Facebook Twitter

№ბს-584(კ-22) 29 ივნისი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - თ. ტ-ა; მესამე პირები - ნ. ს-ი; ი. ზ-ი; ე. ზ-ა; ლ. ზ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ. ტ-ამ 2020 წლის 13 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 13 დეკემბრის №03-196/ო ბრძანება „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“; ბ) დაევალოს მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე.

სარჩელის თანახმად, თ. ტ-ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, სოციალურად დაუცველი, ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში 5 პირთან ერთად, რომელთაგან 2 არის არასრუწლოვანი. მოსარჩელეს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის მონაცემების მიხედვით მინიჭებული აქვს 5 ქულა შემდეგი კრიტერიუმებით: 1. საცხოვრებლის ფინანსური პირობები, ნაქირავები - 1.5 ქულა; 2. სოციალური კრიტერიუმი 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით - 2.5 ქულა; 3. 18 წლამდე ასაკის წევრები, 2 არასრუწლოვანი - 1 ქულა. მიუხედავად აღნიშნულისა, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 13 დეკემბრის №03-196 ბრძანებით უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. ბრძანებაში არ არის მითითებული რომელ ფაქტებზე დაყრდნობით მოხდა ოჯახისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმა, იმ პირობებში, როდესაც დაკმაყოფილდნენ უფრო დაბალი ქულის მქონე დევნილები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ივლისის საოქმო განჩინებით მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის გ. წ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ნ. ს-ი, ი. ზ-ი, ლ. ზ-ა და ე. ზ-ა საქმეში ჩაბმულ იქნენ მესამე პირებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ტ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 13 დეკემბრის №03-196/ო ბრძანება და დაევალა მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ტ-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. 2019 წლის 12 თებერვალს თ. ტ-ამ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე №41964 ელექტრონული განაცხადით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოითხოვა. თ. ტ-ამ განაცხადი წარადგინა შვილთან - ნ. ს-ითან, შვილიშვილებთან - ლ. ზ-ასთან, ე. ზ-ასთან და სიძესთან - ი. ზ-ითან ერთად. თ. ტ-ას ფაქტობრივი მისამართია: ქ. თბილისი, მთაწმინდა, ...ის ქ. №.... შეფასების შედეგად თ. ტ-ას მიენიჭა 5 ქულა, კერძოდ: საცხოვრებელი ფინანსური პირობები - ნაქირავები - 1.50 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები - 2 არასრულწლოვანი - 1 ქულა; სოციალური კრიტერიუმი - 2.50 ქულა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 საოქმო გადაწყვეტილებით, თ. ტ-ას (სულადობა - 5, ქულა - 5, ოთახების რაოდენობა - 3) უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების გამო შვილის ოჯახთან. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 13 დეკემბრის №03-196/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №39), თ. ტ-ას უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

პალატის განმარტებით, სადავო ბრძანების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ 2019 წლის 14 ივლისს მონიტორინგის ჯგუფს, მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ქ. №..., დახვდა თ. ტ-ა, რომელმაც განაცხადა, რომ „არ იცის ზუსტი მისამართი, თუ სად ცხოვრობს ნ. (ს-ი) თავის მეუღლესთან ერთად, ამბობს, რომ არიან ...ში“, ხოლო 2019 წლის 20 აგვისტოს მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტი განხორციელდა მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის მე-... მკ/რ., კორპ. ..., ბ. 33, სადაც მონიტორინგის ჯგუფს არ დახვდა არც აპლიკანტი და არც მისი შვილის ოჯახი, თუმცა, მონიტორინგის ჯგუფი გაესაუბრა ი. ზ-ის (სიძე) დას - ქალბატონ ი.-ს, რომელმაც განაცხადა, რომ ი. და ნ. იყვნენ სამსახურში, ბავშვები ბებიასთან (ნ.ს დედა) ერთად ...ში, ხოლო თვითონ იმყოფებოდა სტუმრად და ეხმარებოდა დედას ბინის დალაგებაში.

პალატამ ყურადღება გაამახვილა ნ. ს-ის განმარტებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ დედის - თ. ტ-ას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იგი საჭიროებს სათანადო მოვლას, რის გამოც, ოჯახთან ერთად ძირითადად იმყოფება დედასთან, მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ქ. №... (იხ. 24.05.2021წ. სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი). საქმის მასალებში წარმოდგენილია არაერთი სამედიცინო დოკუმენტი ფორმა №IV-100/ა, რომელიც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ თ. ტ-ას აღენიშნება ქრონიკული დაავადებები.

პალატის განმარტებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში არსებული უძრავი ქონება წარმოადგენს სახლთმფლობელობის თანამესაკუთრეთა საერთო საკუთრებას, მათ შორის ერთ-ერთი მესაკუთრეა ჟ. ს-ი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ივლისის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით იქნა დაკითხული. ჟ. ს-იმა დაადასტურა ის გარემოება, რომ თ. ტ-ა შვილთან, ნ. ს-ითან და მის ოჯახთან ერთად ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე. ამავე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მოსარჩელის მეუღლის მეგობარი გ. რ-ა, რომელმაც ასევე დაადასტურა თ. ტ-ას, შვილთან და მის ოჯახთან ერთად ცხოვრების ფაქტი.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია ოჯახის ხელოვნურად გაერთიანებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ გარემოების დასასაბუთებლად ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ და მხოლოდ მონიტორინგის ოქმებს, რაც დამატებითი მტკიცებულებების გარეშე ვერ მიიჩნევა მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის საკმარის საფუძვლად იმ პირობებში, როდესაც მოწმეთა ჩვენებით, მოსარჩელისა და მესამე პირის ახსნა-განმარტებით აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება. პალატის მოსაზრებით ადმინისტრაციული ორგანო მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებული იყო, წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაედგინა დევნილის საცხოვრებელი პირობები და სათანადოდ გადაეწყვიტა თ. ტ-ას დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დევნილთა მიმართ შექმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მონიტორინგის განხორციელებისას არ გამოიკვლია, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ე“ პუნქტის გათვალისწინებით, ქ. თბილისი, ...ის ქ. №... წარმოადგენდა თუ არა ნ. ს-ის, მისი მეუღლისა და შვილების მიერ არჩეული საცხოვრებელ ადგილს. საყურადღებოა, რომ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის მე-... მკ/რ., კორპ. ..., ბ. 33, მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტისას მითითებული პირები მისამართზე არ იმყოფებოდნენ და ადმინისტრაციულ ორგანოს მათგან შესაბამისი განმარტება არ მიუღია.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელე თ. ტ-ამ 2015 წლის 1 მაისს შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მან დააგროვა 5 ქულა: საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ნაქირავები) - 1.5 ქულა; სოციალური კრიტერიუმი, 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულა - 2.5 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები (ორი არასრულწლოვანი) - 1 ქულა. მისი საცხოვრებელი ფართი არ არის ნგრევადი ობიექტი, არც სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტს წარმოადგენს. მოსარჩელე განაცხადს აკეთებს შვილთან ნ. ს-ითან, არადევნილ სიძესთან ი. ზ-ითან და ორ არასრულწლოვან შვილიშვილთან ერთად. 2019 წლის 14 ივლისს განმცხადებლის ფაქტობრივ მისამართზე, ქ. თბილისი, მთაწმინდა, ...ის ქ. №..., განხორციელდა მონიტორინგი. მონიტორინგის მასალების თანახმად, ამ მისამართზე ცხოვრობენ ქირით დევნილობის შემდგომი პერიოდიდან დღემდე. მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე დახვდა მხოლოდ თ. ტ-ა. განმცხადებლის განმარტებით ბინა, სადაც თ. ტ-ა ფაქტობრივად ცხოვრობს ეკუთვნის მეუღლის ბიძაშვილს ჟ. ს-ის (უძრავი ქონების საკადასტო კოდი: ...). ჟ. ს-ის სახელზე ამონაწერი არ იძებნება, მაგრამ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს და ამონაწერში ერთ-ერთ თანამესაკუთრედაც ფიქსირდება თ. ტ-ას შვილი მ. ს-ი (პ/ნ ...). განაცხადში მითითებულ შვილიშვილებთან ე. და ლ. ზ-იებთან დაკავშირებით, განაცხადა რომ არ იცის ზუსტად რომელ სკოლაში დადიან, თუმცა იცის რომ სწავლობენ ...ში მათ საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. თამარს ჰყავს ასევე შვილი ნა. ს-ი (პ/ნ ...), რომელსაც საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება (მის: ქ. თბილისი, ...ის მას. 4 მ/რ. კორპ. ..., სადარბაზო №5, ბ...., საკ. კოდი: ...). ოქმის შედგენის დროს მხარემ დაადასტურა, რომ სიძე - ი. ზ-ი ოჯახთან ერთად ცხოვრობს ...ში მე-5 მ/რ-ში, ზუსტი მისამართი არ იცის. დამატებითი მოკვლევის მიზნით, 2019 წლის 20 აგვისტოს განხორციელდა მონიტორინგი ი. ზ-ის საცხოვრებელ მისამართზე (ქ. თბილისი, ...ი ნა. ს-ი მკრ. კორპ. ... ბ. 33), სადაც ადგილზე მისულ მონიტორინგის ჯგუფს არ დახვდა არც აპლიკანტი და არც მისი შვილის ოჯახი, თუმცა მოხდა გასაუბრება ი. ზ-ის დასთან ქალბატონ ი.-სთან, რომელმაც განაცხადა, რომ ი. და ნ. იყვნენ სამსახურში, ბავშვები ბებიასთან (ნ.ს დედა) ერთად ...ში, ხოლო თვითონ იმყოფებოდა სტუმრად და ეხმარებოდა დედას ბინის დალაგებაში. კასატორის განმარტებით, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ ნ. ს-ი მეუღლესთან ი. ზ-ითან და შვილებთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ი ნა. ს-ი მკრ. კორპ. ... ბ. 33-ში. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მათი შეყვანა განაცხადში ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების მიზნით მოხდა.

კასატორი აღნიშნავს, რომ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გამოყენებული უნდა ყოფილიყო საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური ნორმები. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი მონაცემთა ბაზა, რომელიც მხოლოდ დევნილთა შესახებ მონაცემებს ინახავს, იგი ოფიციალურადაა დამტკიცებული და სხვადასხვა მონაცემთან ერთად ინახავს პირის დევნილობის დროს არჩეული დროებითი საცხოვრებელი ადგილის ი.დიულ და ფაქტობრივ მისამართს. იმისათვის, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს დევნილის დროებით საცხოვრებელი ადგილის შესახებ მონაცემები აუცილებელია, რომ აღირიცხოს მათი დროებითი საცხოვრებელი ადგილი. სწორედ ამ მიზნით არის დევნილთა მონაცემთა ბაზაში დევნილის დროებითი როგორც ი.დ-ი, ასევე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი მითითებული. დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნულია დევნილი ოჯახის 3 რეგისტრაციის ადგილი, ესენია: 1. პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე; 2. პირის რეგისტრაციის ადგილი, სადაც ის დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა (ი.დ-ი); 3. პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, სადაც ის რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს წარედგინა ნ. ს-ის ფაქტობრივ მისამართთან დაკავშირებით უტყარი დოკუმენტი, დევნილის საოჯახო ანკატა, სადაც დევნილთა მონაცემთა ბაზიდან მითითებულია სწორედ ზემოაღნიშნული სამი მისამართი. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 12 დეკემბერს ხელით შევსებულ ანკეტაში ნ. ს-ის თავის ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებული აქვს ქ. თბილისი, ...ი, ნა. ს-ი მ/რ. კორპ. ..., ბ. 33. მხარემ სამინისტროსთვის/სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობა ასევე დაადასტურა ხელმოწერით. თ. ტ-ას ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი მდებარეობს მთაწმინდაზე, ...ის №...-ში, ხოლო ნ. ს-ი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს ...ის მისამართზე. ისინი მუდმივად არ ცხოვრობენ ერთად და არ წარმოადგენენ ერთ ოჯახს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელის გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელესა და მესამე პირებს არ გაუსაჩივრებიათ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამ მიზნით სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). პალატა მიუთითებს აღნიშნული წესის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის ი.დ-ი პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება; იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შეფასდეს ოჯახის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ყოფითი მდგომარეობა, რადგან ქულათა მინიჭებას არსებითი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობას.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ. ტ-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მასზე გაცემულია დევნილის მოწმობა.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 13 დეკემბრის №03-196/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №39) თ. ტ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 სხდომის ოქმით ასევე დგინდება, რომ თ. ტ-ას უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე შვილის ოჯახთან ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო.

საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ - ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოსარჩელის შვილის ოჯახთან ხელოვნური გაერთიანების თაობაზე.

დადგენილია, რომ თ. ტ-ამ განაცხადით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოითხოვა. მოსარჩელის მიერ განაცხადში დაფიქსირებულ ოჯახის წევრებს ასევე წარმოადგენენ: შვილი - ნ. ს-ი; შვილიშვილები - ლ. ზ-ა, ე. ზ-ა; სიძე - ი. ზ-ი. შეფასების შედეგად თ. ტ-ას მიენიჭა 5 ქულა: საცხოვრებლის ფინანსური პირობები, ნაქირავები - 1.50 ქულა; სოციალური კრიტერიუმი 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით - 2.50 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები, 2 არასრულწლოვანი - 1.00 ქულა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სადავო აქტის გამოცემისას დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ 2019 წლის 14 ივლისის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმას, რომელშიც აღნიშნულია, რომ თ. ტ-ამ „არ იცის ზუსტი მისამართი თუ სად ცხოვრობს ნ. თავის მეუღლესთან ერთად, ამბობს რომ არიან ...ში“. საქმეში ასევე წარმოდგენილია 2019 წლის 20 აგვისტოს დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების გასაუბრების ოქმი, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: ,,ქ. თბილისი, ...ის მე-5 მკ/რ., კორპ. ..., ბ. 33 მისამართზე მონიტორინგის ჯგუფს არ დახვდა არც აპლიკანტი და არც მისი შვილის ოჯახი. მონიტორინგის ჯგუფი გაესაუბრა ი. ზ-ის დას - ქალბატონ ი.-ს, რომელმაც განაცხადა, რომ ი. და ნ. იყვნენ სამსახურში, ბავშვები ბებიასთან (ნ.ს დედასთან) ...ში, ხოლო თვითონ იმყოფებოდა სტუმრად და ეხმარებოდა დედას ბინის დალაგებაში’’.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახი – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ და მხოლოდ მონიტორინგის ოქმებს, რაც დამატებითი მტკიცებულებების გარეშე ვერ მიიჩნევა მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის საკმარის საფუძვლად იმ პირობებში, როდესაც მითითებული გარემოება არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის მოსარჩელის ოჯახის შვილის ოჯახთან ხელოვნური გაერთიანების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნის მართებულად მიჩნევის საფუძველს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მონიტორინგის განხორციელებისას არ გამოიკვლია, ქ. თბილისი, ...ის ქ. №... წარმოადგენდა თუ არა ნ. ს-ის, მისი მეუღლისა და შვილების მიერ არჩეულ საცხოვრებელ ადგილს. ამასთან, მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის მე-5 მკ/რ., კორპ. ..., ბ. 33, მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტისას მითითებული პირები მისამართზე არ იმყოფებოდნენ და ადმინისტრაციულ ორგანოს მათგან შესაბამისი განმარტება არ მიუღია.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებული იყო, წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაედგინა დევნილის საცხოვრებელი პირობები და სათანადოდ გადაეწყვიტა თ. ტ-ას დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დევნილთა მიმართ შექმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ჩატარდა არასრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, რადგან არ გამოკვლეულა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. შესაბამისად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე