საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-810(კ-21) 28 ივნისი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ჟ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის განჩინება
დავის საგანი - ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ. ჟ-იმა 2020 წლის 17 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 2018 წლის იანვარში, აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისში, აგვისტოში, სექტემბერში, ნოემბერში, დეკემბერში, 2019 წლის ივნისში, ივლისში, აგვისტოში, სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერში, 2020 წლის იანვარში, თებერვალში, მარტსა და აპრილში შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების დაკისრება, ჯამში 6930 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ჟ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა მ. ჟ-ის სასარგებლოდ, მის მიერ 2018, 2019 და 2020 წლებში 148 საათის ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება 555 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა.
კასატორის მითითებით, მოსარჩელე მ. ჟ-ის 2018-2019 წლებში მიღებული აქვს დანამატი, რაც არ იქნა გათვალისწინებული ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ მისთვის, შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების გამო 555 ლარის ოდენობით მ. ჟ-ის სასარგებლოდ ანაზღაურების დაკისრება, მ. ჟ-ის სახელზე უკვე გაცემული დანამატის გათვალისწინებით, საფუძველსაა მოკლებული.
კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც, საბოლოოდ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს კასატორის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, მოსარჩელის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს ასანაზღაურებლად მოსარჩელის სასარგებლოდ კასატორისათვის 555 ლარის დაკისრების კანონიერება წარმოადგენს.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 39-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს სამსახურებრივი საქმიანობისათვის ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში შეიძლება დაუწესდეს სხვა დანამატები.
ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, მოხელის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაო სრულდება მხოლოდ მოხელის ზემდგომი თანამდებობის პირის წერილობითი დავალების საფუძველზე. მოხელის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება მოხელის სურვილის შესაბამისად მისთვის დანამატის ან ზეგანაკვეთური სამუშაოს პროპორციული დამატებითი დასვენების დროის მიცემით. მოხელის სამუშაო დროის ხანგრძლივობა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების დროსთან ერთად არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მ. ჟ-ი 2020 წლის 20 აპრილამდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის №6 დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექთნის თანამდებობაზე, ხოლო მის სამუშაო დროდ განსაზღვრული იყო ყოველ მეოთხე დღეს მორიგეობა, არაუმეტეს 24 საათისა (თვეში არაუმეტეს 192 საათი). ყოველთვიური ანაზღაურება 2018 წელს დარიცხული სახით შეადგენდა 750 ლარს, ხოლო 2019-2020 წლებში - 900 ლარს.
ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე მ. ჟ-იმა 2018 წლის აგვისტოში იმუშავა 240 საათი (48 საათით მეტი), 2019 წლის ივნისში - 216 საათი (24 საათით მეტი), 2019 წლის აგვისტოში - 256 საათი (64 საათით მეტი), 2019 წლის ოქტომბერში - 194 საათი (2 საათით მეტი), 2020 წლის აპრილში - 200 საათი (8 საათით მეტი). ამრიგად, 2018, 2019 და 2020 წლებში მოსარჩელე მ. ჟ-ის მიერ ზეგანაკვეთურად შესრულებულმა სამუშაო დრომ ჯამში შეადგინა 146 საათი.
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მიხედვით, საჯარო დაწესებულებაში შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო და ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს ან ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობა ანაზღაურდება ნამუშევარი საათებისა და თანამდებობრივი სარგოს მიხედვით, შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით, ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსისა და მ. ჟ-ის მიერ 2018, 2019 და 2020 წლებში ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისა და ხსენებულ პერიოდში მისი კუთვნილი ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების დაკისრებაზე.
ამასთან, საკასაციო პალატა, მოსარჩელის სასარგებლოდ 2018-2019 წლებში დანამატის გაცემასთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზიაზე მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მასალით მოსარჩელის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება დასტურდება დანამატის გაცემის შემდეგაც, ხოლო მოსარჩელისთვის გაცემული დანამატი, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების თაობაზე მსჯელობისას, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. მაკარიძე