გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 97 დად 6 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),
ი. ბიბილაშვილი,
თ. ლალიაშვილი
განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 16 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც ცვლილება შევიდა საქართველოს გენერალური პროკურატურის 2000 წლის 22 მაისის დადგენილებაში ნ. გ-ოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1998 წლის 5 მარტს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ნ. გ-ოვის და სხვათა მიმართ საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლით და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით.
გამოძიებით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი: გარდაბნის რაიონის მცხოვრები თ. გ-ევი 1998 წლის თებერვლის თვეში იმყოფებოდა ქ. მოსკოვში. იმავე წლის 4 თებერვალს ქ. მოსკოვში, თ. გ-ევის ბინაზე, განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა. თ. გ-ევს ეჭვი ჰქონდა, რომ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობდა მისი თანასოფლელი მ. ზ-ოვი. მან თავისი ნაცნობის ი. ი-ევის ა/მანქანით ეს უკანასკნელი წამოიყვანა ქ. მოსკოვიდან ქ. თბილისში, მათთან ერთად იყო ნ. გ-ოვიც.
თ. გ-ევმა მ. ზ-ოვი ქ. თბილისში მიიყვანა ... მდებარე ნ. გ-ოვის ბინაში, სადაც მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. ნ. გ-ოვისათვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთით მისი ოჯახის წევრები აიძულეს, გარდაბანში მდებარე მათი კუთვნილი ორ და სამ ოთახიანი ბინები გადაეფორმებინათ თ. გ-ევის ნათესავის ე. ე-ოვის სახელზე. ბინების გადაფორმების შემდეგ მ. ზ-ოვი გაათავისუფლეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ნ. გ-ოვისა და სხვათა ბრალდების სისხლის სამართლის საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, იმ საფუძვლით, რომ წინასწარ გამოძიებაში დაირღვა ნ. გ-ოვის დაცვის უფლებები. სასამართლო კოლეგიამ ამავე განჩინებით შეუძლებელად მიიჩნია სამართლიანი განაჩენის დადგენა მანამდე, ვიდრე გამოძიება არ დაადგენდა, ნამდვილად მონაწილეობდა თუ არა მ. ზ-ოვი თ. გ-ევის ბინაზე ყაჩაღურ თავდასხმაში. დამატებითი გამოძიებისას განხორციელდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები უზენაესი სასამართლოს განჩინების სავალდებულო მითითების შესასრულებლად. 1998 წლის 3 ნოემბერს ქ. მოსკოვის კუზმინსკის სარაიონთაშორისო პროკურატურაში გაიგზავნა წერილი მათ წარმოებაში არსებული მ. ზ-ოვის ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. 1999 წლის 17 თებერვალს და 1999 წლის 11 ივნისს ამავე მისამართით გაიგზავნა ანალოგიური შინაარსის დამატებითი წერილები. 2000 წლის 21 და 24 მარტს ქ. მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ადმინისტრაციული ოლქის შინაგან საქმეთა საგამოძიებო სამმართველოდან შემოსული წერილის თანახმად, მ. ზ-ოვის მიმართ აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 162-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებით.
2000 წლის 22 მაისს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა ნ. გ-ოვის მიმართ შეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა იმის გამო, რომ 2000 წლის 22 მაისს გავიდა 24 თვე გ-ოვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის დღიდან და ამ პერიოდში ვერ იქნა მოპოვებული ნ. გ-ოვის ბრალდების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. ზემომითითებულიდან გამომდინარე, ნ. გ-ოვის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის “ჟ” ქვეპუნქტის და 75-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.
ნ. გ-ოვმა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მიმართა საჩივრით და მოითხოვა მის მიმართ საქართველოს გენერალური პროკურატურის 2000 წლის 22 მაისის სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სსსკ-ის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძვლის შეცვლა ამავე კოდექსის 28-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2001 წლის 6 ივლისის დადგენილებით დააკმაყოფილა ნ. გ-ოვის საჩივარი, ცვლილება შეიტანა ნ. გ-ოვის მიმართ საქართველოს გენერალური პროკურატურის 2000 წლის 22 მაისის სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის დადგენილებაში. დადგენილებაში მითითებული სსსკ-ის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი შეცვალა ნ. გ-ოვის მიმართ სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით. შეწყვეტის საფუძვლის შეცვლას რაიონულმა სასამართლომ საფუძვლად დაუდო თვით გენერალური პროკურატურის ზემოაღნიშნულ დადგენილებაში პროკურატურის მიერ გაკეთებული დასკვნები იმის თაობაზე, რომ წინასწარ გამოძიებაში შეკრებილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ვარაუდისათვის, რომ ნ. გ-ოვი სხვა პირებთან ერთად მონაწილეობდა ზ-ოვის გატაცებაში, მისთვის თავისუფლების აღკვეთასა და გამოძალვაში. გამოძიების დროს ვერ იქნა მოპოვებული გ-ოვის ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილებით ასევე მიიჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ნ. გ-ოვის ბრალეულობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება და საქართველოს სსკ-ის 10 მუხლის I ნაწილის საფუძველზე გამოიყენა ყოველგვარი ეჭვის, ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი.
კასატორი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და საქართველოს გენერალური პროკურატურის სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის დადგენილების უცვლელად დატოვებას იმ საფუძვლით, რომ რაიონული სასამართლოს საერთოდ არ განუხილავს და არ გამოუკვლევია წინასწარი გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებები, რაც საფუძვლად დაედო ნ. გ-ოვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, არ ჩატარებულა სასამართლო გამოძიება. გამომდინარე აქედან, სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, რაიმე შეფასება მიეცა ამ მტკიცებულებებისათვის და გაეკეთებინა დასკვნა, რომ არ არსებობდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. კასატორის მითითებით, წინასწარ გამოძიებაში ნ. გ-ოვის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა იმის გამო, რომ გავიდა ბრალდებულის სახით მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ვადა და არა იმიტომ, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა ნ. გ-ოვის ბრალეულობის მამხილებელი მტკიცებულებები.
ნ. გ-ოვის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ჯ-ვამ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრს და მოითხოვა რაიონული სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება. ნ. გ-ოვმა მხარი დაუჭირა მისი ინტერესების დამცველს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროკურორ ე. ქ-ას, ადვოკატ მ. ჯ-ვას, ნ. გ-ოვს, შეისწავლა საქმის მასალები, მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებიდან და გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის დადგენილებიდან ირკვევა, ნ. გ-ოვი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ იქნა 1998 წლის 22 ოქტომბერს, ხოლო 2000 წლის 22 მაისს კი გავიდა ნ. გ-ოვის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში ყოფნის კანონით გათვალისწინებული 24 თვიანი ვადა, რის საფუძველზეც წინასწარ გამოძიებაში მის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსსკ-ის 75-ე მუხლის მეოთხე ნაწილით. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ყოფნის 24 თვიანი ვადის ამოწურვის გამო საქმის შეწყვეტა, არ გულისხმობს იმას, რომ ამ პიროვნების მიმართ მაინც დარჩა გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები, რაც მის უდანაშაულობას, ე. ი. სრულ რეაბილიტაციას ეჭვქვეშ აყენებს. არასწორია სახელმწიფო ბრალმდებლის დასკვნა იმის თაობაზე, რომ საქმეში მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები პირის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, მაგრამ მის მიმართ საქმე შეწყდა მხოლოდ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, ვინაიდან არავის აქვს უფლება, ისაუბროს პიროვნების ბრალეულობაზე, თუ ეს არ არის დადგენილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, რეაბილიტაციის ერთ-ერთი საფუძველია პროკურორის დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ჟ”@ ქვეპუნქტით, ე.ი. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ყოფნის 24 თვიანი ვადის გასვლა. აღნიშნული ქვეპუნქტით საქმის შეწყვეტა არ საჭიროებს ბრალდებულის ან განსასჯელის თანხმობას, რაც ნიშნავს იმას, რომ Bბრალდებული წინააღმდეგიც რომ იყოს ამ საფუძვლით მის მიმართ საქმის შეწყვეტისა, საქმის შემდგომი განხილვა არ იწარმოებს. აღნიშნულიდან კი გამომდინარეობს, რომ არ არსებობს კანონით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება. იმ შემთხვევაში, თუ სისხლის სამართლის საქმე წყდება სსსკ-ის 75-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, ეს გულისხმობს როგორც წესი, იმავდროულად სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის @”ა”@ქვეპუნქტით საქმის შეწყვეტას.@@
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ პროკურატურის მიერ ნ. გ-ოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დადგენილებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ წინასწარი გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ნ. გ-ოვის მონაწილეობდა დანაშაულის ჩადენაში. ნ. გ-ოვი მიმართ ვერ იქნა მოპოვებული მისი ბრალდების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. ამგვარად, მითითებულ დადგენილებაში, ფაქტობრივად საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ გაკეთებულია დასკვნა, რომ არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ რაიონული სასამართლოს დადგენილებაში ცვლილება უნდა შევიდეს და ნ. გ-ოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს როგორც საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის, ასევე ამავე მუხლის “ჟ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 6 ივლისის დადგენილებაში, რომლითაც საქართველოს გენერალური პროკურატურის 2000 წლის 22 მაისის დადგენილებაში ნ. გ-ოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე შევიდა ცვლილება და დევნა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ჟ” ქვეპუნტის ნაცვლად შეწყდა ამავე მუხლის “ა” ქვეპუნქტით, შევიდეს ცვლილება იმ მიმართებით, რომ ნ. გ-ოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდეს საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “ჟ” ქვეპუნქტების საფუძველზე.