Facebook Twitter

საქმე №ბს-416(კს-22) 21 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - შპს „...”

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „...”-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურის, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2020 წლის N37722 ბრძანების ბათილად ცნობა; ბ) სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 05.07.2018 წლის N17203 ბრძანების ბათილად ცნობა; გ) სსიპ შემოსავლების სამსახურის 23.12.2020 წლის N38377 ბრძანების ბათილად ცნობა; დ) სსიპ შემოსავლების სამსახურის 12.02.2021 წლის N3162 ბრძანების ბათილად ცნობა; ე) სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე 26.10.2020 წლის N978/2 დასკვნის ბათილად ცნობა; ვ) სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე 30.04.2018 წლის N545 დასკვნის ბათილად ცნობა; ზ) სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების 28.12.2017 წლის N3769 აქტის ბათილად ცნობა; თ) სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე 23.07.2018 წლის N865 დასკვნის ბათილად ცნობა; ი) აღსრულდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს კანონიერ ძალაში შესული 25.05.2018 წლის გადაწყვეტილება; კ) აღსრულდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს კანონიერ ძალაში შესული 29.11.2019 წლის გადაწყვეტილება; ლ) აღსრულდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.2019 წლის გადაწყვეტილება; მ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 09.10.2020 წლის N10665/2/2020; N10725/2/2020 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ნ) მოპასუხის დავალდებულება უკან დაუბრუნოს მოსარჩელეს არაპირდაპირი წესით ჩამოჭრილი თანხები, როგორც სააღრიცხვო ბარათიდან ისე საბანკო ანგარიშებიდან; ო) მოპასუხის დავალდებულება მისცეს მოსარჩელეს უფლება წარადგინოს დაზუსტებული საგადასახადო დეკლარაცია;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,...“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს ,,...“-ს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინებით აპელანტ შპს ,,...“-ს დირექტორის მ. ა-ის შუამდგომლობა ადმინისტრაციულ საქმეში 3ბ/1865-21 თ. გ-ის, გ. ღ-ის, დ. გ-ის, ზ. ძ-ის, დ. ჯ-ას, ო. ე-ეის, შ. მ-ის, შ. ვ-ის, ლ.. ლ-ას, დ. ფ-ეის, მ. ტ-ის, პ. კ-ეის, ი. ს-ეის, ლ. დ-ეის, სსიპ შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად მესამე პირებად ჩაბმის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინება საქმეში მესამე პირების ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...”-მ. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მის მიერ შუამდგომლობაში დასახელებული პირების საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად მესამე პირებად ჩართვა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განჩინებით შპს „...”-ს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინებაზე საქმეში მესამე პირების ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “...”-ს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე შპს „...”-ს შუამდგომლობის ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით. ამავე მუხლის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო განჩინებას, რომელიც მიღებულია ერთპიროვნულად მოსამართლის მიერ, ხელს აწერს ეს მოსამართლე, ხოლო თუ იგი მიღებულია კოლეგიური სასამართლოს მიერ, – ყველა მოსამართლე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილებას ხელს არ აწერენ ის მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებაში არიან აღნიშნულნი.

დასახელებულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლოს განჩინების/გადაწყვეტილების მისი გამომტანი მოსამართლის/მოსამართლეების მიერ ხელმოწერა. ასეთი ვალდებულების დარღვევა კი სასამართლოს განჩინების/გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. მოსამართლე ხელმოწერით ადასტურებს დოკუმენტში მითითებული გარემოებებისა და სასამართლოს აქტით გათვალისწინებული მოწესრიგების ნამდვილობას, მატებს მას ლეგიტიმაციას, აძლევს საბოლოო სახეს და ამცირებს სასამართლოს აქტის გაყალბების რისკებს. მხოლოდ სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი იწვევს იურიდიულ შედეგებს. სწორედ ამიტომ, „სასამართლო გადაწყვეტილება საპროცესო დოკუმენტად ჩაითვლება მხოლოდ მის დადგენაში მონაწილე ყველა მოსამართლის მიერ ხელმოწერის შემდეგ, ასეთი ხელმოწერის არარსებობას უკავშირდება იგივე პროცესუალური შედეგი, რაც საქმეში სასამართლო გადაწყვეტილების არარსებობას, ანუ ითვლება, რომ საქმეზე გადაწყვეტილება არ არის დადგენილი“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 22 მაისის განჩინება საქმეზე №ბს-53-52(კ-06)).

განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის გასაჩივრებული განჩინება საქმეში მესამე პირების ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ მიღებულია კოლეგიური სასამართლოს მიერ, სამი მოსამართლის მონაწილეობით, თუმცა განჩინებას მხოლოდ ერთი მათგანი აწერს ხელს (ტ. 10, ს.ფ 13-16). ამდენად, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, სასამართლოს განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, რომლის არსებობის დროსაც, იმავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე შპს „...”-ს შუამდგომლობის განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივარში, ასევე საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2022 წლის 18 აპრილს, 2022 წლის 19 აპრილს, 2022 წლის 4 მაისს, 2022 წლის 9 ივნისს, 2022 წლის 14 ივნისს და 2022 წლის 17 ივნისს წარმოდგენილ განცხადებებში/შუამდგომლობებში მითითებულია არაერთი შუამდგომლობა, რომელიც არ გამხდარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი და მათ შესახებ სააპელაციო პალატას არ მიუღია შესაბამისი განჩინება. იქიდან გამომდინარე, რომ საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას იხილავს კერძო საჩივრის ფარგლებში, არ არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობებზე მსჯელობის საფუძველი.

რაც შეეხება კერძო საჩვრის ავტორის შუამდგომლობას ზემოაღნიშნულ განცხადებებთან ერთად წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმეზე დართვასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსკ-ის 380-ე მუხლი), თუმცა საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია. გათვალისწინებით იმ გარემოებისა, რომ საქმის არსებითი განხილვა სააპელაციო სასამართლოში დასრულებული არ არის, კერძო საჩივრის ავტორს (აპელანტს) ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა საქმეზე დართვასთან დაკავშირებით, კანონის დადგენილი წესის დაცვით, შეუძლია მიმართოს საქმის განმხილველ სასამართლოს.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობას კერძო საჩივრის ზეპირ განხილვასთან დაკავშირებით, რომელიც მითითებულია ზემოაღნიშნულ განცხადებებში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განჩინება გამოიტანება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. საქმის ზეპირი განხილვის შემთხვევაში მოსამართლე უფლებამოსილია, განჩინება გამოიტანოს სათათბირო ოთახში გაუსვლელად. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოიტანოს ზეპირი განხილვის გარეშე. შესაბამისად, კერძო საჩივრის ზეპირი განხილვა საკასაციო ინსტანციის სამოსამართლო დისკრეციის სფეროს განეკუთვნება და საკასაციო სასამართლო ყოველი კონკრეტული კერძო საჩივრის შემოწმებისას, საქმის გარემოებების შესწავლისა და დავის ხასიათიდან გამომდინარე, წყვეტს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვის მიზენშეწონილობის საკითხს.

მართალია, საჯარო განხილვის უფლება, რომელიც გარანტირებულია კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, გულისხმობს საქმის ზეპირი განხილვის უფლებას, თუმცა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ზეპირი განხილვის ვალდებულება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ფრედინი შვედეთის წინააღმდეგ" (Fredin v. Sweden) 23.02.1994წ. გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ ზეპირი მოსმენა შესაძლოა არ იყოს აუცილებელი კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით, მაგალითად, როდესაც ფაქტის ან კანონმდებლობის საკითხი შეიძლება ადეკვატურად გადაიჭრას მხარეთა წერილობითი შეპასუხებების საფუძველზე. ამავე გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ უფლება საჯარო სასამართლო განხილვაზე მოიცავს უფლებას ზეპირ განხილვაზე პირველი ინსტანციის სასამართლოში და ეს სავალდებულო მოთხოვნა არ ვრცელდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოზე (§21-22). საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მხარეთა დასწრების გარეშე საქმის განხილვა არ გულისხმობს საქმის გარემოებათა არასათანადოდ შესწავლასა და შეფასებას, მხარეთა შეჯიბრებითობის უგულებელყოფას, მხარეების სამართლებრივი არგუმენტების ეფექტურად განხილვა შესაძლებელია, აგრეთვე, წერილობითი ფორმით (იხ. მაგ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „დერი შვედეთის წინააღმდეგ“ (Dori v. Sweden) და სხვ.). ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი უზრუნველყოფილია, თავისი მოსაზრებების წერილობით წარმოდგენის შესაძლებლობით, ხოლო, მოწინააღმდეგე მხარის მიერ კერძო საჩივარზე მოსაზრების წარმოდგენის შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს შესაძლებლობა აქვს წერილობით უპასუხოს მას.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გარკვევის მიზნით კერძო საჩივრის ზეპირი განხილვის დანიშვნის, ან მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის საჭიროება არ იკვეთება. შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. არ დაკმაყოფილდეს შპს „...”-ს შუამდგომლობა კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე;

2. შპს „...”-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინება საქმეში მესამე პირების ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ და შპს „...”-ს შუამდგომლობის ხელახალი განხილვისთვის საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე