Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-519(კ-22) 8 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. გ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 9 ოქტომბერს მ. გ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, მ. გ-ამ მოითხოვა გრძელვადიანი საცხოვრებლით ქალაქ თბილისში უზრუნველყოფასთან დაკავშირებული განცხადების განხილვაზე უარის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 23 ივნისის N03/8165 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა; ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 18 სექტემბრის N03/13412 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის, კანონით დადგენილი წესით, მ. გ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით ქალაქ თბილისში უზრუნველყოფის საკითხის განხილვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 23 ივნისის N03/8165 წერილობითი მიმართვა, მ. გ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით ქალაქ თბილისში უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი ,,მ. გ-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 18 სექტემბრის N03/13412 გადაწყვეტილება; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, კანონით დადგენილი წესით, მოსარჩელის - მ. გ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით ქალაქ თბილისში უზრუნველყოფის საკითხის განხილვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, მე-13 მუხლის მეორე და მე-3 პუნქტებზე, ასევე სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-4 მუხლის 21-ე პუნქტზე, რომელიც ადგენს დევნილის მიერ დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, სამინისტროს ინფორმირების ვალდებულებას, ერთი თვის ვადაში. ამასთან, „წესის“ მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ, ქალაქ თბილისში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების წინაპირობას, ქალაქ თბილისში დევნილი ოჯახების 2013 წლის პირველ ივნისამდე რეგისტრაციის განხორციელება წარმოადგენს.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული რეგულაციის მიზანს წარმოადგენს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, დევნილი ოჯახის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში საცხოვრებლით უზრუნველყოფა. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც ოჯახი ცხოვრების ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფითი პირობებით არის დაკავშირებული. დევნილმა ოჯახმა, ქალაქ თბილისში საცხოვრებლით უზრუნველყოფის პირობების დაკმაყოფილების მიზნით, ერთი მხრივ, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის თაობაზე უნდა აცნობოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო მეორე მხრივ, 2013 წლის პირველ ივნისამდე რეგისტრირებული უნდა იყოს ქალაქ თბილისში. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამინისტრო არ განიხილავს დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. გ-ას მშობელმა - ე. დ-იმა 2013 წლის 16 ოქტომბერს N74397 განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროს. განმცხადებელმა ითხოვა მისი ოჯახის წევრების (მათ შორის - მოსარჩელის) ქალაქ თბილისში რეგისტრაცია (დამისამართება). 2013 წლის ნოემბრიდან, ე. დ-იი მის ოჯახთან ერთად (მათ შორის - მოსარჩელე) ითვლება ქალაქ თბილისში რეგისტრირებულად (დამისამართებულად). სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მ. გ-ას მშობელმა - ე. დ-იმა 2006 წლის 29 ნოემბერს მიიღო ზ. მ-ოს თანხმობა, ქ. თბილისში, ... დასახლებაში, ზ. მ-ოს საკუთრებაში არსებულ N3 ბინაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ამასთან, მ. გ-ა, 2002 წლის 14 თებერვლიდან 2012 წლის 17 სექტემბრამდე, სწავლობდა ქ. თბილისში მდებარე სხვადასხვა საჯარო სკოლაში.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2013 წლის პირველ ივნისამდე, დევნილის რეგისტრაციის ადგილად, მისი ფაქტობრივად ცხოვრების ადგილი მიიჩნეოდა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მ. გ-ა 2013 წლის პირველ ივნისამდე, მუდმივად, ფაქტობრივად ცხოვრობდა ქ. თბილისში. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მოსარჩელის წლების განმავლობაში ცხოვრება და მისი ყოველდღიურობით დაკავშირება ქალაქ თბილისთან, არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობისა და ერთიან ელექტრონულ ბაზაში ცვლილების შეტანის შესახებ მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არასწორად განმარტა. მოცემულ შემთხვევაში, დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, მ. გ-ა და მისი ოჯახის წევრები 2013 წლის 16 ოქტომბრის N74397 განცხადების საფუძველზე, 2013 წლის ნოემბრის თვიდან დამისამართებულნი არიან თბილისში. ოჯახმა სამინისტროს მიმართა არა 2013 წლის პირველ ივნისამდე, არამედ პირველი ივნისის შემდეგ - 2013 წლის 16 ოქტომბერს, რის საფუძველზეც, დარეგისტრირდა კიდეც მოთხოვნილ მისამართზე და ბაზაში განხორციელდა ცვლილება. შესაბამისად, მოსარჩელეს შეეზღუდა თბილისში საცხოვრებლის მოთხოვნის უფლება. ეს შეზღუდვა არ მომხდარა უკანონოდ, ვინაიდან საკითხის მომწესრიგებელი აქტი ზღუდავს 2013 წლის პირველ ივნისამდე, თბილისში რეგისტრაციის არმქონე პირთა თბილისში განსახლების უფლებას. სამინისტრო თავისი სურვილით, ბენეფიციარის მოთხოვნის გარეშე ვერ განახორციელებდა რეგისტრაციის ცვლილებას. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მონაცემთა ბაზაში აღნიშნულია დევნილი ოჯახის 3 რეგისტრაციის ადგილი: პირის მუდმივი საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებამდე; პირის რეგისტრაციის ადგილი, სადაც ის დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა (იურიდიული); პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, სადაც ის რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ჩამოთვლილი სამივე კომპონენტი ემსახურება ერთ მიზანს - სახელმწიფოს ჰქონდეს სრულყოფილი მონაცემები დევნილი ოჯახის მუდმივ, დროებით და ფაქტობრივ საცხოვრებელთან დაკავშირებით. პირი ვერ ბრუნდება მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე და ის დევნილობის პერიოდში ირჩევს საცხოვრებელ ადგილს, სადაც სამინისტრო არეგისტრირებს, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთ ტერიტორიულ ერთეულში რეგისტრირებული დევნილი სხვა ტერიტორიულ ერთეულში ცხოვრობს ფაქტობრივად, რეგისტრაციის გარეშე, შესაბამისად ამ სამი მონაცემის არსებობა აუცილებელია, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც დევნილი ოჯახების განსახლება ხდება მათი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია ფორმალურ ხასიათს ატარებს, არასწორია.

საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, კასატორი დადგენილად მიიჩნევს, რომ მ. გ-ა 2013 წლის პირველ ივნისამდე თბილისში რეგისტრირებულად არ ითვლებოდა. შესაბამისად, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა, თბილისში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. სააგენტომ გამოარკვია, რომ დევნილთა მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით, მოქალაქე მ. გ-ა თბილისში რეგისტრირებულია 2013 წლის 4 ნოემბრიდან (...ის ქუჩა), ხოლო ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებულია თბილისი, ...ის ხეივანი. 2013 წლის პირველ ივნისამდე, სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში არ იძებნება მ. გ-ას და ე. დ-იის განცხადებები, თბილისში დამისამართების მოთხოვნით. სააგენტოში წარდგენილია 2006 წლის 29 ნოემბრის სანოტარო აქტი, რომლითაც მხოლოდ ე. დ-იის რეგისტრაციის თანხმობის არსებობა დასტურდება შესაბამისი უძრავი ქონების მესაკუთრის მხრიდან. ამდენად, აღნიშნული დოკუმენტი არ ადასტურებს დევნილი პირის - მ. გ-ას რეგისტრაციას ქ. თბილისში, 2013 წლის პირველ ივნისამდე.

კასატორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, ასევე საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 მარტის N292 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2011-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომელნიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფი წესის“ მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომელნიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სააგენტოს არ გააჩნდა კანონიერი საფუძველი, გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ფარგლებში, განეხილა მოსარჩელის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული განაცხადი, იმ ოჯახებთან ერთად, რომლებიც თბილისში რეგისტრირებულნი არიან 2013 წლის პირველ ივნისამდე. ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილება მიიღო სადავო საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

მ. გ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც გააჩნია გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ინტერესი.

მ. გ-ამ 2020 წლის 8 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, მისი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის ქალაქ თბილისში გადაცემის მოთხოვნით. სააგენტოს 2020 წლის 23 ივნისის N03/8165 წერილით მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვაზე და განემარტა, რომ ვინაიდან მ. გ-ა თბილისში რეგისტრირებულია 2013 წლის პირველი ივნისის შემდეგ, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს არ აქვს კანონიერი საფუძველი, დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა, ქალაქ თბილისში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 18 სექტემბრის N03/13412 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. გ-ას ადმინისტრაციული საჩივარი, უცვლელად დარჩა სააგენტოს 2020 წლის 23 ივნისის N03/8165 აქტი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. გ-ას ოჯახი, ქალაქ თბილისში რეგისტრირებულად (დამისამართებულად) ითვლება 2013 წლის ნოემბრიდან. აღნიშნულის წინაპირობად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩათვალა 2013 წლის 16 ოქტომბერს მ. გ-ას მშობელის - ე. დ-იის N74397 განცხადება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროს მიმართ, მისი ოჯახის წევრების ქალაქ თბილისში რეგისტრაციის (დამისამართების) თაობაზე.

დადგენილია, რომ ე. დ-იმა 2006 წლის 29 ნოემბერს მიიღო ზ. მ-ოს თანხმობა, ქ. თბილისში, ... დასახლებაში, ზ. მ-ოს საკუთრებაში არსებულ N3 ბინაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ამასთანავე, საქმის მასალებით დგინდება, რომ 2002 წლის 14 თებერვლიდან, 2012 წლის 17 სექტემბრამდე, მ. გ-ა სწავლობდა ქ. თბილისში მდებარე სკოლაში.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო სამართალურთიერთობა დაკავშირებულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონთან და მის საფუძველზე მიღებულ ნორმატიულ აქტებთან. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.

პალატა ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ (დანართი N1). აღნიშნული „წესის“ მე-4 მუხლი ადგენდა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის პროცედურას, ხოლო მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრებოდა დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. ამასთან, მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელნიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეუძლებლად მიიჩნევს, ზემოაღნიშნული „წესით“ გათვალისწინებული წინაპირობის არარსებობის გამო - მოსარჩელის ოჯახი 2013 წლის პირველ ივნისამდე არ დარეგისტრირებულა ქ. თბილისში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნული „წესით“ განსაზღვრული რეგულაციის მიზანს წარმოადგენს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, სადაც ოჯახი ცხოვრების ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ყოფითი პირობებით არის დაკავშირებული და რაც ცალსახად დასტურდება მტკიცებულებებით.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს უტყუარ მტკიცებულებებს, რომლებიც მიუთითებენ მოსარჩელის წლების განმავლობაში, ყოველდღიური ცხოვრებით დაკავშირებას ქალაქ თბილისთან. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მ. გ-ა 2002 წლის 14 თებერვლიდან, 2012 წლის 17 სექტემბრამდე სწავლობდა ქ. თბილისში მდებარე სხვადასხვა საჯარო სკოლაში, რაც უდავოდ ადასტურებს 2013 წლის პირველ ივნისამდე პერიოდში, მოსარჩელის ფაქტობრივად ცხოვრებას ქალაქ თბილისში. ამასთანავე, 2013 წლის პირველ ივნისამდე ქ. თბილისში მოსარჩელის ფაქტობრივად ცხოვრების დადასტურების მიზნებისათვის, მნიშვნელოვნად უნდა ჩაითვალოს, 2006 წლის 29 ნოემბრით დათარიღებული ზ. მ-ოსაგან მიღებული თანხმობა, ქ. თბილისში, ... დასახლებაში, მის საკუთრებაში არსებულ N3 ბინაში მოსარჩელის დედის რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის პირობებში, მოსარჩელეს უფლება აქვს, მოითხოვოს ქ. თბილისის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. ქალაქ თბილისში, 2013 წლის პირველ ივნისამდე დამისამართების არქონის გამო, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე მოსარჩელისათვის უარის თქმა უსაფუძვლოა. მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო აქტები ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არსებობს მათი ბათილად ცნობისა და მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე