გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 110-აპ 20 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე),
თ. ლალიაშვილი, ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ თ. ა-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 30 მაისის განაჩენზე, რომლითაც თ. ა-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსი) და შეეფარდა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
დ. გ-ძეს განაჩენი საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 16 იანვრის განაჩენით დ. გ-ძესა და თ. ა-ძეს მსჯავრი დაედოთ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” პუნქტით და შეეფარდათ: დ. გ-ძეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თ. ა-ძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით იმავე საგამოცდო ვადით.
დ. გ-ძე და თ. ა-ძე მსჯავრდებულ იქნენ შემდეგისათვის: 2000 წლის 14 მაისს, 02 საათზე, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით თ. ა-ძემ და დ. გ-ძემ შეაღწიეს თბილისში, ... დაზარალებულ ე. მ-ოვა-ო-შვილის ბინაში, საიდანაც ფარულად გაიტაცეს სხვადასხვა დასახელების მატერიალური ფასეულობანი, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 4142 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
შემთხვევის ადგილიდან მიმალვის დროს დ. გ-ძე და თ. ა-ძე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, მათგან ამოღებულ იქნა და დაზარალებულს დაუბრუნდა 2482 ლარის საქონელი. 1660 ლარის ღირებულების ქონება დაზარალებულს არ დაბრუნებია.
სააპელაციო პალატამ განაჩენით თ. ა-ძის და დ. გ-ძის მოქმედებები, რაც დაკვალიფიცირებული იყო მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, გადააკვალიფიცირა სსკ-ის 91-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე (1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსი) იმ საფუძვლით, რომ დანაშაული ჩადენილი იყო ახალი კოდექსის ამოქმედებამდე და ამ კოდექსის 177-ე მუხლის III ნაწილის “გ” ქვეპუნქტის სანქცია აწესებს უფრო მკაცრ სასჯელს იმავე დანაშაულისათვის, ვიდრე 1960 წლის სსკ-ის შესაბამისი მუხლი.
პალატამ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით მსჯავრდებულ დ. გ-ძეს შეუმცირა შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ განუსაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მსჯავრდებულ თ. ა-ძის მიმართ განაჩენი შეცვალა მის საუარესოდ, მიიჩნია რა, რომ პირობითი მსჯავრი მის მიმართ გამოყენებულ იქნა არასწორად. იგი ცნო დამნაშავედ სსკ-ის 91-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და შეუფარდა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა.
საკასაციო საჩივრით კასატორი თ. ა-ძე ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას მის სასარგებლოდ, მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებას.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები და მას დაუნიშნა უფრო მკაცრი სასჯელი, მსჯავრდებულ დ. გ-ძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, რომლითაც ეს უკანასკნელი ითხოვდა მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.
კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ მიიღო მისთვის არასასიკეთო გადაწყვეტილება, რისი კანონიერი უფლებაც არ გააჩნდა.
დაზარალებული ე. მ-ოვა-ო-შვილი შესაგებლით ითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სასამართლო სხდომაზე თ. ა-ძის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ.ნ-ძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა განაჩენის მსჯავრდებულ თ. ა-ძის სასიკეთოდ შეცვლა, იმ საფუძვლით, რომ იგი პირველადაა სამართალში, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს პენსიონერი მშობლები და ფსიქიურად დაავადებული ძმა, დაზარალებულ ე. მ-ოვა-ო-შვილს მთლიანად აუნაზღაურდა ზიანი.
პროკურორმა ე.ქ-ამ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა თ. ა-ძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება.
სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, კასატორს, მსჯავრდებულ თ. ა-ძის ინტერესების დამცველ ადვოკატ გ.ნ-ძეს, პროკურორ ა.ქ-ვას, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებული თ. ა-ძე გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, წარსულში არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს პენსიონერი მშობლები და ფსიქიურად დაავადებული ძმა, საქმეზე არ არსებობს მატერიალური ზიანი, დაზარალებული ე. მ-ოვა-ო-შვილს მთლიანად აუნაზღაურდა მიყენებული ზიანი, წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას თ. ა-ძე ხელს უწყობდა გამოძიებას დანაშაულის გახსნასა და შემდგომ გამოძიებაში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თ. ა-ძის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს პირობითი მსჯავრი.
პალატამ შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ დ. გ-ძის მიმართ სარევიზიო საწყისის საფუძველზე, მიიჩნია, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ იმის მხედველობაში მიღებით, რომ დ. გ-ძე აღიარებდა და ინანიებდა მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ხელს უწყობდა საქმის მწარმოებელ ორგანოებს დანაშაულის გახსნასა და გამოძიებაში, საქმეზე არ არსებობს მატერიალური ზიანი, დაზარალებულ ე. მ-ოვა-ო-შვილს მთლიანად აუნაზღაურდა მიყენებული ზიანი, პალატა თვლის, რომ დ. გ-ძეს შეფარდებული სასჯელი უნდა შეუმცირდეს ერთი წლით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტით, 567-ე, 568-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 30 მაისის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ თ. ა-ძისათვის შეფარდებული სასჯელი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 5 (ხუთი) წელი.
მსჯავრდებულ თ. ა-ძის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.
დ. გ-ძეს შეფარდებული სასჯელი 6 (ექვსი) წლით თ/აღკვეთა შეუმცირდეს ერთი წლით და მოახდელად დარჩეს 5 (ხუთი) წელი.
დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელი.