Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-687(კ-20) 28 ივნისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ა(ა)იპ „...“

მოპასუხე - საქართველოს მთავრობა

მესამე პირები - შპს „...“, შპს „ტ...“, შპს „ე...“, სს „ელ...“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ა(ა)იპ „...მ“ 2015 წლის 19 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: საქართველოს მთავრობის, შპს „...ს“, შპს „ტ...ს“, შპს „ე...ს“, სს „ელ...ს“ მიმართ და მოითხოვა საქარველოს მთავრობას, შპს „...ს“, შპს „ტ...ს“, შპს ,,ე...სა“ და შპს „ელ...ს“ შორის 2011 წლის 28 აპრილს დადებული ხელშეკრულების და ამავე ხელშეკრულებაში 2015 წლის 09 სექტემბერს შეტანილი ცვლილებების თაობაზე შეთანხმების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 იანვრის განჩინებით, ა(ა)იპ „...ს“ სასარჩელო განცხადების მიღებაზე ეთქვა უარი, რაც გასაჩივრდა კერძო საჩივრით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 თებერვლის განჩინებით, ა(ა)იპ „...ს“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 იანვრის განჩინება და საქმე ა(ა)იპ „...ს“ სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 იანვრის სასამართლო სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ განისაზღვრა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და საქართველოს მთავრობა, ხოლო საოქმო განჩინებით განსახილველ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირებად ჩაებნენ: შპს „...“, შპს „ტ...“, შპს „ე...“ და სს „ელ...“ და საბოლოოდ, ა(ა)იპ „...მ“ მოითხოვა მოპასუხეებისთვის საქართველოს მთავრობასა და მესამე პირებს შორის 2011 წლის 28 აპრილს დადებული „...ის“ მშენებლობის, ექსპლუატაციისა და მფლობელობის შესახებ ხელშეკრულების და მასში ცვლილების შესახებ დადებული ყველა შეთანხმების სახელმწიფო ენაზე თარგმნისა და სათანადო წესით დამოწმებული სახით მოსარჩელისათვის გადაცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ „...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგინდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „...ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა(ა)იპ „...ს“ დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა გაეცა ა(ა)იპ „...სათვის“ საქართველოს მთავრობას, შპს „...ს“, შპს „ტ...ს“, შპს „ე...“ და შპს „ელ...ს“ შორის 2011 წლის 28 აპრილს დადებული ხელშეკრულება „...ის“ მშენებლობის, ექსპლუატაციისა და მფლობელობის თაობაზე და მასში ცვლილების შესახებ დადებული შეთანხმებები თარგმნილი სახელმწიფო ენაზე კანონით დადგენილი წესით (გარდა 2015 წლის 9 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებისა).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელი ვერ ლახავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის კრიტერიუმებს, რადგან მოსარჩელე ითხოვდა 2011 წლის 28 აპრილს დადებულ ხელშეკრულებაში განხორციელებული ერთი ცვლილების თაობაზე (2015 წლის 9 სექტემბრის) შეთანხმების გადაცემას და არა მთლიანად ხელშეკრულებას, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ქმედების განხორციელების თაობაზე უარის თქმის არარსებობა გამორიცხავს სარჩელის დასაშვებობას. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ არა მხოლოდ დასაშვებად მიიჩნია, არამედ უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა იმ კონკრეტული მოპასუხის მიმართ, რომელსაც მხოლოდ 2011 წლის 28 აპრილის ხელშეკრულებაზე მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლება მიენიჭა. აქედან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და იმ შემთხვევაში, თუ არ დაკმაყოფილდება სამინისტროს მოთხოვნა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, უარი უნდა ეთქვას ა(ა)იპ „...ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა საჩივარში მითითებული კასაციის საფუძვლიდან გამომდინარე, მიუთითებს, რომ ვინაიდან განსახილველი დავის საგანია მოსარჩელისთვის საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, შპს ,,...ას“, შპს ,,ტ...ს“, შპს ,,ე...“ და შპს ,,ელ...ს“ შორის დადებული ხელშეკრულების და მასში განხორციელებული ცვლილებების ასლების სახელმწიფო ენაზე, სათანადო წესით დამოწმებული სახით გადაცემის დავალება, დასაშვებობის შემოწმების შემდეგ, უნდა შეფასდეს არსებობდა თუ არა მოპასუხისთვის შესაბამისი ქმედების განხორციელების დავალების კანონმდებლობით განსაზღვრული წინაპირობები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული ოფიციალური დოკუმენტის (თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას), ასევე გარემოს მდგომარეობის შესახებ სრული და ობიექტური ინფორმაციის დროულად მიღების უფლება გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტებით (ცვლილებებამდე 37-ე მუხლის მე-5 და 41-ე მუხლის პირველი პუნქტები), ასევე „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ 1998 წლის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციით („ორჰუსის კონვენცია“, რომელიც ძალაშია 2001 წლის 30 ოქტომბრიდან. რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 11 თებერვლის N135 დადგენილებით). ზემოაღნიშნული უფლების რეალიზების საშუალება დეტალიზებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით; კერძოდ, 28-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. ინფორმაციის მიღების საქართველოს კონსტიტუციით და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გარანტირებული უფლება არ არის შეუზღუდავი და კანონმდებლობა აწესებს ინფორმაციის იმ სახეებს, რომელთა გასაჯაროებაც დაუშვებელია. ამავე დროს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლი განსაზღვრავს მონაცემთა იმ კატეგორიასაც, რომელთა გასაიდუმლოებაც დაუშვებელია და რომელიც საჯარო ინფორმაციის ნებისმიერმა მომთხოვნმა აუცილებლად უნდა მიიღოს. კერძოდ, მითითებული მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საჯარო დაწესებულებას არ აქვს უფლება გაასაიდუმლოს ინფორმაცია გარემოს შესახებ, აგრეთვე მონაცემები იმ საშიშროების თაობაზე, რომელიც ემუქრება პირის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. ამავდროულად, მითითებული კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი ავალდებულებს პირს საჯარო ინფორმაციის მისაღებად წერილობითი განცხადების წარდგენას, თუმცა ინფორმაციის მოთხოვნის მოტივის ან მიზნის მითითება არ არის აუცილებელი. ამდენად, პალატა მიუთითებს, რომ გარემოსთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და მისი გაცნობის უფლება გარანტირებულია, რაც იმთავითვე გულისხმობს გადაცემული ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობას სახელმწიფო ენაზე, რამდენადაც საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე - აფხაზური. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-14 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოების ენაა ქართული, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზური, 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში აგრეთვე - აფხაზურ ენაზე.

პალატა ასევე მიუთითებს 2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებულ „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე, რომლის მე-5 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების შესაბამისად, სახელმწიფო ენის დაცვის, ფუნქციონირებისა და განვითარების უმთავრესი გარანტი სახელმწიფოა. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში უზრუნველყოფენ სახელმწიფო ენის ფუნქციონირებისა და მისი სიწმინდის დაცვისათვის აუცილებელი ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნას. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ოფიციალურ საქმისწარმოებას ახორციელებენ სახელმწიფო ენაზე, ხოლო მე-10 მუხლის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებაა, მოითხოვოს და კანონით დადგენილი წესით მიიღოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მის შესახებ არსებული ინფორმაცია და ოფიციალური დოკუმენტი სახელმწიფო ენაზე, გარდა იმ დოკუმენტის ასლისა, რომელიც დედნის ენაზე გაიცემა.

მოცემულ შემთხვევაში ა(ა)იპ „...ს“ სასარჩელო მოთხოვნა შეეხება „...ის“ მშენებლობის, ექსპლუატაციისა და მფლობელობის თაობაზე და მასში ცვლილების შესახებ დადებული შეთანხმებების, კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო ენაზე თარგმნილი სახით (გარდა 2015 წლის 9 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებისა), გადაცემას. აღნიშნული ხელშეკრულება, მისი საჯარო მიზნის გათვალისწინებით, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2011 წლის 28 აპრილს, ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობას, (Trans Electrica limited) შპს ,,...ა“ (BVI) (Trans Electrica Georgia), შპს „ტ...ს“, (Energotrans LTD) შპს „ე...ა“ და, მეორე მხრივ, შპს „ელ...ს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა ინგლისურ ენაზე, ოთხი თანაბარი მნიშვნელობის მქონე ეგზემპლარად. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის N120 განკარგულებით, ხელშეკრულებაზე მთავრობის სახელით ხელმოწერა დაევალა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს.

ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 29 სექტემბრის წერილობითი განცხადების მიუხედავად, ქართულ ენაზე ნათარგმნი ხელშეკრულება და მასში შეტანილი ცვლილებები (გარდა 2015 წლის 9 სექტემბრისა), მოპასუხეებისგან ა(ა)იპ „...ს“ არ გადასცემია.

საკასაციო პალატა საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება შეეხება „...ის“ მშენებლობის საკითხს, რომლის განხორციელებაც უთუოდ დაკავშირებულია ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე გარკვეულ ზემოქმედებასთან. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ცალსახად დადასტურებულია, რომ ამ დრომდე ინფორმაცია მხარისთვის გადაცემული არ არის, შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის რეაგირების გარეშე დატოვების შემთხვევაში, სახეზეა საჯარო დაწესებულების უმოქმედობა, რომლითაც იგი არღვევს მოსარჩელის უფლებას და ქმედების განხორციელებისგან თავს იკავებს. საკასაციო პალატა, ერთი მხრივ, იზიარებს კასატორის მითითებას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით დაწესებული დასაშვებობის კრიტერიუმის დაცვის სავალდებულოობის თვალსაზრისით, რაც ვლინდება მოსარჩელის კანონიერი უფლებების ან ინტერესებისათვის პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენებაში, თუმცა მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ „...ს“ კანონიერი უფლება და ინტერესი განსახილველ შემთხვევაში გამოკვეთილია და გაუმართლებელია ამ უფლების ეჭვქვეშ დაყენება კასაციაში მითითებული ფორმალური საფუძვლებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ კასატორის მოთხოვნას.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლისა და ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს ხელშეკრულების ქართულ ენაზე, კანონით დადგენილი წესით, ნათარგმნი სახით ა(ა)იპ „...სთვის“ გადაცემის დავალების თაობაზე, ენერგეტიკის სამინისტროს უფლებამონაცვლის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის, რამდენადაც, ენერგეტიკის სამინისტრო მოქმედებდა მთავრობის მიერ დაკისრებული ფუნქციების ფარგლებში. მოპასუხეთა განმარტებით, სადავო დოკუმენტაცია (რომლის სახელმწიფო ენაზე თარგმანის გაცემის ვალდებულება გამომდინარეობს ზემოაღიშნული ნორმებიდან) ინახება სამინისტროში და მისი, როგორც ხელშეკრულების მხარედ არყოფნის შესახებ მოსაზრებები არარელევანტურია.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა