საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-670(2კ-20) 9 ივნისი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. ც-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივლისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ც-ამ 2017 წლის 29 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 24 ოქტომბრის №2906453 ბრძანებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 აპრილის №1-856 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ც-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 24 ოქტომბრის №2906453 ბრძანება, რომლითაც დაინტერსებულ პირს უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ...ის გამზირის №...-ში არსებულ სარდაფში ჩასასვლელი კიბის მოწყობაზე და მასვე დაევალა, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. ც-ას მიერ წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით; ასევე ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 აპრილის №1-856 ბრძანება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივლისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები თავიანთ საკასაციო პრეტენზიებს ამყარებენ იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლებზეც აპელირებდნენ სააპელაციო სასამართლოში და დამატებით მიუთითებენ სადავო აქტის გამოცემის დროისათვის მოქმედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების)“ მე-2 და მე-3 მუხლებზე და აღნიშნავენ, რომ არქიტექტურის სამსახური წარმოადგენს იმ ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ნებართვის გაცემის საკითხი. კასატორების მოსაზრებით, არქიტექტურის სამსახურმა გაითვალისწინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2016 წლის 20 ოქტომბრის №2893240 დოკუმენტით განსაზღვრული უარყოფითი დასკვნა. მითითებულმა საბჭომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია საზოგადოებრივ სივრცეში სარდაფში ჩასასვლელად გზის ჩაჭრა, რადგან კიბის განთავსება უნდა მომხდარიყო საფეხმავლო მონაკვეთზე, რაც აღნიშნულ მონაკვეთზე არ იყო სასურველი და შეუსაბამო იყო ფასადის ერთიან არქიტექტურულ იერსახესთან. მითითებული დასკვნის გათვალისწინებით, გ. ც-ას უარი ეთქვა სარდაფში ჩასასვლელი კიბის მოწყობაზე, რადგან მისი განთავსება უნდა მომხდარიყო საფეხმავლო მონაკვეთზე, ხოლო სასამართლოს მიერ მითითებული გადაწყვეტილებით დადასტურდა არსებული ფანჯრების შეცვლა ახალი ვიტრაჟებით, ახალი ვიტრაჟების მოწყობა ძველი არსებული ფანჯრების ჩაჭრითა და სიგანეში გაზრდით, საჩრდილობლების მოწყობა და ფასადის შეღებვა. შესაბამისად, გადაწყვეტილებების თანახმად, განსაზღვრული ობიექტები, თავისი არსითა და იერსახით სრულიად განსხვავებული სპეციფიკის მქონე ობიექტებია. ამდენად, თანასწორობის პრინციპის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, არქიტექტურის სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას, საბჭოს მიერ საკითხთან დაკავშირებით მიღებული უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, დაეკმაყოფილებინა გ. ც-ას განცხადება.
ზემოაღნიშნული გარემოებებზე მითითებით, კასატორები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც მიიღო იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 აგვისტოს განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის პირველ კლასს მიკუთვნებული მშენებლობის განხორციელებაზე დასტურის გაცემაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება, საზოგადოებრივ სივრცეში სარდაფში ჩასასვლელის ჩაჭრის მიზანშეუწონლობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
განსახილველ შემთხვევაში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ის“ 2016 წლის 19 აპრილის №23 კრების ოქმით დასტურდება, რომ ამხანაგობის დამსწრე წევრთა 100%-ის გადაწყვეტილებით, ამავე ამხანაგობის წევრს - გ. ც-ას ...ის ქუჩის მხრიდან მიეცა კუთვნილი სარდაფისთვის ჩასასვლელის გაკეთების უფლება;
გ. ც-ამ განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და თბილისში, ...ის გამზირის №...-ში მდებარე, საკუთრებაში არსებულ სარდაფში ჩასასვლელი კიბის მოწყობაზე თანხმობის გაცემა მოითხოვა;
საქმეში წარმოდგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ 2016 წლის 17 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ც-ას განცხადება შეფასდა უარყოფითად და დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ...ის გამზირის №...-ში არსებულ სარდაფში ჩასასვლელი კიბის მოწყობის საკითხზე, რადგან მიზანშეწონილად არ ჩაითვალა სარდაფში ჩასასვლელის ჩაჭრა საზოგადოებრივ სივრცეში;
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 24 ოქტომბრის №2906453 ბრძანებით გ. ც-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა. დაინტერსებულ პირს უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ...ის გამზირის №...-ში მდებარე სარდაფში ჩასასვლელი კიბის მოწყობაზე. აღნიშნული ბრძანება გ. ც-ამ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით), რომელიც არეგულირებდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილებიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა ხუთ კლასად. I კლასის სამშენებლო სამუშაოების წარმოება გამოირჩევა იმით, რომ დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 66-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა, თუმცა მწარმოებელმა პირმა განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით უნდა აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს, რომელმაც 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტების საფუძველზე წერილობით უნდა დაადასტუროს დაგეგმილი მშენებლობის/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობა და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობა. ამრიგად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა უნდა განხორციელდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მშენებლობის განხორციელების საკითხის განხილვა და გადაწყვეტა არ ხდება ერთპიროვნულად, მხოლოდ სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ. კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის №9-34 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება ქალაქ თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობების სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხების განხილვა. ამასთან, ამავე დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საბჭოს გადაწყვეტილებები არის სარეკომენდაციო ხასიათის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ. ც-ამ განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ, თბილისში, ...ის გამზირის №...-ში მდებარე სარდაფში (ს/კ №...) ჩასასვლელი კიბის მოწყობაზე თანხმობის გაცემა. აღნიშნული სამუშაოები კი, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის თანახმად, განეკუთვნება I კლასის სამშენებლო სამუშაოებს. ამასთან, დადგენილია, რომ სადავო ობიექტი მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, ვინაიდან მის გვერდით მდებარე ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად კი, ძეგლის ინდივიდუალურ დამცავ ზონად განისაზღვრება ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო, რომელიც შედგება ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალებისგან და დგინდება ძეგლის ფიზიკური და ვიზუალური დაცვის მიზნით. ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი არის ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო, სადაც ნებისმიერმა ქმედებამ შესაძლოა ფიზიკურად დააზიანოს ძეგლი ან მისი მიმდებარე ტერიტორია. ფიზიკური დაცვის არეალი განისაზღვრება შემდეგი მანძილით – ძეგლის სიმაღლე გამრავლებული 2-ზე, მაგრამ არანაკლებ 50 მეტრის რადიუსით.
ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 24 ოქტომბრის №2906453 ბრძანებით გ. ც-ას უარი ეთქვა სამშენებლო სამუშაოების დადასტურებაზე, იმ საფუძვლით, რომ არქიტექტურის სამსახურმა მხედველობაში მიიღო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ 2016 წლის 17 ოქტომბერს მიღებული №2893240 გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ც-ას განცხადება (I კლასის, ანტრესოლის, კიბის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობის მოწყობა/დემონტაჟის რეკონსტრუქცია) შეფასებულ იქნა უარყოფითად და დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ...ის გამზირის №...-ში არსებულ სარდაფში ჩასასვლელი კიბის მოწყობაზე, რადგან მიზანშეწონილად არ ჩაითვალა საზოგადოებრივ სივრცეში სარდაფში ჩასასვლელის ჩაჭრა.
საკასაციო პალატა დასახელებულ გარემოებებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მართალია, სადავო საკითხი უარყოფითად იქნა შეფასებული საბჭოს მიერ, მაგრამ მის მიერ მომზადებულ დასკვნას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი. სწორედ ამიტომ, დასკვნის არსებობის მიუხედავად, არქიტექტურის სამსახურს უნდა უზრუნველეყო სადავო საკითხის შესწავლა, გამოკვლევა, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვალდებულებებისა და პრინციპების, მათ შორის, თანასწორობის პრინციპის დაცვა მაშინ, როცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა 2016 წლის 29 თებერვალს მიიღო №2463491 გადაწყვეტილება (განმცხადებელი ი. დ-ი; ...) იმავე მისამართზე - ქალაქ თბილისში, ...ის გამზირის №...-ში I კლასის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების დადასტურების თაობაზე, საქმეში ასევე წარმოდგენილია ფოტომასალა, რომლის მიხედვით, მითითებულ მისამართზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი მსგავსი ტიპის სამშენებლო სამუშაოა ნაწარმოები, რასაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მოითხოვდა. მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია სადავო ობიექტის მიმდებარედ არსებული ვითარება, რამდენად არის სხვა პირთა მიერ მსგავსი სამუშაოები წარმოებული, რაც თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიმართ განსხვავებული შედეგის დადგომას გამორიცხავს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტები გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლების დარღვევით, რომლებიც აკისრებენ ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების ყოველმხრივ, სრულყოფილ დადგენას, შესწავლასა და შეფასებას, შედეგად კი დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. მოცემულ შემთხვევაში არქიტექტურის სამსახურმა იხელმძღვანელა მხოლოდ საბჭოს უარყოფითი რეკომენდაციით, რის გამოც საქმეზე გამოცემული აქტი არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, ამასთან, გამოკვლეული არ არის თანასწორობის პრინციპის დარღვევის არსებობა/არარსებობის ფაქტი, ვინაიდან შესწავლილი არ არის სადავო ობიექტის გარშემო არსებული ვითარება. სწორედ ამიტომ, რადგან საკითხი დამატებით გამოკვლევას საჭიროებს, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საკითხი მართებულად იქნა გადაწყვეტილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორების მიერ მითითებული გარემოებები კი, არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის წინაპირობას და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივლისის განჩინება;
3. კასატორს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/ნ 205270053) დაუბრუნდეს 2019 წლის 30 ოქტომბერს №01910 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე