Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე ბს-№1321(2კ-20) 7 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები:

1. მ. ქ-ი (მოსარჩელე)

2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი (მოპასუხეები)

მესამე პირები - ქ. ტ-ე, კ. მ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მ. ქ-იმა 2019 წლის 26 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ მის სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, საქმე განსჯადობით გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.

სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი: მ. ქ-ის ქონების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს ქონების რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 4 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 22 ნოემბრის N... გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.05.2018წ. N... გადაწყვეტილება; ნაწილობრივ ბათილად ყოფილიყო ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 მაისის N... გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნულ საგენტოს დავალებოდა შეეტანა სათანადო ცვლილება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებში და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განეხორციელებინა რეგისტრაცია მ. ქ-ის საკუთრებაზე - ანდერძით მიღებული უძრავი ქონების, მისამართზე ბორჯომის რაიონი სოფელი ..., ს/კ ..., სახლის 6/7 წილიდან ½ წილზე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 253 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ ქ. ტ-ე და კ. მ-ე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, მ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 მაისის N... გადაწყვეტილება ბორჯომის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) 6/7 წილიდან ½ წილზე ქ. ტ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 30 მაისის N... გადაწყვეტილება; მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; მ. ქ-ის სასარჩელო მოთხოვნები სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მესამე პირებმა - ქ. ტ-ემ და კ. მ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, კ. მ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ქ. ტ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 მაისის N... გადაწყვეტილება ბორჯომის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) 6/7 წილიდან ½ წილზე ქ. ტ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში; მ. ქ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ქ-იმა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.

კასატორის - მ. ქ-ის საკასაციო საჩივრის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული საკუთრებისა და მემკვიდრის უფლება.

კასატორის განმარტებით, მ. ქ-იმა დედისგან მემკვიდრეობით მიიღო უძრავი ქონება მდებარე ბორჯომის რაიონის სოფელ ...ში, საცხოვრებელი სახლის 6/7 წილიდან 1/2 წილი. იგი უვლიდა და პატრონობდა მემკვიდრეობით მიღებულ უძრავ ქონებას, თუმცა რეგისტრირებული იყო დეიდის - ქ. ტ-ეის საკუთრებაში. უფლების დამადასტურებლ დოკუმენტად მითითებული იყო 1995 წლის 30 ოქტომბერს გაცემული ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა. აღნიშნული მოწმობა კი გაცემულია ორ მემკვიდრეზე - ქ. ტ-ეზე და მ. (ტ-ე) ქ-იზე. არც მ. ქ-ის და არც დედამის-მ. ქ-ის თავისი წილი მემკვიდრეობა ქ. ტ-ეისათვის არ გადაუცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ უფლების დამდგენი დოკუმენტიდან მონაცემების არასწორად გადატანის გამო მთელი ქონება ერთ მემკვიდრეზე-ქ. ტ-ეზე აღირიცხა, რომელმაც გაასხვისა მის სახელზე უსაფუძვლოდ რეგისტრირებული ქონება.

კასატორის განმარტებით, ზემოაღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვა ხარვეზის გასწორება; კერძოდ, ბორჯომის რაიონის სოფელ ...ში, ქ. ტ-ეის სახელზე რიცხული უძრავი ქონების 6/7 წილიდან 1/2 წილზე მ. ქ-იის თანამესაკუთრედ რეგისტრაცია, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა ჯერ ადმინისტრაციული, ხოლო შემდეგ სასამართლო წესით. პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, თუმცა სააპელაციო წესით საქმის განხილვისას სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ განმარტა, რომ მ. ქ-ის არ ჰქონდა გასაჩივრებული უფლების დამდგენი დოკუმენტი - ნასყიდობის ხელშეკრულება, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 30 მაისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიიჩნია დაუსაბუთებლად და გააუქმა.

კასატორის მოსაზრებით, არასწორია სასამართლოს მსჯელობა 2018 წლის 30 მაისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში იმ დასაბუთებით, რომ მოსარჩელე მ. ქ-ის საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ მოუთხოვია ქ. ტ-ესა და კ. მ-ეს შორის 2018 წლის 24 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. წარმოდგენილი სარჩელი მიმართულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ და გასაჩივრებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის გადაწყვეტილება და ქ. ტ-ეის სახელზე პირველადი რეგისტრაციის არაკანონიერად განხორციელების გამო, მიუხედავად ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობისა, შემდგომი რეგისტრაციიები ვერ მიიჩნევა კანონიერად.

კასატორის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასწორად იქნა გამოყენებული ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები, რამაც განაპირობა სადავო გადაწყვეტილების მიღება. კასატორის მითითებით, დადგენილია, რომ ნ. ტ-ეის სახელზე აღრიცხული იყო ბორჯომის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 6/7 ნაწილი, რომელზეც, 1995 წლის 30 ოქტომბერს, ნოტარიუსის მიერ გაცემულ იქნა ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რომლიც ძალაში მყოფია. მ. ქ-იმა, როგორც მ. ქ-იის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო სრულად. 2018 წლის 15 მაისს, ქ. ტ-ეის განცხადება დაკმაყოფილდა და მის სახელზე დარეგისტრირდა ბორჯომის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 6/7 ნაწილი (უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს 1995 წლის 30 ოქტომბრის ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა), რომელიც შემდგომ გაასხვისა კ. მ-ეზე. 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კ. მ-ეის განცხადება ჩანაწერში არსებული ტექნიკური ხარვეზის ჩასწორების შესახებ და ამონაწერში მესაკუთრის გვერდით დაფიქსირდა 6/7 წილი. 2018 წლის 3 ოქტომბერს მ. ქ-იმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ტექნიკური ხარვეზის შესწორება უძრავ ნივთზე, მდებარე - ბორჯომის რაიონი, სოფელი ...ი, რომელთან დაკავშირებითაც მ. ქ-ის უარი ეთქვა ტექნიკური ხარვეზის შესწორებაზე, ხოლო მისი ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში კ. მ-ესთან ხელშეკრულების დადებისას საჯარო რეესტრში ქ. ტ-ე აღრიცხული იყო მესაკუთრედ, შემძენს ობიექტურად არ ჰქონდა შესაძლებლობა ევარაუდა საკუთრების უფლების ხარვეზიანობა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლზე (კანონიერების პრინციპი), „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, ასევე საკასაციო სასამართლოს განმარტებასა და მის საფუძველზე დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე უფლება აქვს გადაამოწმოს მის მიერვე მიღებული აქტის კანონიერება, ვინაიდან გასაჩივრების ადმინისტრაციული წესი იძლევა ადმინისტრაციულ სფეროში პრევენციული ზომების მიღების, ადმინისტრაციული ორგანოს სისტემის თვითკონტროლის საშუალებას, იძლევა შესაძლებლობას ადმინისტრაციულმა ორგანომ თავადვე გამოასწოროს საკუთარი შეცდომა, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების მთავარ მახასიათებელს და საერთოა მმართვლობითი საქმიანობის ყველა სფეროსათვის (სუსგ 14.07.2015წ. Nბს-408-403 (2კ-14)). კასატორი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოისპო სამართლებრივი პრობლემის ადმინისტრაციულ ორგანოშივე გადაჭრის შესაძლებლობა და ხელი შეეშალა ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე კასატორები ითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მ. ქ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (სამხცე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი) საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ქ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე საგენტოს სამხცე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულებაა - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამავე კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოება იწყება სწორედ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენით, რა დროსაც მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე დგინდება, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძირითადი იურიდიული საფუძველია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც განმცხადებელმა უნდა დაურთოს სარეგისტრაციო განაცხადს ან წარადგინოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, ასევე წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტის შინაარსი, ერთი მხრივ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელების, მეორე მხრივ კი, სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფისა თუ საკადასტრო მონაცემების ზედდების გამორიცხვის საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. ტ-ეის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 2018 წლის 15 მაისს გადაწყვეტილება მიღებულია 1995 წლის 30 ოქტომბრის ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე, რომლის თანახმად, ბორჯომის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონების 6/7 წილის მემკვიდრედ ცნობილია არა მხოლოდ ქ. ტ-ე, არამედ მ. ქ-იიც, რომლის გარდაცვალების შემდეგ 2018 წლის 22 აგვისტოს სამკვიდრო მიიღო მისმა შვილმა - მ. ქ-იმა. იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკუთრების უფლება მთლიან ქონებაზე დაარეგისტრირა მხოლოდ ერთ მემკვიდრეზე, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა 1995 წლის 30 ოქტომბრის ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის შინაარსის გათვალისწინების გარეშე მიღებული გადაწყვეტილების უკანონობის შესახებ უძრავი ქონების 6/7 წილის ½ ნაწილში.

რაც შეეხება ქ. ტ-ეის მიერ მის სახელზე რეგისტრირებული ქონების გასხვისებასა და კ. მ-ეის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერების საკითხს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინა რეგისტრაციის უკანონობა თავისთავად არ იწვევს შემდგომი რეგისტრაციების ბათილობას შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების კანონიერების გადასინჯვის გარეშე. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ძალადაკარგულად, ბათილად ცნობა ან არარად აღიარება. ამდენად, დაუშვებელია რეგისტრაციის გაუქმება მისი საფუძვლის ძალაში ყოფნის პირობებში. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ გააკეთა განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ „..უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, დაუშვებელია რეგისტრაციის გაბათილება მისი საფუძვლის ძალაში არსებობის პირობებში.." (იხ. სუსგ საქმეზე ბს-585-572(4კ-14) 30.04.2015წ., ბს-30-30(2კ-15) 02.05.2015წ., ბს-193-189(2კ-15) 29.09.2015წ. და სხვა).

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 30 მაისის N... გადაწყვეტილება მიღებულია იურიდიული ძალის მქონე უფლების დამდგენი დოკუმენტის - 2018 წლის 24 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და სადავო არ არის ის გარემოება, რომ აღნიშნული ხელშკერულება ამ დრომდე ძალაშია და არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც კ. მ-ეის სარეგისტრაციო განაცხადის განხილვისას ძალაში იყო როგორც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე უძრავი ნივთის მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო გამსხვისებელი, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არ არსებობდა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოება. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას უძრავი ქონების სამოქალაქო ბრუნვაში მოქცევის შემდეგ სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულების შეცილების გარეშე რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესაძლებლობის შესახებ, რადაგან ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობასა და სამოქალაქო ურთიერთობაში მოქმედ შემძენის კეთილსინდისიერების პრინციპს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორების მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უპერსპექტივოა, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, მ. ქ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (სამხცე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი) საკასაციო საჩივრებს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. ქ-ის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვთ 300-300 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეთ კასატორებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ქ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ამავე სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი) საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. მ. ქ-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს 26.01.2021წ. №0 საგადასახადო დავალებით (150 ლარი) და 02.12.2020წ. №10186003499 საგადახდო დავალებით (150 ლარი) ბ. ხ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს 26.01.2021წ. №00675 საგადასახადო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა