გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 99 აპ 7 აგვისტო, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),
ი. ბიბილაშვილი,
გ. ბორჩხაძე
განიხილა მსჯავრდებულ რ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 31 მაისის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 2 ნოემბრის განაჩენი მის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 2 ნოემბრის განაჩენით რ. ს-შვილს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
რ. ს-შვილს მსჯავრი დაედო ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, არაერთგზის, სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულებს.
განაჩენის მიხედვით მან მართლსაწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინა შემდეგ გარემოებებში:
1999 წლის 4 ნოემბერს რ. ს-შვილმა ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ლ. ზ-შვილთან, ზ. ზ-შვილთან, ო. მ-ძესთან ერთად ყვარელში, ე.წ. “ჩალის ტბის” ტერიტორიიდან მწყემს ლ. ზ-შვილს ფარულად გასტაცა მოქალაქეთა კუთვნილი 11 სული ძროხა, რითაც დაზარალებულებს: ა. ჯ-შვილს, გ. ა-შვილს, გ. ბ-შვილს, ლ. ზ-შვილს, გ. ზ-შვილს, ი. ფ-შვილს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 31 მაისის განაჩენით გურჯაანის რაიონის სასამართლოს 2000 წლის 2 ნოემბრის განაჩენი რ. ს-შვილის მიმართ შეიცვალა იმ მიმართებით, რომ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და 6 თვით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული რ. ს-შვილი მიიჩნევს რა განაჩენს უკანონოდ, მიუთითებს, რომ მას ძროხების ქურდობაში მონაწილეობა არ მიუღია, ის ზ. და ლ. ზ-შვილებს დაეხმარა მხოლოდ საქონლის რეალიზაციაში, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ისინი მოპარული იყო.
საკასაციო პალატის სხდომაზე მონაწილე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ე. ქ-ამ უსაფუძვლოდ მიიჩნია საჩივრის მოტივები, სააპელაციო პალატის განაჩენი რ. ს-შვილის მიმართ დასაბუთებულად და კანონიერად ცნო და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია, თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 31 მაისის განაჩენი რ. ს-შვილის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგი გარემოებების გამო:
საკასაციო პალატა არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოტივებს იმის შესახებ, რომ თითქოს საქმის მასალებით არ დასტურდება რ. ს-შვილის მონაწილეობა ძროხების ქურდობაში და რომ იგი უკანონოდ არის დასჯილი.
დაზარალებულების: ლ. ზ-შვილის, გ. ა-შვილის, ბ. ბ-შვილის, მოწმეების: თ. ჯ-შვილის, გ. მ-შვილის ჩვენებებით დადასტურებულია, რომ როდესაც მათ დახმარებისათვის მიმართეს რ. ს-შვილს, ამ უკანასკნელმა სთხოვა არ გაეხმაურებინათ საქონლის ქურდობის ფაქტი და შეეცდებოდა ზარალის ანაზღაურებას. მართლაც, მისი დახმარებით დაიბრუნეს გ. ა-შვილის და გ. ზ-შვილის ორ-ორი და ი. ფ-შვილის ერთი ძროხა.
მოწმეების: დ. ყ-ურის, ო. გ-შვილის, ვ. ნ-შვილის, ტ. ი-შვილის ჩვენებებით დადგენილია, რომ რ. ს-შვილმა მათ მიყიდა და გაუცვალა ძროხები, რომლებიც შემდეგში, მისივე თხოვნით, უკან დაუბრუნეს, ვინაიდან გაიგეს, რომ ისინი ნაქურდალი იყო.
ამავე საქმეზე მსჯავრდებულები: ზ. და ლ. ზ-შვილები წინასწარი გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებებში ამხელენ რ. ს-შვილს ბრალად შერაცხულ დანაშაულში და ადასტურებენ მასთან ერთად ე.წ. “ჩალის ტბიდან” 11 სული ძროხის ფარულად გატაცებას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ სწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებითაც ზემოთ მითითებულისა და საქმის ერთობლივი მასალების საფუძველზე, დადგენილად მიაჩნია რ. ს-შვილის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის მასალებით რ. ს-შვილის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაული დადასტურებულია. განაჩენი მის მიმართ დასაბუთებული, კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და განაჩენის შეცვლის საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 31 მაისის განაჩენი რ. ს-შვილის მიმართ დარჩეს უცვლედად.
განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში; ტერორისტული აქტი