ბს-1075(კ-20) 30 ივნისი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.2020წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პ. ს-იმა 22.11.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 03.05.2016წ. N..., N... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების და სსიპ შემოსავლების სამსახურის 07.07.2016წ. N19411 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.09.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 03.05.2016წ. N ..., N ... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები, სსიპ შემოსავლების სამსახურის 07.07.2016წ. N2725 ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ამასთანავე, სსიპ შემოსავლების სამსახურს დაეკისრა ი/მ პ. ს-ის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებს ეკისრებათ სამართალდამრღვევი სუბიექტის ზუსტად განსაზღვრის ვალდებულება, ვინაიდან ჩადენილი ქმედებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ აღნიშნულ სუბიექტს. დაუშვებელია ერთი სამართლებრივი ფორმის მქონე პირის მიერ განხორციელებული ქმედების გამო პასუხისმგებლობა დაეკისროს სხვა პირს, თუნდაც ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ პირებს წარმოადგენდნენ. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა განმარტების მიხედვით პ.ს-ი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, თუმცა ამასთანავე არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დამფუძნებელი და დირექტორი. განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებმა შეადგინეს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, თუმცა არ გამოიკვლიეს, ქმედება კონკრეტულად ვის მიერ იქნა განხორციელებული: ინდივიდუალური მეწარმის თუ შპს-ს სახელით მოქმედი პირის მიერ. არ იქნა დადგენილი სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებას პ. ს-ი ახორციელებდა პირადად, თუ როგორც შპს-ს უფლებამოსილი პირი. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ი/მ პ. ს-ი მიიჩნია სამართალდამრღვევად, თუმცა სათანადო წესით არ დაუდგენია საქონლის მესაკუთრე და სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი პირი. ამდენად, საგადასახადო ორგანოს უტყუარად არ დაუდგენია სამართალდამრღვევი სუბიექტი.
პალატამ აღნიშნა, რომ არსებითი მნიშვნელობის იყო აგრეთვე საქონლის ტრანსპორტირების მიზნის დადგენა, რადგან ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისას პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტრანსპორტირება ხდება სამეწარმეო მიზნით. ასეთი მიზნის არსებობა ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადასტურა. ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულებას საგადასახადო კოდექსი აწესებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საქონლის ტრანსპორტირება ხდება სამეწარმეო საქმიანობისთვის, ანუ არაერთჯერადი, მოგების მიღების მიზნით განხორციელებული საქმიანობისათვის. პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნებისთვის განმსაზღვრელია საქონლის სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად გადაზიდვა და არა ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის მეწარმე სუბიექტად რეგისტრაცია. სწორედ საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების ვალდებულებაა ზუსტად გამიჯნოს შემთხვევები და განსაზღვროს, პირი საქონლის ტრანსპორტირებას ახდენს პირადი საჭიროებისთვის თუ მოგების მიღების მიზნით. ბრუნვაუნარიანი ფიზიკური პირის მიერ საქონლის ტრანსპორტირება იმთავითვე არ გულისხმობს მოგების მიღების მიზნით მოქმედებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. კასატორმა მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის იურიდიულად დასაბუთებული, საქმის მასალებით დასტურდება ორივე სამართალდარღვევის ჩადენა. პ. ს-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა წინააღდეგობის გაწევას, მან დაკეტა ავტომანქანა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს არ მისცა შეძენილი პროდუქტის აღრიცხვის საშუალება. ასევე დასტურდება, რომ ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა სამეწარმე მიზნით. სსიპ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სისტემაში გადამოწმებისას დადგინდა, რომ პ. ს-ი არის შპს „გ...ის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ამავე ბაზის მიხედვით, შპს-ს 2016 წელს უფიქსირდება ანალოგიური პროდუქციის შეძენის არაერთი ფაქტი. კასატორი თვლის, რომ ვინაიდან იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, მას მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟის ანაზღაურება არ უნდა დაკისრებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის 136.4 მუხლის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სავალდებულოა სასაქონლო ზედნადების გამოწერა. სწორედ ამ მოთხოვნის დაუცველობა - სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება იწვევს საგადასახადო კოდექსის 286.1 მუხლით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას. ამდენად, კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე პირის დაჯარიმებამდე დადგენას საჭიროებს ერთი მხრივ -გადაზიდვის სამეწარმეო მიზანი, ხოლო მეორე მხრივ - გადაზიდულ საქონელზე უფლების მქონე პირი. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ სადავო აქტები არ არის საკმარისად დასაბუთებული, არ ეფუძნება საქმის გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევას, საქმის მასალებით არ დასტურდება ტრანსპორტირების სამეწარმეო მიზანი. მტკიცებულებები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს საქონლის პირადი მოხმარების მიზნით ტრანსპორტირებას, არ არის წარმოდგენილი. შემოწმებისას ავტომანქანაში არსებული საქონლის რაოდენობის გათვალისწინებით, ცხადი არ არის მათი სამეწარმეო მიზნით ტრანსპორტირება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალების თანახმად, პ. ს-ი ახდენდა სადღესასწაულო, გასაფორმებელი საქონლის ტრანსპორტირებას. საქმეში დაცული ვიდეო-ჩანაწერებიდან დგინდება, რომ ტრანსპორტირებული საქონლის საორიენტაციო ოდენობა და დანიშნულება იმთავითვე არ იყო პირადი მოხმარების მიზანთან შეუსაბამო. ამასთანავე, პ. ს-ი სარჩელში აღნიშნავს, რომ საქონელი შეძენილი ჰქონდა ოჯახისთვის. ის, რომ საქონლის ტრანსპორტირება ხდებოდა პ. ს-ის მიერ, რომელიც რეგისტრირებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ, იმთავითვე არ ადასტურებს საქონლის გადაზიდვის სამეწარმეო მიზანს, რადგან ინდივიდუალ მეწარმედ რეგისტრირებულ პირს არ ერთმევა პირადი აქტივობის, პირადი თუ საოჯახო მოხმარების მიზნით საქონლის შეძენისა და ტრანსპორტირების შესაძლებლობა. სწორედ სახდელის შემფარდებელ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება სამართალდარღვევის შემადგენლობის საფუძვლად არსებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი. უკეთუ სათანადოდ არ დადასტურდება ტრანსპორტირების სამეწარმეო მიზანი, გამოირიცხება საგადასახადო კოდექსის 286.1 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტიც.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ დადგენას საჭიროებს არა მხოლოდ ტრანსპორტირების მიზანი და ამდენად, სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, არამედ, სამართალდარღვევის ჩამდენი სუბიექტიც. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სატრანსპორტო საშუალებას, რომელშიც კონკრეტული საქონელი იყო განთავსებული მართავდა პ. ს-ი. ამასთანავე, სადავო არ არის ის გარემოება, რომ პ. ს-ი არის შპს-ს დამფუძნებელი და დირექტორი. კასატორი სსიპ შემოსავლების სამსახური სამართალდარღვევის ჩადენის დამადასტურებელ გარემოებად უთითებს იმ ფაქტს, რომ პ. ს-ი არის შპს „გ...ის“ დირექტორი, ხოლო შპს „გ...ს“ 2016 წელს უფიქსირდება ანალოგიური პროდუქციის შეძენის არაერთი ფაქტი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და მისი დირექტორის პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან გამიჯნულია. შპს არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, ამდენად, იგი თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ (სკ-ის 24.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრიდანაც იკვეთება, რომ საგადასახადო ორგანოს შპს „გ...ის“ და მისი დირექტორის - პ. ს-ის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა ურთიერთაღრეული აქვს. კასატორი პ. ს-ის მიერ დარღვევის ჩადენის დამადასტურებლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შპს-მ, რომლის დირექტორიც პ. ს-ია, 2016 წელს მოახდინა მსგავსი საქონლის ტრანსპორტირება. საკასციო პალატა თვლის, რომ კასატორის აღნიშნული მოსაზრება დაუსაბუთებელია და არ ადასტურებს გასაჩივრებული განჩინების უსწორობას, სარჩელის უსაფუძვლობას.
რაც შეეხება პ. ს-ის მიერ საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებისათვის წინააღმდეგობის გაწევის საკითხს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირის ქმედების საგადასახადო კოდექსის 277.1 მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვიოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელების შეფერხება. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერიდან ჩანს, რომ პ. ს-ი უარს აცხადებს შემმოწმებელი პირებისათვის მსუბუქი ავტომობილის შემოწმების („ჩხრეკის“) უფლების მიცემაზე და ითხოვს შემმოწმებელი პირების უფლებამოსილების დადასტურებას. აღნიშნულის მიუხედავად წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან (20:31 სთ) 7 წუთის შემდეგ (20:38 სთ) სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ ზედნადების გარეშე სამეწარმეო მიზნით საქონლის ტრანსპორტირების ფაქტზე შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც მიეთითა ტრანსპორტირებული საქონლის კონკრეტული და არა მიახლოებითი, სავარაუდო საბაზრო ღირებულება. ამდენად, საქმის გარემოებების დამატებითი გამოკვლევის საჭიროება არსებობს აღნიშნულ ოქმთან მიმართებითაც.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ არასწორად მოხდა მისთვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრება. ის გარემოება, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით საგადასახადო ორგანოები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, არ ადასტურებს სასამართლო ხარჯების განაწილების უსწორობას. სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, მართლზომიერია სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრება, მიუხედავად იმისა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.2020წ. განჩინება;
3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. სტურუა