Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-706(კ-20) 07 ივნისი, 2022 წელი ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)

პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ა(ა)იპ „...“

მესამე პირი - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2015 წლის 17 ივნისს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ა(ა)იპ „...ის“ მიმართ და მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 138 237.00 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (საფუძველი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 16 ოქტომბრის №01-68/ნ ბრძანება).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - ა(ა)იპ „...ს“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 138237,00 (ასოცდათვრამეტი ათას ორას ოცდაჩვიდმეტი) ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ „...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ სსიპ სამედიცინო რეგულირების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ცნობილი გახდა, რომ განხორციელდა ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესრულებული მომსახურების ინსპექტირება ა(ა)იპ "...ში". სსიპ სამედიცინო რეგულირების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ცნობილი გახდა რიგი დარღვევებისა და მის საფუძველზე ფინანსური სანქციის დაკისრების ვალდებულების შესახებ; კერძოდ, ერთი და იმავე პაციენტების მონაცვლეობის ფაქტები შპს „...სა" და ა(ა)იპ „...ში“. გარდა ამისა, პალიატიურ მომსახურებას ახორციელებდნენ ექიმები, რომლებიც არ ფლობდნენ სუბსპეციალობის მოწმობას - „ტკივილის მედიცინა და პალიატიური მზრუნველობა" (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის No136/ნ ბრძანება "საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების განსაზღვრის შესახებ"). აღნიშნულ შემთხვევებში დარღვეული იყო ის მოთხოვნა, რაც გათვალისწინებული იყო "2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილების 21-ე მუხლის მე–11 პუნქტით (სოციალური მომსახურების სააგენტოდან დაწესებულებას მიღებული აქვს 200 970.00 ლარი, რომლის 10% შეადგენს 20 097.00 ლარს). გარდა ამისა, დაწესებულებაში დაფიქსირდა უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტები, რომელიც გათვალისწინებული იყო ზემოაღნიშნული დადგენილების 21–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე" ქვეპუნქტით. კასატორის მითითებით, ონკოლოგიური პაციენტების დიაგნოზებში გამოტანილი იყო პირველი, მე–2 ან მე–3 სტადია, ან სტადია არ იყო მითითებული. არაონკოლოგიურ პაციენტებში მათი დიაგნოზები და ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლეოდა დასკვნის საფუძველს იმის თაობაზე, რომ პაციენტები იმყოფებოდნენ ტერმინალურ სტადიაში ან შესაბამისი მკურნალობით მათი მდგომარეობა არ გაუმჯობესდებოდა. ზემოაღნიშნულ შემთხვევებში არ იყო გათვალისწინებული 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილების მე–11 დანართის მე–6 მუხლის პირველი პუნქტისა და "ქრონიკული ინკურაბელური დაავადებით შეპყრობილი პირების პალიატიური მზრუნველობით უზრუნველყოფის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 10 ივლისის №157/ნ ბრძანების მე–2 მუხლის მე–5 პუნქტის "ა", "გ" ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მოთხოვნები.

კასატორის მითითებით, 5844 ვიზიტის დროს დარღვეული აღმოჩნდა ის მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებული იყო 2012 წლის 15 მარტის No92 დადგენილების 21–ე მუხლის მე–3 პუნქტის „გ.ბ" და "ა" ქვეპუნქტებით. ამასთან, დაწესებულებაში რეგისტრირებულ პაციენტთა დიდი ნაწილი, "პალიატიური მზრუნველობის საქართველოს აკადემია–პრაქტიკულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო რესურს ცენტრში" სახელმწიფო პროგრამაში ჩართულები იყვნენ პროგრამიდან ამორთვის შემდეგ. შესაბამისად, თითოეული პაციენტის პროგრამაში ჩართვის ჯამური ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა 6 თვეს. ზემოაღნიშნული დაწესებულების ინსპექტირების შედეგების თანახმად, 20.12.12– 01.04.13 პერიოდში, ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესრულებული მომსახურებისას დაირღვა „საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 თავის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი; "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 თავის 28-ე მუხლი; საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილების მე-11 დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 10 ივლისის №157/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის "ა", "გ" ქვეპუნქტები და მე–6 პუნქტი; მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის №136/ნ ბრძანება.

კასატორმა აღნიშნა, რომ „ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არსებული სიტუაციის მიმოხილვის, პროგრამის ირგვლივ გაწეული მომსახურების შეფასების შედეგების განხილვის, დასაბრუნებელი/დასაკორექტირებელი/საჯარიმო თანხების მოცულობების განაზღვრის და მომსახურების მომწოდებელი დაწესებულებების ანაზღაურების საკითხების განხილვის მიზნით 2013 წლის 12 დეკემბერს შედგა შეხვედრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, „ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის“ სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული კომპონენტის ფარგლებში გაწეული მომსახურების რევიზიის შემდგომ პერიოდში – 2013 წლის 1 აპრილიდან, თუ პროგრამაში ჩართული პაციენტები არ აკმაყოფილებდნენ პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს (დიაგნოზი/სტადია), 2013 წლის აპრილის შემდეგ აგრძელებდნენ პროგრამით გათვალისწინებული სერვისით სარგებლობას, მაშინ შემთხვევა კლასიფიცირდებოდა როგორც „სადავო“ და მისი ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილება მიღებოდა საბოლოო დასკვნის შემდეგ. ასევე, სერვისის მიწოდების ხანგრძლივობის (6 თვე) დარღვევის შემთხვევაში (რომელიც არ იყო ასოცირებული ჩართვის კრიტერიუმების სხვა დარღვევებთან), ანაზღაურებას ექვემდებარებოდა მხოლოდ 6 თვის განმავლობაში გაწეული ხარჯი, ხოლო 6 თვეს გადაცილებული შესრულებული სამუშაო არ დაექვემდებარებოდა ანაზღაურებას (ან გადახდილი თანხები ექვემდებარებოდა დაბრუნებას).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ა(ა)იპ „...ისათვის“ თანხის დაკისრების საფუძვლების არსებობის დადგენა წარმოადგენს.

საქმის მასალების მიხედვით, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ განახორციელა ა(ა)იპ „...ში“ ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის (ამბოლატორიური კომპონენტი) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესრულებული მომსახურების ინსპექტირება. ინსპექტირების პერიოდი განისაზღვრა 2012 წლის 20 დეკემბრიდან 2013 წლის 01 აპრილამდე. კომისიამ შედეგების შესაბამისად შედგა 2013 წლის 15 აგვისტოს შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, ა(ა)იპ „...ს“ მიერ, 20.12.12-10.04.13წ. პერიოდში, ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესრულებული მომსახურებისას დაირღვა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 თავის 28-ე მუხლის, „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილების მე-11 დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „ქრონიკული ინკურაბელური დაავადებებით შეპყრობილი პირების პალიატიური მზრუნველობით უზრუნველყოფის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 10 ივლისის N157/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „გ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის, „საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის №136/ნ ბრძანების მოთხოვნები. 7038 ვიზიტის შემთხვევაში (77418,00 ლარი) დაირღვა ის მოთხოვნები, „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილების 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“, „გ.ბ“, „ზ“, ქვეპუნქტებითა და მე-11 პუნქტით გათვალისწიებული მოთხოვნები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „2012 წლის ჯანმრთლეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილების 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ე“, „გ.ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძვლებია: ა) თუ ძირითადი (პროგრამულ ანაზღაურებას დაქვემდებარებული) დიაგნოზი არ დასტურდება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემებით ან დამძიმებულია, ან წარმოდგენილია თანმხლები დიაგნოზის სახით; გ.ბ) მომსახურება გაწეულია იმ დიაგნოზით, რომელიც არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამით ანდა მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით; ე) თუ მკურნალობის პროცესში ჩართული ყველა ექიმი არ ფლობს შესაბამის სახელმწიფო სერტიფიკატს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელებისათვის; ზ) თუ შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას სადავო საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი შემოწმების აქტით არ დგინდება სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელებისთვის საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 442 მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ექიმების მიმართ სანქციის გამოყენების ფაქტი. ამასთან, „საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის N136/ნ ბრძანების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით, „საოჯახო მედიცინის“ სუბსპეციალობად არ იყო გამოყოფილი „პალიატიური მზრუნველობა“. „პალიატიური მზრუნველობა“ „საოჯახო მედიცინას“ სუბსპეციალობად გამოეყო მხოლოდ აღნიშნულ ბრძანებაში 2014 წლის 7 თებერვლის ბრძანებით შესული ცვლილებით. ამასთან, „საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის N136/ნ ბრძანების მოქმედი რედაქციის მიხედვით, სუბსპეციალობის მოწმობა სავალდებულოა მხოლოდ სტაციონარული პალიატიური სერვისის მიმწოდებელი სუბიექტებისათვის. „საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის N01-8/ნ ბრძანების N10 დანართის მიხედვით კი, ამბულატიური პალიატიური მზრუნველობა შედის სპეციალობა - „საოჯახო მედიცინის“ კომპეტენციაში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ქრონიკული ინკურაბელური დაავადებით შეპყრობილი პირების პალიატიური მზრუნველობით უზრუნველყოფის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 10 ივლისის N157/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ავადმყოფების სამ ძირითად ჯგუფს, რომელთაც სიცოცხლის დასასრულს სპეციალიზებული პალიატიური მზრუნველობა ესაჭიროებათ, წარმოადგენს: ა) მე-4 სტადიის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულნი; ბ) ტერმინალურ სტადიაშიმყოფი შიდსით დაავადებულნი; გ) არაონკოლოგიური ქრონიკული მოპროგრესე სენით დაავადებულნი ტერმინალურ სტადიაში (გულის, ფილტვების დეკომპენსაციის, ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობის სტადიები, გაფანტული სკლეროზი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევეის მძიმე შედეგები და სხვა). აღნიშნულის მიუხედავად, მართებულია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ონკოლოგიურ პაციენტებთან მიმართებაში აქცენტს აკეთებს მე-4 სტადიის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პირებზე, თუმცა პაციენტთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენა უნდა განხორციელდეს ნორმათა კომპლექსური ანალიზის საფუძველზე, პალიატიური მზრუნველობის მნიშვნელობისა და პრინციპების გათვალისწინებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მიღებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 აპრილის №ბს-831-827(კ-17) განჩინებაში განვითარებულ განმარტებებზე, რომელშიც სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,იმ ავადმყოფთა ჩამონათვალი, რომელთაც სიცოცხლის დასასრულს სპეციალიზებული პალიატიური მზრუნველობა ესაჭიროებათ არ არის ამომწურავი, იქიდან გამომდინარე, რომ ზემოაღნიშნული ნორმა იძლევა ასეთი ავადმყოფების მხოლოდ სამი ძირითადი ჯგუფის ჩამონათვალს. შესაბამისად, მართალია, 54 054 ვიზიტის შემთხვევაში ონკოლოგიური პაციენტები, რომელთა დიაგნოზებშიც გამოტანილია კიბოს I, II ან III სტადია, ან სადაც სტადია საერთოდ არ არის მითითებული, ვერ ხვდებიან პაციენტების იმ სამ ძირითად ჯგუფში, რომელთაც სიცოცხლის დასასრულს სპეციალიზებული პალიატიური მზრუნველობა ესაჭიროებათ, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მათ მიმართ პალიატიური მზრუნველობის გამოყენების საჭიროებას. მით უფრო, გასათვალისწინებელია „ქრონიკული ინკურაბელური დაავადებით შეპყრობილი პირების პალიატიური მზრუნველობით უზრუნველყოფის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 10 ივლისის №157/ნ ბრძანების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის თანახმადაც, პალიატიური მზრუნველობა გამოყენებულ უნდა იქნეს ნებისმიერი ქრონიკული (საბოლოო ანგარიშით) უკურნებელი დაავადების შემთხვევაში. ამასთან, „ქრონიკული ინკურაბელური დაავადებით შეპყრობილი პირების პალიატიური მზრუნველობით უზრუნველყოფის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 10 ივლისის №157/ნ ბრძანების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პალიატიური მზრუნველობისათვის პაციენტთა შერჩევის კრიტერიუმებია: ა) სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა არა უმეტეს 3-6 თვისა; ბ) შემდგომი მკურნალობის ნებისმიერი მცდელობის მიზანშეუწონლობა (სპეციალისტების მტკიცე რწმენის გათვალისწინებით, რომ დიაგნოზი სწორადაა დასმული); გ) ავადმყოფის ისეთი ჩივილები და სიმპტომები, რომლებიც სიმპტომური თერაპიისა და მოვლისათვის სპეციალურ ცოდნასა და უნარს საჭიროებს''.

საკასაციო სასამართლომ გაიზიარა კასატორის განმარტება იმის შესახებ, რომ ,,აღნიშნული ნორმის დანაწესი ითვალისწინებს არა სამედიცინო მომსახურების გაწევის ხანგრძლივობას, არამედ სახელმწიფო პროგრამაში პაციენტების ჩართვის კრიტერიუმებს. შესაბამისად, ის გარემოება, რომ პაციენტები ჩართულნი იყვნენ პროგრამაში ხანგრძლივი (6 თვეზე მეტი) დროის განმავლობაში, არ ქმნიდა სანქციის გამოყენების საფუძველს. მით უფრო, გასათვალისწინებელია ზემოაღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმადაც, ავადმყოფს მკურნალობა უნდა გაეწიოს უკურნებელი დაავადების დიაგნოზის დასმისთანავე. რაც უფრო ადრე და სწორად იქნება ორგანიზებული და გაწეული ეს დახმარება, მით მეტია ალბათობა, რომ განხორციელდება დასახული ამოცანა - მიღწეულ იქნება ავადმყოფისა და მისი ოჯახის ცხოვრების ხარისხის მაქსიმალურად შესაძლებელ გაუმჯობესება''.

ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ დასტურდება ა(ა)იპ „...ს“ მიერ იმგვარი დარღვევების ჩადენა, რაც მისთვის თანხის დაკისრების საფუძველი გახდებოდა. საქმის მასალებით არ დგინდება სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა. კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული შედავება, რაც დაადასტურებდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობას.

პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/ნ 202178927) საკასაციო საჩივარზე 16.09.2020წ. №73521 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 6911.85 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 4 838.30 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება;

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/ნ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.09.2020წ. №73521 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6 911.85 ლარის 70 პროცენტი - 4 838.30 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა