საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1115(კ-21) 9 ივნისი, 2022 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ. კ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:რ. კ-იმა 2020 წლის 18 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ ამავე სააგენტოს 2020 წლის 10 აგვისტოს №03-1044/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის, რ. კ-ის დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ ამავე სააგენტოს 2020 წლის 10 აგვისტოს №03-1044/ო ბრძანება; მოპასუხეს რ. კ-ის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 სექტემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის თანახმად, რ. კ-ის ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობა, კერძოდ, დევნილი ოჯახი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ცხოვრობდა მამაპაპისეულ სახლში ქირის გარეშე, რის გამოც ოჯახის განსახლების საკითხი პრიორიტეტულად არ ჩაითვალა.
კასატორი აღნიშნავს, რომ განმცხადებელს ჰყავს არადევნილი მეუღლე - ე. შ-ი და ოთხი არასრულწლოვანი შვილი, ხოლო ბინა, რომელშიც რ. კ-ი ოჯახთან ერთად დევნილობის შემდეგ ქირის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს, ამჟამად არის ბიძის - ვ. კ-ის სახელზე რეგისტრირებული. აღნიშნული ქონება სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 2018 წლის 28 მარტს საკუთრებაში დაურეგისტრირდა ა. კ-ას, რომელმაც, თავის მხრივ, 2018 წლის 2 აპრილს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ძმას - ვ. გ.-ის ძე კ-ის, რ. კ-ის ბიძას. შესაბამისად, ფაქტობრივი მდგომარეობით, მოსარჩელე შეუზღუდავად, ყოველგვარი სამართლებრივი ან ფაქტობრივი დამაბრკოლებელი გარემოების გარეშე სარგებლობს აღნიშნული საცხოვრებლით. კასატორის მოსაზრებით, მართალია, მხარემ დააგროვა 7.5 ქულა, რაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ კომისიას მისი მოთხოვნა განეხილა, თუმცა წარმოდგენილი ინფორმაციისა და საქმეში არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე, საკითხის განმხილველმა კომისიამ სრულიად დასაბუთებულად მიიჩნია, რომ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის ქონის გამო, მოსარჩელისათვის ამ ეტაპზე საცხოვრებლის გამოყოფის თაობაზე უარის თქმა იყო კანონიერი და დასაბუთებული, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, სააგენტოს 2020 წლის 10 აგვისტოს №03-1044/ო ბრძანებით მოსარჩელის ოჯახს მართებულად ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოცემულ ეტაპზე რ. კ-ის დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის საფუძვლით, ბაბუის საცხოვრებელ სახლში ცხოვრების გამო. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამავე წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
ამასთანავე, ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი №7) განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. მათ შორის, ქულის მინიჭების საფუძველია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა: საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან იმ ტიპის შენობაში, რომლის რეაბილიტაცია და სათანადო საცხოვრებელ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია); დევნილი ოჯახი ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოადგენს მნიშვნელოვან ობიექტს; ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში; არის მარტოხელა მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის რიგითობის განსაზღვრისთვის, მათი განცხადების დაკმაყოფილებისთვის პირები უნდა აკმაყოფილებდნენ ნორმატიულად განსაზღვრულ წინაპირობებს. ამასთან, დასახელებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას. ამრიგად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად უპირატესობა მიენიჭება დევნილთა იმ ოჯახებს, რომელთაც ალტერნატიული ფართი არ გააჩნიათ.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადასტურებულ გარემოებებზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, რ. კ-ის, შევსებული განაცხადის საფუძველზე, კრიტერიუმების გათვალისწინებით, წინასწარი შეფასებით მიენიჭა 7.5 ქულა, მათ შორის, დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს ნათესავთან/ახლობელთან - 1.5 ქულა; დევნილ ოჯახს ჰყავს 4 არასრულწლოვანი წევრი - 3 ქულა; სოციალურ კრიტერიუმში (30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა) - 3 ქულა.
საქმეზე უდავოდ არის დადასტურებული რომ მოსარჩელე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. საგულისხმოა, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის ოქმის მიხედვით, სამოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა.
საკასაციო სასამართლო, საქმეზე უდავოდ დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიუთითებს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, მხოლოდ კეთილი ნებით სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა, საიდანაც შესაძლოა ნებისმიერ დროს იქნეს გამოსახლებული, არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად. მით უფრო, რომ მოსარჩელისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა წარმოშობდა რ. კ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესაძლებლობას. მოცემულ პირობებში კი, მოსარჩელის საცხოვრებელი პირობების არსებობის გათვალისწინებით, იგი აკმაყოფილებს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს. ამდენად, რ. კ-ის უკანონოდ ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დევნილთა მიმართ შექმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები, ხოლო „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მუშაობისას, ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს უპირატესი ყურადღება დაუთმოს ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის დევნილი ოჯახი შედგება 4 არასრულწლოვანი წევრისგან, რაც გასათვალისწინებელია. ამრიგად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, დასახელებული გარემოებები გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის
სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე