ბს-292 (კ-22) 30 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. ს-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ს-ეემ 05.11.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა ზ. ბ-ისათვის ქ. თბილისში, ...ში, ...ს ქ. კორპ. N...-ის მიმდებარედ 156 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში, ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 22.05.2014წ. N399 სხდომის ოქმის, ქ. თბილისის საკრებულოს 11.06.2014წ. N9692 საკუთრების უფლების მოწმობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 26.03.2019წ. N15 საოქმო გადაწყვეტილების 66-ე პუნქტის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.12.2019წ. განჩინებით საქმეში, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა ზ. ბ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.06.2021წ. გადაწყვეტილებით მ. ს-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. ს-ეის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.2022წ. განჩინებით მ. ს-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.06.2021წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარე (აპელანტი), სადავო აქტების ბათილად ცნობას ითხოვდა 56 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში, რაც პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამის ველში - დავის საგანში არ არის ასახული და დავის საგნად ფიქსირდება მოთხოვნა სადავო აქტების ბათილად ცნობის შესახებ ქ. თბილისში, დიდი დიღომში, ...ს ქ. კორპ. N21-ის მიმდებარედ 156.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში. ამდენად, პალატამ იმსჯელა და შეაფასა სადავო აქტების კანონიერების საკითხი, ზ. ბ-ისათვის ქ. თბილისში, დიდი დიღომში, ...ს ქ. კორპ. N...-ის მიმდებარედ 56 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში. პალატამ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-51 მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით აღნიშნა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტის 15.09.2007წ. №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია - ცნობა - დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
პალატამ მიუთითა, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. გასახილველ შემთხვევაში ზ. ბ-ის მიერ აღიარების კომისიაში განცხადებასთან ერთად წარდგენილ იქნა სადავო პერიოდში მოქმედი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ყველა მტკიცებულება, კერძოდ, საკადასტრო აზომვითი ნახაზი ელ. ვერსიით, ორთოფოტო ბეჭდით და კოორდინატებით, ამხანაგობა ,,...“-ის კრების ოქმი, სადაც მითითებულია, რომ ზ. ბ-ი 2000 წლიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს ქ. თბილისში, ...ს ქ. N21 კორპუსის მიმდებარედ არსებული 156 კვ.მ. მიწის ნაკვეთით და მასზე მყარად მდგარი ავტოსადგომით და თანახმანი არიან, რომ ზ. ბ-იმა საჯარო რეესტრში დაირეგისტრიროს საკუთრების უფლება თანდართული აზომვითი ნახაზით, კანონის მიზნებიდან გამომდინარე ცალსახად მართებულია ადმინისტრაციული ორგანოს 22.05.2014წ. გადაწყვეტილება (ოქმი N399) ზ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. შესაბამისად მართებულია ქ. თბილისის საკრებულოს N9692 საკუთრების უფლების მოწმობა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N15 საოქმო გადაწყვეტილების 66-ე პუნქტი.
საჩივრის ავტორის იმ განმარტებასთან დაკავშირებით, რომ ამხანაგობა ,,...“-ის კრების ოქმზე არ არის მითითებული თარიღი, პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული ვერ გახდება კრების ოქმის მტკიცებულებად ვერ მიჩნევის საფუძველი, მით უფრო თარიღის მხოლოდ ერთი კომპონენტის - რიცხვის მიუთითებლობის პირობებში, ვინაიდან კრების ოქმში გადმოცემული ფაქტობრივი მდგომარეობა ძალაშია და შედავებული არ ყოფილა.
რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ მ. ს-ეის სანოტარო წესით დამოწმებულ 07.10.2016წ. განცხადებას, რომლის მიხედვითაც ნ. დ-ი, ი. ნ-ე და ს. ც-ი ადასტურებენ ქ. თბილისში ...ს ქ. კორპ. N17-ის მიმდებარედ, დაახლოებით 54 კვ.მ მიწის ფართის მ. ს-ეის მიერ ფლობისა და სარგებლობის ფაქტს 1993 წლიდან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების დასადასტურებლად კანონი (როგორც სადავო პერიოდში მოქმედი, ასევე დღეს მოქმედი) არ ეყრდნობა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს, შესაბამისად საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისათვის, მოწმეებთან ერთად სახეზე უნდა იყოს მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტიც, რაც განსახილველ შემთხვევაში აპელანტის (მოსარჩელის) მ. ს-ეის მიერ ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე ვერ იქნა წარმოდგენილი. მოცემულ შემთხვევაში მოწმის ჩვენების, როგორც არაპირდაპირი (ინდიციური) მტკიცებულების შეფასება, ემპირიული წესების საფუძველზე ხორციელდება სხვა მტკიცებულებებთან შეფასების გზით. ამდენად, საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მტკიცებულებების გამოკვლევისა და მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის შედეგად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ. ს-ეეს არ გააჩნია/არ გააჩნდა საპირწონე მტკიცებულებები. ასევე სადავო მიწის ნაკვეთის აღიარების მოთხოვნით, მ. ს-ეეს ადმინისტრაციული ორგანოსათვის - აღიარების კომისიისათვის არ მიუმართავს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გამოცემულ იქნა კანონის სრული დაცვით და ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ს-ეის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული და არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი საფუძვლები. სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ზ. ბ-ი სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელს წარმოადგენდა. ადმინისტრაციულმა ორგანომ არასრულყოფილად და არაჯეროვნად გამოიკვლია და დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც გაიზიარეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა. კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ სათანადოდ არ დაიცვა მოსარჩელე მხარის ინტერესები. სასამართლოს მიერ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება ერთგვარად ნაადრევი იყო, ვიდრე აღიარების კომისია თავად არ იმსჯელებდა მ. ს-ეის მიმართ ქონების დაკანონების, ლეგალიზაციის საკითხზე. მ. ს-ეეს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია და მის მიერ აშენებულ (თუნდაც უნებართვოდ) საცხოვრებელ ფართს დემონტაჟი ემუქრება. ამდენად, საკასაციო საჩივრის ფარგლებში კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო ინსტანციაში დაბრუნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ს-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით ზ. ბ-იმა 02.05.2014წ. განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება ქ. თბილისში, ...ში, ...ს ქ. N21-ის მიმდებარედ არსებულ 156 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. ზ. ბ-ის მიერ აღიარების კომისიაში განცხადებასთან ერთად წარდგენილ იქნა საკადასტრო აზომვითი ნახაზი ელ. ვერსიით, ორთოფოტო ბეჭდით და კოორდინატებით, ამხანაგობა ,,...“-ის კრების ოქმი, სადაც მითითებული იყო, რომ ზ. ბ-ი 2000 წლიდან დღემდე ფლობდა და სარგებლობდა ქ. თბილისში, ...ს ქ. N21 კორპუსის მიმდებარედ არსებული 156 კვ.მ. მიწის ნაკვეთით და მასზე მყარად მდგარი ავტოსადგომით, ამხანაგობის წევრები თანხმობას აცხადებდნენ, რომ ზ. ბ-ის საჯარო რეესტრში დაერეგისტრირებინა საკუთრების უფლება თანდართული აზომვითი ნახაზით. ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 22.05.2014წ. N399 საოქმო გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული განცხადება დაკმაყოფილდა და საკუთრების უფლება ეღიარა ზ. ბ-ის. 11.06.2014წ. ქ. თბილისის საკრებულოს მიერ ზ. ბ-ის სახელზე, ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქ. N21-ის მიმდებარედ 156 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე გაიცა №9692 საკუთრების უფლების მოწმობა, რომლის საფუძველზეც 18.06.2014წ. ზ. ბ-ის საკუთრების უფლება აღირიცხა საჯარო რეესტრში.
მ. ს-ეის წარმომადგენელმა ნ. კ-ემ 14.03.2019წ. განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა კომისიის მიერ ზ. ბ-ის სახელზე გაცემული 11.06.2014წ. N9692 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N15 საოქმო გადაწყვეტილების 66-ე პუნქტით კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია, კომისიის 22.05.2014წ. N399 საოქმო გადაწყვეტილების (საკითხი 113-ე) კანონიერების შესწავლა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ კანონის მე-51 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. საქართველოს პრეზიდენტის 15.09.2007წ. №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის" მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია - ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. მოცემულ შემთხვევაში ზ. ბ-ის მიერ აღიარების კომისიაში განცხადებასთან ერთად წარდგენილი იქნა სადავო პერიოდში მოქმედი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები, კერძოდ, საკადასტრო აზომვითი ნახაზი ელ. ვერსიით, ორთოფოტო ბეჭდით და კოორდინატებით, ამხანაგობა ,,...“-ის კრების ოქმი, სადაც მითითებული იყო ზ. ბ-ის მიერ 2000 წლიდან ქ. თბილისში, ...ს ქ. N21 კორპუსის მიმდებარედ 156 კვ.მ. მიწის ნაკვეთითა და მასზე მყარად მდგარი ავტოსადგომით ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, რაც გახდა სადავო მიწის ნაკვეთის ზ. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი. სახეზე არ არის სადავო აქტების ბათილად ცნობის წინაპირობები, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანომ სზაკ-ის 96-ე მუხლის შესაბამისად, ზ. ბ-ის განცხადების საფუძველზე, ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, მათ შორის კომისიის მომსახურების აპარატმა ადგილზე დაათვალიერა სადავო მიწის ნაკვეთი და დაადგინა ასაღიარებლად მოთხოვნილი უძრავი ქონების ზ. ბ-ის მიერ სარგებლობისა და ფლობის ფაქტი. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კასატორს არ წარმოუდგენია. სადავო მიწის ნაკვეთის კასატორის მიერ სარგებლობის ფაქტს ადასტურებს მხოლოდ საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომელიც არ წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის წინაპირობას. მოწმის ჩვენება საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დამადასტურებელი ერთ-ერთი მტკიცებულებაა, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა შეფასდეს. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი სხვა რაიმე დოკუმენტი. ამასთან, საკასაციო სასამართლო, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის, მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით, აღნიშნავს, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). ასეთ შემთხვევაში პირმა უნდა დაადასტუროს, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ნამდვილად თვეთნებურად ჰქონდა დაკავებული, ფლობდა და სარგებლობდა დასახელებული კანონის ამოქმედებამდე (2007წ.). სადავო შემთხვევაში მ. ს-ეე მიუთითებდა სადავო მიწის ნაკვეთზე მხოლოდ ხეხილის ბაღის არსებობის შესახებ, ხოლო საკასაციო საჩივარში დაფიქსირებული პრეტენზია საცხოვრებელი სახლის თაობაზე დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რადგან სადავო მიწის ნაკვეთზე კასატორის კუთვნილი რაიმე შენობის არსებობა საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლომ სათანადოდ არ დაიცვა მოსარჩელე მხარის ინტერესები და აღიარების კომისიის მიერ მ. ს-ეის მიმართ ქონების დაკანონების, ლეგალიზაციის საკითხზე მსჯელობამდე, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება იყო ნაადრევი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით არ დასტურდება მ. სანიკის მიერ აღიარების კომისისათვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით მიმართვის ფაქტი.
საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ს-ეის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მ. ს-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.2022წ. განჩინება;
3.მ. ს-ეეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.05.2022წ. N13302630440 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი