№ბს-964(კ-20) 16 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბ. ვ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 25 აგვიტოს ბ. ვ-ეემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 28 ივლისის №1027 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქალაქ თბილისში, ...ის შემაერთებელი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, №... საკადასტრო კოდის მომიჯნავე 440 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. ვ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ვ-ეემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ბ. ვ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქმეში წარდგენილი ორთოფოტოს მიხედვით, არ დასტურდებოდა ბ. ვ-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის 2005 წლიდან თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. აპელანტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და მოთხოვნილი მომიჯნავე მიწის ნაკვეთი არ იყო მოქცეული ერთიან სივრცეში და ამასთან, არ ფიქსირდებოდა ერთიანი მყარი სასაზღვრო მიჯნის (ღობე) არსებობა კანონის ამოქმედებამდე.
საქმეში წარდგენილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 13 ივნისის №60-01171642569 წერილის თანახმად, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე გათვალისწინებული იყო გზის მოდერნიზაციის დროებითი შეზღუდვა და ამერიკის საელჩოს 500 მეტრიანი სპეციალური შეზღუდვა.
ბ. ვ-ეის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში 2017 წლის 8 ივლისს წარდგენილი განცხადების შესაბამისად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ №... საკადასტრო კოდის 440 კვ.მ მიწის ნაკვეთი შპს „...ს“ საკუთრებად აღრიცხულ №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთს ესაზღვრებოდა იმგვარად, რომ მისი გამოყენება შესაძლებელი იყო მხოლოდ №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა - ნაგებობით სარგებლობის მიზნით. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უსაფუძვლო იყო ბ. ვ-ეის მტკიცება, მისი როგორც ფიზიკური პირის მიერ №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთით სარგებლობაზე, რომელთანაც მას სასაზღვრო მიჯნა არ უფიქსირდებოდა. აღნიშნული კი გამორიცხავდა მიწის ნაკვეთზე ბ. ვ-ეის საკუთრების უფლების აღიარებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ვ-ეემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და აღნიშნავს, რომ კომისიის მხრიდან არ ყოფილა წარდგენილი მისი პოზიციის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება, მითუმეტეს, რომ კანონმდებლის მოთხოვნით მტკიცების ტვირთი სწორედ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ წარმოადგენს აბსოლუტურ და უპირობოდ შეუზღუდავ უფლებას.
კასატორი აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. მოცემულ შემთხვევაში კი, კასატორის მითითებით, ადგილი აქვს მისი კანონიერი უფლებების, კერძოდ, მისი საკუთრებისა და მისით სარგებლობის ხელშეუვალი უფლების, ასევე მისი გამოყენებით სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებებისა და ლეგიტიმური ინტერესების დაუსაბუთებელ და უკანონო შეზღუდვას.
კასატორი აღნიშნავს, რომ მან კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით წარადგინა განაცხადი კომისიაში სადავო მიწის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად (ასაღიარებლად), რის გამოც დადებითი გადაწყვეტილება უნდა მიეღო. მისთვის გაუგებარია როგორც კომისიის, ასევე სასამართლოების მიერ მოწმეთა ჩვენების იგნორირება და მიუთითებს, რომ სასამართლო პრაქტიკითაც ასეთი ჩვენებები მფლობელობის ფაქტისა და მისი პერიოდის (გარემობების) დამადასტურებელ მტკიცებულებებად არის მიჩნეული.
ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სადაო აქტით დარღვეულია საკუთრების უფლებაასაღიარებელ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენისა და მისი საკუთრებად რეგისტრაციის კონსტიტუციური უფლებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბ. ვ-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ვ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ბ. ვ-ეისათვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2017 წლის 8 ივნისს ბ. ვ-ეემ განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ის შემაერთებელი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისი კუთვნილი, №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის მომიჯნავე 440 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 6 ივლისის №614 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2017 წლის 28 ივლისის №1027 განკარგულებით ბ. ვ-ეეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმაზე მითითებით, რომ არ დასტურდებოდა ქალაქ თბილისში, ...ის შემაერთებელი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის მომიჯნავე 440 კვ.მ მიწის ნაკვეთის მის მიერ თვითნებურად დაკავებისა და ფლობა-სარგებლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
დადგენილია ის გარემოება, რომ №... საკადასტრო კოდის 440 კვ.მ მიწის ნაკვეთი შპს „...ს“ საკუთრებად აღრიცხულ №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთს ესაზღვრება იმგვარად, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობით სარგებლობის მიზნით. მართალია №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე თავდაპირველად საკუთრების უფლება ბ. ვ-ეემ შეიძინა, შპს „...ს“ დირექტორი და 100% წილის მფლობელიც ბ. ვ-ეეა, თუმცა ამჟამად, შესაბამისი მიწის ნაკვეთი სწორედ შპს „...ს" საკუთრებას წარმოადგენს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ბ. ვ-ეე ითხოვს მიწის ნაკვეთის აღიარებას, რომელიც რეალურად შპს-ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ტერიტორიაზე მდებარეობს.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
ამავე კანონის მე-51 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას კომისიამ უნდა გაითვალისწინოს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 13 ივნისის №60-01171642569 წერილზე, რომლის თანახმად, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე გათვალისწინებულია გზის მოდერნიზაციის დროებითი შეზღუდვა და ამერიკის საელჩოს 500 მეტრიანი სპეციალური შეზღუდვა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო დამოუკიდებლად აღარ აფასებს საქმეში წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებს, რომლითაც დასტურდება, მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავება, ვინაიდან, მითითებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას გამორიცხავს მასზე გავრცელებული გზის მოდერნიზაციის დროებითი შეზღუდვა და ამერიკის საელჩოს 500 მეტრიანი სპეციალური შეზღუდვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ბ. ვ-ეეს საკასაციო საჩივარზე 12.10.2020წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილისთანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. ვ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინება;
3. ბ. ვ-ეეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.10.2020წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. სტურუა