საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-1241(კ-20) 7 ივნისი, 2022 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) - დ. ფ-ა, მ. ი-ი
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
დ. ფ-ამ და მ. ი-იმა 2016 წლის 5 ოქტომბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვეს ყოფილი „...ის“ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს 2016 წლის 10 ივნისის N1/29282 წერილისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 8 სექტემბრის №1-1/486 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მარნეულში, ...ის ქუჩაზე მდებარე შენობაზე მოსარჩელეების საკუთრების უფლების დადასტურების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხეებისათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ფ-ას და მ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, დ. ფ-ას და მ. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. ფ-ამ და მ. ი-იმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
კასატორების განმარტებით, დ. ფ-ამ და მ. ი-იმა 2006 წლის 18 აპრილს გამართულ აუქციონზე შეიძინეს „...ის“ მარნეულის რაიონული გაერთიანების ქ. მარნეულში, ...ის ქუჩაზე განთავსებული უძრავ-მოძრავ ქონება, შესაბამისად, გადაიხადეს განსაზღვრული საფასური, თუმცა მარნეულის სახელმწიფო ქონების სააგენტოს ადგილობრივმა სამსახურმა სპეციალურად გაუშვა ხელშეკრულების გაფორმების 20 დღიანი ვადა, რაც სასამართლომ არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა, რითაც დაირღვა კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება. მითითებული გარემოება კი, კასატორების მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობაა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მარტის განჩინებით, დ. ფ-ასა და მ. ი-ის საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ფ-ასა და მ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა საჩივარში მითითებული კასაციის საფუძვლიდან გამომდინარე, აღნიშნავს, რომ ვიანიდან განსახილველი დავის საგანია საკუთრების უფლების დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ 2016 წლის 10 ივნისის N1/29282 წერილის კანონიერება, უნდა შეფასდეს არსებობდა თუ არა სააგენტოს მიერ საკუთრების დადასტურების კანონმდებლობით განსაზღვრული წინაპირობები.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ვინაიდან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას, მის კომპეტენციას, ასევე, განეკუთვნება პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომების მიღება. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის N153 დადგენილებით დამტკიცდა ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესი“. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დადასტურებაში მოიაზრება უძრავ ნივთზე პრივატიზების პროცესის დასრულება და დაინტერესებული პირისთვის, საკუთრების უფლების დადასტურების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტის გაცემა ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დადასტურება შესაძლებელია, თუ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დაინტერესებულ პირსა და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულება.
მოცემულ საქმეზე კასატორები საკასაციო საჩივარში მიუთითებენ, რომ 2006 წლის 18 აპრილის აუქციონის დასრულების შემდგომ მხარეთა შორის არ გაფორმებულა ნასყიდობის ხელშეკრულება პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ ვადის გაშვების გამო. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ასევე დადგენილია, რომ დ. ფ-ასა და მ. ი-ის სარჩელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის 2006 წლის 18 აპრილის აუქციონზე შესაძენი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დავალების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა. ამრიგად, დასტურდება, რომ საქმეზე წარმოდგენილი არ არის საკუთრების უფლების დადასტურებისათვის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესის“ მე-3 მუხლით პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი - ხელშეკრულება, რისი წარდგენის გარეშეც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას დაადასტუროს საკუთრება. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დ. ფ-ამ და მ. ი-იმა ვერ წარადგინეს შესაბამისი ხელშეკრულება, სააგენტოს მხრიდან არ იკვეთება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევა, რაც თავის მხრივ გამორიცხავს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესაძლებლობას. ამასთან, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ ვინაიდან ხელშეკრულების დადების დავალების მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მხარე მოკლებულია შესაძლებლობას სადავოდ გახადოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობანი, სასამართლო ხელშეკრულების დადების კანონიერების თვალსაზრისით ვერ იქონიებს მსჯელობას.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, დ. ფ-ას და მ. ი-ის საკასაციო საჩივარზე 05.03.2021წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი - უნდა დაუბრუნდეს კასატორებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ფ-ას და მ. ი-იის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინება;
3. დ. ფ-ას (პ/ნ...) და მ. ი-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეთ 05.03.2021წ. №0 საგადასახადო დავალებით ბ. ლ-ეის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა