გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 98-აპ 7 აგვისტო, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),
გ. ბორჩხაძე,
ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ თ. რ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 28 მაისის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ხონის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 10 აპრილის განაჩენი.
ხონის რაიონული სასამართლოს აღნიშნული განაჩენით თ. რ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 1999 წლის სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” პუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით და 1960 წლის სსკ-ის 252-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელთა ერთობლიობის პრინციპით მიესაჯა თერთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
საკასაციო საჩივარი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის გადაცემას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენთა მიხედვით თ. რ-ძის მიერ ჩადენილი დანაშაულებანი გამოიხატა შემდეგ ქმედებებში:
1999 წლის 28 დეკემბერს, 20 საათსა და 30 წუთზე, გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფით შეიარაღებული, სხვა პირთან ერთად, ყაჩაღურად თავს დაესხა ხონის რაიონის სოფ. ... მცხოვრებ ი. და გ. ქ-ძეების ოჯახს და მათ მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით გაიტაცა მათი კუთვნილი ქორწინების ოქროს ბეჭედი და ავტომანქანა ჟიგული “ვაზ-2106”, რომელთა მთლიანი ღირებულება შეადგენს 800 ამერიკულ დოლარს და 82,5 ლარს.
2000 წლის 4 მარტს, დაახლოებით დილის 8 საათზე, თ. რ-ძე მ. ა-ძესთან და დაუდგენელ ორ სხვა პირთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულნი, თერჯოლის რაიონის ტერიტორიაზე ყაჩაღურად თავს დაესხა ქ. ზესტაფონის მიმართულებით პირადი ავტომანქანით მიმავალ ზ. და ნ. ქ-ძეებს და გაიტაცა ავტომანქანა “ვაზ-2106”, მასში მოთავსებულ დაზარალებულთა პირად ნივთებთან ერთად. გატაცებული მაქანისა და ნივთების საერთო ღირებულებამ შეადგინა 3131 ლარი.
გარდა ამისა, თ. რ-ძე თავის საცხოვრებელ სახლში უნებართვოდ ინახავდა საბრძოლო მასალას “რგდ-5” ტიპის ხელყუმბარას და 9,5 გრამ ნარკოტიკულ ნივთიერება “მარიხუანას”; ასევე, უნებართვოდ ატარებდა გადაჭრილ, ერთლულიან სანადირო თოფს და 5,6 მმ კალიბრის შაშხანის ვაზნებს.
მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი განაჩენის გაუქმებისა და საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების მოტივად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს:
1. წინასწარი გამოძიების მთელ პროცესში თ. რ-ძეს არ მიეცა საშუალება, აეყვანა დამცველი;
2. თერჯოლის რაიონულმა სასამართლომ ისე გასცა ბრალდებულის დაპატიმრების ბრძანება, რომ სასამართლოში გამომძიებლის შუამდგომლობის განხილვას არ დასწრებიან თვითონ ბრალდებული და მისი დამცველი;
3. წინასწარი გამოძიების დროს ადგილი ჰქონდა ბრალდებულის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას;
4. გამოძიების პროცესში, აუტანელი პირობებისა და ცრუ ბრალდებების გამო, ფანჯრის მინით ბრალდებულმა გადაიჭრა ვენა;
5. ბრალდებულის სახლში ასაფეთქებელი ხელყუმბარა და ნარკოტიკი თვითონ პოლიციამ ჩადო, რასაც ადასტურებენ მოწმეები და ოჯახის წევრები;
6. სამედიცინო ექსპერტიზამ გასცა ყალბი ცნობა იმის თაობაზე, რომ თ. რ-ძე შემოწმების დროს თითქოს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ამ სიყალბეს ადასტურებს ის ფაქტი, რომ თ. რ-ძე დაკავებულ იქნა 4 მარტს, დილის 9 საათზე, ხოლო მისი სამედიცინო შემოწმება მოხდა 6 მარტს, საღამოს;
7. განაჩენში არასწორად არის მითითებული, რომ თითქოს დაზარალებულმა ქ-ძეებმა თ. რ-ძე ამოიცნეს როგორც ყაჩაღობის ჩამდენი. სინამდვილეში დაზარალებულ ქ-ძეებს თ. რ-ძე არ ამოუცნიათ;
8. ნარკოტიკული ნივთიერება თ. რ-ძეს არ ჰქონია და იგი პოლიციელებმა ჩაუდეს ჯიბეში;
9. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ ერთი მოწმის, ქ-ძის ცრუ ჩვენებას;
10. ქ-ძეების კუთვნილი ავტომანქანა თ. რ-ძეს ყაჩაღობის გზით კი არ გაუტაცია, არამედ იგი ათხოვა მათმა შვილმა რ. ქ-ძემ, რომელიც, მისი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაკითხა სასამართლომ;
11. დაზარალებულმა ქ-ძემ სასამართლო პროცესის დროს განაცხადა, რომ იგი შეაშინა თერჯოლის პოლიციამ და ამიტომ დაადო ხელი რ-ძეს. სინამდვილეში კი ავტომანქანა ნათხოვარი იყო.
საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა მხარი არ დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, განაჩენის კანონიერება და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენი მოცემულ საქმეზე უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარებულია სრულყოფილად, საპროცესო ნორმების დაცვით და მოპოვებული მტკიცებულებანი იძლეოდა საფუძველს თ. რ-ძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისათვის. პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებმა სრულად გამოიკვლიეს ბრალმდებლის მიერ წარდგენილი მტკიცებულებანი, მათ მისცეს სწორი იურიდიული შეფასება და დაადგინეს სამართლიანი განაჩენი.
პალატა დაუდასტურებლად თვლის საკასაციო საჩივრის იმ მოსაზრებას, რომ წინასწარი გამოძიების დროს დაირღვა მსჯავრდებულის დაცვის უფლება. თ. რ-ძე პოლიციის განყოფილებაში წარდგენილი და დაკავებულ იქნა 4 მარტს, 10 საათსა და 50 წუთზე. დადგენილებით ეჭვმიტანილად ცნობილ იქნა იმავე დღეს, 13 საათზე და ჩაბარდა როგორც დადგენილების ასლი, ასევე ეჭვმიტანილის უფლებათა ნუსხა. მან წერილობით უარი განუცხადა ადვოკატის მომსახურებაზე. ბრალდება წარედგინა 5 მარტს. მან კვლავ არ ისურვა ადვოკატი და თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სახელდობრ, ზ. ქ-ძის კუთვნილი ავტომანქანის სხვა პირებთან ერთად ყაჩაღური გზით გატაცებაში. 2000 წლის 10 მარტს მას წარედგინა ახალი, დაზუსტებული ბრალდება. ამჯერადაც მან უარი განაცხადა ადვოკატის მომსახურებაზე და ბრალდებულის დაკითხვის ოქმი შეავსო თავისი ხელით. ჩვენებაში თავი არ ცნო დამნაშავედ მხოლოდ ი. ქ-ძის ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაში. ბრალდების ყველა სხვა ეპიზოდში, სახელდობრ, ზ. ქ-ძეზე ყაჩაღურ თავდასხმაში, ხელყუმბარის და ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო შენახვაში და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უნებართვო ტარებაში თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ. გამოძიების დამთავრების დროსაც მან უარი განაცხადა ადვოკატის აყვანაზე.
მართალია, თერჯოლის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ისე გასცა ბრძანება თ. რ-ძის დაპატიმრების შესახებ, რომ მისი განმარტება არ მოუსმენია, მაგრამ ეს გარემოება ამჟამად, როცა საქმეზე დადგენილია გამამტყუნებელი განაჩენი, არ იძლევა საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების საფუძველს. მითუმეტეს, რომ ბრძანება თავის დროზე ბრალდებულს არ გაუსაჩივრებია.
საქმის მასალების მიხედვით დადასტურებას ვერ პოულობს საკასაციო საჩივრის ის მოსაზრება, რომ წინასწარი გამოძიების დროს ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იყო ძალადობა ან კანონით დაუშვებელი სხვა მეთოდი. აღნიშნულის თაობაზე გამოძიების მსვლელობის დროს ბრალდებულს არავითარი განცხადება არ გაუკეთებია.
უსაფუძვლოა საჩივრის ის მოსაზრებაც, რომ ბრალდებულის სახლში ხელყუმბარა და ნარკოტიკი პოლიციამ შეიტანა, რასაც თითქოს მოწმეებიც ადასტურებენ. წინასწარი გამოძიების დროს თავისი ხელით დაწერილ ჩვენებაში თ. რ-ძე დეტალურად აღწერს, როგორ მოიპოვა ხელყუმბარა და ნარკოტიკი და სად ინახავდა მათ. ამასთან, არც ერთი მოწმე არ აჩვენებს იმას, რომ ეს საგნები პოლიციის მუშაკებმა შეიტანეს რ-ძის ბინაში.
ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო საჩივრის ის შეხედულება, რომ ნარკოლოგიური სამსახურის აქტი, რომელიც ადასტურებს თ. რ-ძის ნარკოლოგიური ნივთიერების ზეგავლენის ქვეშ ყოფნას, ყალბია. აქტი ეყრდნობა ლაბორატორიული გამოკვლევის მონაცემებს, რომელიც მისი გაცემის უახლოეს პერიოდში არავის, მათ შორის არც თვით ბრალდებულ თ. რ-ძეს სადავოდ არ გაუხდია. ამდენად, ამ აქტის ყალბად მიჩნევისათვის რეალური საფუძველი არ არსებობს. საყურადღებოა ისიც, რომ განაჩენს თ. რ-ძისათვის არ შეურაცხავს დანაშაულის ნარკოლოგიური სიმთვრალის მდგომარეობაში ჩადენა.
აშკარად უსაფუძვლოა საკასაციო საჩივრის მითითება იმის თაობაზე, რომ თითქოს გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ ერთი მოწმის (დაზარალებული) გ. ქ-ძის ჩვენებას. გ. ქ-ძის ჩვენებასთან ერთად განაჩენი თ. რ-ძის ბრალეულობის მტკიცებულებად მიიჩნევს ი. და რ. ქ-ძეების, ზ. და ნ. ქ-ძეების, წინასწარი გამოძიების დროს თვით თ. რ-ძის მიერ მიცემულ ჩვენებებს, ნივთმტკიცებებს, რომლებიც ამოღებულ იქნა თ. რ-ძის ბინისა და პირადი ჩხრეკის დროს, მათ შორის ი. ქ-ძის კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც მთლიანად დაშლილი ინახებოდა თითქმის სამი თვის განმავლობაში მსჯავრდებულის სახლში, ექსპერტების დასკვნებს და რიგ სხვა მტკიცებულებებს.
საქმის მასალებით დადასტურებას ვერ პოულობს საკასაციო საჩივრის ის მოტივიც, რომ მსჯავრდებულს ი. ქ-ძის კუთვნილი ავტომანქანა ათხოვა რ. ქ-ძემ და ეს უკანასკნელი სასამართლომ არ დაკითხა. წინასწარი გამოძიების დროს რ. ქ-ძე დაკითხული და დაპირისპირებულ იქნა თ. რ-ძესთან, რომელმაც არა თუ მანქანის თხოვება, არამედ მასთან ნაცნობობაც კი არ დაადასტურა.
დაზარალებულმა ნ. ქ-ძემ სასამართლოს განუმარტა, რომ მან ყოველგვარი ეჭვის გარეშე ამოიცნო თ. რ-ძე როგორც ყაჩაღობის ერთ-ერთი თანამონაწილე. ამდენად, საკასაციო საჩივრის ის მითითება, რომ დაზარალებულ ქ-ძეებს თ. რ-ძე არ ამოუცნიათ, უსაფუძვლოა. ასევე, უსაფუძვლოა ისიც, რომ თითქოს დაზარალებულმა ქ-ძემ სასამართლო პროცესის დროს განაცხადა, რომ იგი თერჯოლის პოლიციამ შეაშინა და ამიტომ დაადო ხელი თ. რ-ძეს. ასეთი ჩვენება სასამართლო სხდომის ოქმში დაფიქსირებული არ არის.
პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო ორგანოების მიერ თ. რ-ძის მიმართ დადგენილი განაჩენი სასჯელის განსაზღვრის ნაწილშიც სამართლიანია და მისი შემცირების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე და 571-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ თ. რ-ძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 28 მაისის განაჩენი თ. რ-ძის მიმართ დარჩეს უცვლელად.