Facebook Twitter

საქმე №ბს-1123(2კ-20) 16 ივნისი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეეები) - ლ. მ-ე, ლი. მ-ე და მ. მ-ე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული

თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 14 თებერვალს ლ. მ-ემ, მ. მ-ემ და ლი. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელეებმა, სარჩელის დაზუსტების შემდეგ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 08 დეკემბრის №554 საოქმო გადაწყვეტილების მე-11 პუნქტის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 06 ოქტომბრის №1848 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქ. თბილისში, ...ის №7-ის მიმდებარედ 207 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში ლი. მ-ეის, მ. მ-ეისა და ლ. მ-ეის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. მ-ეის, მ. მ-ეისა და ლი. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 08 დეკემბრის №554 საოქმო გადაწყვეტილება (პუნქტი 11) ლი. მ-ეის, მ. მ-ეისა და ლ. მ-ეისათვის ქ. თბილისში, ...ის №7 მიმდებარედ 207 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და ამავე კომისიის 2017 წლის 06 ოქტომბრის №554 განკარგულება; მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და ლ. მ-ემ, მ. მ-ემ და ლი. მ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ., მ. და ლი. მ-ეების სააპელაციო საჩივარი; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება ლი., ლ. და მ. მ-ეების სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლი., ლ. და მ. მ-ეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 08 დეკემბრის №554 საოქმო გადაწყვეტილება (პუნქტი 11) ლი., მ. და ლ. მ-ეისათვის ქ. თბილისში, ...ის №7-ის მიმდებარედ 207 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და ამავე კომისიის 2017 წლის 06 ოქტომბრის №1848 განკარგულება; მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემობებზე: მ. მ-ემ 2012 წლის 9 ოქტომბერს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის №7-ში და მის მიმდებარედ არსებული 450 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მ-ეების მესაკუთრედ აღიარება. კომისიის 2012 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ., ლი. და მ. მ-ეებს მიენიჭა საკუთრების უფლება ზემოაღნიშნული მისამართის მიმდებარედ არსებულ 182 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

მ. მ-ემ 2012 წლის 7 დეკემბერს განცხადებით მიმართა კომისიას და მოითხოვა 450 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სრულად აღიარებაზე უარის თქმის მიზეზის დასაბუთება. ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა იმავე კომისიის 2012 წლის 8 ნოემბრის №327 სხდომის ოქმის მე-15 საკითხით მიღებულ გადაწყვეტილებაში და მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარება მოხდა 243 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ხოლო 207 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ არ დასტურდებოდა მოსარჩელეთა მხრიდან აღნიშნული 207 კვ.მ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი.

კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ლ. მ-ეის, ლი. მ-ეის და მ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 20 დეკემბრის №333 გადაწყვეტილება და ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების შედეგად კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 2013 წლის 6 დეკემბერს №14/11061 განცხადებით მიმართა ლ. მ-ეის, ლი. მ-ეისა და მ. მ-ეის წარმომადგენელმა და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №7-ის მიმდებარედ 450 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 1 მაისის №397 გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №7-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთს მიენიჭა თვითნებურად დაკავებულის კატეგორია - სასყიდლიანი და საკუთრების უფლება ეღიარა ლ. მ-ეს, ლი. მ-ესა და მ. მ-ეს. იმავე გადაწყვეტილების თანახმად კომისიის მიერ მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული საკუთრების უფლების აღიარება მთლიან ფართობზე, ვინაიდან, კაპიტალური ღობის გარეთ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა გამწვანებულ ტერიტორიას, განცხადების წარდგენის დროისათვის არ იყო შემოღობილი და არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი.

კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. მ-ეის, ლი. მ-ეის და მ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 1 მაისის №397 გადაწყვეტილება და ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 8 დეკემბრის №554 საოქმო გადაწყვეტილებით, პუნქტი №11 - ლ. მ-ეს, მ. მ-ესა და ლი. მ-ეს მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №7, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნაზე ეთქვათ უარი, ვინაიდან არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა 2017 წლის 9 ივნისს №10-01171602499 წერილით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა განმარტება 2016 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთის რა ნაწილზე ეთქვა უარი მხარეს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 19 ივნისის №55-01171704035 წერილით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსს ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში კომისიის მიერ განხილული იქნა განცხადება და 2016 წლის 8 დეკემბრის №554 საოქმო გადაწყვეტილებით (საკითხი №11) განმცხადებელს რეალურად უარი ეთქვა საკუთრება უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის გაზრდილ ფართზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე; ფაქტობრივად ძალაში დარჩა კომისიის 2012 წლის 20 დეკემბრის №333 საოქმო გადაწყვეტილება (საკითხი 1) და ლ., ლი. და მ. მ-ეების საკუთრების უფლება კვლავ აღიარებულ იქნა ქ. თბილისში, ...ის ქ. №7-ის მიმდებარედ არსებულ 243.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 6 ოქტომბრის №1848 განკარგულებით ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 8 დეკემბრის №554 საოქმო გადაწყვეტილება (საკითხი 11).

სასამართლოს მიერ 2018 წლის 2 თებერვალს ჩატარებული ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №7-ში არის საცხოვრებელი სახლი, რომელიც შემოღობილია კაპიტალური ღობით. სახლს აქვს ორი დიდი ჭიშკარი. მარჯვენა რკინის კარით შედიხარ ავტოფარეხში, ხოლო მარცხენა მხარეს არსებული ჭიშკრით შედიხარ ეზოში. სახლის წინ მდებარე მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრულია დაბალი ბორდიულით. მიწის ნაკვეთის კუთხეში არის ორი გარე განათების ბოძი, მათ შორის ერთი არის ძველი და გადაჭრილი. შემოსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე გაშენებულია სამი მრავალწლიანი ნაძვი, ერთი ვერხვი, ორი თუთა, ორი ცხენისწაბლა, ორი მომცრო ზომის კაკლის ხე და ერთი მრავალწლიანი ბუჩქი.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განკარგულების დასაბუთება და კონკრეტული საფუძვლის მითითება - თუ რა გახდა თვითნებური დაკავების საფუძვლით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი არსებითია ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რამეთუ ერთი მხრივ ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად კანონისმიერი ვალდებულება გააჩნია დაასაბუთოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო მეორე მხრივ დასაბუთება არსებითია თავად დაინტერესებული პირისთვისაც, რათა მას შესაძლებლობა ჰქონდეს თვითნებურად დაკავების საფუძვლით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, უარის თქმის კონკრეტული საფუძვლის გათვალისწინებით და სწორედ აღნიშნული საფუძვლის გამაბათილებელ შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასარჩელო წარმოების წესით სადავოდ გახადოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, სრულყოფილად დაიცვას და ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია სასარჩელო წარმოების ფარგლებში.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ფორმალურად მიუდგა საკითხის განხილვას, მის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში სრულყოფილად არ არის შესწავლი. უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის რეალური მდგომარეობა, კომისიის მიერ საკითხის განხილვისას არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ არის დასაბუთებული რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მივიდა კომისია იმ დასკვნამდე, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არ დასტურდებოდა მოსარჩელეთა მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებების თანახმად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ო. ნ-ისა და გ. ხ-ის მოთხოვნაზე მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების აღიარების შესახებ იმ დროს მიიღო გადაწყვეტილება, როდესაც მოსარჩელეებთან ლი., მ. და ლ. მ-ეებთან დაკავშირებით მანამდე მიღებული ქონდა საპირისპირო (მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გადაწყვეტილება მოსაზღვრე ტერიტორიაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული საკითხი საჭიროებდა დამატებით გამოკვლევას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან განსახილველ საქმეზე თავდაპირველი მოპასუხისა და ერთ-ერთი აპელანტის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და ლ., მ. და ლი. მ-ეებმა.

კასატორები - ლ., მ. და ლი. მ-ეები არ ეთანხმებიან სასამართლოების მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას, ვინაიდან კასატორების მითითებით, აღნიშნული ნორმა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრცაიული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს გამოკვლეული აქვს ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი, თუმცა უკანონოდ და დაუსაბუთებლად უარს ამბობს მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. კასატორები აღნიშნავენ, რომ მათ შემთხვევაში სასამართლომ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არსებითად გადაწყვიტოს სადავო საკითხი.

კასატორები აღნიშნავენ, რომ განსახილველი დავა უკვე 8 წელია გრძელდება და მესამედ ასაჩივრებენ სასამართლოში. ყველა შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს უარი დასაბუთებული იყო ერთნაირი საფუძვლით - სადავო მიწის ნაკვეთი არ იყო შემოღობილი და არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობის ფაქტი. კასატორების მითითებით, მიუხედავად სასამართლოს ორგზის საქმის ხელახლა განსახილველად ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნებისა, საკუთრების უფლების აღიარების კომისია კვლავ სრულიად უკანონოდ და დაუსაბუთებლად უარს ამბობს მოსარჩელეთა განცხადების დაკმაყოფილებაზე.

კასატორები ასევე მიუთითებენ სასამართლოების მიერ დადგენილად მიჩნეულ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისში ...ის ქ. №3-ის მიმდებარედ, მოსარჩელეთა მეზობლად, სრულად იდენტური გარემოებების არსებობისას 2018 წლის 5 იანვარს კომისიამ დააკმაყოფილა მოქალაქე გ. ხ-ის განცხადება და გასცა საკუთრების უფლების მოწმობა 298 კვმ. მიწის ნაკვეთზე. ასევე, ქ. თბილისში ...ის ქ. №5-ის მიმდებარედ, იდენტური გარმოებების არსებობისას, 2009 წლის 11 ივნისს კომისიამ დააკმაყოფილა მოქალაქე ო. ნ-ის განცხადება და გასცა საკუთრების უფლების მოწმობა 398 კვმ. მიწის ნაკვეთზე. რაც, კასატორების მითითებით, წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევას.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 და მე-11 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების აღიარებისათვის აუცილებელია დაინტერესებულმა პირმა კომისიაში წარადგინოს უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება მიწის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი.

კასატორი მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდნენ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურდა მხოლოდ მიწის ნაკვეთის ნაწილის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, რის გამოც მათი საკუთრების უფლება აღიარებულ იქნა მხოლოდ 243 კვ.მ.ზე, ანუ იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მოქცეულია ერთიან ღობეში. ხოლო იმ ნაწილზე, რომელზეც არ დადასტურდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამდე უარი ეთქვათ საკუთრების უფლების აღიარებაზე.

ადმინისტრაციული ორგანოსათვის გაუგებარია სასამართლოს მითითება საკითხისადმი ფორმალურად მიდგომასთან დაკავშირებით, მაშინ როცა კომისიამ შეაფასა ყველა მტკიცებულება, განახორციელა ადგილზე დათვალიერება და დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიჩნია, მყარი სასაზღვრო მიჯნის არარსებობა და ასევე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივ სივრცედ მიჩნევა წარმოადგენდა უარის თქმის საფუძველს. ის ფაქტი, რომ სასამართლო არ იზიარებს კომისიის შეფასებებს, კასატორის აზრით, არ მიუთითებს კომისიის მიერ ფაქტების არასრულყოფილად გამოვლევაზე. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობს მტკიცებულება და გარემოება, რაც შეიძლება დამატებით გამოიკვეთოს ან/და წარმოიქმნას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.

კასატორი არ იზიარებს სასამართლოების მითითებას სხვადახვა პირის მიმართ მიღებული განსხვავებული გადაწყვეტილებების თაობაზე და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით თანახმად, გ. ხ-ისა და ო. ნ-ის განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მათ საკუთრებაში არსებული და მოთხოვნილი მიწის ნაკვეთები მოქცეულია ერთიან სივრცეში და შემოსაზღვრულია მყარი სასაზღვრო მიჯნით, რასაც მ-ეების შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. მ-ეის, მ. მ-ეისა და ლი. მ-ეის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ლ. მ-ეის, მ. მ-ეისა და ლი. მ-ეის საკასაციო საჩივრები და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ლ. მ-ეის, მ. მ-ეისა და ლი. მ-ეის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მ. მ-ემ 2012 წლის 9 ოქტომბერს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის №7-ში და მის მიმდებარედ არსებულ 450 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მ-ეების მესაკუთრედ აღიარება. კომისიის 2012 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ., ლი. და მ. მ-ეებს მიენიჭა საკუთრების უფლება ზემოაღნიშნული მისამართის მიმდებარედ არსებულ 182 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

მ. მ-ემ 2012 წლის 7 დეკემბერს განცხადებით მიმართა კომისიას და მოითხოვა 450 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სრულად აღიარებაზე უარის თქმის მიზეზის დასაბუთება. ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა იმავე კომისიის 2012 წლის 8 ნოემბრის №327 სხდომის ოქმის მე-15 საკითხით მიღებულ გადაწყვეტილებაში და მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარება მოხდა 243 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ხოლო 207 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ არ დასტურდებოდა მოსარჩელეთა მხრიდან აღნიშნული 207 კვ.მ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი.

კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ლ. მ-ეის, ლი. მ-ეის და მ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 20 დეკემბრის №333 გადაწყვეტილება და ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების შედეგად კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოებისას არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, კერძოდ: მოსარჩელეების მეზობლების სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №7-ში მდებარე ლ., ლი. და მ. მ-ეების სახელზე მიწის ნაკვეთი ფაქტობრივად ყოველთვის მეტი იყო დაკანონებულზე, ჰქონდა ტრაპეციის ფორმა და ოჯახი მის მიმდებარე მიწის ნაკვეთსაც ...ის ქუჩამდე (ორივე ნაკვეთი მდებარეობს ...ისა და ...ის ქუჩებს შორის) მათი იქ დასახლების დროიდან - 1961 წლიდან უვლიან და იყენებენ. 1990 წლის გაზაფხულზე მ. მ-ემ ფაქტობრივად შეღობილ მიწის ნაკვეთში დაიწყო სახლის მშენებლობა. სამშენებლო მასალები ეწყო როგოც შემოღობილ, ისე მის მიმდებარე ნაკვეთში. მიწის ნაკვეთი შეღობილ იქნა მავთულბადით ...ის ქუჩის ბორდიულამდე, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ ბლოკის ღობით, მავთულებით შეღობილ ადგილზე კი, მათ მიერ დარგულ იქნა ხეები და ჰყავთ შინაური ფრინველები. მიწის ნაკვეთი 2007 წლის ზაფხულამდე შეღობილი იყო მავთულბადით, ხოლო შემდეგ მოხსნეს, ვინაიდან ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაფრთხილებულ იქნენ ღობის აუღებლობის შემთხვევაში მათ მიმართ შესაძლო ღონისძიებების გატარების შესახებ. მ-ეების ოჯახი დღესაც თვითონ უვლის ნაკვეთს და სარგებლობს აღნიშნული მიწის ნაკვეთით.

ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 1 მაისის №397 გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №7-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთს მიენიჭა თვითნებურად დაკავებულის კატეგორია - სასყიდლიანი და საკუთრების უფლება ეღიარა ლ. მ-ეს, ლი. მ-ესა და მ. მ-ეს. იმავე გადაწყვეტილების თანახმად, კომისიის მიერ მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული საკუთრების უფლების აღიარება მთლიან ფართობზე, ვინაიდან, კაპიტალური ღობის გარეთ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა გამწვანებულ ტერიტორიას, განცხადების წარდგენის დროისათვის არ იყო შემოღობილი და არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი.

კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. მ-ეის, ლი. მ-ეის და მ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 1 მაისის №397 გადაწყვეტილება და ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 8 დეკემბრის №554 საოქმო გადაწყვეტილებით, პუნქტი №11 - ლ. მ-ეს, მ. მ-ესა და ლი. მ-ეს მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №7, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნაზე ეთქვათ უარი, ვინაიდან, არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა 2017 წლის 9 ივნისს №10-01171602499 წერილით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა განმარტება 2016 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთის რა ნაწილზე ეთქვა უარი მხარეს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 19 ივნისის №55-01171704035 წერილით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსს ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში კომისიის მიერ განხილული იქნა განცხადება და 2016 წლის 8 დეკემბრის №554 საოქმო გადაწყვეტილებით (საკითხი №11) განმცხადებელს რეალურად უარი ეთქვა საკუთრება უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის გაზრდილ ფართზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე; ფაქტობრივად ძალაში დარჩა კომისიის 2012 წლის 20 დეკემბრის №333 საოქმო გადაწყვეტილება (საკითხი 1) და ლ., ლი. და მ. მ-ეების საკუთრების უფლება კვლავ აღიარებულ იქნა ქ. თბილისში, ...ის ქ. №7-ის მიმდებარედ არსებულ 243.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 6 ოქტომბრის №1848 განკარგულებით ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 8 დეკემბრის №554 საოქმო გადაწყვეტილება (საკითხი 11).

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს მოსარჩელეების - ლი. მ-ეის, მ. მ-ეისა და ლ. მ-ეისათვის ქ. თბილისში, ...ის №7-ის მიმდებარედ 207 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე კვლავ უარის თქმის საფუძლიანობის შემოწმება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქვედა ინტანციის სასამართლოებმა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად კვლავ - მესამედ ბათილად ცნეს მოსარჩელეთა მიმართ საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული დავის გადაწყვეტისას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას და აღნიშნულთან მიმართებაში მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.18წ. №ბს-990-986(2კ-17) განჩინებაზე, რომლის თანახმადაც საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

მითითებული მუხლით რეგლამენტირებული სასამართლოსათვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება - უარი თქვას სადავო საკითხის მოწესრიგებაზე და აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, არ წარმოადგენს უპირობო და შეუზღუდავ უფლებამოსილებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი.

ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება".

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებს სრული პროცესუალური შესაძლებლობა ჰქონდათ თავად გადაეწყვიტათ დავა და მოსარჩელეების - ლი., მ. და ლ. მ-ეების მოთხოვნის ფარგლებში შეემოწმებინათ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მატერიალური კანონიერება, იმ პირობებში, როდესაც საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულად იყო დადგენილი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურის 2014 წლის 19 ივნისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად გამოკვლეულია წარდგენილი ფოტოსურათი №DSC00035.JPG, რომლის გადაღების მომენტიდან რაიმე ცვლილება არ არის შესული და მასზე ვიზუალური მონტაჟი არ აღინიშნება (ტომი 1; ს.ფ. 87-100).

სანოტარო წესით დამოწმებული 2014 წლის 20 ივნისის განცხადებით ე. ნ-ი, ნ. წ-ი და ე. წ-ი ადასტურებენ, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №7-ში (ადრე N66 ქუჩა) მდებარე ლ., ლი. და მ. მ-ეების (ადრე ვ. მ-ეის) სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთი ფაქტობრივად ყოველთვის მეტი იყო ამჟამად დაკანონებულზე, ჰქონდა ტრაპეციის ფორმა და ოჯახი მის მიმდებარე მიწის ნაკვეთსაც ...ის ქუჩამდე (ორივე ნაკვეთი მდებარეობს ...ისა და ...ის ქუჩებს შორის) მათი იქ დასახლების დროიდან - 1961 წლიდან უვლის და იყენებს (აშენებულია დამხმარე სათავსოები, დარგულია ხილის ხეები). ...ის ქუჩის გაკეთების დროიდან (დაახლოებით 1967 წელი) მ-ეების ოჯახის მიერ ფაქტობრივად დაკავებულ მიწის ნაკვეთს მისი მიმდებარე ნაკვეთის გავლით ...ის ქუჩიდან გაუკეთდა ორი მოასფალტებული შესასვლელი - უშუალოდ ნაკვეთში და ნაკვეთის კუთხეში არსებულ სათავსოზე (გარაჟში). 1990 წლის გაზაფხულზე მ. მ-ემ ფაქტობრივად შეღობილ მიწის ნაკვეთში დაიწყო სახლის მშენებლობა. სამშენებლო მასალები ეწყო როგორც შემოღობილ, ისე მის მიმდებარე ნაკვეთში. მიწის ნაკვეთი შეღობილი იქნა მავთულბადით ...ის ქუჩის ბორდულამდე, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ ნაკვეთის ნაწილი შემოღობილ იქნა ბლოკის ღობით, მავთულებით შემოღობილ ადგილზე კი, მათ მიერ დარგულ იქნა ხეები და ჰყავთ შინაური ფრინველები. მიწის ნაკვეთი 2007 წლის ზაფხულამდე შეღობილი იყო მავთულბადით, ხოლო შემდეგ მოხსნეს, ვინაიდან ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაფრთხილებულ იქნენ ღობის აუღებლობის შემთხვევაში მათ მიმართ შესაძლო ღონისძიებების გატარების შესახებ. მ-ეების ოჯახი დღესაც თვითონ უვლის მავთულბადით ღობემოხსნილ ნაკვეთს და სარგებლობს ...ის ქუჩიდან ზემოთ ნახსენები ორი შესასვლელით - ეზოში და ადრინდელი სათავსოს (გარაჟის) ადგილზე მყოფი მანქანის დახურულ სადგომზე.

საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 2 თებერვალს ჩატარებული ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №7-ში არის საცხოვრებელი სახლი, რომელიც შემოღობილია კაპიტალური ღობით. სახლს აქვს ორი დიდი ჭიშკარი. მარჯვენა რკინის კარით შედიხარ ავტოფარეხში, ხოლო მარცხენა მხარეს არსებული ჭიშკრით შედიხარ ეზოში. სახლის წინ მდებარე მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრულია დაბალი ბორდიულით. მიწის ნაკვეთის კუთხეში არის ორი გარე განათების ბოძი, მათ შორის ერთი არის ძველი და გადაჭრილი. შემოსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე გაშენებულია სამი მრავალწლიანი ნაძვი, ერთი ვერხვი, ორი თუთა, ორი ცხენისწაბლა, ორი მომცრო ზომის კაკლის ხე და ერთი მრავალწლიანი ბუჩქი.

ამასთან, საქმის მასალებით ცალსახად დგინდება ის გარემოება, რომ 2007 წელს მოსარჩელეების მიმართ გაიცა გაფრთხილება ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არსებული ღობის მოხსნის შესახებ, რაც პირდაპირ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთს 2007 წლამდე ნამდვილად ფლობდა მოსარჩელეთა ოჯახი და მიწის ნაკვეთი ნამდვილად იყო მოქცეულია ერთიანი ღობის ფარგლებში (ტომი 1, ს.ფ. 67-68; ს.ფ. 71).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სადავო პერიოდში მოქმედ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება მოსარჩელეთა მიერ სადავო მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე ფლობისა და სარგებლობის აქტი, ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს უარი განპირობებულია, ერთის მხრივ ერთიანი ღობის არ არსებობით და მეორეს, მხრივ სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვის პირობებთან შეუსაბამობით. მიწის ნაკვეთის ერთიან ღობეში მოქცევის საკითხთან მიმართებაში საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში დაცულ არაერთ მტკიცებულებაზე, ხოლო რაც შეეხება სივრცით-ტერიტორიული მოწყობის საკითხს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მ-ეების მოსაზღვრე არაერთ მიწის ნაკვეთზე აღიარებულია საკუთრების უფლება, რაც უსაფუძვლოს ხდის მოპასუხის აღნიშნულ არგუმენტაციას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ლ. მ-ეის, მ. მ-ეისა და ლი. მ-ეის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პირობებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მოსარჩელეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 100 ლარის, სააპელაციო სასამართლოში გადახდილი 150 ლარის და საკასაციო სასამართლოში გადახდილი 300 ლარის (სულ 550 ლარის) ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ლ. მ-ეის, მ. მ-ეისა და ლი. მ-ეის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. ლ. მ-ეის, მ. მ-ეისა და ლი. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

5. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 08 დეკემბრის №554 საოქმო გადაწყვეტილების მე-11 პუნქტი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 06 ოქტომბრის №1848 განკარგულება;

6. მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს ქ. თბილისში, ...ის №7-ის მიმდებარედ 207 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ლი. მ-ეის, მ. მ-ეისა და ლ. მ-ეის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

7. მოპასუხეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაეკისროს - ლი. მ-ეის, მ. მ-ეისა და ლ. მ-ეის სასარგებლოდ, მათ მიერ საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - ჯამში 550 ლარის (100 ლარი, 150 ლარი და 300 ლარი) ანაზღაურება;

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ბ. სტურუა