საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-272(კ-22) 8 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 9 თებერვალს თ. პ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 11 იანვრის N04/63 წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც თ. პ-ის გადაეცემა 6 თვის კომპენსაცია, თვეში 100 ლარი, სულ 600 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით თ. პ-იის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 11 იანვრის N04/63 წერილი; მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე თ. პ-ის გადაეცემა 6 თვის კომპენსაცია, თვეში 100 ლარი, სულ 600 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის "ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ 2020 წლის 04 მაისის N286 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID 19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა“. აღნიშნული „პროგრამის“ მეორე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს. ამავე მუხლის მეორე პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე კომპენსაცია განისაზღვრა თვეში 100 ლარის ოდენობით, 2020 წლის მაისიდან, 6 თვის განმავლობაში. აღნიშნული დადგენილების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე/ოჯახებზე კომპენსაციის გაცემის ადმინისტრირების მიზნით, მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების იდენტიფიცირებას მხოლოდ ამავე საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის ან სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. პ-იი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და იგი იღებს პენსიას. თ. პ-იმა 2020 წლის 3 დეკემბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით მიმართა და მოითხოვა კომპენსაციის მიღება, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილების შესაბამისად. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 11 იანვრის N04/63 გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. საფუძვლად მითითებულ იქნა ის გარემოება, რომ ბენეფიციარ თ. პ-ის, რომელსაც დანიშნული აქვს სახელმწიფო პენსია, ზემოაღნიშნული კომპენსაციის მისაღებად, 2020 წლის მაისიდან, 6 თვის განმავლობაში არ მიუმართავს. შესაბამისად, განცხადების მიმართვის გარეშე, „პროგრამით“ გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს არ გააჩნია.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით განსაზღვრული კანონიერების პრინციპი, ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონისაგან გადახვევას, ამასთანავე, მათ ავალდებულებს კანონის გამოყენებას. კანონის უზენაესობის პრინციპის უგულებელყოფა იწვევს მმართველობითი ღონისძიების მართლწინააღმდეგობას. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს მთავრობის „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილების მე-3 მუხლი არ ითვალისწინებდა ბენეფიციარის მიერ, დადგენილებით განსაზღვურლი კომპენსაციის მიღების მიზნით, განცხადების წარდგენის ვალდებულებას. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო, თავად იყო ვალდებული, დახმარება გაეცა სახელმწიფო კომპენსაციის ან სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით. მონაცემთა ბაზაში თ. პ-იი ირიცხება 2016 წლიდან და აღნიშნულ გარემოებას თავად ადმინისტრაციული ორგანოც არ ხდის სადავოდ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 53-ე მუხლებზე და საქმის გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია სადავო საკითხი, რის გამოც, შეილახა მოსარჩელის, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის უფლება, ესარგებლა სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარებით. ამდენად, არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 11 იანვრის N04/63 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და თ. პ-იის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ მოქალაქე თ. პ-ის სახელმწიფო გასაცემელი დანიშნული აქვს 1993 წლის 17 დეკემბრიდან. აღნიშნულმა პირმა 2016 წლის 2 ივნისს N44752 განცხადება წარადგინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში და მოითხოვა შშმპ მკვეთრად გამოხატული (მხედველობით) სტატუსის ბაზაში დაფიქსირება. 2016 წლის ივლისის მდგომარეობით, სახელმწიფო გასაცემლის მონაცემთა ბაზაში მოხდა ინფორმაციის შეტანა (ასაკი-შშმპ მკვეთრი მხედველობით). თ. პ-იმა 2020 წლის 28 დეკემბერს N134209 განცხადებით მიმართა სააგენტოს და მოითხოვა ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის - COVID-19 შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული კომპენსაციის მიღება. მითითებული განცხადების საფუძველზე, 2021 წლის იანვრის თვიდან (განცხადებით მიმართვის მომდევნო თვიდან), პირს დაენიშნა კომპენსაცია, თვეში 100 ლარის ოდენობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს მისთვის, როგორც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებით გათვალისწინებული სუბიექტისათვის - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის, მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურება, 2020 წლის მაისის თვიდან, 6 თვის განმავლობაში, თვეში 100 ლარის ოდენობით. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად, სადავო აქტით მიჩნეულია, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ოფიციალური განცხადების წარუდგენლობა და ამ გზით, მოსარჩელის მხრიდან შესაბამისი კომპენსაციის მიღების ინტერესის დაუდასტურებლობა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1938 წლის 7 ოქტომბერს დაბადებული თ. პ-იი არის პენსიონერი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. 2016 წლის 2 ივნისს თ. პ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა ბაზაში დაფიქსირება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად.
2020 წლის 3 დეკემბერს თ. პ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილების შესაბამისად, კომპენსაციის მიღება მოითხოვა. აღნიშნული განცხადების პასუხად მიღებულ 2021 წლის 11 იანვრის N04/63 გადაწყვეტილებაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიუთითა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ მეორე მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, მე-3 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-7 პუნქტზე და აღნიშნა, რომ 2020 წლის მაისის თვეში, სააგენტომ უზრუნველყო „პროგრამის“ მეორე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების იდენტიფიცირება, მხოლოდ ამავე საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციისა და სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა მონაცემების ბაზაზე დაყრდნობით და მოახდინა მათთვის კომპენსაციის ჩარიცხვა, სოციალურ პაკეტთან/სახელმწიფო კომპენსაციასთან ერთად.
ამავე გადაწყვეტილებით, თ. პ-იის მხარდამჭერს - ნ. მ-ის ეცნობა, რომ თბილისის სოციალური მომსახურების გლდანი-ნაძალადევის საქალაქო ცენტრიდან მიღებული ინფორმაციით, ბენეფიციარ თ. პ-ის, რომელსაც დანიშნული აქვს სახელმწიფო პენსია, ზემოაღნიშნული კომპენსაციის მისაღებად, 2020 წლის მაისიდან 6 თვის განმავლობაში არ მიუმართავს. შესაბამისად, განცხადებით მიმართვის გარეშე, ზემოაღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს არ გააჩნდა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამაზე“, რომელიც დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებით, ეპიდემიის/პანდემიის გავრცელების პერიოდში შემოსავლების მიუღებლობით გამოწვეული პრობლემების დაძლევისა და კრიზისის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით. აღნიშნული „პროგრამის“ მეორე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით, კომპენსაციის მიღების უფლება მიენიჭათ კორონავირუსის ეპიდემიის/პანდემიის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ, ამ პუნქტით განსაზღვრულ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ამავე პუნქტის 2020 წლის 2 დეკემბრის ცვლილებამდე მოქმედი რედაქციის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიზნებისათვის, კომპენსაციის მიმღებ პირთა/ოჯახთა შესახებ ინფორმაციის გენერირება ხდებოდა მომსახურების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი შესაბამისი ელექტრონული ბაზებიდან 2020 წლის 1 მაისის მდგომარეობით და ამ პირებს/ოჯახებს კომპენსაციის მიღების უფლება უნარჩუნდებოდათ ამ პროგრამით გათვალისწინებული მთელი პერიოდის მანძილზე, გარდა ამ პროგრამით განსაზღვრული შემთხვევებისა. ამავე „წესის“ 2020 წლის 2 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მეორე მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე კომპენსაცია განისაზღვრებოდა თვეში 100 ლარის ოდენობით, 2020 წლის მაისიდან 6 თვის განმავლობაში (დღეს მოქმედი რედაქციით, აღნიშნული ნორმა, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე კომპენსაციას განსაზღვრავს თვეში 100 ლარის ოდენობით, 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში).
ამავე „პროგრამის“ 2020 წლის 2 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე/ოჯახებზე კომპენსაციის გაცემის ადმინისტრირების მიზნით, მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფდა ამ პროგრამის მეორე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების იდენტიფიცირებას მხოლოდ ამავე საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის ან სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილების ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კომპენსაციის გაცემის წინაპირობად დადგინდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით, მათი როგორც ამავე საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციისა და სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა იდენტიფიცირება.
საკასაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ როგორც საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მიცემული განმარტებით, ისე საკასაციო საჩივარში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, კასატორმა დაადასტურა მოქალაქე თ. პ-იისათვის ყოველთვიური სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) დანიშვნა 1993 წლის 17 დეკემბრიდან. მოპასუხემ ასევე დაადასტურა, რომ 2016 წლის ივლისიდან, თ. პ-იის სახელზე სააგენტოში არსებულ პირად საქმეში, დაცულია მისი შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა შესაბამისი საფუძვლით, პირისათვის სოციალური პაკეტის დანიშვნა არ მომხდარა, მისივე მოთხოვნის არარსებობის გამო. შესაბამისად, თ. პ-იი დღემდე იღებს ყოველთვიურ თანხას, როგორც პენსიონერი. მოპასუხის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებით განსაზღვრული კომპენსაციის ანაზღაურების მიზნით, თ. პ-იის იდენტიფიცირება მონაცემთა ბაზაში ვერ მოხდა, რამდენადაც აღნიშნული პირი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, არ იყო სოციალური პაკეტის მიმღები. ამდენად, მონაცემთა ბაზაში პირის შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ მონაცემის უბრალოდ დაფიქსირებას, ვერ მიენიჭებოდა მნიშვნელობა, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისათვის.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, პენსიაზე უფლების წარმოშობას უკავშირებს საპენსიო ასაკის მიღწევას, ხოლო „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-121 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური პაკეტის დანიშვნის ერთ-ერთი საფუძველია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა. ამასთან, აღნიშნული კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სოციალური პაკეტის დანიშვნას უზრუნველყოფს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია სოციალურ პაკეტთან ერთად სახელმწიფო პენსიის ან სახელმწიფო კომპენსაციის მიღება, გარდა ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა. ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც პირს წარმოეშობა უფლება, მიიღოს რამდენიმე სარგებელი, მას აქვს მხოლოდ ერთ-ერთი სარგებლის მოთხოვნის უფლება სააგენტოში წარდგენილი განცხადების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული, ორივე საკანონმდებლო აქტის მიზანი უკავშირდება საქართველოს მოქალაქეთა სოციალური უფლებების რეალიზაციის უზრუნველყოფას. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მოსარჩელე, როგორც „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტი - პენსიონერი, კანონით დადგენილი წესით იღებს დანიშნულ სახელმწიფო პენსიას, ასაკის გამო. ამასთანავე, სოციალურ უზრუნველყოფის საკითხების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ ადმინისტრაციულ ორგანოში დაცულია შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის უვადოდ მინიჭებას და შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონის სუბიექტად არსებობას. ამდენად, იმ გარემოების მიუხედავად, რომ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვიდან გამომდინარე, მოსარჩელისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, მას მოუწია არჩევანის გაკეთება - კანონით გარანტირებული რამდენიმე სოციალური გასაცემლიდან, მიეღო მხოლოდ ერთი - ასაკით დანიშნული პენსია, ფაქტი უცვლელია - მოსარჩელე წარმოადგენს როგორც „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის, ისე „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოქალაქეთა კომპენსაციით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. საქართველოს კონსტიტუცია ხაზს უსვამს სოციალური უფლებებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას. „..სოციალური სახელმწიფოს პრინციპი წარმოშობს ხელისუფლების არაერთ ვალდებულებას მოსახლეობის სოციალური უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ მოითხოვს ადეკვატურ ადმინისტრირებას..“ (სუს 2017 წლის 25 მაისის Nბს-365-360 (კ-16) გადაწყვეტილება). მნიშვნელოვანია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა მოსარჩელის, როგორც განსაკუთრებული კატეგორიის სუბიექტის სოციალური უფლების რეალიზებას შეეხება. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი, თანასწორობის უფლების ფარგლებში, ხაზს უსვამს სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის განსაკუთრებული პირობების შექმნას. თავის მხრივ, საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო აქტებით განსაზღვრულ პრინციპებს ეფუძნება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც დადგინდა სახელმწიფოს ვალდებულება, ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების რეალიზებას, უზრუნველყოს მათი პიროვნული ღირსების დაცულობა. აღნიშნული კანონის მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გონივრული მისადაგების პრინციპი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, იმ აუცილებელი და შესაბამისი ცვლილების განხორციელებას გულისხმობს, რაც არ იწვევს არაპროპორციულ ან გადამეტებულ ტვირთს ან ვალდებულებას და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას სხვებთან თანაბარ პირობებში.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, სადავო შემთხვევაში, მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე, მისთვის გარანტირებული სოციალური უფლების რეალიზების ფარგლებში, სახელმწიფო მხრიდან, კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი საშუალებით (სახელმწიფო პენსიის დანიშვნით) უზრუნველყოფილია, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე კომპენსაციის დანიშვნაზე განცხადების წარუდგენლობა, არ გამორიცხავს მოსარჩელის „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონის სუბიექტად ყოფნას. უდავოა, რომ მოსარჩელის, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ამსახველი დოკუმენტაცია, 2016 წლიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დაცულია. ამდენად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისათვის, არ არის რელევანტური, რომელი კანონის საფუძველზე სარგებლობს მოსარჩელე სოციალური გარანტიებით. მნიშვნელოვანია, რომ მოპასუხემ მიუთითა თ. პ-იისათვის 2021 წლის იანვრის თვიდან კომპენსაციის დანიშვნის ფაქტის არსებობაზე, თვეში 100 ლარის ოდენობით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის - COVID-19 შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო თავადვე ადასტურებს, რომ მთავრობის დადგენილების ფარგლებში მოსარჩელისათვის სასარგებლოდ კომპენსაციის გაცემის დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დაკვნა, რომ სახეზეა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 11 იანვრის N04/63 წერილის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, რომლითაც მოსარჩელე თ. პ-ის გადაეცემა 6 თვის კომპენსაცია, თვეში 100 ლარი, სულ 600 ლარის ოდენობით.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე