საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-184(კ-22) 28 ივნისი, 2022 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) – თ. ნ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თ. ნ-ემ 2020 წლის 18 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, ამავე სააგენტოს 2020 წლის 7 აგვისტოს №03-906/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის თ. ნ-ეის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ივნისის მაისის გადაწყვეტილებით, თ. ნ-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 07 აგვისტოს N03-906/ო ბრძანება; მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე თ. ნ-ეის ოჯახთან დაკავშირებით კანონით დადგენილ ვადაში; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მისი გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელე თ. ნ-ემ 2019 წლის 30 ოქტომბერს შეავსო განაცხადი მეუღლესთან - ე. შ-ასთან, შვილთან კ. ნ-ესთან და 2 არასრულწლოვან შვილიშვილთან ერთად. 2020 წლის 11 ივნისს განმცხადებლის ფაქტობრივ მისამართზე, ქ. თბილისი, ...ის ქ. კორპ....., ბ....-ში, განხორციელდა მონიტორინგი, სადაც მოსარჩელის განმარტებით ოჯახთან ერთად ცხოვრობდა მიმდინარე წლის მაისიდან ქირის გარეშე და აღნიშნული ბინა მისი ბიძაშვილის – გ. ნ-ეის საკუთრებას წარმოადგენდა (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ...). მისი შვილი და რძალი - თ. ღ-ე არიან განქორწინებული და ამის გამო, რძალი ცხოვრობს მშობლებთან მცხეთის რაიონის სოფელ ...ში.
თ. ნ-ეის განცხადების განხილვისას, დამატებითი მოკვლევის მიზნით მონიტორინგი ასევე განხორციელდა ქ. თბილისი, ორხევში, ...ის N...-ში მდებარე ბინა N...-ში. აღნიშნული ბინა (საკ. კოდი: ...) საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მოსარჩელის რძლის - თ. ღ-ეის საკუთრებაა. მისამართზე მონიტორინგის თანამშრომლებს კარი არავინ გაუღო. გასაუბრება მოხდა მოპირდაპირე მხარეს ბინა N...-ში მცხოვრებ ი-იების ოჯახთან, რომლებმაც განაცხადეს, რომ ბინა N... და N... არის ძმების, თ. და მ. ნ-ეების საკუთრება. მალხაზის ოჯახი ცხოვრობს მე-3 სართულზე ბინა N...-ში, ხოლო თ.ის ოჯახი კი - ბინა N...-ში, სადაც ასევე ცხოვრობენ თ.ის შვილი-კ. და კ.ს ცოლ-შვილი. მოწოდებული ინფორმაცია დაადასტურა იმავე სადარბაზოში პირველ სართულზე მცხოვრებმა მეზობელმა, თუმცა ოქმზე ხელმოწერისგან მეზობლებმა თავი შეიკავეს ოჯახთან კონფლიქტის თავიდან არიდების მოტივით. კასატორის მოსაზრებით, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე დასტურდება, რომ თ. ნ-ეის განაცხადში დაფიქსირებული და მონიტორინგისას გამოვლენილი ინფორმაცია იყო ერთმანეთთან შეუსაბამო. შვილის და რძლის ოჯახის შეყვანა განაცხადში, განმცხადებლის მიერ ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების მიზნით მოხდა. მონიტორინგის მასალები გადაეცა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას განსახილველად. კომისიამ 2020 წლის 21 ივლისს იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და გადაწყვიტა, რომ ოჯახს უარი ეთქვას საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო. აქედან გამომდინარე დასტურდება, რომ ადმინისტრაციულ ორგანომ ოჯახის შემადგენლობის სათანადოდ გამოკვლევის შედეგად მიიღო თ. ნ-ეის განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება, შესაბამისად გამოიცა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 7 აგვისტოს №03-906/ო ბრძანება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებულ ბრძანებას საფუძვლად დაედო საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე მოკვლევის მასალები და მისი გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რაც გამოიწვევდა გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობას, შესაბამისად, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, თ. ნ-ეის მიერ გასაჩივრებულია დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 7 აგვისტოს №03-906/ო ბრძანება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, ამდენად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) პირველი პუნქტით დამტკიცდა „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). პალატა მიუთითებს აღნიშნული წესის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება; იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია ერთი მხრივ დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ კი დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა. საყურადღებოა, რომ მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. ნ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მას სარეგისტრაციო მისამართზე - თბილისი, ...ის N3-ში მითითებული ჰყავს: მეუღლე - ე. შ-ა, შვილი -კ. ნ-ე, შვილიშვილები - ქ. და ე. ნ-ეები. მოსარჩელის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაცხადის განხილვის შედეგად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 7 აგვისტოს №03-906/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №36), თ. ნ-ეის ოჯახს ეთქვა უარი ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების მოტივით. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, თ. ნ-ეის ოჯახი შეფასდა 4 ქულით. მოსარჩელე არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.
2020 წლის 08 ივნისის ადგილზე გამოცხადების ოქმით ირკვევა, რომ მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა მოსარჩელის მიერ განცხადებაში მითითებულ მისამართზე: თბილისი, ...ის ქ. N3-ში, სადაც, ადგილზე არავინ დახვდათ. მეზობლის განმარტებით, თ. ნ-ე რამდენიმე თვეა გადავიდა სხვა მისამართზე, მანამდე კი ქირით ცხოვრობდა.
დამატებითი მოკვლევის მიზნით, 2020 წლის 11 ივნისს, მოსარჩელის როგორც ფაქტობრივ მისამართზე თბილისი, ...ის ქუჩა, მე-... კორპუსი, ბინა N...-ში, ასევე მოსარჩელის რძლის - თ. ღ-ეის საკუთრებაში რეგისტრირებულ ბინა N...-ში განხორციელდა მონიტორინგი, რომლის მიხედვითაც ბინა N...-ში მონიტორინგის ჯგუფის თანამშრომლებს ასევე არავინ დახვდათ, ხოლო ამავე მისამართზე მცხოვრები მეზობლების განმარტებით (რომელთაც ოჯახთან კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით თავი შეიკავეს ოქმზე ხელმოწერისგან,) ბინა N... და N... არის ძმების, თ.ის და მალხაზის საკუთრება. მალხაზის ოჯახი ცხოვრობს მე-3 სართულზე ბინა N...-ში, ხოლო, თ.ის ოჯახი ბინა N...-ში, სადაც, ასევე ცხოვრობენ თ.ის შვილი - კ. და კ.-ს ცოლ-შვილი. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ აღნიშნული განმარტება წინააღმდეგობაში იყო თ. ნ-ეის მიერ განაცხადში მითითებულ ინფორმაციასთან, რომლის მიხედვითაც ბინა N..., სადაც ფაქტობრივად ცხოვრობს, ეკუთვნოდა მის ბიძაშვილს, ხოლო მისი შვილი და რძალი განქორწინებული იყვნენ. გარდა ამისა, მოწმის სახით დაკითხული მოსარჩელის ყოფილი რძლის თ. ღ-ეის თქმით, მისი შვილები ცხოვრობენ მამასთან, რადგან, მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისი, თ. ...ის ქუჩა, მე-... კორპუსი, ბინა N..., რეალურად ეკუთვნის მის ძმას და დღეის მდგომარეობით გაქირავებულია. თავად თ. ღ-ე ცხოვრობს ნათესავის სახლში, სადაც, ფართის სიმცირის გამო არ შეუძლია შვილები მასთან დაიტოვოს, შესაბამისად, ბავშვები ცხოვრობენ მამასთან ქ. თბილისში, თ. ...ის ქუჩა, მე-... კორპუსი, ბინა N...-ში.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების მოტივით ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია გარემოებები თ. ნ-ეის ოჯახის შემადგენლობის თაობაზე. ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის გამოკვლეული მოსარჩელის შვილისა და რძლის განქორწინების თაობაზე არსებული ინფორმაცია, ასეთი ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში კი, გამოსაკვლევია ბავშვების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ...ის ქუჩა N...-ში მდებარე ბინა N... ირიცხება ბავშვების დედის სახელზე.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის ოჯახის შემადგენლობისა და მათი საცხოვრებელი ადგილის სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე დადგენის გარეშე, თ. ნ-ეისათვის ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების მოტივით გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ შეესაბამება შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებს და ეფუძნება მხოლოდ ოჯახის გადამოწმების მიზნით შედგენილი მონიტორინგის მასალებს, რომელიც სარწმუნოდ არ ასახავს რეალურ მდგომარეობას, არ ემყარება განსახილველ საკითხზე არსებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რაც სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობაა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა