გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 105-აპ 13 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ისაევი,
ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ა. ყ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 14 ივნისის განაჩენზე, რომლითაც ა. ყ-შვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 110-ე მუხლის II ნაწილით და სსკ-ის 220-ე მუხლით და შეეფარდა ცხრა წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით ა. ყ-შვილს ბრალი შეერაცხა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 360-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 2 მარტის განაჩენით ა. ყ-შვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 110-ე მუხლის მეორე ნაწილით (1961 წლის სსკ) და სსკ-ის 220-ე მუხლით (1960 წ. სსკ) და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ცხრა წლითა და ექვსი თვით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 14 ივნისის განაჩენით ზემოთ მითითებული განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული.
განაჩენით ა. ყ-შვილი მსჯავრდებულ იქნა შემდეგისათვის:
2000 წლის 13-14 იანვარს, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, გაქურდულ იქნა ქ. თბილისში ... მდებარე ქ. ს-ოვის საცხოვრებელი ბინა, საიდანაც გატაცებული იქნა ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები. ა. ყ-შვილმა, რომელიც მეგობრობდა ე. ს-ოვთან, ვინაიდან ქურდობაში ეჭვი მიიტანა ამავე კორპუსის ბინაში მცხოვრებ ვ. ჯ-შვილზე, ყ-შვილმა ნაცვლად იმისა, რომ თავისი ვარაუდის შესახებ ეცნობებინა სამართალდამცავი ორგანოებისათვის, თავისად დაიგულვა დანაშაულის გახსნის უფლება. იმის გასარკვევად, თუ ვინ გაქურდა ქ. ს-ოვის ბინა, იგი 2000 წლის 5 თებერვალს დაახლოებით 16 სთ-სა და 20 წუთზე ვაზ 2106 მარკის კერძო ტაქსით, რომელსაც მართავდა ნ. ჩ-ძე, მივიდა ვ. ჯ-შვილის სახლში, იმისათვის, რომ ნამდვილად დაედგინა ვინ გაქურდა ქ. ს-ოვის ბინა, თვითნებურად ჩაისვა ეს უკანასკნელი აღნიშნულ ავტომანქანაში და სასაუბროდ წაიყვანა ... მდებარე მიტოვებულ საქვაბესთან. იქვე საქვაბესთან ა. ყ-შვილმა მოტეხა ხის ტოტი. ა. ყ-შვილმა ვ. ჯ-შვილი შეიყვანა საქვაბის უკან. ა. ყ-შვილი ძალადობის გამოყენებით შეეცადა დაედგინა, ნამდვილად ვ. ჯ-შვილი იყო თუ არა ქურდი, მან ვ. ჯ-შვილს დაუწყო ცემა ხელ-ფეხით, შემდეგ კი ხის ტოტითაც, რა დროცაც მას მიაყენა სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება. ცემის შემდეგ ა. ყ-შვილმა მიატოვა შემთხვევის ადგილი და მიიმალა. ვ. ჯ-შვილი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
კასატორი ა. ყ-შვილის ინტერესების დამცველი ადვოკატი ა. კ-ძე ითხოვს განაჩენის ან მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლას ან განაჩენის გაუქმებას და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ განაჩენი უტყუარ მტკიცებულებებს კი არ ემყარება, არამედ მხოლოდ პროკურორის რწმენას. კასატორის განმარტებით სააპელაციო პალატამ დაარღვია საქმის სააპელაციო წესით განხილვის პროცესუალური ნორმები, კერძოდ კი არ ჩაატარა სასამართლო გამოძიება, არ გამოიკვლია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და შემოიფარგლა იმით, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიიჩნია სარწმუნოდ. კასატორის განმარტებით სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა ა. ყ-შვილისათვის საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით შერაცხულ ბრალდების თაობაზე და არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება.
სასამართლო სხდომახე ა. ყ-შვილის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. კ-ძემ მიუთითა, რომ წინასწარ და სასამართლო გამოძიებისას დაშვებული იქნა საქართველოს სსკ-ის მოთხოვნათა არსებითი დარღვევა, კერძოდ არ იქნა ჩატარებული წ/გამოძიებისას ა. ყ-შვილის მიმართ სავალდებულო სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა მისი შერაცხადობის საკითხის დასადგენად, ბრალდებულის სახით მის დაკითხვას, არ დასწრებია პროკურორი, რაც სავალდებული იყო, რადგან ა. ყ-შვილმა არ იცის სამართალწარმოების ენა, დარღვეულ იქნა ა. ყ-შვილის დაცვის უფლება, ვინაიდან წინასწარ გამოძიებაში მისი ინტერესების დამცველმა არ დააყენა სათანადოდ დასაბუთებული შუამდგომლობა იმ სისხლის სამართლის პროცესუალური დარღვევების თაობაზე, რაც თვითონ დღეს წამოიჭრა.
ადვოკატ ა. კ-ძის მითითებით, ა. ყ-შვილი არ გასცნობია რა საქმის მასალებს, საპატიმრო ვადის ამოწურვის შემდეგ იმყოფება უკანონო პატიმრობაში.
მსჯავრდებულმა ა. ყ-შვილმა მხარი დაუჭირა მისი ინტერესების დამცველის მოთხოვნას.
პროკურორმა გ. მ-ძემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას იმ საფუძვლით, რომ არც წინასწარ და არც სასამართლო გამოფიებისას არ დარღვეულა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, განაჩენი ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და კანონიერია.
დაზარალებული ა. ჯ-შვილის ინტერესების წარმომადგენელმა ადვოკატმა მ. ჩ-ძემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
დაზარალებულმა ა. ჯ-შვილმა მხარი დაუჭირა მისი ინტერესების წარმომადგენელ ადვოკატ მ. ჩ-ძის მოთხოვნას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა კასატორს, მსჯავრდებულ ა. ყ-შვილს, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ა. კ-ძეს, დაზარალებულ ა. ჯ-შვილს, მისი ინტერესების წარმომადგენელ ადვოკატ მ. ჩ-ძეს, პროკურორ მ. მ-ძეს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ წინასწარ გამოძიებაში ა. ყ-შვილის ბრალდებულის სახით არ მიუცია, მან ისარგებლა დუმილის უფლებით. აქედან გამომდინარე არ დარღვეულა საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მოთხოვნა, სამართალწარმოების ენის არ მცოდნე ბრალდებულის დაკითხვისას პროკურორის მონაწილეობის სავალდებულობის თაობაზე.
ბრალდებულისათვის საქმის მასალების გასაცნობად წარდგენის შესახებ ოქმით დადგენილია, რომ მსჯავრდებული ა. ყ-შვილი 2000 წლის 23 და 27 ოქტომბერს გაეცნო საქმის მასალებს, ხოლო 24 ოქტომბერს საქმის მასალეს გაეცნო მისი ინტერესების დამცველი. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ ავალდებულებს არც ბრალდებულს და არც დამცველს, რომ ისინი საქმეს გაეცნონ ერთად, საქართველოს სსსკ-ის 403-ე მუხლის თანახმად მათ უფლება აქვთ ინდივიდუალურად გაეცნონ საქმის მასალებს.
საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ა. ყ-შვილის ინტერესების დამცველმა დააყენა შუამდგომლობა წინასწარ გამოძიების წინაშე, სადაც ა. ყ-შვილის ბრალის არ არსებობის გამო იშუამდგომლა საქმის შეწყვეტა. ამჟამად ა. ყ-შვილი წინასწარ გამოძიებაში არ დარჩენილა დაცვის გარეშე.
წინასწარ გამოძიებისას ა. ყ-შვილის მიმართ სამთვიანი საპატიმრო ვადა ამოიწურა 2000 წლის 22 ოქტომბერს, მას საქმის მასალების გასაცნობად წარუდგინეს 23 ოქტომბერს, საქართველოს სსკ-ის 406-ე მუხლის თანახმად კი ბრალდებულის და მისი დამცველის მიერ საქმის გაცნობის დროდ არ ჩაითვლება წინასწარი გამოძიებისა და ბრალდებულის პატიმრობაი ყოფნის კანონით დადგენილ ვადაში. ა. ყ-შვილი თვითონ საქმის მასალებს გაეცნო 23 და 27 ოქტომბერს, ხოლო მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი საქმის მასალებს ეცნობოდა 24 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრამდე, რის შესახებაც ადვოკატმა წარმოადგინა 30 ოქტომბერს შუამდგომლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ა. ყ-შვილი არ იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში.
მართალია სააპელაციო წესით საქმის განხილვისას არ ჩატარებულა სრულყოფილი სასამართლო გამოძიება, მაგრამ ეს განპირობებული იყო თვით სააპელაციო საჩივრით, ა. ყ-შვილი სააპელაციო საჩივრით არ დავობდა საქმის ფაქტობრივ გარემოებების თაობაზე, იგი ითხოვდა მისი შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, რის თაობაზეც იმსჯელა სააპელაციო პალატამ. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა, საქართველოს სსსკ-ის 358-ე, 660-ე მუხლების საფუძველზე, სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქმედების ჩამდენი პირის შერაცხადობა საეჭვოა. წ/გამოძიებაში ა. ყ-შვილის შერაცხადობის საკითხი ეჭვქვეშ არ დამდგარა.
ა. ყ-შვილის მიერ დანაშაულის ჩადენა დადგენილია საქმეში არსებული ერთობლივი მასალებით თვით მსჯავრდებული ა. ყ-შვილის სასამართლო სხდომაზე მიცემული აღიარებითი ჩვენებებით, ასევე მოწმეების ქ. ს-ოვის, ნ. ჯ-შვილის, ნ. ჩ-ძის, თ. ა-ოვის, რ. ყ-ოვის, თ. ყ-ოვის, გ. ჩ-ძის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო, სასამართლო-ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით.
ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტიტთ და 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 14 ივნისის განაჩენი ა. ყ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელი.