №1/1-1906 ბრძანება ძალაშია და კანონით დადგენილი წესით არ გაუქმებულა.
რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 7 აგვისტოს №ნ/1086-1 უძრავ ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობაზე, საკასაციო პალატა ამ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აღნიშნული ნებართვა შეეხება უძრავი ძეგლის ცვლილებას (სართულის დაშენება) უძრავ ძეგლზე სამუშაოების განხორციელების თაობაზე, რაც არ შეიძლება განხილულ იქნეს სადავო ფართზე (სარდაფზე) საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტად. სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონიმიკური განვითარების სამინისტროს 2008 წლის 6 აგვისტოს №15/3567/6-9 წერილი ასევე ვერ იქნება მიჩნეული სადავო ფართზე (სარდაფზე) მოსარჩელის საკუთრების უფლების დამადასტურებელ გარემოებად, რამდენადაც აღნიშნული წერილის შინაარსი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ თანხმობა განაცხადა ...ის გამზირის №...-ში მდებარე შენობის რესტავრაცია-რეკონსტრუქციასა და მსუბუქი ტიპის მინა-ბეტონის მოცულობის დაშენებაზე, მხოლოდ იმ პირობით, რომ აღნიშნულის შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცემოდა არასაცხოვრებელი ფართის ის ოდენობა, რომლითაც არ შეიცვლებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ არასაცხოვრებელ ფართზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთის ფართის ოდენობა.
ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება სადავო ფართზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების არსებობა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები კანონშესაბამისია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
ამრიგად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სს „...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აპრილის განჩინება;
3. კასატორს - სს „...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 11 მარტს №505 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე