Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-844(კ-20) 7 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ა. ნ-ი, ნ. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - ნ. ტ-ე, ნ. შ-ე, ლ. კ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ა. ნ-იმა, რ. ხ-იმა და ნ. ს-ემ 2015 წლის 27 აპრილს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 05 თებერვლის №... გადაწყვეტილების, 2015 წლის 05 თებერვლის №... გადაწყვეტილების, 2015 წლის 05 თებერვლის №... გადაწყვეტილების, 2015 წლის 12 მარტის №... გადაწყვეტილების, 2015 წლის 17 მარტის №... გადაწყვეტილებისა და 2015 წლის 02 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ა. ნ-ის, რ. ხ-ისა და ნ. ს-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის აღდგენა 2015 წლის 23 იანვრის №... გადაწყვეტილებისა და 2015 წლის 30 იანვრის №... გადაწყვეტილების შესაბამისად.

2017 წლის 17 მაისს მოსარჩელეთა წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და რ. ხ-ის გარდაცვალების გამო საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის განჩინებით შეჩერდა №3/3050-15 საქმის წარმოება მოსარჩელე რ. ხ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით საქმეში მოსარჩელე რ. ხ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ა. ნ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ. ტ-ე, ნ. შ-ე და ლ. კ-ე.

2019 წლის 25 იანვრის სასამართლო სხდომაზე დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნები და საბოლოოდ მოსარჩელეებმა მოითხოვეს: „რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2015 წლის 23 იანვრის №... და 2015 წლის 30 იანვრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე“ სააგენტოს 2015 წლის 05 თებერვლის №26664 გადაწყვეტილების, 2015 წლის 05 თებერვლის №... რეგისტრაციის შესახებ და ამავე თარიღის №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა; ასევე მოითხოვეს სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ სააგენტოს 2015 წლის 12 მარტის №..., რეგისტრაციის შესახებ 2015 წლის 17 მარტის №... გადაწყვეტილებების, ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2015 წლის 02 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ა. ნ-ისა და ნ. ს-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე (იპოთეკის გარეშე) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2015 წლის 23 იანვრის №... და 2015 წლის 30 იანვრის №... გადაწყვეტილებების შესაბამისად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ა. ნ-ისა და ნ. ს-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ა. ნ-ისა და ნ. ს-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. ნ-იმა და ნ. ს-ემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

კასატორების განმარტებით, სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს ნ. ტ-ეის, ნ. შ-ეის და ლ. კ-ეის წარმომადგენელ შ. შ-იის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2014 წლის 27 აგვისტოს წარდგენილი განცხადება, რომელიც ინფორმაციულ ხასიათის იყო, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ მათ გამოხატეს ნება იპოთეკის რეგისტრაციის აღდგენასთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან 2015 წლის 5 თებერვალს წარდგენილი პირობითი განცხადების საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება N..., რის საფუძველზეც ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება N... და 2015 წლის 30 იანვრის N... გადაწყვეტილება. სასამართლოებმა დადგენილ გარემოებად მიიჩნიეს ის, რომ თვითონ იპოთეკარების მიერ 2014 წლის 27 აგვისტოს წარდგენილი განცხადება დაედო საფუძვლად ახალი რეგისტრაციების დაწყებას და იპოთეკის რეგისტრაციის აღდგენას, თუმცა ასევე უდავო ფაქტობრივ გარემოებადაა მიჩნეული ისიც, რომ რეგისტრაციების დაწყების საფუძველი გახდა პირობითი განცხადების წარდგენა. იმ პირობებში, როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში იპოთეკარების მიერ წარდგენილი განცხადება შეიძლებოდა გამხდარიყო ახალი სარეგისტრაციო წარმოებების დაწყების საფუძველი, კასატორების მოსაზრებით გაუგებარია რა საჭირო იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 5 თებერვალს პირობითი განცხადების წარდგენა. კასატორებით, ნ. ს-ეს გააჩნდა სადავო აქტების მიმართ კანონიერი ნდობა - ჩუქების ხელშეკრულების დადებისას ქონების რეგისტრაცია განახორციელა უნაკლოდ, რაც გამორიცხავდა მის ბათილად ცნობას. მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ საქმის სათანადოდ განხილვას, ქვედა ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებების გაუქმებასა და სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ნ-ისა და ნ. ს-ეის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ნ-ისა და ნ. ს-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა.

ამავე კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, ასევე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება და საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად, ხოლო საკუთრების უფლება მიტოვებულად ითვლება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემის მომენტიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უძრავ ნივთთან დაკავშირებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. ამ უფლების რეგისტრაციისათვის აუცილებელია დაინტერესებულ პირს გააჩნდეს კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. ნ-ისა და რ. ხ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ ქ. თბილისში, ...ს შესახვევის N...-ში მდებარე 152 კვ. მ ფართზე ლ. კ-ეის, ნ. ტ-ეის და ნ. შ-ეის სასარგებლოდ იპოთეკის უფლება დარეგისტრირდა 2002 წლის 1 აგვისტოს. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2003 წლის 06 ოქტომბრის №01/14-126 განკარგულების საფუძველზე, აღნიშნული საცხოვრებელი სახლი პირველ საჯარო აუქციონზე 18 190 ლარის გადახდის სანაცვლოდ, შეიძინეს იპოთეკარებმა და შესაბამისად, გაუქმდა ყველა იპოთეკა და სანივთო უფლება, რომლითაც დატვირთული იყო უძრავი ქონება. ასევე დადგენილია, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 მაისის №3/76-04 გადაწყვეტილებით (გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღი: 02.06.2009) ა. ნ-ისა და რ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2003 წლის 06 ოქტომბრის №01/14-126 განკარგულება.

დადგენილია, რომ 2014 წლის 25 აგვისტოს №... სარეგისტრაციო წარმოებისას, 2014 წლის 27 აგვისტოს ნ. ტ-ეის, ნ. შ-ეისა და ლ. კ-ეის წარმომადგენელმა შ. შ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და საკუთრების უფლების აღდგენის შემთხვევაში, მოითხოვა აღდგენილიყო 2002 წლის 1 აგვისტოს რეგისტრირებული იპოთეკის უფლება.

2014 წლის 25 აგვისტოს მოსარჩელეებმა ასვე მოითხოვე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თუმცა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის გამოვლენის გამო, საბოლოოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 იანვრის №... გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, ...ს შესახვევის №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ა. ნ-ისა და რ. ხ-ის საკუთრების უფლება, რომელიც 2015 წლის 27 იანვრის უძრავი ნივთის ჩუქების შესახებ საფუძველზე გადაეცა ნ. ს-ეს და მისი უფლება დარეგისტრირდა 2015 წლის 30 იანვრის №... გადაწყვეტილებით.

იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ არ იქნა გათვალისწინებული იპოთეკარების 2014 წლის 25 აგვისტოს იპოთეკის აღდგენის შესახებ განცხადება, მარეგისტრირებელმა ორგანომ 2015 წლის 5 თებერვალს №... გადაწყვეტილებით ბათილად ცნო რეგისტრაციის შესახებ 2015 წლის 23 იანვრის №... და 2015 წლის 30 იანვრის №... გადაწყვეტილებები და №... გადაწყვეტილებით შეაჩერა იპოთეკის აღდგენასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო წარმოება მომსახურების საფასურის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის მოთხოვნით, თუმცა იმის გამო, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს თავდაპირველ მესაკუთრეებზე რეგისტრაციის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაეთვალისწინებინათ იპოთეკის არსებობის ფაქტი, 2015 წლის 12 მარტს №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება განახლდა და 2015 წლის 17 მარტის №... გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ...ს შესახვევის №...-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა ა. ნ-ისა და რ. ხ-ის საკუთრების უფლება. ამავე გადაწყვეტილებით, იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკის უფლებით დარეგისტრირდნენ იპოთეკარები: ნ. ტ-ე, ნ. შ-ე და ლ. კ-ე.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად შეესაბამება მათი მიღებისთვის დადგენილ მოთხოვნებს, რამდენადაც, მესაკუთრეებისთვის, ნ. ს-ესთან ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე ცნობილი იყო, რომ ვაკე - საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 მაისის №3/76-04 გადაწყვეტილების საფუძველზე, მათი საკუთრების უფლების რეგისტრაციისას უნდა აღდგენილიყო იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ლ. კ-ეის, ნ. ტ-ეისა და ნ. შ-ეის იპოთეკის უფლება, რაც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული, თუმცა სადავო გადაწყვეტილებებით ხსენებული ფაქტის გამო, საჯარო რეესტრმა მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილებებით გამოასწორა აღნიშნული და მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება როგორც პირვანდელი მესაკუთრის, ასევე იპოთეკის აღდგენის რეგისტრაციის შესახებ, რაც არ ქმნის ა. ნ-ისა და ნ. ს-ეს შორის ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების დამაბრკოლებელ გარემოებას.

განსახილველ შემთხვევაში, ერთ - ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისთვის სადავო ქონებაზე იპოთეკის გარეშე რეგისტრაციის დავალება. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული ერთ-ერთი უფლებაა იპოთეკა, რომელიც იურიდიულ ძალას მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან იძენს (სკ-ის 289.1 მუხ.). უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია გულისხმობს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უფლების ნამდვილობის და მისი წარმოშობის ფაქტის დადასტურებას. იპოთეკის, როგორც სანივთო უფლების ძირითადი ფუნქცია შეუსრულებელი ვალდებულების შესრულებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოვალისათვის ვალდებულების შესრულების დაკისრება უზრუნველყოფის საშუალებით ხორციელდება, ანუ მოვალის შესასრულებელ ვალდებულებას მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ანაცვლებს, შესაბამისად, მას აქცესორული (მიმდევნებითი) ბუნება გააჩნია. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, დაუშვებელია რეგისტრაციის გაბათილება მისი საფუძვლის ძალაში არსებობის პირობებში. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბათილად ცნობა იწვევს რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადებას. (სუსგ ბს-585-572(4კ-14) 30.04.2015წ. ბს-30-30(2კ-15) 02.05.2015წ., ბს-193-189(2კ-15) 29.09.2015). მოცემულ შემთხვევაში საგულისხმოა, რომ მხარე სადავოდ არ ხდის იპოთეკის ხელშეკრულების კანონიერებას, ანუ იმ უფლების დამდგენ დოკუმენტს, რაც გახდა აღნიშნულ უძრავ ქონებაზე იპოთეკის წარმოშობის საფუძველი. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეთა განცხადებას არ ერთვოდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელი იყო განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მართებულია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ხოლო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, იმავე კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება.

ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, ვინაიდან მოსარჩელეებს არც სარეგისტრაციო წარმოებისას და არც ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას არ წარუდგენია იპოთეკის არარსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად, ვაკე - საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 მაისის №3/76-04 გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ვინაიდან არსებობდა პირვანდელი მესაკუთრეების - ა. ნ-ისა და რო. ხ-იის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის და ასევე მათ სახელზე რეგისტრირებულ ქონებაზე იპოთეკის აღდგენის საფუძველი, რაც 2015 წლის 23 და 30 იანვრის გადაწყვეტილებების მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული, მისი გამოსწორების მიზნით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების როგორც შეჩერების, ასევე შეწყვეტისა და მისივე პირობითი განცხადების საფუძველზე სადავო ქონებაზე პირვანდელ მესაკუთრეთა უფლებისა და იპოთეკის რეგისტრაციის საფუძველი.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას სადავო აქტების მიმართ ნ. ს-ეის კანონიერ ნდობაზე მითითებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილი კანონიერი ნდობის არსებობის პირობებში მხოლოდ იმ შემთხვევაში გამორიცხავს კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არ არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. მოცემულ შემთხვევაში კი უძრავ ქონებაზე იპოთეკის უფლების დაურეგისტრირებლობა უდავოდ ზღუდავს მესამე პირთა კანონიერ უფლებასა და ინტერესს, რა უფლებასაც კონკრეტულ შემთხვევაში აშკარა უპირატესობა უნდა მიენიჭოს. ამასთან, ჩუქებისთვის დამახასიათებელი უსასყიდლო ხასიათისა და ცალმხრივობის გათვალისწინებით უსაფუძვლოა კასატორის მიმართ კანონიერი ნდობის გარანტიების გავრცელება.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, ა. ნ-ისა და ნ. ს-ეის საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, კასატორებს საკასაციო საჩივარზე 11.11.2020წ. №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი - უნდა დაუბრუნდეთ კასატორებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ნ-ისა და ნ. ს-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინება;

3. ა. ნ-ისა (პ/ნ ...) და ნ. ს-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეთ11.11.2020წ. №1 საგადასახადო დავალებით მაია დარბაიძის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა