Facebook Twitter

ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

№ბ-943-4(ა-22) 17 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის №ბს-356(2კ-21) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე ზ. ბ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი.

2020 წლის 7 მაისს ზ. ბ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 6 იანვრის №1000695796 დასკვნისა და ზ. ბ-ის წარმომადგენლის, ...ს 2020 წლის 5 თებერვლის №19954 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 28 აპრილის №01/80006/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ზ. ბ-ის საქართველოს მოქალაქეობის არქონის შესახებ ცნობის გაცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 6 იანვრის №1000695796 დასკვნა და მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 28 აპრილის №01/80006/გ გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩირებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ზ. ბ-იმა წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განჩინებით აპელანტ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ზ. ბ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ზ. ბ-იმა წარმოადგინა შეგებებული საკასაციო საჩივარი, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილისა და 25 ივნისის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი და ზ. ბ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი. ამავე განჩინებებით განისაზღვრა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობა შემოწმდებოდა მხარეთა დასწრების გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 სექტემბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი და ზ. ბ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ზ. ბ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ზ. ბ-ის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა მოპასუხის მიერ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

2022 წლის 9 ივნისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ზ. ბ-იმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის №ბს-356(2კ-21) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე. განმცხადებელი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე (რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას) და აღნიშნავს, რომ ამერიკის შინაგანი მედიცინის საბჭოს ექიმის ე. რ-ის მიერ 2022 წლის 12 მაისს გაცემული ცნობის თანახმად, პაციენტი ბ-ი ზ. (დაბადებული: ...) ექიმ ე. რ-ის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 2021 წლის აგვისტოდან. პაციენტს - ზ. ბ-ის აქვს P.T.S.D (პოსტტრამვული სტრესული აშლილობა), ძირითადი დეპრესია, CAD (კორონალური არტერიის დაავადება), MI (მიოკარდიუმის ინფარქტი) 2021 წლის 2 აგვისტოს (ჰიპერტენზია), S/P ზურგის და იდაყვის ტრავმა, D.J.D (სახსრის დეგენერაციული აშლილობა) და ინვალიდობის გამო იმყოფება სახლში მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. განცხადებაში ასევე მითითებულია ზ. ბ-ის მამის - ბ. ბ-ის (დაბადების თარიღი - ...წ.) და ზ. ბ-ის დედის - რ-ი ჯ.ს (დაბადების თარიღი - ...წ.) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და აღნიშნულია, რომ სამედიცინო თვალსაზრისით აუცილებელია, რომ პაციენტებმა განაგრძონ ბინაში მოვლა მრავალი ქრონიკული დაავადების გამო. ამასთან, განცხადებაზე დართულია ზ. ბ-ისა და მისი მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები.

წარმოდგენილი განცხადების მიხედვით, სასამართლოსთვის ცნობილი რომ ყოფილიყო ზ. ბ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სასამართლო არ დააკმაყოფილებდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების საგენტოს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, რადგან ზ. ბ-ის საქართველოში არ გააჩნია საკუთრება, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მას ესაჭიროება მომვლელი, ზ. ბ-ის ახლო ნათესავები, შვილები, მშობლები და და არიან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები, ზ. ბ-ის საქართველოში არ ჰყავს ნათესავები.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ კლინტონის საოლქო ადმინისტრაციის ცნობის თანახმად, ზ. ბ-ი კლინტონის საოლქო საპყრობილიდან გათავისუფლდა 2021 წლის 8 ივნისს.

განმცხადებელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლო მსჯელობს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებებზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. საკასაციო სასამართლო არ ღებულობს ახალ მტკიცებულებებს ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. ამდენად, მხარე მოკლებული იყო შესაძლებლობას სასამართლოსთვის წარედგინა ინფორმაცია და მტკიცებულებები ზ. ბ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რადგან იგი საპყრობილიდან გათავისუფლდა სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვის დასრულების შემდგომ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზ. ბ-ი საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისათვის განცხადებით მიმართვის დროს არ გახლდათ საქართველოს მოქალაქე, რის უტყუარ მტკიცებულებასაც წარმოადგენდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 6 იანვრის №1000695796 გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ზ. ბ-ის განცხადება. ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოკვლეული მასალებით დადგენილი აქვს, რომ ზ. ბ-ი საქართველოდან წავიდა 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ, რის შემდგომაც იგი საქართველოში არ დაბრუნებულა. საქართველოში ზ. ბ-ის არ გააჩნია საკუთრება, ხოლო მისი ოჯახის წევრები - მშობლები, შვილები და და არიან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები. ზ. ბ-ის საქართველოში არ ჰყავს ნათესავები.

განცხადების მიხედვით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ზ. ბ-ის სურვილი არასდროს ყოფილა საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენა და საქართველოს მოქალაქეობის მიღება, ზ. ბ-იმა გამოხატა რა ნება, 1991 წლის 21 დეკემბრის შემდგომ როცა დატოვა საქართველოს ტერიტორია, ის საქართველოში არ დაბრუნებულა, არ დამდგარა საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად (1993 წლის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად), არასდროს ყოფილა საქართველოს სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ.

ამასთან, განმცხადებლის მითითებით, განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ წარმოდგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადის დაცვით, კერძოდ, ჯანმრთელობის ცნობა ზ. ბ-ის შესახებ გაცემულია 2022 წლის 12 მაისს. განმცხადებლი არარელევანტურად მიიჩნევს აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ ზ. ბ-ისთვის ცნობილი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს, რადგან მოცემულ შემთხვევაში ზ. ბ-ის უნდა მოეპოვებინა მისი ავადობის დამადასტურებელი მტკიცებულება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე კი აღნიშნული ცნობის ასაღებად გარკვეული დრო იყო საჭირო. ამასთან, განცხადების მიხედვით, ზ. ბ-ი, ისევე, როგორც მისი წარმომადგენელი, არ დასწრებიან სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას და მათთვის უცნობი იყო, როგორც გადაწყვეტილების მიღების თარიღი, ასევე მისი შედეგი. სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსის გაცნობის შემდგომ კი ზ. ბ-იმა დაიწყო ზრუნვა სამედიცინო ცნობის ასაღებად და ცნობის გაცემიდან ერთი თვის ვადაში წარმოადგინა განცხადება.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებელი მოითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის №ბს-356(2კ-21) გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უარი ეთქმება საკასაციო საჩივრის დამაყოფილებაზე, ხოლო დაკმაყოფილდება ზ. ბ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ზ. ბ-ის საქართველოს მოქალაქეობის არქონის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო ზ. ბ-ის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის №ბს-356(2კ-21) გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ზ. ბ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. მან უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები თუ მტკიცებულებები არსებობდნენ გადაწყვეტილების გამოტანამდე და არ წარმოშობილან შემდგომში. ასევე დადასტურებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ახალი ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას არ ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ზ. ბ-ის განცხადება ეფუძნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტს (რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას) და ასეთ გარემოებად დასახელებულია ზ. ბ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა. წარმოდგენილი განცხადების მიხედვით, სასამართლოსთვის ცნობილი რომ ყოფილიყო ზ. ბ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სასამართლო არ დააკმაყოფილებდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების საგენტოს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, რადგან ზ. ბ-ის საქართველოში არ გააჩნია საკუთრება, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მას ესაჭიროება მომვლელი, ზ. ბ-ის ახლო ნათესავები, შვილები, მშობლები და და არიან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები, ზ. ბ-ის საქართველოში არ ჰყავს ნათესავები.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოცემული დავის ფარგლებში სადავო იყო ზ. ბ-ის მოქალაქეობის საკითხი, რა დროსაც საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით - „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სადავო დასკვნისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლის (საქართველოს მოქალაქეობის დადგენა) პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ამ კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან მოიპოვებენ, მიიჩნევიან: გ) საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირები, რომლებმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვეს საქართველოს ტერიტორია და, ამდენად, ვერ აკმაყოფილებენ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, თუ მათ არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. საკასაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ბ-ი დაბადებულია საქართველოს ტერიტორიაზე, 1991 წლის 21 დეკემბრის შემდგომ დატოვა საქართველოს ტერიტორია და მასზე არცერთი ქვეყნის მოქალაქეობის მიღების ფაქტი არ დასტურდება. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სადავო დასკვნისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი საქართველოს მოქალაქეობის დადგენის სწორედ ამგვარ შემთხვევას ითვალისწინებდა. შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზ. ბ-ის განცხადების განხილვისას ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა დაედგინა საქართველოსთან მისი სამართლებრივი კავშირი, რის გამოც არ არსებობდა სადავოდ ქცეული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 6 იანვრის №1000695796 დასკვნისა და ზ. ბ-ის წარმომადგენლის, ...ს 2020 წლის 5 თებერვლის №19954 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 28 აპრილის №01/80006/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა ზ. ბ-ის მითითება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ 1993 წლის 25 მარტის საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პირი დაკარგავდა საქართველოს მოქალაქეობას თუ იგი მუდმივად ცხოვრობდა სხვა სახელმწიფოში და არასაპატიო მიზეზით არ დადგებოდა საკონსულო აღრიცხვაზე 2 წლის განმავლობაში. საკასაციო სასამართლომ მიუთითა დასახელებული კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, 35-ე-36-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ზ. ბ-ის მიერ აღნიშნული ნორმებით დადგენილი პროცედურის გავლისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ფაქტი. ის გარემოება, რომ ზ. ბ-ის 2 წლის განმავლობაში არ მიუმართავს საკონსულოსთვის და არ დამდგარა აღრიცხვაზე, ავტომატურად არ ნიშნავდა ზ. ბ-ის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას, აღნიშნულის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებდა საქართველოს პრეზიდენტი.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში დამატებით მიუთითა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის უფლება; ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს იმ შემთხვევებს, რა დროსაც საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე. შესაბამისად, ზ. ბ-ის, კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პირობების არსებობისას, შესაძლებლობა აქვს გავიდეს საქართველოს მოქალაქეობიდან.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი განცხადებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად დასახელებული გარემოება ზ. ბ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მოცემული დავის არსიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს ისეთ ახალ გარემოებას ან მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი, მოსარჩელისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა, რამდენადაც, საკასაციო სასამართლოს მიერ განხილულ - ზ. ბ-ის მოქალაქეობის საკითხზე გავლენას არ ახდენს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, წარმოდგენილი განცხადება ეხება დავის არსებით მხარეს, განმცხადებელი არ ეთანხმება საქმეზე დამდგარ შედეგს და კვლავ სადავოდ ხდის საქმეზე საკასაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ შეფასებებს. განმცხადებელი კვლავ მიუთითებს, რომ ზ. ბ-ი საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისათვის განცხადებით მიმართვის დროს არ გახლდათ საქართველოს მოქალაქე, რასაც შეფასება მისცა საკასაციო სასამართლომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით. წარმოდგენილი განცხადება რეალურად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარს წარმოადგენს და არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას.

რაც შეეხება განმცხადებლის მითითებას მასზედ, რომ ზ. ბ-ი, ისევე, როგორც მისი წარმომადგენელი, არ დასწრებიან სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას და მათთვის უცნობი იყო, როგორც გადაწყვეტილების მიღების თარიღი, ასევე მისი შედეგი, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილისა და 25 ივნისის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი და ზ. ბ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი. ამავე განჩინებებით განისაზღვრა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობა შემოწმდებოდა მხარეთა დასწრების გარეშე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 სექტემბრის განჩინებით კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი და ზ. ბ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე. აღნიშნული განჩინებების თაობაზე მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის №ბს-356(2კ-21) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე ზ. ბ-ის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

ამასთან, ი. შ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ზ. ბ-ის განცხადებაზე 08.06.2022წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე, 424-ე და 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის №ბს-356(2კ-21) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განუხილველი დარჩეს დაუშვებლობის გამო;

2. ი. შ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ზ. ბ-ის განცხადებაზე 08.06.2022წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა