Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-500(კ-22) 8 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - თ. კ-ე, ი. ნ-ე, ლ. ნ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 16 მარტს, თ. კ-ემ, ი. ნ-ემ და ლ. ნ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 11 თებერვლის N03-542/ო, N03-544/ო, N03-545/ო ბრძანებების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, მოსარჩელეთათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით თ. კ-ეის, ლ. ნ-ეის და ი. ნ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „თ. კ-ეისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ 2021 წლის 11 თებერვლის N03-542/ო ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი „ლ. ნ-ეისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ 2021 წლის 11 თებერვლის N03-545/ო ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი „ი. ნ-ეისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 11 თებერვლის N03-544/ო ბრძანება; დაევალა მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეებს - თ. კ-ეს, ლ. ნ-ეს და ი. ნ-ეს მიენიჭებათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-6, მე-8 მუხლებზე, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287 ბრძანებით დამტკიცებული „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის“ ნორმებზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის პირველი ნოემბრის Nბს-247-245 (კ-16) გადაწყვეტილებით გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად, „..დევნილის სტატუსის მინიჭება დაკავშირებულია არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე უძრავი ქონების, საცხოვრებელი ადგილის ქონასთან, არამედ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის პირის მიერ იძულებით დატოვებასთან. საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება (საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლი)..საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღმდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის სავალდებულოა პირის ნებას თან ახლდეს ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება - დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი - უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს..მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ცნება მოცემულია სპეციალურ კანონში - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში. „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“ ამ კანონის მიზნებისათვის განმარტებულია შემდეგნაირად: „დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო..“

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს კონკრეტულ ადგილას - ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში თ. კ-ეის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. საქმის მასალებით, კერძოდ ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2020 წლის 17 ნოემბრის N8 დასკვნით, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თვითმმართველი ერთეულის 2020 წის 24 ნოემბრის N413-0-2-202011241106 და ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N693 ცნობებით დასტურდება, რომ თ. კ-ე მუდმივად ცხოვრობდა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, 2008 წლის აგვისტოს ომამდე, პაპა-ბებიასთან ერთად. მასვე, ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში გააჩნია საცხოვრებელი ფართი, 120 კვ.მ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით. შესაბამისად, არსებობს მათი ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების საფუძველი, მოსარჩელეთათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რომელიც გამოიყენა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ეყრდნობა ისეთ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. სასამართლომ განმარტა, რომ დევნილის სტატუსის მინიჭება დაკავშირებულია არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის ქონასთან, არამედ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვებასთან. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მხოლოდ ქურთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობა.

კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ გამგეობას არ ჰქონდა ინფორმაცია, მოსარჩელის სოფელ ...ში ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოსარჩელის შვილს - ნ. ნ-ეს, მან გასაუბრების დროს განმარტა, რომ დაიბადა 2002 წელს, გორში. 2008 წლიდან სწავლობდა თბილისში, თუმცა სკოლა დაამთავრა 2020 წელს, ...ის საჯარო სკოლაში. თ. კ-ემ სააგენტოში წარადგინა არასრულწლოვანი შვილების - ი. და ლ. ნ-ეების დაბადების მოწმობის ასლები, სადაც ნათლად არის მითითებული, რომ ისინი დაბადებულნი არიან - ქ. თბილისში.

კასატორის განმარტებით, დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. პირი მუდმივად უნდა იმყოფებოდეს კონკრეტულ საცხოვრებელ ადგილას და შესაბამის ადგილთან დაკავშირებული უნდა იყოს შრომითი საქმიანობით, ან სხვაგვარი ურთიერთობით. მხარეებს იძულების წესით უნდა ჰქონდეთ დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ თ. კ-ე ცხოვრობდა და მუშაობდა ქ. გორში. ამასთან, აღნიშნული პირი სწავლობდა და დაქორწინდა ქ. თბილისში. თ. კ-ეის შვილი - ნ. ნ-ე დაიბადა 2002 წელს, ქ. გორში. 2008 წლიდან სწავლობდა თბილისში, თუმცა სკოლა დაამთავრა 2020 წელს, ...ის საჯარო სკოლაში.

კასატორი მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის "გ" ქვეპუნქტიდან გამომდინარე, დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას და დადგენას - დატოვებული აქვს თუ არა მას იძულების წესით მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა განიმარტოს, როგორც ძირითადი საცხოვრებელი, სადაც პირი არა დროებით, არამედ მუდმივად იმყოფება და მასთან არის დაკავშირებული ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით. მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაში იქნა მიღებული, როგორც მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებები, ისე მათ მიერ წარმოდგენილი და ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოთხოვილი დოკუმენტები. გაურკვეველია, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, სასამართლომ როგორ დაადგინა თ. კ-ეისა და მისი შვილების 2008 წლის აგვისტომდე ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ცხოვრების ფაქტი.

მოსარჩელის არასრულწლოვან შვილებთან დაკავშირებით, კასატორი განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს ყველა იმ პირმა, რომელიც დაბადებულია 2008 წლის მოვლენებამდე. ამასთან, კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, 2008 წლის მოვლენებამდე დაბადებული მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყდეს ამ სამართლებრივი ნორმის ფარგლებში, ხოლო მე-6 მუხლის მეორე პუნქტის დანაწესი, დევნილის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას სთავაზობს იმ პირებს, რომლებზეც ვერ გავრცელდება ამავე მუხლის პირველი პუნქტი, ვინაიდან ისინი 2008 წლის მოვლენების შემდგომ დაიბადნენ და რომელთა ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს სადავო საკითხის გადასაწყვეტად უნდა გამოეყენებინა მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი და არა მეორე პუნქტი. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეები ფაქტობრივად ...ის მუდმივ მაცხოვრებლებს არ წარმოადგენდნენ, სააგენტოს არ უნდა დავალებოდა მათთვის დევნილის სტატუსის მინიჭება.

კასატორი განმარტავს, რომ პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და ჩამორთმევის საკითხი სააგენტოს დისკრეციული უფლებამოსილებაა. აღნიშნული უფლებამოსილების განსახორციელებლად, სააგენტო ხელმძღვანელობს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით. კანონის მე-6 მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ პირს დევნილის სტატუსი ეკუთვნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი იძულებული გახდა, დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამავე კანონით განმარტებულია მუდმივი საცხოვრებლის დეფინიცია (საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი მშობელი (მშობლები) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების გამო). დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის იძულების წესით დატოვებას. მსგავსი კატეგორიის დავებზე დადგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (სუს 2012 წლის პირველი თებერვლის Nბს-1227-1213(კ-11) განჩინება). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთათვის დევნილის სტატუსის მინიჭებით, სააგენტოს მხრიდან ადგილი ექნებოდა კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფას, რაც გამოიწვევდა რიგ სამართლებრივ შედეგებს. დევნილის სტატუსი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, ხოლო სოციალური დაცვა გულისხმობს დევნილის სტატუსის მატარებლისათვის ისეთი მატერიალური სარგებლის მოტანას, როგორიცაა დევნილის შემწეობა. პირს, რომელსაც არა აქვს დევნილის სტატუსი, ვერ იქნება სამინისტროს ბენეფიციარი და მის მიმართ გაწეული ხარჯები მიიჩნევა სახელმწიფოს მიერ არამიზნობრივად გახარჯულად. ასეთ შემთხვევაში, სახეზე იქნება სახელმწიფოს ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვა. რაც იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, სააგენტოს სადავო ბრძანებები კანონიერი და დასაბუთებულია, როგორც სამართლებრივად, ისე ფაქტობრივად. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. არსებული დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. მითითებული კანონის მე-4 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს, ხოლო მეორე პუნქტის შესაბამისად, დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევის, აღდგენისა და დევნილთა რეგისტრაციის წესზე“(დანართი N1). აღნიშნული „წესის“ მეორე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ სააგენტოში წარდგენილ განცხადებას თან უნდა ერთოდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს და მათი შესაბამისი კომისიების მიერ გაცემული ცნობა/დასკვნა, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების იძულებით გადაადგილებამდე მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების ფაქტს და ოჯახის შემადგენლობას (ამ უკანასკნელის შესაძლებლობის შემთხვევაში).

ზემოაღნიშნული „წესის“ მეორე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, პირს, რომელიც განცხადებით მიმართავს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ სამმართველოს დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში დეპარტამენტში ან სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოში უნდა ჩაუტარდეს გასაუბრება, დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებთან დაკავშირებით. ამავე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვას ახორციელებს სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტი, რომელიც ამავე მუხლის მე-20 პუნქტის შესაბამისად, საკითხის შესწავლის შემდგომ, ამზადებს დასკვნას, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. მითითებული მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის სტატუსის მინიჭებაზე პირს უარი ეთქმება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირი არ აკმაყოფილებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. კ-ემ 2020 წლის 27 ნოემბერს განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს. მისთვის და მისი არასრულწლოვანი შვილებისათვის: ლ. ნ-ეისა და ი. ნ-ეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.

2020 წლის 27 ნოემბერს თ. კ-ეს ჩაუტარდა გასაუბრება. მან შეავსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მიუთითა, რომ არის ცხინვალიდან და დაოჯახებულია დ. ნ-ეზე. იძულებით გადაადგილებამდე, გორის რაიონის სოფელ ...ში ცხოვრობდა ბებიასთან - ე. ყ-ითან ერთად, რომელიც 2011 წელს გარდაიცვალა. ბაბუა - ი. კ-ე 2017 წელს გარდაიცვალა. სოფლიდან წამოსვლის შემდეგ, ბებია-ბაბუასთან ერთად, ცხოვრობდა თბილისში, ...ის ქუჩა N70-ში, ყოფილი ფინანსთა სამინისტროს შენობაში. შემდგომ, ბებია-ბაბუას გადასცეს კოტეჯი სოფელი ...ის ჩასახლებაში. თ. კ-ე, მეუღლის სამსახურიდან გამომდინარე, მის ოჯახთან ერთად, დარჩა თბილისში, ქირით. იძულებით გადაადგილებამდე (2008 წლის 8 აგვისტომდე) ცხოვრობდა პაპის - ი. კ-ეის საკუთრებაში.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, 2008 წლამდე თ. კ-ეის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი სოფელი ...ი არ ყოფილა. მან საშუალო განათლება მიიღო სამტრედიის რაიონში. უმაღლესი განათლება მიიღო ქ. თბილისში. 2002 წელს დაოჯახდა ქ. თბილისში. მისი მეუღლე არადევნილია. არც მას და არც მის მეუღლეს სოფელ ...ში საკუთრება არ ჰქონიათ. 2008 წლის აგვისტოს ომამდე და მას შემდეგაც, მუშაობდნენ ქ. გორში. თ. კ-ე ამჟამადაც, ცხოვრობს ქ. გორში. შესაბამისად, არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა და მიზანშეწონილი არ არის თ. კ-ეისათვის დევნილის სტატუსის მინიჭება. რაც შეეხებათ თ. კ-ეის არასრულწლოვან შვილებს: ი. ნ-ეს და ლ. ნ-ეს, მათთან მიმართებაში არ დასტურდება კანონის მე-6 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა და ასევე არ არის მიზანშეწონილი მათთვის დევნილის სტატუსის მინიჭება.

2021 წლის 10 თებერვლის მოხსენებითი ბარათით, დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარუდგინა დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა, მოსარჩელეების: თ. კ-ეის, ლ. ნ-ეის და ი. ნ-ეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე.

მითითებული დასკვნის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, 2021 წლის 11 თებერვალს გამოსცა: „თ. კ-ეისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ N03-542/ო ბრძანება; „ლ. ნ-ეისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ N03-545/ო ბრძანება; „ი. ნ-ეისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ N03-544/ო ბრძანება.

ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული 2020 წლის 24 ნოემბრის N413 ცნობის მიხედვით, 2008 წლის აგვისტოს ომამდე, თ. კ-ე და მისი შვილი - ნ. ნ-ე მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში, ბებია-ბაბუასთან ერთად, მათ საცხოვრებელ სახლში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი ადგილი პირის იდენტიფიკაციის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, პირს კანონით მინიჭებული აქვს საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად, შეუზღუდავად არჩევის უფლება. ამასთანავე, იგი შეზღუდული არ არის, ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. „..რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის სამართლებრივი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები. ამასთან, დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი..“(სუს 2017 წლის 20 ივლისის Nბს-215-213(კ-17) გადაწყვეტილება).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რამდენადაც დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისათვის, მნიშვნელოვანია, შესაბამის ტერიტორიაზე, საომარი მდგომარეობის დაწყებამდე, დაინტერესებული პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის ნამდვილობის დადასტურება, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამხვილდეს იმ მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს ინფორმაციაზე, რომელიც უშუალოდ წარმოადგენს სადავო საკითხზე მონიტორინგის განმახორციელებელ სუბიექტს. სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს კონკრეტულ ადგილას - ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში თ. კ-ეის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. საკასაციო პალატა, საქმეში არსებული ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თვითმმართველობის ცნობით დადგენილად მიიჩნევს, რომ თ. კ-ე, 2008 წლის აგვისტოს ომამდე, მუდმივად ცხოვრობდა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. ამასთან, უდავოა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, ქურთის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიას, სადაც უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, საფრთხე შეექმნა მოსარჩელისა და მისი ოჯახის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, თავისუფლებას. სწორედ აღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით, შეუძლებელია მოსარჩელეთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ამტკიცოს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები.

მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები გასაჩივრებული აქტების კანონიერებას არ ადასტურებს. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით დგინდება, რომ სადავო ბრძანებები ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს. მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოსარჩელეებმა სრულად გაართვეს დაკისრებულ მტკიცების ტვირთს თავი (ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2020 წლის 17 ნოემბრის N8 დასკვნით, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თვითმმართველი ერთეულის 2020 წის 24 ნოემბრის N413-0-2-202011241106 და ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N693 ცნობებით დასტურდება, რომ თ. კ-ე მუდმივად ცხოვრობდა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, 2008 წლის აგვისტოს ომამდე, პაპა-ბებიასთან ერთად. მასვე, ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში გააჩნია საცხოვრებელი ფართი, 120 კვ.მ.). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს თ. კ-ე მუდმივად ცხოვრება ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, 2008 წლის აგვისტოს ომამდე, რაც მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების წინაპირობას წარმოადგენს. მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით. შესაბამისად, არსებობს მათი ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების საფუძველი, მოსარჩელეთათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილებისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძველი, ვინაიდან ისინი 2008 წლის საომარი მოვლენების შემდეგ დაიბადნენ.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამდენად, მითითებული ნორმა, არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას ადგენს არა შესაბამის ტერიტორიაზე მისი საომარი მდგომარეობის დაწყებამდე დაბადების ფაქტის არსებობის პირობებში, არამედ, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისას, მათივე თანხმობის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება მშობლების თანხმობის არსებობა მოსარჩელეების - ი. ნ-ეისა და ლ. ნ-ეისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლოს მიერ თ. კ-ესთან მიმართებაში დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის საფუძვლიანად მიჩნევა, თავისთავად ადასტურებს მისი არასრულწლოვანი შვილების (მოსარჩელეების) - ი. ნ-ეისა და ლ. ნ-ეისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების აუცილებლობას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე